ეროვნულ ჩემპიონატსა და ევროსარბიელზე წარმატებული თამაშის მიუხედავად, ჯაბა თემურ ქეცბაიას სანაკრებო სიაში აქამდე არ გვინახავს. ცდება თუ არა ქეცბაია, როდესაც არ იძახებს დვალს და სჭირდება თუ არა თავად ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებს?
"ლელო" ჯაბა დვალს ესაუბრა.
- ეროვნულ ჩემპიონატს ორი წლის წინ "დაჩიადან" დაუბრუნდი, მანამდე "ოლიმპში" თამაშობდი. შეადარე ეს პერიოდები ერთმანეთს და შენი აზრი გვითხარი: ჩვენი ჩემპიონატი პროგრესის გზაზეა?
- პირველი, რაც
- ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ზესტაფონი" მოლდოვურ "დაჩიას" დაუპირისპირდა, შენ კი ყოფილი გუნდის კარში ორი ბურთი გაიტანე. ეს იმის წყალობით მოახერხე, რომ კარგად იცნობდი მოწინააღმდეგეს თუ პრესტიჟის ამბავი იყო "დაჩიას" კარში გოლის გატანა?
- ასე მოხდა, რომ "დაჩიას" ორი გოლი გავუტანე, შესაძლოა, სხვა შეგვხვედროდა და მათთვისაც ორი გამეტანა. "დაჩიას", ფეხბურთელებსაც და მწვრთნელებსაც, რა თქმა უნდა, ვიცნობდი, თუმცა განსაკუთრებული მოტივაცია ნამდვილად არ მქონია. ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ "ზესტაფონი" პირველად გახდა ჩემპიონი და პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.
- რა მოგცა მოლდოვის ჩემპიონატში გატარებულმა ორმა წელმა?
- საქართველოდან პირველად წავედი ლეგიონერის სტატუსით. ბევრი რამ ვისწავლე, რაც ბუნებრივია, როდესაც ქვეყნიდან გადიხარ, უცხო გარემოში ხარ, გამოცდილ ფეხბურთელებთან გაქვს ურთიერთობა. ვფიქრობ, ჩემთვის სასარგებლო იყო იქ გატარებული დრო, რადგან არც "დაჩიაში" ვთამაშობდი ცუდად. მეორე ადგილზე გავედით ჩემპიონატში და თასის ფინალიც ვითამაშეთ.
ძლიერი ჩემპიონატი არ არის, მაგრამ რამდენიმე კლუბია, რომელთაც მაღალ დონეზე შეუძლიათ თამაში. გავიხსენოთ "შერიფი", რომელიც ევროტურნირებზე ყოჩაღობდა.
- ევროპის ლიგაზე "ბრიუგესთან" მატჩის წინ "ზესტაფონი" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ დატოვა. ბევრი ფეხბურთელისგან მსმენია, დაგვყარა და წავიდაო. 30 ოქტომბერს "ტორპედოს" ეთამაშებით, რომლის თავკაციც ახლა სწორედ გია გეგუჩაძეა. როგორ შეხვდებით ყოფილ მწვრთნელს?
- მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილება ასეთი იყო, გააკეთა არჩევანი და წავიდა. რა თქმა უნდა, არც ერთ ფეხბურთელს არ ესიამოვნებოდა, ასეთი სერიოზული მატჩის წინ მწვრთნელი რომ მიგატოვებს. თუმცა ცუდად არ გვითამაშია, არ შევრცხვით.
ქუთაისის "ტორპედო" კი ჩვენთვის ჩვეულებრივი მეტოქეა და სათამაშოდაც ასევე გავალთ, მნიშვნელობა არ აქვს, იქ გეგუჩაძე იქნება მწვრთნელი თუ სხვა. აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რომ სამქულიანი ჰანდიკაპი შევინარჩუნოთ და ისევ ჩემპიონები გავხდეთ. "დაყრას" რაც შეეხება, ასეთი შეფასება არასწორი მგონია.
- "ბრიუგესთან" განმეორებით შეხვედრაში გოლი გაიტანე, მაგრამ არ ჩაითვალა, რომ ჩათვლილიყო, "ზესტაფონი" თამაშში გარდამტეხი ცვლილების შეტანას შეძლებდა?
- ძნელი სათქმელია. არა მგონია, იმ გოლს რაიმე შეეცვალა, რადგან მეტოქემ იქ აშკარად გვაჯობა. შეიძლება რაღაც მოგვეხერხებინა კიდეც, მაგრამ 1:2-ს თუ წავაგებდით, დიდი მნიშვნელობა არ ექნებოდა. თუმცა მიმაჩნია, რომ ის გოლი ჩასათვლელი იყო.
- ბოლო ტურში "სპარტაკის" კარში ჰეთ თრიკი შეასრულე, საერთოდაც, რაც საქართველოში დაბრუნდი, შედეგიანობით გამოირჩევი. დადგა დრო, რომ ჯაბა დვალიც გახდეს ბომბარდირი?
- ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი "დინამოს" რიგებში გავხდი. მთავარია, გუნდმა მოიგოს. იმის ამბიცია, რომ მაინცდამაინც ბომბარდირი გავხდე, არ მაწუხებს, თუ გავიტან და მოვიგებთ, ჩემთვის ამაზე უკეთესი არაფერია. მინდა, დავეხმარო "ზესტაფონს", მივცე, რაც შემიძლია და თუ ბომბარდირიც გავხდები, კარგი იქნება, წინასწარ კი ამას არ ვგეგმავ.
- ევროსარბიელზე "ზესტაფონიდან" შენ და ნიკოლოზ გელაშვილმა გამოიჩინეთ თავი გოლებით. თუმცა ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა სიაში არ აღმოჩნდით. შენი ნაკრებში გამოუძახებლობა გულშემატკივარს აკვირვებს. მაშინ, როდესაც ლაპარაკია კადრების დეფიციტზე, შენ ეროვნული გუნდის მიღმა რჩები, ამიტომაც ამბობენ, რომ თემურ ქეცბაია ცდება. შენ როგორ გგონია, ასეა?
- ამას მე ვერ ვიტყვი. ფეხბურთელი ვარ და ჩემს საქმეს ვაკეთებ. თემურ ქეცბაია მწვრთნელია და ისიც თავის საქმეს აკეთებს. თუ ფიქრობს, რომ ნაკრების ღირსი არ ვარ, ეს მისი გადასაწყვეტია. ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის სურვილია და გამონაკლისი არც მე ვარ - მეც მინდა, ჩავიცვა ნაკრების მაისური და ქვეყანა ვასახელო. ასე რომ, მოხარული ვიქნები, თუ დამიძახებენ.
- შენ როგორ გგონია, სჭირდება დვალი ნაკრებს?
- უხერხული კითხვაა და პასუხიც არ მაქვს. გამომიძახებენ? გავაკეთებ ყველაფერს, ძალ-ღონეს არ დავიშურებ. მე ვერ ვიტყვი, ვჭირდები თუ არა ნაკრებს, ვიმეორებ, მწვრთნელმა უკეთ იცის, ვჭირდები თუ არა გუნდს.
- "ზესტაფონთან" კონტრაქტი 2013 წელს გიმთავრდება, აპირებ თუ არა საქართველოში დარჩენას?
- ორი წელიწადი და თვეებია, რაც აქ ვთამაშობ და კიდევ ამდენი დამრჩა. როდესაც "ზესტაფონში" ვარ, ვფიქრობ მხოლოდ და მხოლოდ ამ კლუბის წარმატებაზე. ჩვენ გვაქვს მიზნები, რომელთა შესრულებას ყველა მოვალეობად მივიჩნევთ.
- მომდევნო ტურებში "ვიტ ჯორჯიასა" და "ტორპედოს" უპირისპირდებით. მატჩიდან მატჩამდე ძალების აღსადგენად მცირე დრო გაქვთ, ხომ არ დაიღლებით "ტორპედოსთან" თამაშამდე?
- "ვიტ ჯორჯია" კარგი გუნდია, წლებია, სტაბილურად თამაშობს და უხერხული მეტოქეა. ჩვენ პირველ ადგილზე ვართ და ვეცდებით, მოვიგოთ, თანაც, როცა შინ ვთამაშობთ, დიდი უპირატესობა გვაქვს და მოსაგებად ახლაც ყველაფერს გავაკეთებთ.
რაც შეეხება "ტორპედოს", დაძაბული თამაში იქნება თუნდაც გეგუჩაძის ფაქტორის გამო, მაგრამ ამ თამაშში ფავორიტები ჩვენ ვართ და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. ჩემპიონობა უნდა შევინარჩუნოთ და, თუ თავშივე არ ავიღეთ საჭირო ქულები, ბოლოსკენ გაგვიჭირდება მიზნის მიღწევა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"