მოგებაც გავიხსენეთ - საქართველო-მოლდოვა 2:0 [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
11. 11. თბილისი. „მიხეილ მესხი“. 5000 მაყურებელი
საქართველო-მოლდოვა 2:0
1:0 კობახიძე (37, გელაშვილის პასით), 2:0 ანანიძე (39, პენალტით)
88-ე წუთზე გრიგალაშვილმა ვერ გამოიყენა პენალტი

საქართველო მოლდოვა
(4-2-3-1) (4-2-3-1)
ლორია გაიდუკევიჩი
კაშია გოლოვატენკო
ხუბუტია არმაში
ამისულაშვილი ბულგარუ
გრიგალავა ბოლოჰანი
მაისურაძე ეპურეანუ
ხიზანიშვილი ივანოვი
გელაშვილი სუვოროვი
ანანიძე ჩებოტარი
კობახიძე ზმეუ
დვალიშვილი ოვსიანიკოვი
მწვრთნელი: მწვრთნელი:
თ. ქეცბაია გ. ბალინტი

საქართველო
53. მაისურაძე - განუგრავა
56. დვალიშვილი - მოდებაძე
58. ანანიძე - გორგიაშვილი
64. გელაშვილი - გურული
86. ხუბუტია - გრიგალაშვილი
86. ხიზანიშვილი - ჯანელიძე
სათადარიგოები: რევიშვილი, კვახაძე, ალადაშვილი, დაუშვილი

მოლდოვა
30. ზმეუ - დოროში
46. სუვოროვი - ბუგაევი
67. ოვსიანიკოვი - კატანი
78. ჩებოტარი - პისლა
86. პოტერნიკე - ბულგარუ
86. კაშკავალი - ბოლოჰანი

გაფრთხილება: ბოლოჰანი (39), რადუ (69), კაშკავალი (87)
გაძევება: კობახიძე (76), არმაში (76)
არბიტრი: ვ. ალიევი (აზერბაიიჯანი)

ფსიქოლოგიური განწყობა
ჯერ კიდევ ამ მატჩამდე ორი დღით ადრე ვადარებდით დღევანდელ და შარშანდელ სიტუაციას; უფრო ზუსტად, იმას ვიხსენებდით, თუ როგორი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა ჰქონდა 2010 წლის 3 მარტის შეხვედრას საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებებს შორის - ჩვენი უპირველესი გუნდი თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ვიდრე პირველ მატჩს ჩაატარებდა, მართლაც კოშმარული, წელიწადნახევრიანი მოუგებელი სერია ჰქონდა.

დაახლოებით ასეთივე სიტუაცია იყო გუშინდელი მატჩის წინაც: ამა წლის 26 მარტს, ხორვატებთან დასამახსოვრებელი გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ექვსი შეხვედრა ჩაატარა და აქედან 5 წააგო, ერთი კი ფრედ ითამაშა;

და აი, ნავსიც გატყდა და „საფეხბურთო წელიწადიც“ გამარჯვებით დავასრულეთ! მერე რა, რომ მატჩი ამხანაგური იყო, მერე რა, რომ მეტოქე ჩვენზე დაბალი კლასის გუნდი იყო, მერე რა, რომ რამდენიმე ეპიზოდში არბიტრი ჩვენთვის სასარგებლო და სასიამოვნო გადაწყვეტილებებს იღებდა, - ამ შემთხვევაში მაინც ფსიქოლოგიური განწყობის შეცვლა და ელემენტარულად, დავიწყებული გამარჯვებების „გემოს“ გახსენება უფრო იყო მთავარიც და მნიშვნელოვანიც.

თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით ნამდვილად არ ასპარეზობდა: თემურ ქეცბაიამ თავის გამოჩენის საშუალება ერთდროულად სამ დებიუტანტს (ირაკლი მაისურაძე, თორნეკე გორგიაშვილი, გიორგი ჯანელიძე) მისცა, ხოლო ზოგიერთისთვის კი გუშინდელი მატჩი ძირითადში დამკვიდრების შანსიც უნდა ყოფილიყო;

ახლა არ შევუდგებით კონკრეტული მოთამაშეების შეფასებას და არც იმის თქმას ვაპირებთ, ამა თუ იმ ფეხბურთელმა ზემოთნახსენებ ნაკრებში დამკვიდრების ეს შანსი როგორ გამოიყენა, - კიდევ ერთხელ გვინდა გავიმეოროთ, რომ გუშინ უმთავრესზე-უმთავრესი გამარჯვების მოპოვება და მართლაც ნავსიანი სერიის დაძლევა იყო.

თანაც, არც ის ფაქტი უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ ორბურთიანი სხვაობით ჩვენმა ნაკრებმა უკანასკნელად 2007 წლის 17 ოქტომბერს გაიმარჯვა (შოტლანდიელებს 2:0 რომ მოვუგეთ). ეგ კი არა, გუშინ ბევრად უფრო დიდი ანგარიშითაც უნდა მოგვეგო, მაგრამ ასე რომ არ მოხდა, ამაზე დიდად გული არ უნდა დაგვწყდეს...

მონდომება და უპირატესობა
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი ნაკრების შემადგენლობა, ბოლო მატჩებთან შედარებით, საკმაოდ გადახალისებული იყო; თუმცა, ქეცბაიამ არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და კვლავაც 4-2-3-1 ტაქტიკით ათამაშა გუნდი, თუმცა, გარკვეული სიახლეებით: ზურაბ ხიზანიშვილს (ვინც გუნდი გუშინ კაპიტნის სამკლავურით გამოიყვანა) ნახევარდაცვის ცენტრში ახალგაზრდა ირაკლი მაისურაძე შეუწყვილა, საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული თავდამსხმელი ნიკოლოზ გელაშვილი კი მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე განამწესა.

დანარჩენი ფეხბურთელების ძირითადში გამოჩენა ბევრისთვის სიურპრიზი არ უნდა ყოფილიყო და ქართველ გულშემატკივარს, ალბათ, ძალიან გაახარებდათ ჯანო ანანიძის დაბრუნებაც. სხვათა შორის, მატჩის საწყის წუთებში სწორედ ანანიძე გახლდათ ყველაზე აქტიური ორივე გუნდის შემადგენლობაში, თუმცა პირველი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს: დენის ზმეუმ ჩვენი საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა, მაგრამ ბურთი გიორგი ლორიას კარს აცდა.

აი, ეს იყო და ეს: პირველი ტაიმის ბოლომდე სტუმრებს ერთი ხეირიანი შეტევაც არ განუხორციელებიათ; ეს კი, ჩვენი დაცვის ხაზისა (გამოცდილი ალექსანდრე ამისულაშვილის საიმედო თამაშია გამოსარჩევი) და საერთოდ, მთელი გუნდის აქტიურობით იყო განპირობებული. კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ, რომ მოლდოვა დიდი ვერაფერი მოწინააღმდეგე იყო, მაგრამ არც იმის დაუნახაობა იქნება, თუ როგორი მონდომებულები იყვნენ გუშინ ჩვენი ფეხბურთელები - ანანიძეზე უკვე ვთქვით და აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჩვენი მარჯვენაფლანგელებიც: გურამ კაშიამ და ნიკოლოზ გელაშვილმა პირველ ტაიმში მეტოქეს უამრავი პრობლემა შეუქმნესო, რბილად ნათქვამი გამოგვივა.

ჰოლანდიური „ვიტესის“ ქართველმა კაპიტანმა გუშინ ერთი-ერთი საუკეთესო სანაკრებო მატჩი ჩაატარა: ერთ ეპიზოდში კაშიამ ჩინებული ასისტენტობა გაუწია ლადო დვალიშვილს, მაგრამ ამ უკანასკნელის „ერთი შეხებით“ დარტყმული ბურთი სტუმართა შორის, უდავოდ, ყველაზე გამორჩეულმა, მეკარე არტიომ გაიდუკევიჩმა მოიგერია. მერე, ისევ კაშიას აქტიურობა მარჯვენა ფლანგზე და სტუმრები ძელმა იხსნა!

აი, მესამე სწრაფი შეტევა მარჯვნიდან კი უკვე გოლით დამთავრდა: კაშიამ და გელაშვილმა თავიანთი აქტიურობით მეტოქის ფეხბურთელს შეცდომა დააშვებინეს, მერე იყო ზუსტი გადაცემა და სანდრო კობახიძის მართლაც ჩინებული თავური დარტყმაც! სამიოდ წუთში ჩვენი უპირატესობა უფრო გაიზარდა: ანანიძის კუთხურს ამისულაშვილის თავური დარტყმა მოჰყვა, ბურთი ხარიხას მოხვდა და მეტოქის საჯარიმოში ლადო დვალიშვილისა და ვადიმ ბოლოჰანის ორთაბრძოლის შედეგად... პენალტიც დავიმსახურეთ! თერთმეტმეტრიანი კი ჯანო ანანიძემ შეასრულა და თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრების მაისურით გოლი გაიტანა.

პირველ ტაიმში მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა რეალურად ასახავდა მეტოქეთა შორის სხვაობას: ჩვენი ნაკრების მონდომებულ თამაშზე უკვე ვთქვით და ის ფაქტიც აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს სისწრაფეებიც არ დაეწუნებოდათ. ეგ კი არა, მსაჯის კეთილგანწყობა რომც არ ყოფილიყო, გუშინ მოგება მაინც ჩვენ დაგვრჩებოდა; ოღონდ, სამწუხაროდ, უკვე მერამდენდე გვიხდება იმის აღნიშვნა, რომ კვლავაც დაბალია საგოლე მომენტების რეალიზაციის ხარისხი.

მეორე ტაიმში თამაშის ტემპი ოდნავ დაეცა, თუმცა ამას, ალბათ, ობიექტური მიზეზიც ჰქონდა: ორბურთიანი უპირატესობაც გვქონდა, ამას ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში განხორციელებული უამრავი შეცვლაც დაემატა; ოღონდ, ამჯერად უკვე ჩვენი მარცხენა ფლანგი გააქტიურდა და ვიდრე მოედანზე იმყოფებოდა, მართლაც გამორჩეულად ასპარეზობდა სანდრო კობახიძე: თუმცა, მერე ნერვები ვერ მოთოკა და მეტოქის მცველ იგორ არმაშთან ერთად მოედნის ნაადრევად დატოვებამ მოუწია - შეხვედრის აზერბაიჯანელი არბიტრისაგან ორივემ წითელი ბარათი დაიმსახურა!

მატჩის ბოლომდე თამაშის რიტმს მთლიანად ჩვენები აკონტროლებდნენ და მხოლოდ ერთადერთხელ იყო, მეტოქეს სახიფათო დარტყმის საშუალება რომ მისცეს - ანატოლი დოროშს მიზანმა უმტყუნა. სულ ბოლოს კი ის ეპიზოდიც მოხდა, როცა მოედანზე რამდენიმე წამის (!) წინ შემოსულმა გიორგი ჯანელიძემ მარჯვენა ფლანგზე იაქტიურა და სწორედ მის წინააღმდეგ დაარღვიეს წესები სტუმრებმა. არბიტრს არ მორიდებია შეხვედრაში მეორე პენალტი დაენიშნა, მაგრამ ასევე რამდენიმე წამის წინ შეცვლაზე შემოსულმა შოთა გრიგალაშვილმა, რბილად რომ ვთქვათ, მეკარის გაბითურება მოინდომა და... არც გამოუვიდა!

რა თქმა უნდა, პენალტი არაერთ ცნობილ ფეხბურთელსაც გაუფუჭებია, მაგრამ, როცა სანაკრებო დონის მატჩია, ნებისმიერ მოთამაშეს ალბათ, ოდნავ მეტი პროფესიონალიზმიც მოეთხოვება სტანდარტული მდგომარეობების შესრულების დროს. თუმცა, ეს, მხოლოდ და მხოლოდ, დეტალია და ამ გამოუყენებელი პენალტით ტრაგედიაც არ უნდა შევქმნათ. გუშინ მთავარი ხომ დანავსული სერიის შეწყვეტა და შვიდთვენახევრიანი პაუზის მერე პირველი გამარჯვების მოპოვება იყო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული