ევრო 2012. სირაძე ნალჩიკშიც და ნაკრებშიც

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სასტარტო მატჩებისთვის თემურ ქეცბაიამ შემადგენლობა უკვე დაასახელა. ნაკრებში გამოძახებულთა შორისაა ნალჩიკის "სპარტაკის" თავდამსხმელი დავით სირაძეც, რომელიც 14 აგვისტოს ნოვოსიბირსკის "სიბირთან" მოგებულ მატჩში (4:2) 76-ე წუთზე დაშავდა. მას მერე ნალჩიკელებმა ერთი თამაში ჩაატარეს ("როსტოვთან" სტუმრად 1:1), მაგრამ ამ შეხვედრაში სირაძეს არა თუ არ უთამაშია, 18-კაციან განაცხადშიც არ ყოფილა. ჩვენი ინფორმაციით, სირაძე ჯერჯერობით მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ბუნებრივია, დავინტერესდით ნაკრების ფორვარდის მდგომარეობით და ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ დირექტორ ნიკა ჩხეიძეს დავუკავშირდით.

"სირაძის საკითხი უკვე გარკვეულია და შემიძლია გითხრათ, რომ საგანგაშო
არაფერია. ტრავმის შემდეგ ის სარეაბილიტაციო კურსს გადის და ჯერ მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობს. უფრო მეტიც, ის ახლა ბევრად უკეთ გრძნობს თავს და ჩვენი ინფორმაციით კლუბში უახლოეს მატჩში შეეძლება თამაში. შესაბამისად, სირაძე ეროვნულ ნაკრებს სექტემბრის თამაშებშიც არ დააკლდება", - უთხრა ჩხეიძემ "ლელოს".
სირაძისა და გოგიტა გოგუას ნალჩიკის "სპარტაკი" რუსული პრემიერლიგის ცხრილში მეოთხე ადგილზეა და მხოლოდ ქულით ჩამორჩება მესამეზე მყოფ მოსკოვის ცსკა-ს. ჩვენებურთა გუნდი უახლოეს მატჩს შაბათს, 28 აგვისტოს ლაშა სალუქვაძის ყაზანის "რუბინთან" შინ ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული