ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი კარს მოგვადგა. ჩვენი ნაკრები 3 სექტემბერს სასტარტო მატჩს ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტ საბერძნეთთან სტუმრად გამართავს, 7 სექტემბერს კი ისრაელის ეროვნულ გუნდს თბილისში ეთამაშება. თემურ ქეცბაიამ ამ ორი თამაშისთვის ნაკრებში 21 ფეხბურთელი გამოიძახა. რჩეულთა სია ასეთია:
მეკარეები - ნუკრი რევიშვილი (ანჟი, რუსეთი), გიორგი ლორია (დინამო), გრიგოლ ბედიაშვილი (ოლიმპი);
მცველები - კახა კალაძე (მილანი, იტალია), მალხაზ ასათიანი (ლოკომოტივი მოსკოვი, რუსეთი), ლაშა სალუქვაძე (რუბინი, რუსეთი), ზურაბ ხიზანიშვილი (ბლექბერნი, ინგლისი), ალექსანდრე ამისულაშვილი (ქაისერისფორი, თურქეთი), დავით კვირკველია
ნახევარმცველები - ლევან კობიაშვილი (ჰერტა, გერმანია), გიორგი მერებაშვილი (ვოევოდინა, სერბეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი მოსკოვი, რუსეთი), გოგიტა გოგუა (სპარტაკი ნალჩიკი, რუსეთი), თორნიკე აფციაური (ზესტაფონი), ალექსანდრე კოშკაძე (დინამო);
თავდამსხმელები - ალექსანდრე იაშვილი (კარლსრუე, გერმანია), დავით სირაძე (სპარტაკი ნალჩიკი, რუსეთი), ლადო დვალიშვილი (მაქაბი ჰაიფა, ისრაელი), ნიკოლოზ გელაშვილი (ზესტაფონი).
როგორც ხედავთ, სანაკრებო შემადგენლობაში ორი ახალი გვარია. მათე ღვინიანიძე და გრიგოლ ბედიაშვილი. წელიწადზე მეტია, რაც 23 წლის მცველი მათე ღვინიანიძე სანაკრებო სიაში არ ყოფილა. ბოლოს იგი ექტორ კუპერმა შარშან, 12 აგვისტოს მალტასთან (0:2) ამხანაგურ მატჩისთვის გამოიძახა ეროვნულში. მიუნხენელთა კლუბის მცველი ეროვნულ გუნდში პირველად კლაუს ტოპმიოლერის მწვრთნელობისას გამოჩნდა. ნაკრებში მათეს, დღემდე 9 მატჩი აქვს ჩატარებული. 30 წლის მეკარე გრიგოლ ბედიაშვილმა შარშან ეროვნულში ერთ შეხვედრაში ითამაშა სტუმრად ალბანეთთან (1:1).
ჩვენი ნაკრები 30 აგვისტოს კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში შეიკრიბება და სამი დღის განმავლობაში კვიპროსის ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე მოემზადება. თემურ ქეცბაიას გუნდი 2 სექტემბერს კვიპროსიდან ათენში გადაფრინდება. 3 სექტემბერს საბერძნეთ-საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩი ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება.