საქართველოს ნაკრების საფეხბურთო წელიწადი: კარგიც, ცუდიც... (ნაწილი III)

AutoSharing Option
კიდევ ერთხელ გავიხსენოთ 2011 წელს ჩატარებული ეროვნული გუნდის ყველა მატჩი - ამხანაგურიც და ოფიციალურიც
(გაგრძელება, დასაწყისი: ნაწილი I ნაწილი II)

აქედან დაიწყო...

ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტთან, ხორვატიის ნაკრებთან გამარჯვებამ საქართველოს ნაკრების ყველა ქომაგი, ალბათ, ზომაზე მეტ ეიფორიაშიც ჩააგდო; სხვანაირად ვერც იქნებოდა: საქართველოს ნაკრების მართლაც შთამბეჭდავი, ათმატჩიანი წაუგებელი სერიაც გრძელდებოდა და, რაც მთავარია, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის რეალურ შანსსაც ვინარჩუნებდით.

თუმცა, ყველა "ლამაზ ზღაპარსაც" აქვს დასასრული და სამწუხაროდ, ასეც მოხდა - ხორვატებთან გამარჯვებიდან სამი დღის შემდეგ ისრაელში
დავმარცხდით და "მიწაზე დავეშვით"!

არადა, ისრაელთან შეხვედრამდე ყველაფერი ისე "მიდიოდა", კაცი უკეთესს რომ ვერ ინატრებდა: შესარჩევ ციკლში ხუთი მატჩის მერე 9 ქულა გვქონდა და უკვე ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერებადაც მოვიაზრებოდით, თუმცა მომდევნო და გადამწყვეტ ხუთ შეხვედრაში კი, მხოლოდ და მხოლოდ, ერთადერთი ქულის მოპოვება შევძელით.

ვიდრე ისრაელთან წაგებულ მატჩს გავიხსენებდეთ, კიდევ ერთხელ გვინდა გამოვხატოთ საკუთარი დამოკიდებულება იმ ფაქტთან დაკავშირებით, თუ რატომ გამოვიჩინეთ ესოდენ დიდი სულგრძელობა და რატომ დავთანხმდით მეტოქის თხოვნას. ჰო, მართლაც უცნაური სიტუაცია იყო: 26 მარტს ხორვატიასთნა უმძიმესი მატჩი (უდიდესი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური დატვირთვა რომ ჰქონდა) ჩავატარეთ, სამ დღეში კი სტუმრად ისრაელს ვეთამაშეთ. არადა, ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენი ჯგუფის კალენდარი უეფამ დაგვიდგინა და ისრაელი-საქართველოს მატჩიც, ამ კალენდრის თანახმად 7 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო.

თუმცა, ისრაელის მხარეს ჩვენებისთვის თხოვნით მოუმართავს: 7 ოქტომბერი ებრაელი ხალხისთვის რელიგიური დღეა და იქნებ, სხვა დროს ვითამაშოთო. ქართველები კი, მოგეხსნებათ, ოღონდ სხვას ასიამოვნონ და საკუთარ ინტერესსაც აღარ დაგიდევენ, - მეტოქის თხოვნაზე უარი არ გვითქვამს და ამით ისრაელთან მარცხისთვის ფაქტობრივად, წინასწარ განწირულნიც გავხდით!

ჰო, ასეა: ჩვენზე ბევრად ძლიერი დონის ნაკრებებს უჭირთ 3 დღის განმავლობაში ორი ოფიციალური მატჩის მაღალ დონეზე და, რაც მთავარია, წარმატებით ჩატარება; თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენთან პაექრობამდე ისრაელმაც 26 მარტს ითამაშა, ოღონდ, მეტოქედ ხორვატიაზე ბევრად სუსტი გუნდი (ლატვიის ნაკრები) ჰყავდა და ამას გარდა, შინ თამაშობდა! ანუ, ისრაელის ნაკრებს, ძალების აღსადგენად სულ მცირე, ერთი დღით მეტი დრო ჰქონდა, ვიდრე ჩვენებს, რამეთუ საქართველოს ნაკრები აღთქმულ მიწაზე ხორვატიასთან მატჩის მეორე საღამოს გაემგზავრა.

საერთოდ კი, ამას იმიტომ ვიხსენებთ, რომ დღემდე ვერ გავიგეთ, თუ რატომ დავთანხმდით ისრაელის მხარის ამ წინადადებას; ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისგანაც და ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელისგანაც ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ვერაფრით მივიღეთ.

რა თქმა უნდა, შორს ვართ იმ აზრისგან, ჩვენი ნაკრების მომდევნო წარუმატებლობები სწორედ ისრაელთან "არაგეგმიურ დღეს" ჩატარებულ მატჩში წაგებას რომ მოჰყვა; თუმცა, ისიც ფაქტია, რომ სწორედ 29 მარტიდან დაიწყო საქართველოს ნაკრებისათვის ახალი და ერთობ უსიამოვნო (მოუგებელი) სერია.

* * *
ახლა კი უშუალოდ ისრაელი-საქართველოს მატჩზეც ვთქვათ, რომლის შედეგმაც სატურნირო ცხრილშიც ჰპოვა ასახვა - ამ წაგებით მეტოქეც წინ გავუშვით და სულ მცირე, პლეი ოფის საგზურის მოპოვებისთვის დარჩენილი ოთხი შეხვედრიდან სამი (ლატვიასთან, მალტასთან, საბერძნეთთან) ჩვენ სასარგებლოდ უნდა დაგვემთავრებინა, ხოლო ხორვატებთან კი სტუმრად ქულის წამოღებაზე გვეფიქრა.

სამწუხაროდ, რა და როგორ მოხდა შემდგომ, ყველას კარგად მოეხსენება.

ისრაელთან მატჩში მალხაზ ასათიანი და ჯანო ანანიძე რომ არ გვეყოლებოდა, ყველამ კარგად ვიცოდით; თუმცა, წინ კიდევ ერთი არასასიამოვნო სიურპრიზი გველოდა: ხორვატიასთან მოგებული მატჩის მეორე დღეს (ანუ, 27 მარტს), დილით დანიშნულ ვარჯიშზე ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს თემურ ქეცბაიასა და ჩვენი გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელს გოგიტა გოგუას შორის თურმე ინციდენტი მომხდარა! ამ მართლაც სკანდალურ თემას აღარ გავაგრძელებთ, უბრალოდ, მხოლოდ იმას დავძენთ, რომ ამ კონფლიქტით, ჩვენმა ნაკრებმაც იზარალა და თვითონ ფეხბურთელმაც.

არადა, გოგუა (ისე როგორც - ასათიანი და ანანიძე) მართლაც ძალიან გვაკლდა ისრაელთან შეხვედრაში - არაფრით გამორჩეულ მეტოქეს "საკუთარი თამაში" ვერ მოვახვიეთ; ეგ კი არა, ალბათ, უფრო გადაღლილობის ბრალიც იყო, რომ ჩვენი ნაკრების თამაშში უამრავი წუნი შეინიშნებოდა; აღარაფერს ვამბობთ შემტევი პოტენციალის, ფაქტობრივად, არარსებობაში - მეტოქის კარის "ჩარჩოში" ერთადერთხელ დავარტყით, კუთხური კი საერთოდ არ მოგვიწოდებია!

ერთი-ორად საწყენი იყო ის ფაქტიც, მართლაც არაფრით გამორჩეულ მეტოქესთან რომ დავმარცხდით: წარსულში ცნობილი ფრანგი ფეხბურთელის, ლუის ფერნანდესის მიერ დამოძღვრილმა ისრაელის ნაკრებმა 90 წუთის განმავლობაში ერთადერთი (!) გააზრებული კომბინაცია გაითამაშა და ისიც... გოლით დასრულდა! (იხილეთ ვიდეო)

თუმცა, რამდენიმე ეპიზოდში ნუკრი რევიშვილის ჩინებული გარჯაც უნდა აღინიშნოს - ჩვენი მეკარე უშეცდომოდ უმკლავდებოდა მასპინძელთა შორი თუ საშუალო მანძილიდან დარტყმულ ბურთებს. ამას გარდა, კიდევ იყო ორი მომენტი, ჩვენი ნაკრები აშკარა გოლს რომ გადაურჩა: ბიბრას ნათხოს მცირეოდენ არაზუსტად შესრულებულ საჯარიმოს ვგულისხმობთ და იმ ეპიზოდსაც, როცა ჩვენმა კაპიტანმა კახა კალაძემ ითამაშა თავგანწირვით და ელიანივ ბარდას ფაქტობრივად, საგოლე დარტყმას გადაეფარა.

ყველაფრის მიუხედავად, იმის შანსი მაინც გვქონდა, რომ ტელ-ავივიდან ქულა მაინც წამოგვეღო, მაგრამ ოთარ მარცვალაძემ და განსაკუთრებით კი ლადო დვალიშვილმა ხელსაყრელი მომენტები ვერ გამოიყენეს.

ისრაელთან წაგების მერე ვწერდით, რომ ეს დასანანი მარცხი როგორმე უნდა "გადავიტანოთ" და დარჩენილი მატჩები მეტი მონდომებითა და მობილიზებით ჩავატაროთო; იმის იმედიც გვქონდა, რომ ჩვენ ჯგუფში კიდევ ბევრი რამ უნდა შეცვლილიყო და ეს "ცვლილებებიც", ჩვენთვის სასიკეთო უნდა ყოფილიყო. თურმე, ვცდებოდით...

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
29. 03. ტელ-ავივი. "ბლუმფილდი". 13700 მაყურებელი
ისრაელი-საქართველო 1:0
1:0 ბენ ჰაიმი II (59)
ისრაელი: ავატე - ბონდარვი, ბენ ჰაიმი I, ქეიხანი, გერშონი - ნათხო (52. ბენ ჰაიმი II), ქაიალი, ა. კოჰენი, ბუზაგლო - რაფაელოვი (63. ვერმუთი), ბარდა (71. ბენაიუნი)
სათადარიგოები: გორეში, ტავატა, ალბერმანი, ბენ საჰარი
საქართველო: რევიშვილი - სალუქვაძე, ხუბუტია, ამისულაშვილი, კალაძე - დაუშვილი (46. კვირკველია), ხიზანიშვილი - იაშვილი (64. დვალიშვილი), კანკავა, კობიაშვილი - მარცვალაძე (73. სირაძე).
სათადარიგოები: ლორია, კაშია, ალადაშვილი, გელაშვილი
გაფრთხილება: ამისულაშვილი (44), მარცვალაძე (45), კოჰენი (62), ბონდარვი (76), კობიაშვილი (89)
არბიტრი: ფ. ფოტრე (საფრანგეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული