ჩვენი ფეხბურთის სარკე - ცარიელი ტრიბუნები

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისთვის მორიგი შესარჩევი ციკლიც წარუმატებელი გამოდგა; ისე, განსხვავებული აზრიც არსებობს: გარკვეულ კატეგორიას მიაჩნია, რომ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებისათვის წარმატებული იყო!

აქვე "სასწრაფოდ" უნდა განვმარტოთ: ქართული სპორტული მედიისა თუ გულშემატკივართა თითქმის 99 პროცენტს აბსოლუტურად საპირისპირო მოსაზრება გააჩნია ამის თაობაზე. ერთადერთი, რითაც შეიძლება მართლაც "ვიამაყოთ", წინა ციკლთან შედარებით გაუმჯობესებული შედეგია: 2001 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ჯგუფში ბოლო ადგილით და მოუგებლად დავამთავრეთ, ახლა კი ერთი საფეხურითაც დავწინაურდით (ერთქულიან მალტას გავასწარით) და ორი გამარჯვებაც მოვიპოვეთ.

არა გვგონია, რომ
ექვსგუნდიან და არცთუ ძლიერი ნაკრებებით დაკომპლექტებულ ჯგუფში 10 ქულის მოგროვება წარმატება იყოს - მსგავს შედეგს ხომ ადრეც ვაღწევდით, თანაც, ახლანდელთან შედარებით ბევრად უფრო ძლიერი მეტოქეების კომპანიაში. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ უკვე ცხრა შესარჩევი ციკლი ჩავატარეთ და საუკეთესოდ კვლავაც სადებიუტოში (1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი) ნაჩვენები შედეგი რჩება: იმის მერე 5 მოგებაც აღარ გვქონია, აღარც ბურთების დადებითი სხვაობა და აღარაფერს ვამბობთ 15 ქულაზე!

ასეთი დასაწყისის შემდეგ იყო ჩვენი ნაკრებისგან იტალიასთან და ინგლისთან უპირობო გამარჯვებას რომ ვითხოვდით, თუმცა მერე და მერე რეალობის აღქმაც დაგვიბრუნდა; მაგრამ "უცნაურობა" მაინც გრძელდებოდა: შედარებით იოლ ჯუფში ვხვდებოდით და ყველაზე კატასტროფული შედეგი მაშინ გვქონდა ხოლმე!

გაიხსენეთ 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი, როცა უფავორიტო ჯგუფში (არც ერთი გრანდი არ იყო) ბოლო ადგილზე გავედით; მსგავსი მაგალითების მოყვანა კიდევ შეიძლება. წესითა და რიგით, იმის მიზეზებზეც უნდა გვემსჯელა, თუ რატომ დაასრულა ასე უსახურად ჩვენმა ნაკრებმა ბოლო შესარჩევი ციკლი.

გულახდილად რომ ვთქვათ, ასეთ დასასრულს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით: საწყის ხუთ ტურში მოპოვებულ ცხრა ქულას დარჩენილ ხუთ შეხვედრაში მხოლოდ 1 მივუმატეთ! მართლაც უპრიანი იქნებოდა ჩვენი ნაკრების ასეთი "სახეცვლილების" მიზეზი გაგვერკვია, თუმცა, ამის სურვილიც აღარ გვაქვს! არც იმის სურვილი დაგვრჩა, ამ შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩს საკუთარი შეფასება რომ მივცეთ;

სატურნირო თვალსაზრისით ჩვენთვის ეს შეხვედრა არაფერს წყვეტდა (ვიღაცებისათვის, შესაძლოა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მეოთხე ადგილს დავიკავებდით თუ მეხუთეს), მაგრამ, რატომღაც მაინც გვეგონა, რომ ამ მატჩს არ წავაგებდით. "კარის გაჯახუნებაო", "ღირსების მატჩიო", "წყენაც დაგვავიწყდებაო", - აი, ასეთი ოპტიმისტური სათაურებით გამოვხატავდით საკუთარ დამოკიდებულებას შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩის წინ; სამწუხაროდ მორიგი იმედგაცრუება გველოდა და ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ჩვენი ნაკრების წევრებისთვის, სულ ერთიც იყო, ეს შეხვედრა როგორ დამთავრდებოდა.

არც კარი გაგვიჯახუნებია და ჩვენი ნაკრების თამაშის შემხედვარე სიტყვა "ღირსების" ხსენებაც უადგილოდ მიგვაჩნია; წყენის დავიწყების კი რა მოგახსენოთ: სანახევროდ ცარიელი ტრიბუნები ნათლად ასახავდა ქართველი გულშემატკივარის აბსოლუტურად სამართლიან დამოკიდებულებას ჩვენი უპირველესი გუნდის ბოლოდროინდელი თამაშებისა და შედეგების მიმართ.

მხოლოდ სასურველი თუ არასასურველი შედეგიც არ არის მთავარი: შესაძლოა, ამა თუ იმ მეტოქესთან მატჩი წააგო, მაგრამ ისე ითამაშო, რომ გულშემატკივარი შეურაცხყოფილი არ დარჩეს;

სამწუხაროდ, უკვე წლებია, არც შედეგი გვაქვს და არც - სანახაობა; ვერც უცხოელმა მწვრთნელებმა "გვიშველეს" და ვერც ადგილობრივებმა, თუმცა თურმე "პროგრესის გზას ვადგავართ და წარმატებული ციკლი გვქონია!"

ყველას თავისი აზრი აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით; დღესდღეობით იმის სურვილიც გვეკარგება, საპირისპირო რომ ვამტკიცოთ. აქვს კი აზრი ჩვენი ფეხბურთის ხელმძღვანელებისგან განსხვავებული შეხედულებები ხმამაღლა რომ ვთქვათ? არა უშავს, მომავალ წელს ახალი შესარჩევი ციკლი დაიწყება, რომელიც თურმე იმისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ კიდევ მომდევნოსთვის გამოგვადგეს; ამასობაში ერთი-ორ თამაშსაც სადმე "გამოვაძრობთ" და კვლავაც ქართული ფეხბურთის აღმავლობაზე წავა ლაპარაკი. რეალურად კი რაც ხდება ჩვენს ფეხბურთში, ამას ბოლო მატჩის ცარიელი ტრიბუნები ადასტურებს.

საქართველოს ნაკრები (1996-2011)
1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 10 8 1 1 27-10 25
2. ბულგარეთი 10 7 1 2 24-10 22
3. საქართველო 10 5 0 5 14-13 15
4. მოლდოვა 10 3 0 7 11-27 9
5. უელსი 10 2 2 6 9-19 8
6. ალბანეთი 10 2 2 6 10-16 8

მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე


1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
1. ინგლისი 8 6 1 1 15-2 19
2. იტალია 8 5 3 0 11-1 18
3. პოლონეთი 8 3 1 4 10-12 10
4. საქართველო 8 3 1 4 7-9 10
5. მოლდოვა 8 0 0 8 2-21 0

მწვრთნელები: ალექსანდრე ჩივაძე (2 მატჩი), დავით ყიფიანი (6 მატჩი)



2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
1. ნორვეგია 10 8 1 1 21-9 25
2. სლოვენია 10 5 2 3 12-14 17
3. საბერძნეთი 10 4 3 3 13-8 15
4. ლატვია 10 3 4 3 13-12 13
5. ალბანეთი 10 1 4 5 8-14 7
6. საქართველო 10 1 2 7 8-18 5

მწვრთნელები: ვლადიმერ გუცაევი (5 მატჩი), იოჰან ბოსკამპი (5 მატჩი)


2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
1. იტალია 8 6 2 0 16-3 20
2. რუმინეთი 8 5 1 2 10-7 16
3. საქართველო 8 3 1 4 12-12 10
4. უნგრეთი 8 2 2 4 14-13 8
5. ლიტვა 8 0 2 6 3-20 2

მწვრთნელები: დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი (5 მატჩი), ალექსანდრე ჩივაძე (3 მატჩი)


2004 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
1. შვეიცარია 8 4 3 1 15-11 15
2. რუსეთი 8 4 2 2 19-12 14
3. ირლანდია 8 3 2 3 10-11 11
4. ალბანეთი 8 2 2 4 11-15 8
5. საქართველო 8 2 1 5 8-14 7

მწვრთნელები: ალექსანდრე ჩივაძე (3 მატჩი), ივო შუშაკი (2 მატჩი), მერაბ ჟორდანია (3 მატჩი)


2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
1. უკრაინა 12 7 4 1 18-7 25
2. თურქეთი 12 6 5 1 23-9 23
3. დანია 12 6 4 2 24-12 22
4. საბერძნეთი 12 6 3 3 15-9 21
5. ალბანეთი 12 4 1 7 11-20 13
6. საქართველო 12 2 4 6 14-25 10
7. ყაზახეთი 12 0 1 11 6-29 1

მწვრთნელები: ალენ ჟირესი (7 მატჩი), გაიოზ დარსაძე (5 მატჩი)


2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
1. იტალია 12 9 2 1 22-9 29
2. საფრანგეთი 12 8 2 2 25-5 26
3. შოტლანდია 12 8 0 4 21-12 24
4. უკრაინა 12 5 2 5 18-16 17
5. ლიტვა 12 5 1 6 11-13 16
6. საქართველო 12 3 1 8 16-19 10
7. ფარერები 12 0 0 12 4-43 0

მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი

2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
1. იტალია 10 7 3 0 18-7 24
2. ირლანდია 10 4 6 0 12-8 18
3. ბულგარეთი 10 3 5 2 17-13 14
4. კვიპროსი 10 2 3 5 14-16 9
5. ჩერნოგორია 10 1 6 3 9-14 9
6. საქართველო 10 0 3 7 7-19 3

მწვრთნელი: ექტორ რაულ კუპერი

2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
1. საბერძნეთი 10 7 3 0 14-5 24
2. ხორვატია 10 7 1 2 18-7 22
3. ისრაელი 10 5 1 4 13-11 16
4. ლატვია 10 3 2 5 9-12 11
5. საქართველო 10 2 4 4 7-9 10
6. მალტა 10 0 1 9 3-21 1

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
ბოდისჰი გამომრჩა მარცვალაძე.რამის დაცვაში ათამაშოს ასეთი სისწრაფის მქონე ფეხბურთელი.კვირკველია საერთოდ მკვეთა ნაკრებიდან, არადა არ მახსოვს ჯიგარი არ ჩაედოს ან ცუდად ეთამაშოს.უამრავი შეკითხვა არსებობს ქეცბაიას მისამართით, მაგრამ ვაიჟურნალისტებს რა ვუთხარი.ნუთუ არ აინტერესებთ რგორი გარჩევები მიდის თამაშების ნტვ-საფეხბურთო გადაცემებში.ერთხელ მაინც გინახიათ მატჩის შემდეგ პროფესინალური გარჩევა მთელი თამაშის თუ არა შეცდომების მაინც?...სირცხვილია ,მათი კომენტარების კითხვა ზიზღს იწვევს.მკლედ გასკდა გული.
Jigaro
04:22 14-10-2011
0
ბოდიშს ვიხდი, თავი მოგაბეზრეთ, მაგრამ ერთიც უნდა ვთქვა.Vიტესის თამაშებს ვუყურებ LIVE ტვ ზე დაა უნდა ნახოთ როგორ თამაშობს ჭანტურია...ბურთს რმ მიიღებს მთელი სტადინი გაჰკივის...მესის ეძახიან გულშემატკივრები.ან საქართველოს ჩემპიონატიდან ნუთუ დვალს ერთხელ მაინც არ ეკუთვნოდა ნახევარი ტაიმი მაინც.ფეხბურთელების არჩევანი ისეთი გვაქვს ბევრი საშუალ დნის ნაკრები რმ ინატრებდა, მაგრამ მათტან სწრი მუშაობაა საჭირო.
Jigaro
04:34 14-10-2011
0

სიახლეები პოპულარული