საქართველოს ნაკრების საფეხბურთო წელიწადი: კარგიც, ცუდიც... (ნაწილი IV)

AutoSharing Option
კიდევ ერთხელ გავიხსენოთ 2011 წელს ჩატარებული ეროვნული გუნდის ყველა მატჩი - ამხანაგურიც და ოფიციალურიც.
(დასაწყისი იხილეთ: ნაწილი I, ნაწილი II, ნაწილი III)

წინასწარ განწირულნი...
ისრაელთან წაგებული მატჩიდან თვეზე ოდნავ მეტი იყო გასული, ბევრად უფრო მტკივნეული მარცხი რომ ვიწვნიეთ. რა თქმა უნდა, არავის ჰქონდა იმის ილუზია, ხორვატიიდან გამარჯვებულები რომ წამოვიდოდით, თუმცა, ის კი, ცოტა არ იყოს, მოულოდნელად გვეჩვენა, თუ როგორ უსუსურად გამოიყურებოდა ჩვენი ნაკრები.

გასაგებია, რომ ჯგუფის ერთ-ერთ გამოკვეთილ ფავორიტთან ვთამაშობდით (მით უფრო, ხორვატებს ხომ რევანშიც ჰქონდათ ასაღები); გასაგებია, რომ დისკვალიფიკაციის
გამო ლევან კობიაშვილი და ოთარ მარცვალაძე გვაკლდა (ამას გარდა, მოულოდნელი იყო ძირითად შემადგენლობაში ალექსანდრე ამისულაშვილის არგამოჩენაც); თუმცა, ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, მაინც ვერავინ წარმოიდგენდა ჩვენი ნაკრების ასეთ სუსტ თამაშს.

თანაც, როგორ ფიქრობთ, ხორვატთა თავკაცს, სლავენ ბილიჩს არ ჰქონდა საკადრო პრობლემები? ჰქონდა და ჩვენზე არანაკლებიც - საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მასპინძლებმა ორი წამყვანი ნახევარმცველი (ივან რაკიტიჩი, ნიკო კრანჩარი) და ორი ფორვარდი (მლადენ პეტრიჩი, ივიცა ოლიჩი) მოისაკლისეს. თუმცა, ქართველი კოლეგისგან განსხვავებით, ბილიჩმა უპრობლემოდ შეძლო ძირითად შემადგენლობაში როტაციის მოხდენა და მეტისმეტად ფრთხილი ტაქტიკით მოთამაშე მეტოქესაც, 90 წუთის განმავლობაში, სუპერ-შემტევი ფეხბურთი მოახვია თავს!

რა თქმა უნდა, იმასაც შეგუებული ვიყავით, რომ ჩვენი გუნდი აქცენტს საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გააკეთებდა, თუმცა ასეთი მოლოდინის მიუხედავად, ზედმეტზე-ზედმეტად ფრთხილი მოგვეჩვენა საქართველოს ნაკრების ტაქტიკური სქემა: მოედანზე, ფაქტობრივად, ექვსი ნომინალური მცველი პლუს თავდაცვაზე ორიენტირებული ორი ნახევარმცველი ვიხილეთ!

დაუსჯელი ავანტიურა
ამავე მეტოქეთა პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრებმა ერთადერთხელ დაარტყა ხორვატიის ნაკრების კარში და ეს გამარჯვებისათვის საკმარისი აღმოჩნდა! სპლიტის "პოლიუდის" სტადიონზეც ერთადერთხელ დავარტყით ხორვატების კარში და ამჯერადაც გოლი გავიტანეთ; თუმცა, თბილისში თუ ჩვენმა ნაკრებმა ტაქტიკურად სწორი და "გამართული" ფეხბურთი ითამაშა (პლუს, ქეცბაიას მიერ განხორციელებული ეფექტიანი შეცვლებიც არ დაგვავიწყდეს), სპლიტში კი მართლაც დამთრგუნველი სანახაობა გველოდა [იხილეთ ვიდეო].

ჰო, მართლაც ასე იყო: იმის მიუხედავად, რომ ანგარიში ჩვენ გავხსენით და პირველი ტაიმიც მოვიგეთ, ქართველ გულშემატკივართა, ალბათ, აბსოლუტურ უმრავლესობას არ სჯეროდა ხორვატიიდან თუნდაც ერთი ქულის წამოღებისა. ამის მიზეზი კი მეტოქის ზეაგრესიული თამაში იყო: ხორვატების შეტევებს ბოლო არ უჩანდა, ჩვენ კი ვერაფერს ვუპირისპირებდით; ერთადერთი, იმის მცირე იმედი თუ გვქონდა, რომ მეორე ტაიმში, როცა მასპინძლები უკანმოუხედავად შტურმზე გადმოვიდოდნენ, სწრაფი და გააზრებული კონტრიერიშებით მეტოქე აქეთ შეგვეძლო დაგვესაჯა!

სამწუხაროდ, მსგავსი არაფერი მომხდარა; არადა, დაახლოებით 70-ე წუთიდან მასპინძელთა თავკაცი სლავენ ბილიჩი "ვა-ბანკზე" წავიდა: ორივე განაპირა მცველი, დარიო სრნა და დანიელ პრანიჩი, ფაქტობრივად, გარემარბების პოზიციაზე "აწია" და, აქედან გამომდინარე, ხორვატიის ნაკრების ტაქტიკურმა სქემამ სუპერ-თამამი (ამასთან, ცოტა არ იყოს, ავანტიურული და "დასჯადიც") სახეც (2-5-3) მიიღო! ანუ, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ მასპინძელთა მეკარისა (ვედრან რუნიე) და ორი ცენტრალური მცველის (იოსიპ შიმუნიჩი, ვედრან ჩორლუკა) გარდა, ხორვატიის ნაკრების ყველა ფეხბურთელი ჩვენს ნახევარზე "დასახლდა"; მაგრამ, ჩვენებისგან ვის უნდა დაესაჯა ასეთი ავანტიურა?

ბოლოს კი, "მოსახდენი" მოხდა და მასპინძლებმაც სამწუთიან მონაკვეთში ორი ზუსტი დარტყმის განხორციელება მოახერხეს, თუმცა ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს მეკარესთან საპრეტენზიო არავის გვქონდა; უფრო პირიქით იყო: გიორგი ლორიამ მართლაც გამორჩეული სანაკრებო მატჩი ჩაატარა და მისი დიდი დამსახურებაც იყო, ჩვენი ჯგუფის ფავორიტთან მხოლოდ მინიმალური ანგარიშით რომ დავმარცხდით.

შემოდგომის მოლოდინი
ხორვატიასთან წაგების მერე ასე ვწერდით: "ზედიზედ ორი მარცხი და საქართველოს ნაკრები თავის შესარჩევ ჯგუფში მყარად დამკვიდრდა IV ადგილზე. ფაქტობრივად, ისეთი სიტუაციაა, რომ ამაზე ქვემოთ, ალბათ, აღარც ჩამოვალთ; დარჩენილი სამი შეხვედრიდან ორი სახლში გვაქვს, ერთიც მალტასთან სტუმრად. ანუ, თითქმის გარკვეულია, რომ შესარჩევ ტურნირს ბოლო ან ბოლოსწინა ადგილზე არ დავამთავრებთ. ეგ კი არა, დარჩენილ სამივე მატჩს თუ მოვიგებთ, ქვეჯგუფში მეორე ადგილის დაკავების შანსს კიდევ ვინარჩუნებთ!"

სამწუხაროდ, დარჩენილ სამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა, მხოლოდ და მხოლოდ, ერთადერთი ქულა მოიპოვა, შესარჩევი ციკლი კი მეხუთე, ანუ ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
03. 06. სპლიტი. "პოლიუდი". 28 000 მაყურებელი
ხორვატია-საქართველო 2:1
0:1 კანკავა (16, სირაძის პასით), 1:1 მანჯუკიჩი (76), 2:1 კალინიჩი (78)

ხორვატია: რუნიე - სრნა, შიმუნიჩი, ჩორლუკა, პრანიჩი - ვუკოევიჩი (70. დუიმოვიჩი) - ედუარდო, მოდრიჩი, პერიშიჩი (70. კლასნიჩი) - იელავიჩი (46. კალინიჩი), მანჯუკიჩი
სათადარიგოები: პლეტიკოშა, ლოვრენი, ვრსალკო, ბადელი
საქართველო: ლორია - სალუქვაძე, ხუბუტია, კალაძე, გრიგალავა - კაშია (80. ანანიძე), ხიზანიშვილი - იაშვილი (62. დაუშვილი), კანკავა, კვირკველია - სირაძე (56. დვალიშვილი)
სათადარიგოები: კვასხვაძე, ლიპარტია, ამისულაშვილი, გურული
გაფრთხილება: იაშვილი (28), ხუბუტია (75), კალინიჩი (78)
არბიტრი: ს. იოჰანსენი (შვედეთი)

(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული