სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებისთვის ვერც ეს ციკლი გამოდგა წარმატების მომტანი და როგორც გუშინ აღვნიშნეთ, ახლა, ფაქტობრივად, ღირსების მატჩი გველოდება.
შესაძლოა, სხვებისთვის არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდეს იმ ფაქტს, შესარჩევ ტურნირს მეოთხე ადგილზე დაამთავრებს თუ მეხუთეზე, მაგრამ საქართველოს ნაკრებისათვის დღევანდელი მატჩი მაინც განსაკუთრებული უნდა იყოს: ბოლოს და ბოლოს, ხუთმატჩიანი მოუგებელი სერიაც ხომ უნდა დასრულდეს და საერთოდაც, წარმატებით დაწყებული და
ჰო, ყველას: ბოლოდროინდელი წარუმატებლობებით იმედგაცრუებულ ქართველ გულშემატკივარს, ნაკრების მთავარ მწვრთნელს თემურ ქეცბაიას და ჩვენი უპირველესი გუნდის თითოეულ ფეხბურთელსაც.
გასაგებია, რომ ჩვენი დღევანდელი მეტოქე თბილისში არნახული მოტივაციით ჩამოდის: სანუკვარი ქულა და ფერნანდუ სანტუშის დამოძღვრილი საბერძნეთის ნაკრები 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ყოველგვარი პლეი ოფის გარეშე მოხვდება! ამას გარდა, თბილისური მატჩის შედეგს გულისფანცქალით დაელოდებიან ხორვატიაშიც - საბერძნეთის წაგების შემთხვევაში პირველი ადგილის დაკავების შანსი ხომ სლავენ ბილიჩის გუნდს უჩნდება.
მოკლედ, ჩვენი "გადასაწყვეტია", თუ რომელი გუნდი მოიპოვებს ევრო-2012-ის საგზურს და რომელი მოხვდება პლეი ოფში; თუმცა, ნებისმიერი ქართველი გულშემატკივარისთვის და, რაც მთავარია, საქართველოს ნაკრების მწვრთნელ-ფეხბურთელთათვის ნამდვილად სულ ერთი უნდა იყოს ჯგუფში ვინ გაიმარჯვებს; ამას გარდა, მეტოქეზე არანაკლები მოტივაცია ჩვენც უნდა გვქონდეს და მაქსიმალური თავდადებისა და მონდომების ხარჯზე მხოლოდ და მხოლოდ წარმატების მისაღწევად უნდა ვიბრძოლოთ.
ისე, ქართველი ქომაგი ხანდახან ზედმეტად მომთხოვნია, მაგრამ "წყენის დავიწყებაც" მალე იცის: საკმარისია ერთი წარმატებული მატჩი და წინა იმედგაცრუებებიც აღარავის ახსოვს! თანაც უსიამოვნოზე-უსიამოვნო სტატისტიკაც, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა შეიცვალოს: საქართველოს ნაკრებს დღევანდელი მეტოქე არასდროს დაუმარცხებია!
ისტორიული ქულა
თანამედროვე ფეხბურთში არცთუ ცოტაა ისეთი ნაკრებები, უარყოფითი ბალანსი რომ გაგვაჩნია, მაგრამ საბერძნეთთან რომ გვაქვს, ამას კატასტროფულზე მეტი ჰქვია: აქამდე ჩატარებულ ექვსი მატჩიდან ხუთი წავაგეთ და მხოლოდ ერთადერთხელ მივაღწიეთ ფრეს (ბურთების სხვაობა 4-12). ვიდრე იმ ერთადერთ ქულას ავიღებდით, ბერძნებისთვის სულ ერთი იყო, შინ თამაშობდნენ თუ სტუმრად, მატჩი ამხანაგური იყო თუ ოფიციალური - ყველა შემთხვევაში ისინი იმარჯვებდნენ;
კიდევ ერთი "უცნაური" ფაქტი: ხუთივე შემთხვევაში საქართველოს ნაკრებს სხვადასხვა მწვრთნელი ჰყავდა, მაგრამ "ბერძნული სინდრომის" დაძლევა ვერც ერთმა (ალექსანდრე ჩივაძემ, ვლადიმერ გუცაევმა, იოჰან ბოსკამპმა, ალენ ჟირესმა, გაიოზ დარსაძემ) შეძლო და აი, შარშან, როგორც იქნა ნავსი გატყდა: საბერძნეთთან ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში პირველად შევძელით ქულის მოპოვება!
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 3 სექტემბრის მატჩი იმითაც იყო განსაკუთრებული, რომ თემურ ქეცბაია თავის პირველ ოფიციალურ შეხვედრას ატარებდა. პირეოსულ მატჩამდე ქეცბაიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე საქართველოს ნაკრებმა წაუგებლად ზედიზედ სამი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა (ესტონეთს მოვუგეთ, კამერუნთან და მოლდოვასთან კი ფრედ ვითამაშეთ) და ეს სერია საბერძნეთთან ოფიციალური შეხვედრის შემდეგაც გაგრძელდა! შესარჩევი ციკლის წაუგებლად დაწყებაც კარგად გვენიშნა და ის ფაქტიც, რომ საქართველოს ნაკრებმა ის ქულა ალალად დაიმსახურა და ამის აღნიშვნა ბერძნების მთავარ მწვრთნელსაც არ დავიწყნია.
საერთოდაც, ჩვენი ნაკრების თამაშში ბევრი პოზიტივი დავინახეთ: თავიდანვე აგრესიულად დავიწყეთ მატჩი და ალექსანდრე იაშვილის სწრაფი გოლიც ლოგიკური იყო; სასიამოვნო სანახავი იყო ჩვენი ფეხბურთელების მიერ სათამაშო დისციპლინის მკაცრი დაცვაც: დაცვიდან სწრაფად და ზუსტად "ამოგვქონდა" ბურთი, მეტოქეებს მაქსიმალურად ვუზღუდავდით თავისუფალ სივრცეებს, უპირატესობას "ერთი შეხებით" თამაშს ვანიჭებდით და ნებისმიერი მდგომარეობიდან თუ ნებისმიერი მანძილიდან კარში დარტყმებსაც არ ვერიდებოდით (ზურაბ ხიზანიშვილის ორი შორეული "გასროლა" გეხსომებათ).
სამწუხაროდ, ჩვენთვის სასურველი ანგარიში ბოლომდე ვერ შევინარჩუნეთ: ერთ ეპიზოდში სალპინგიდისმა თუ "დაგვინდო" და უაღრესად ხელსაყრელი მომენტი გაანიავა, მეორე ტაიმში სპიროპულოსმა მაინც შეძლო გოლის გატანა. ფრე ლოგიკური შედეგი იყოო, ვთქვით და არც ჩვენი მოგება იქნებოდა დიდი უსამართლობა: მატჩის მიწურულს ჯანო ანანიძეს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო, თუმცა ერთი სუპერ-მომენტი იმათაც გაანიავეს, როცა მიტროღლუმ უაღრესად ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, შარშანდელი 3 სექტემბრის მატჩი თემურ ქეცბაიასათვის პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო, ისე როგორც მისი კოლეგისათვის: პორტუგალიელი სპეციალისტი ფერნანდუ სანტუში საბერძნეთის ნაკრების თავკაცად ერთი თვის დანიშნული იყო. სანტუშის დებიუტი 11 აგვისტოს, სერბეთთან ამხანაგურ მატჩში შედგა: ბერძნებმა ის მატჩი 1:0 მოიგეს და იქიდან მოყოლებული დღემდე საბერძნეთის ნაკრებს არც ერთი მატჩი არ წაუგია! არადა, ბევრი სკეპტიკურად აფასებდა სანტუშის სამწვრთნელო შესაძლებლობებს - ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საბერძნეთის ნაკრების თავკაცის პოსტზე მან ხომ ოტო რეჰაგელი შეცვალა; თუმცა, როგორც დრომ აჩვენა, ბერძნული ფეხბურთის ხელმძღვანელებს აბსოლუტურად გონივრული გადაწყვეტილება მიუღიათ - დღევანდელ ჩვენ მეტოქეს უკვე 15-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
ვნახოთ, რამდენ ხანს გასტანს ასეთი წარმატებული ასპარეზობა, - ხომ შეიძლება, რომ ბერძნებს სწორედ დღეს დაუცდეთ ფეხი. მით უფრო, რომ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს თემურ ქეცბაიასაც საკმარისზე მეტი მოტივაცია აქვს ბერძნებთან საპაექროდ, ხოლო ქართული ფეხბურთის მართლაც დამსახურებული ვეტერანი ლევან კობიაშვილი საქართველოს ნაკრებში მეასე მატჩს ჩაატარებს!
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
საბერძნეთი-საქართველო 1:1 [იხილეთ ვიდეო]
03. 09. 2010. პირეოსი. გეორგიოს კარაისკაკისი. 5000 მაყურებელი
0:1 იაშვილი (3), 1:1 სპიროპულოსი (72)
საბერძნეთი: სიფაკისი-სეიტარიდისი (71. მიტროღლუ), პაპადოპულოსი, პაპასტატოპულოსი, სპიროპულოსი-ტოროსიდისი, კაცურანისი, კარაგუნისი, სამარასი (59. ნინისი)-სალჰინგიდისი, გეკასი
მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში
საქართველო: რევიშვილი-უ. ლობჟანიძე, ასათიანი, ამისულაშვილი, კალაძე-ხიზანიშვილი, კობიაშვილი-იაშვილი (54. ანანიძე), გოგუა (U87. მერებაშვილი), კვირკველია-დვალიშვილი (60. გელაშვილი)
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
გაფრთხილება: სამარასი, კაცურანისი, პაპადოპულოსი; ლობჟანიძე, ხიზანიშვილი
არბიტრი: კ. გომესი (ესპანეთი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ან რა აქვს საბლატაო?