ვითამაშოთ ღირსებისა და კობიაშვილისთვის!

AutoSharing Option
ორი დღეც და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი დასრულდება; შეგახსენებთ, ფინალურ ტურნირზე 16 გუნდი იასპარეზებს და მასპინძლების (პოლონეთი, უკრაინა) გარდა ევრო-2012-ზე წასვლა განაღდებული აქვთ გერმანიას, იტალიას, ჰოლანდიას, ინგლისსა და ესპანეთს; თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, რუსეთიც უპრობლემოდ გაემგზავრება უკრაინა-პოლონეთში: დიკ ადვოკაატის გუნდს ბოლო ტურში ანდორასთან საშინაო შეხვედრაში ფრეც ჰყოფნის!

დანარჩენ სამ ჯგუფში კი ყველაფერს ბოლო ტური გაარკვევს, თანაც, ორგან სწორედ კონკურენტები ხვდებიან ერთმანეთს: საფრანგეთი-ბოსნია და დანია-პორტუგალია, აი F ჯგუფში კი გამარჯვებულის ვინაობა თბილისში უნდა გაირკვეს: საბერძნეთის ნაკრებს ფრეც ჰყოფნის
უკრაინა-პოლონეთის საგზურის მოსაპოვებლად! ანუ, ხორვატიამ როგორი ანგარიშითაც არ უნდა დაამარცხოს ლატვია, სასურველი ქულის მოპოვების შემთხვევაში ჩვენ ჯგუფში პირველ ადგილს მაინც ბერძნები დაიკავებენ (ხორვატებს ურთიერთშეხვედრებში ჯობიან).

ჯგუფში გამარჯვებულების გარდა არანაკლები მნიშვნელობა აქვს მეორეადგილოსანთა ვინაობის გარკვევასაც: რვა გუნდი პლეი ოფში დაწყვილდება და ევრო-2012-ის ოთხ საგზურს გაითამაშებს, ხოლო საუკეთესო მეორეადგილოსანი ავტომატურად მოხვდება ფინალურ ეტაპზე. დღესდღეობით ისეთი სიტუაციაა, რომ საუკეთესო მეორეადგილოსნობის ყველაზე კარგი შანსი შვედეთის ნაკრებს აქვს, სხვა ჯგუფებიდან კი პლეი ოფში მოხვედრა ჩერნოგორიამ "გაინაღდა" და ზემოთდასახელებული წყვილებიდან (საფრანგეთი-ბოსნია, დანია-პორტუგალია) უარესი შედეგის მქონე გუნდებმა.

ჩვენს ჯგუფშიც გაკრვეულია პლეი ოფის საგზურის მფლობელის ვინაობა: ოღონდ, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ საქართველოს ნაკრების "გადასაწყვეტი" გახდეს, თუ რომელი ნაკრები დაიკავებს პირველ ადგილს და რომელი - მეორეს! აი, სხვაგან კი მართლაც დაძაბული სიტუაციაა და ჩვენთვის განსაკუთრებულად საინტერესო თუ მნიშვნელოვანი (უფრო ზუსტად, გასათვალისწინებელი) B და C ჯგუფებია: ბოლო ტურის წინ პლეი ოფში გასვლის რეალური შანსი აქვთ სომხეთისა და ესტონეთის ნაკრებებს! ჩვენი მეზობლები სულაც საკუთარ თავზე არიან დამოკიდებულნი - სტუმრად უმძიმესი მატჩი ელოდებათ ჯოვანი ტრაპატონის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ირლანდიასთან და გამარჯვების შემთხვევაში ახალგაზრდა მწვრთნელის, ვარდან მინასიანის მართლაც სიმპათიურ გუნდთან პლეი ოფში ითამაშებს!

აი, ესტონელებმა კი შესარჩევი ციკლი უკვე დაამთავრეს და სლოვენია-სერბეთის შედეგს დაელოდებიან; სლოვენიელთათვის ამ მატჩს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, სერბებს კი მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროებათ, თორემ ფრეს შემთხვევაშიც პლეი ოფში ესტონეთის ნაკრები გავა!

ისე, ვინ წარმოიდგენდა, რომ ესტონელები შესარჩევ ციკლს 5 მოგებით, მეტოქის კარში გატანილი 15 ბურთითა და 16 ქულით დაამთავრებდნენ? აღარაფერს ვამბობთ ჩვენს მეზობლებზე, მართლაც არნახული პროგრესით რომ შეუძლიათ იამაყონ: ჯერ შესარჩევი ეტაპი არ დამთავრებულა და სომხეთს 5 მოგება, 21 გოლი და 17 ქულა აქვს! არადა, ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინათ ჩვენც იმას ვბჭობდით, ბოლო ტურის წინ 18 ქულა გვექნებოდა თუ 19, მაგრამ ხორვატებთან მოგების შემდეგ ჩატარებულ ოთხ მატჩში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ და მხოლოდ 1 (ერთი!) ქულა მოაგროვა.

ვამაყობდით და ვხარობდით!
ნახევარი წლის წინ კი არა, ცოტა უფრო ადრე მართლაც საამაყოდ გვქონდა საქმე: საქართველოს ნაკრებმა შარშანდელი წელიწადი ხომ წაუგებლად დაასრულა! ჰო, ვამაყობდით და ვხარობდით: საქართველოს ნაკრებმა მართლაც კოშმარულ 15-მატჩიანი მოუგებელ სერიას  ამჯერად უკვე შთამბეჭდავი და წარმატებულ-წაუგებელი სერია მოაყოლა!

თუმცა ამ ციფრების და სერიების იქითაც ბევრი რამ იყო, შეგნებულად თუ შეუგნებლად თვალს რომ ვხუჭავდით; მერე რა, რომ ჩვენი ნაკრები ნებისმიერ მატჩში და ნებისმიერ მეტოქესთან, როგორც წესი, "მეორე ნომრად" თამაშობდა - მთავარი ხომ ჩვენთვის სასურველი შედეგის მიღწევა იყო და ზედმეტად ფრთხილ ტაქტიკასაც ვითომ ვერ ვამჩნევდით. ანდა, რატომ უნდა "შეგვემჩნია" თუ გაგვეკრიტიკებინა - როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოგებების "გემოც" გავიხსენეთ, წაუგებლად ასპარეზობაც, მეტოქეებს ჩვენ კარში გოლების გატანა უჭირდათ და ამასობაში სატურნირო ცხრილშიც ნელ-ნელა წინ მივიწევდით.

კიდევ ვიმეორებთ: საქართველოს ნაკრების თამაშში ბევრი რამ არ მოგვწონდა, მაგრამ დაუნახაობაც ცუდი თვისებაა და არც ის გვინდოდა, ვინმეს "ჩასაფრებად" მიეჩნია ამა თუ იმ საკითხზე სხვებისგან განსხვავებული ჩვენი პოზიცია. როგორ ფიქრობთ, ჟურნალისტებს არ უხარიათ საქართველოს ნაკრების წარმატება? თუმცა ჩვენთან ხომ რატომღაც "უცნაური წესია" დამკვიდრებული: ნებისმიერი განსხვავებული აზრი (კრიტიკაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი) და მაშინვე "მტრის ხატი" იქმნება; ან იქნებ ჩვენთვის იყო უცხო ის რეალობა, საქართველოს ნაკრები კი არა, მთლიანად ქართული ფეხბურთი მაღალი კლასის მოთამაშეთა დეფიციტს რომ განიცდიდა?

კი, გვყავს სამი-ოთხი ისეთი ფეხბურთელი, უდიდესი საერთაშორისო გამოცდილება რომ აქვს (აი, "ვიღაცებმა" ზედმეტად დაბერებულად რომ მიიჩნიეს), პლუს ერთი-ორი პერსპექტიული ახალგაზრდა და მორჩა! აღარაფერს ვამბობთ იმ ძველისძველ და მართლაც ქრონიკულ პრობლემებზე: უცხოეთში მოთამაშე ჩვენი ფეხბურთელების უმრავლესობა სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდის (ჩვენს მართლაც დამსახურებულ ვეტერანებს - კახა კალაძეს, ლევან კობიაშვილს, ალექსანდრე იაშვილს, ზურაბ ხიზანიშვილს ეს არ ეხებათ!), ხოლო ჩვენი ჩემპიონატის დონე, სამწუხაროდ, წლიდან წლამდე უკან და უკან მიდის, ან რომელ დონეზეა ლაპარაკი, როცა ქვეყანაში ერთი-ორი ხეირიანი სტადიონიც არა გვაქვს?

26 მარტს, ხორვატიასთან მოგებული მატჩის მერე მართლაც იმის ფიქრში ვიყავით, ბოლო ტურის წინ რამდენი ქულა უნდა გვქონოდა; სამწუხაროდ, ყველაფერი სწორედ ამ თამაშის მეორე დღიდან დაიწყო: ნაკრებიდან გოგიტა გოგუას მოკვეთა, ზედიზედ ორი მარცხი ისრაელთან და იგივე ხორვატიასთან, რასაც უკვე ღია კრიტიკაც მოჰყვა! ჰო, მანამდე ხომ ყველა თვალს ვხუჭავდით, აი, ზედიზედ იმ ორმა წაგებამ კი ქართული მედიის სამართლიანი რეაქცია გამოიწვია; ოღონდ, საქართველოს ნაკრების თავკაცს თემურ ქეცბაიას (2010 წელს სრულიად სამართლიანად და დამსახურებულად რომ ვაღიარეთ "წლის მწვრთნელად"), იმაზე კი არ ვაკრიტიკებდით - ისრაელთან და ხორვატიასთან სტუმრად ჩატარებული ორ შეხვედრიდან რატომ ორივე არ მოიგეო, არამედ ჩვენი ნაკრების თამაშის სტილის გამო.

აი, ეს კი გვეხერხება - კარის გაჯახუნება!
ხვალ სომხები უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ჩაატარებენ და როგორც არ უნდა დასრულდეს დუბლინური მატჩი, ჩვენი მეზობლები შესარჩევ ეტაპს, მესამე ადგილს ქვემოთ არ დაამთავრებენ; 16 ქულიანი (!) ესტონეთიც ანალოგიურ სიტუაციაშია - საუკეთესო შემთხვევაში მეორე ადგილზე გავა, უარესში - მესამეზე! აი, ჩვენ კი, როგორც ადრე არაერთხელ მომხდარა, "კარის გაჯახუნებაღა" დაგვრჩენია და მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება აგვაცილებს ჯგუფში ბოლოსწინა ადგილს!

არა, მართლაც უცნაურად მოხდა ყველაფერი: ექვსიოდე თვის წინ თუ იმას ვფიქრობდით, საბერძნეთთან ბოლო მატჩი ჩვენთვის გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო, ახლა ისღა დაგვრჩენია, მხოლოდ ღირსებისთვის ვიბრძოლოთ. გასაგებია, რომ თბილისურ მატჩს მეტოქისთვისაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ხორვატებისთვისაც, მაგრამ, გულახდილად ვთქვათ: ქართველი ქომაგისთვის აბსოლუტურად სულ ერთია, ჯგუფში პირველ ადგილს ფერნანდუ სანტუშის საბერძნეთის ნაკრები დაიკავებს თუ სლავენ ბილიჩის ხორვატია;

რა თქმა უნდა, მართლაც უაღრესად ძნელი იქნება "არანორმალურად" მოტივირებულ ბერძნებთან წარმატების მიღწევა, მაგრამ ჩვენი ხუთმატჩიანი მოუგებელი სერიაც ხომ უნდა დასრულდეს? თანაც, მოტივაციის ნაკლებობას ქართველებიც არ უნდა ვუჩიოდეთ: 2001 წლის შემდეგ ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევ ციკლს ხომ მუდამ ბოლო ან ბოლოსწინა ადგილზე ვამთავრებდით. 10-ქულიან ნიშნულსაც ვერაფრით ავცდით - ერთადერთი და მართლაც "ნათელი" გამონაკლისი პირველ შესარჩევ ციკლში გვქონდა, 15 ქულით III ადგილი რომ დავიკავეთ.

სხვათა შორის, იმის მერე, ჯგუფური ეტაპი ბურთების დადებითი ბალანსით აღარ დაგვიმთავრებია, რომ აღარაფერი ვთქვათ ხუთ მოგებაზეც. თუმცა, ამის მიუხედავად, ალექსანდრე ჩივაძის დროინდელ  ნაკრებს კრიტიკა არ აკლდა: ჯგუფიდან რატომ ვერ გახვედითო! ახლა კი, ჯგუფიდან გასვლას ან პლეი ოფში მოხვედრას ვინ ჩივის, როგორმე ბოლოსწინა ადგილის თავის არიდებაზე უნდა ვიფიქროთ ისეთ მეტოქესთან მატჩში, რომელთანაც მართლაც საშინელი ბალანსი გაგვაჩნია (ამ თემაზე დაწვრილებით ხვალ ვისაუბრებთ);

ბოლოსდაბოლოს, კონკრეტული ფეხბურთელისათვის არის ხვალინდელი დღე განსაკუთრებული და იმედი დავიტოვოთ, რომ ლევან კობიაშვილის მეასე მატჩს (ეს ხომ, საერთოდ, ცალკე თემაა) თანაგუნდელებისგანაც "შესაფერისი" თამაში მოჰყვება. ისე, რაც გვეხერხება, "კარის გაჯახუნება" და უაღრესად მოტივირებულ მეტოქეთა გამწარებაა: ჩვენთვის სადებიუტო ციკლში ბულგარელებს 2:1 მოვუგეთ და მეტოქეს ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსი მოვუსპეთ; 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი იყო და თბილისში იტალიასთან 0:0 რომ ვითამაშეთ, მაშინაც იგივე მოხდა - "სკუადრა აძურას" რუსეთთან ორმატჩიანმა დაპირისპირებამ მოუწია; 2005 წლის შემოდგომაზე თბილისში უკრაინელები რომ გვესტუმრნენ, გამარჯვების შემთხვევაში ვადაზე ადრე ინაღდებდნენ პირველ ადგილს, მაგრამ გოგა გახოკიძის ბოლო წუთზე შესრულებული ეფექტური საჯარიმო დარტყმით ოლეგ ბლოხინის გუნდი საქართველოდან მხოლოდ ქულით წავიდა. ყველაზე "ხმაურიანი გაჯახუნება" კი, 2005 წლის ოქტომბერში გვქონდა, როცა ბოლოსწინა ტურში ჯგუფის იმდროინდელ ლიდერ შოტლანდიას 2:0 მოვუგეთ და ამ მარცხის შემდეგ ალექს მაკლიშის გუნდი პლეი ოფშიც ვეღარ მოხვდა!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩვენ მხოლოდ გუნდების გამწარება გვეხერხება... ერთადერთი ევროპაზე მოხვედრის რეალური შანსი გვქონდა და ისიც ვერ გამოვიყენეთ ,ახლა კი 5 გუნდიან ჯგუფში სადაც ერთ-ერთი ესპანეთია გასვლაზე მარტო ოცნება თუ შეიძლება..
GiorGio
10:23 11-10-2011
0
(ჩვენს მართლაც დამსახურებულ ვეტერანებს - კახა კალაძეს, ლევან კობიაშვილს, ალექსანდრე იაშვილს, ზურაბ ხიზანიშვილს ეს არ ეხებათ!)
დროა ამ ვეტერანებმა ასპარეზი ახალგაზრდა მოტივირებულ ფეხბურთელებს დაუთმონ.
გული რატომ გვწყდება ბოლოსწინა ადგილზე რომ ვართ? რა გუნდიც გვყავს იმ ადგოლზე ვართ.
zico
21:25 10-10-2011
0

სიახლეები პოპულარული