ჩვენ და მოლდოველები - დროა, მოგებაც გავიხსენოთ

AutoSharing Option
მოლდოველებთან ხვალინდელ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები უსიამოვნო სერიის შეწყვეტას შეეცდება: 26 მარტს, ხორვატიასთან საშინაო გამარჯვების შემდეგ ჩვენმა უპირველესმა გუნდმა ექვსი ჩატარებული შეხვედრიდან მხოლოდ ერთხელ ითამაშა ფრედ (მალტასთან), დანარჩენი ხუთი კი წააგო. აი, ასე საპირისპიროდ "შემოგვიტრიალდა" 2011 წელი;

არადა, წინა წელს მართლაც საამაყოდ გვქონდა საქმე - ევროპაში მხოლოდ და მხოლოდ ორი ნაკრები, საქართველო და ხორვატია იყო, 2010 წელი წაუგებლად რომ ჩაამთავრა! თუმცა, მშვენიერ დასაწყისს ვერც შესაფერისი გაგრძელება მოჰყვა და შესარჩევი ციკლიც, მთლიანობაში, წარუმატებლად დავასრულეთ.

რა თქმა უნდა, წინასთან შედარებით საგრძნობი პროგრესი
გვქონდა, მაგრამ ჯგუფში ბოლოსწინა ადგილს წარმატებად ნამდვილად ვერ მივიჩნევთ. მით უფრო, თუ გავიხსენებთ, როგორ დავიწყეთ ეს შესარჩევი ციკლი და როგორი იმედით ველოდით 2011 წლის ოფიციალურ მატჩებს;

მაგრამ, რაც მოხდა, იმას აღარაფერი ეშველება და ახლა უკვე მომავალზე და, უპირველეს ყოვლისა, საფეხბურთო წელიწადის გამარჯვებით დამთავრებაზე უნდა ვიფიქროთ.

მართალია, ხვალინდელი მატჩი ამხანაგურია და არც მეტოქეა გრანდთა კატეგორიის წარმომადგენელი, მაგრამ ამ შეხვედრის შედეგს ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიასთვის და ნაკრების თითოეული ფეხბურთელისთვის უდიდესი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს. დახალოებით იმ სიტუაციას გვინდა შევადაროთ, 2010 წლის 3 მარტის წინ რომ იყო, - როცა საქართველოს ნაკრებს თემურ ქეცბაიას ხელმძღვნელობით პირველი მატჩი (ესტონელებთან) უნდა ჩაეტარებინა.

ძველი, უხერხული მეტოქე
ჩვენი ხვალინდელი მეტოქე არც ახლა და არც არასდროს არ განეკუთვნებოდა გრანდების კატეგორიას; ნებისმიერი შესარჩევი ციკლის დაწყების წინ მოლდოვის ნაკრების "მიზანი" ჩვენთან შედარებით ბევრად მოკრძალებული იყო - როგორმე, ბოლო ადგილზე არ გასულიყო.
დაახლოებით ისე, როგორც ახლახან დასრულებულ ციკლში იყო: მოლდოველებმა მხოლოდ სან-მარინოს გაუსწრეს და 9 ქულით ექვსგუნდიან ჯგუფში V ადგილი დაიკავეს.

რუმინელი სპეციალისტის, 48 წლის გავრილ ბალინტის (წარსულში რუმინეთის ნაკრებისა და ამ ქვეყნის ყველაზე ცნობილი კლუბის "სტიუას" ცნობილი ფორვარდის) ხელმძღვანელობით მოლდოველებმა ამ შესარჩევ ციკლში ორი "დაგეგმილი" გამარჯვება სან-მარინოსთან მოიპოვეს, ერთი მატჩი კი ფინელებთან მოიგეს. თუმცა, ჩვენს მსგავსად, მოლდოველებს ბევრად უარესი შედეგი ჰქონდათ წინა ციკლში - 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მხოლოდ 3 ქულა მოაგროვეს და ჯგუფში ბოლო ადგილიც დაიკავეს (ლუქსემბურგსაც ჩამორჩნენ).

მოლდოველები საკლუბო დონეზეც ვერ ბრწყინავენ, თუ არ ჩავთვლით ევროტურნირებზე ტირასპოლის "შერიფის" რამდენიმე "გამონათებას". რაღა შორს მივდივართ: ამ ზაფხულს არ იყო, ქართულმა გუნდებმა ("ზესტაფონმა" და "დინამომ") ევროტურნირებზე მოლდოვური კლუბები ("დაჩია" და "მილსამი" ) რომ ჩამოიცილეს გზიდან?

ამ ყველაფრის მიუხედავად, მწარე რეალობაც უნდა ვახსენოთ: სანაკრებო დონეზე ურთიერშეხვედრებში მოლდოვასთან უარყოფითი ბალანსი გვაქვს! აღარაფერს ვამბობთ ბევრად უფრო მწარედ მოსაგონარ ფაქტზეც: 1994 წლის 7 სექტემბერს თბილისში ჩატარებულ საქართველოსა და მოლდოვას მატჩი ორივე ნაკრებისათვის პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო და ის დაპირისპირება სტუმართა გამარჯვებით დამთავრდა.

სხვათა შორის, საქართველოს ნაკრებისათვის ყველაზე წარმატებული სწორედ სადებიუტო ციკლი იყო, როცა 15 ქულა მოვაგროვეთ და ჯგუფშიც მესამე ადგილი დავიკავეთ, მაგრამ მოლდოველებთან ორივე მატჩი წავაგეთ. ჰო, მართლაც უცნაურზე-უცნაური იყო: უელსსა და ალბანეთს ექვს-ექვსი ქულა ავართვით, იმ დროისათვის მსოფლიოში ერთ-ერთ გამორჩეულ ბულგარეთის ნაკრებს თბილისში ვძლიეთ, ხოლო... მოლდოველებთან ორივეჯერ დავმარცხდით. ისე კი, ვინ იცის: ჩვენთვის სადებიუტო ციკლი რომ გამარჯვებით დაგვეწყო, იქნებ, 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრაზეც გვეფიქრა.

სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღესდღეობით მოლდოველებთან უარყოფითი ბალანსი გაგვაჩნია: აქამდე ჩატარებულ ათ მატჩში სამჯერ მოვიგეთ, 2 შეხვედრა ფრედ დამთავრდა და 5 წავაგეთ. იმედი დავიტოვოთ, რომ ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ ეს ბალანსი ჩვენთვის სასარგებლოდ შეიცვლება; მით უფრო, რომ ეს გამარჯვება ყველას გვჭირდება: ნაკრების მწვრთნელებსაც, ფეხბურთელებსაც და ჩვენი უპირველესი გუნდის თითოეულ ქომაგსაც.

ბოლოს, კიდევ ერთ დაპირისპირებაზეც: საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელისათვის ხვალინდელი მატჩი "ჩვეულებრივი" ამხანაგური შეხვედრა რომ არ იქნება, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება. თანაც, თემურ ქეცბაიასთვის მოლდოველებთან პაექრობა ბევრ ტკბილ მოგონებასთან არის დაკავშირებული: 1991 წლის 2 ივლისს, საქართველოს ნაკრებმა პირველი გასვლითი შეხვედრა რომ ჩაატარა, მატჩის პირველი გოლი სწორედ ქეცბაიამ გაიტანა; ოთხი წლის შემდეგ, როცა მოლდოველებმა უკვე ოფიციალურ მატჩში გვიმასპინძლეს, საქართველოს ნაკრებს კაპიტნის რანგში თემურ ქეცბაია გაუძღვა; აი, შარშან კი, ქეცბაია უკვე მწვრთნელის რანგში დაუპირისპირდა მოლდოველებს და არც იმ შეხვედრაში დამარცხებულა.

საქართველო-მოლდოვა (ყველა დაპირისპირება)
ამხანაგური მატჩი
მოლდოვა-საქართველო 2:4
02. 07. 1991. კიშინიოვი. "რესპუბლიკური". 7000 მაყურებელი
0:1 ქეცბაია (5), 0:2 გ. დარასელია (13), 1:1 სპირიდონი (27), 2:2 ხარია (50), 2:3 მ. ჯიშკარიანი (79), 2:4 ყაველაშვილი
საქართველო: ჩხეიძე-კუდინოვი, ცხადაძე, შელია, გ. ჯიშკარიანი-გ. კილასონია, ცომაია, გ. დარასელია, ქეცბაია-ბიგვავა (59. მ. ჯიშკარიანი), ყიზილაშვილი (65. ყაველაშვილი)
კაპიტანი: კახა ცხადაძე
მთავარი მწვრთნელი: გიგა ნორაკიძე

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
საქართველო-მოლდოვა 0:1
07. 09. 1994. თბილისი. "ეროვნული". 40 000 მაყურებელი
0:1 ოპრია (40)
საქართველო: ზოიძე-ნემსაძე, ცხადაძე, შელია-ყაველაშვილი, ჯამარაული, ქინქლაძე, გურული (46. ინალიშვილი), რ. არველაძე (70. რევიშვილი)-ა. არველაძე, შ. არველაძე
კაპიტანი: კახა ცხადაძე
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
მოლდოვა-საქართველო 3:2
15. 11. 1995. კიშინიოვი. "ცენტრალური". 9000 მაყურებელი
1:0 ტესტიმიცანუ (5, პენალტით)7 2:0 მიტერევი (17), 2:1 დ. ჯანაშია (68), 3:1 მიტერევი (72), 3:2 კულიბაბა (82, საკუთარ კარში)
საქართველო: ზოიძე-ღუდუშაური (58. დ. ჯანაშია), კუდინოვი, ბერაძე, ჩიხრაძე-გოგიჩაიშვილი, ცქიტიშვილი, ჯამარაული (62. მაჭავარიანი), ქეცბაია-ქინქლაძე-შ. არველაძე
კაპიტანი: თემურ ქეცბაია
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
საქართველო-მოლდოვა 2:0
07. 07. 1997. ბათუმი. "რესპუბლიკური". 12000 მაყურებელი
1:0 შ. არველაძე (28), 2:0 ქინქლაძე (51, პენალტით)
საქართველო: ზოიძე-ნ. ლობჟანიძე, ცხადაძე, ჩიხრაძე, კობიაშვილი-გოგიჩაიშვილი, ნემსაძე (80. ა. არველაძე), ჯამარაული (66. კიკნაძე), ქეცბაია (84. ზ. ჯანაშია)-ქინქლაძე-შ. არველაძე
კაპიტანი: კახა ცხადაძე
მთავარი მწვრთნელი: დავით ყიფიანი

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
მოლდოვა-საქართველო 0:1
24. 09. 1997. კიშინიოვი. "რესპუბლიკური". 9000 მაყურებელი
0:1 ქეცბაია (10)
საქართველო: ტოგონიძე-ნ. ლობჟანიძე, შეყილაძე, კალაძე, ჩიხრაძე-ქეცბაია, ნემსაძე, ქინქლაძე, გახოკიძე (88. ჯამარაული)-ყაველაშვილი (82. შელია), ა. არველაძე (66. გუჩუა)
კაპიტანი: გიორგი ნემსაძე
მთავარი მწვრთნელი: დავით ყიფიანი

ამხანაგური მატჩი
საქართველო-მოლდოვა 2:2
12. 02. 2003. თბილისი. "ლოკომოტივი". 7000 მაყურებელი
1:0 ჩალაძე (61), 1:1 დადუ (75), 2:1 აშვეთია (83), 2:2 დადუ (84, პენალტით).
საქართველო: ლომაია (46. ნიკურაძე)-აბრამიძე (64. ქემოკლიძე), შაშიაშვილი, ამისულაშვილი, სახვაძე-დიდავა (46. მენთეშაშვილი), გოგობერიშვილი, მ. ჯიქია (46. გ. კვარაცხელია), დ. მუჯირი (46. ვ. დარასელია)-ალექსიძე (46. აშვეთია), აფხაზავა (46. ჩალაძე)
კაპიტანი: გიორგი შაშიაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

ამხანაგური მატჩი
მოლდოვა-საქართველო 1:0
18. 08. 2004. ტირასპოლი. "ცენტრალური". 8500 მაყურებელი
1:0 მიტერევი (67)
საქართველო: ლომაია-მჟავანაძე, ხიზანიშვილი, გ. კვარაცხელია, კალაძე-ბურდული, ცქიტიშვილი (46. დ. მუჯირი), ჯამარაული, კობიაშვილი (79. აფციაური)-ა. იაშვილი (46. ჯაკობია), დემეტრაძე (61. ალექსიძე)
კაპიტანი: კახა კალაძე
მთავარი მწვრთნელი: ალენ ჟირესი

ამხანაგური მატჩი
საქართველო-მოლდოვა (ახალგაზრდული ნაკრები) 1:5
27. 02. 2006. ლა-ვალეტა. "ტა ქალი". 100 მაყურებელი

0:1, 0:2 ზისლისი (5, 13), 1:2 ცქიტიშვილი (18, პენალტით), 1:3 ალექსეევი (48), 1:4 ნამაშკო (59, პენალტით), 1:5 გოლოვატენკო
საქართველო: თევდორაძე-ბენაშვილი (60. მჭედლიშვილი), ღვინიანიძე, ხიზანიშვილი, ცქიტიშვილი-კანკავა (46. კობიაშვილი), ასათიანი-გ. ნუგზარის ძე ჭელიძე (65. რ. გოცირიძე), კ. მახარაძე, დ. მუჯირი-ბ. გოცირიძე (46. მარცვალაძე)
მთავარი მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი

ამხანაგური მატჩი
საქართველო-მოლდოვა 1:2
06. 06. 2009. თბილისი. "მიხეილ მესხი". 8000 მაყურებელი
0:1 სოფრონი (7), 0:2 გოლოვატენკო (57), 1:2 ხიზანიშვილი (85)
საქართველო: ლომაია-გ. ფოფხაძე, კვახაძე, ხიზანიშვილი, შაშიაშვილი-დაუშვილი (77. ყენია), კობიაშვილი (70. რაზმაძე), კვირკველია (60. მერებაშვილი)-ბ. გოცირიძე (27. სეთურიძე), ა. იაშვილი-ალექსიძე (62. დვალიშვილი)
კაპტანი: ლევან კობიაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ექტორ რაულ კუპერი

ამხანაგური მატჩი
მოლდოვა-საქართველო 0:0
11. 08. 2010. კიშინიოვი. "ზიმბრუ". 3000 მაყურებელი
საქართველო: ლორია-ლობჟანიძე, ამისულაშვილი (46. კვირკველია), ასათიანი (69. სალუქვაძე), კალაძე-ხიზანიშვილი, კობიაშვილი-იაშვილი (46. გელაშვილი), გოგუა (64. აფციაური), სირაძე (56. მერებაშვილი)-დვალიშვილი (77. კოშკაძე)
კაპიტანი: კახა კალაძე
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული