გურამ კაშია: მოედანზე საქართველოსთვის გავდივარ

AutoSharing Option
გურამ კაშია ჰოლანდიურ "ვიტესში", რომლის მფლობელიც მერაბ ჟორდანიაა, გასული წლის სექტემბერში ჩაირიცხა, ერედივიზიონში დასარჩენად მებრძოლი გუნდისთვის მნიშვნელოვანი გოლებიც გაიტანა და "ვიტესი" დაბალ ლიგაში დაქვეითებისგან სხვა თანაგუნდელებთან ერთად იხსნა.

წლეულს კი თვითონაც და კლუბიც "სხვა რანგში" არიან: ქართველმა ჰოლანდიური კლუბის კაპიტნის სამკლავური მოირგო, "ვიტესი" კი 12 ტურის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.

- მეორე სეზონია, ჰოლანდიაში თამაშობ, წინაში შენი გუნდი ძლივს გადაურჩა გავარდნას, ახლა კი მეოთხე ადგილზე ხართ. შემთხვევითობაა, "აიაქსსა" და "ფეიენოორდს" რომ უსწრებთ?
- ჯერ დასაწყისია და ძნელია ამაზე ლაპარაკი, სეზონის ბოლოს
"აიაქსზე" წინ ვიქნებით თუ არა, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. მწვრთნელი შეიცვალა, ახალი ფეხბურთელები მოვიდნენ, ახლებურად მოსამზადებლად საკმარისი დრო გვქონდა. ახლა, რომ იტყვიან, კარგ ტალღაზე ვართ, ოღონდ, როგორ გაგრძელდება, არ ვიცი, თუმცა პოზიციების შენარჩუნებაზე ვიზრუნებთ.

- პირველადგილოსან "ალკმაარს" 10 ქულით ჩამორჩებით, ამ სხვაობის შემცირების იმედი თუ გაქვთ და ჩემპიონობაზეც ხომ არ ფიქრობთ?
- არა, ეს ურთულესი საქმეა, მით უმეტეს, ისეთი გრანდების კომპანიაში, "აიაქსი", "ეინდჰოვენი", "ალკმაარი" და სხვები რომ არიან. ჩემპიონობაზე ამ სეზონში ნამდვილად არ ვფიქრობთ. ევროპის ლიგაზე მოხვედრა იდეალური ვარიანტი იქნებოდა და სწორედ ესაა ჩვენი მიზანი. არც ის ვიცი, რა იქნება მომავალ სეზონში, მაგრამ ერთ-ორ წელიწადში უკვე შეგვეძლება ჩემპიონობაზე ფიქრი.

- წლეულს გუნდის კაპიტნად აგირჩიეს. რას ნიშნავს ეს შენთვის, ამას ხელი იმანაც ხომ არ შეუწყო, რომ კლუბის პრეზიდენტი ქართველია?
- მერაბისგან არანაირი პრივილეგია არ მაქვს, ასე რომ, არც ღირს ამაზე ლაპარაკი. მწვრთნელის საქმეში ვერავინ ჩაერევა, ვერც პრეზიდენტი და ვერც სხვა. ეს არც არავის აინტერესებს, ყველა თავის საქმეს აკეთებს. დაინახა მთავარმა მწვრთნელმა ჩემში რაღაც, კაპიტნობასაც ხომ უნარი სჭირდება. მისი ინიციატივა იყო, ბიჭებთანაც ისაუბრა და ასე გადაწყდა ეს საქმე. მგონი, კარგად ვართმევ თავს მოვალეობას და ყველა კმაყოფილია.

- მახსოვს, საქართველოში თამაშისას ხშირად ამბობდი, აქ კაპიტნობას ფასი არ აქვს, მოედანზე მსაჯთან დალაპარაკება შეუძლებელიაო. ჰოლანდიაში რა პრივილეგიას განიჭებს კაპიტნობა?
- აქ ნამდვილად ასე იყო, კომუნიკაცია ჭირდა პრეზიდენტთანაც, მწვრთნელთანაც, ყველასთან. ჩემი აზრით, როდესაც სამკლავური გიკეთია, თანაგუნდელებიც სხვანაირად გიყურებენ, შენ სიტყვას პატივს სცემენ. თუ უკმაყოფილო ხარ, უნდა თქვა ყველაფერი, ბიჭებს დაელაპარაკო, მერე მწვრთნელს უთხრა.

ჰოლანდიაში მოედანზე მსაჯი და ფეხბურთელი ერთმანეთს პატივს სცემენ. არ მინდა, ცუდი ვთქვა ჩვენს მსაჯებსა და ჩემპიონატზე, მაგრამ სხვადასხვა ვითარებაა. გაოცებული ვარ იმით, რაც მე ჰოლანდიაში ვნახე და კარგი იქნება, თუ საქართველოშიც შეიცვლება სიტუაცია.

წარმოუდგენელია, მსაჯისთვის რამის თქმა გინდოდეს და არ უთხრა. შეცდომას ყველა უშვებს, უშეცდომო არავინაა, გინდა რაღაცის ახსნა და თქმა, როგორც შენ უსმენ მსაჯს, ისევე უნდა მოგისმინონ მათაც. იმედია, საქართველოშიც მეტი კომუნიკაცია დამყარდება, წინ წავალთ და შეიცვლება რაღაცები.

- რამდენიმე ტურის წინ "ვიტესმა" არნემულ-ნეიმეგენური დერბი გიორგი ჭანტურიას გოლით მოიგო, მაგრამ ამ შეხვედრაში ის გააძევეს კიდეც. აძლევ თუ არა მას რჩევებს, რომ მოედანზე უფრო მშვიდი და გაწონასწორებული იყოს?
- ეს დერბი დაახლოებით ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორიც საქართველოში "დინამოსა" და "ტორპედოს" დაპირისპირებაა. აქაურებისთვის ეს თამაში ძალიან ბევრს ნიშნავს. ერთი თვით ადრე იწყება მზადება, ხალხი გიჟს ჰგავს, გარეთ ვერ გახვალ, ზოგიერთი გულშემატკივარი ისეთ ჭკუაზეა.

გიორგი ჯერ პატარაა და ემოიცური, მისი ასაკისა მეც ემოციური ვიყავი თუმცა ასე ძალიან არა. გიორგი ცხოვრებაშიც ასეთია. შენიშვნებს ვერიდები, მაგრამ როცა საჭიროა, ვეუბნები, რჩევებსაც ვაძლევ. ემოციას ყველა თავისებურად გამოხატავს, წითელი ბარათის შემდეგ ვილაპარაკეთ, ნერვებს მოვთოკავო, დამპირდა.

საერთოდ, შეცდომებზე უნდა ისწავლო და გიორგიც ცდილობს. ბევრს ვესაუბრები და ხვდება რას ვითხოვ მისგან. ნიჭიერია, საქართველოს გამოადგება, თანახმაა, ყველგან ითამაშოს, ახალგაზრდულშიც, 19-წლამდელებშიც. ფეხბურთი ემოციური სპორტია და თუ ფეხბურთელს ემოცია არ აქვს, ის ფეხბურთელი არ ყოფილა. ყველა ემოციას გაგება, ახსნა და დალაპარაკება სჭირდება.

- ბოლო პერიოდში თემურ ქეცბაია ნაკრებში სისტემატურად გიძახებს. მისგან ხშირად გვესმის, ნაკრებს "იმ დონის" ფეხბურთელები არ ჰყავსო. მართლა არ გვყავს იმ დონის ფეხბურთელები, მალტასა და ლატვიას რომ მოუგონ?
- მაღალი დონის ფეხბურთელები არ ვართ, ყველა საშუალო დონის ევროპულ გუნდში ვთამაშობთ, ოღონდ, საშუალო დონეში იმას ვგულისხმობ, რომ მალტის ნაკრებს მართლაც უნდა ვუგებდეთ. იმ თამაშის შემდეგ იმედგაცრუებული ვიყავი, ჩემთვის დიდი სირცხვილი იყო, რომ ვერ მოვიგეთ. თუმცა ახლა ისეთი დროა, ყველა ნაკრებმა ისწავლა დაცვაში კარგად თამაში და მეტ-ნაკლებად ყველა თამაშობს თანამედროვე დონის ფეხბურთს. როდესაც ქვეყნის ნაკრებში თამაშობ, ესე იგი, უკვე იცი ფეხბურთი და მოედანზე შენი დავალება.

საქართველოს ნაკრებს ახლა ჩავარდნა აქვს, ფეხბურთელებს ეძებენ. მეც ახლა დავიწყე სისტემატურად თამაში ნაკრებში. თემურს კარგი გუნდის დაყენება უნდა, ამისთვის ყველა ყველაფერს აკეთებს. როდესაც ნაკრებში ჩამოვდივარ, იმის ინტერესი კი არ მაქვს, ფული ვიშოვნო, მოედანზე საქართველოს ღირსებისთვის გავდივარ. ბევრი კრიტიკა მესმის, უფრო სწორად, სულ კრიტიკა, მხოლოდ ცუდზეა ლაპარაკი. როდესაც აგებ, ყველა გაკრიტიკებს, როცა იგებ, ყველა ჩუმადაა. ერთი წელი კარგი თამაშებიც ხომ იყო, მარტო იმას ამბობენ, ცუდი ფეხბურთელები გვყავს, ცუდი დონეაო.

- ეროვნული ნაკრების წარუმატებლობა უმთავრესად ფეხბურთელებს ბრალდებათ. მარტო ფეხბურთელები აგებთ თამაშებს?
- არა, თამაშს მთელი გუნდი აგებს, მასაჟისტებიც კი, იმიტომ, რომ ყველა ერთად ვემზადებით. მოედანზე როდესაც გავდივარ, ვაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია, კარგად თუ ცუდად, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. შეიძლება, თამაში არც გამომივიდეს. მოკლედ, ფეხბურთში ასეთი წესია - აგებს მთელი გუნდი, გამორჩევა, ამან მოიგო, იმან წააგო, არასწორია.

- 11 ნოემბერს მოლდოვასთან ამხანაგური მატჩია, მოახერხებთ ნავსის გატეხვას?
- ნავსი მართლაც უნდა გავტეხოთ, მოვიგოთ და წელი მოგებით უნდა დავასრულოთ. ამხანაგურია თუ ოფიციალური, სულერთია, სანაკრებო დონეზე ყველა თამაში მნიშვნელოვანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი კაცი ხარ გურამ და კიდევ უფრ დიდი გახდები...ეერთი თხოვნა მხოლოდ...იმ პატარა ლაწირაკს, გვერდში რომ გყავს, ცოტა მკაცრად მოექეცი და თუ საჭიროა მოსცხე კიდეც...მისდა სასიკეთოდ(და ყველა ჩვენთაგანის სასიკეთდ რათქმაუნდა)...დაიკარგება თუ ასე გააგრძელა, არადა ტალატნტია.
Jigaro
01:38 12-11-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული