სანტუშმა ვრიზასი დააბრუნა, ბილიჩისთვის ეს საბერძნეთი უფრო ძლიერია

AutoSharing Option
საბერძნეთი

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს 3 სექტემბერს საბერძნეთთან გასვლითი მატჩით ვიწყებთ და შესაბამისად, მეტოქეებზე ცნობების მოძიებისას, უმთავრესად ბერძნებზე ვაკეთებთ აქცენტს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბერძენთა პორტუგალიელ მწვრთნელ ფერნანდო სანტუშს ქართველებთან და ხორვატებთან, შესაბამისად 3 და 7 სექტემბრის მატჩებისთვის ნაკრებში გამოძახებულთა შემადგენლობა ჯერ კიდევ არ დაუსახელებია. ოთხიოდე დღის წინ, სანტუშმა მხოლოდ გამოძახებული 9 ლეგიონერის ვინაობა გაამხილა და იქვე დასძინა, ნაკრების სრულ სიას ხუთშაბათს გეტყვითო.

თუმცა სანტუშმა გუშინაც გააწბილა ბერძნული მედია. თუმცა მედიაში ორმა ინფორმაციამ გამოჟონა და ორივე გაგაცნობთ.
პირველი, სანაკრებო სია დღეს, 27 აგვისტოს გახდება ცნობილი და მეორეც, სანტუშს ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ერთი პერსონა დაემატა, 36 წლის ზისის ვრიზასი. ცნობისათვის, საბერძნეთის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელ ვრიზასს, ეროვნულში ჩატარებუ 68 შეხვედრაში 9 გოლი აქვს გატანილი. ის ბერძნული კლუბების გარდა, იტალიურ "პერუჯაში", "ფიორენტინასა" და "ტორინოში", ასევე ესპანურ "სელტაში" გამოდიოდა. მოთამაშის კარიერა კი 2008 წელს პაოკ-ში დაასრულა.

აღსანიშნავია ისიც, რომ დასკვნით სეზონში ვრიზასის მწვრთნელი სწორედ ფერნანდო სანტუში იყო. საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ზისის ვრიზასმა, სანტუშის მსგავსად 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ისრაელი

სტუმრად ბერძნებთან თამაშის შემდეგ, 7 სექტემბერს ისრაელს თბილისში ვუმასპინძლებთ. ნაკრებში გამოძახებულთა შემადგენლობა ჯერ არც ისრაელელთა თავკაც ლუის ფერნანდესს დაუსახელებია. როგორც ირკვევა, ფერნანდესის მიერ შეგულებულ ფეხბურთელთა შორის ერთი უკვე გამოაკლდა გუნდს. ყაზანის "რუბინის" ნახევარმცველი ბიბერს ნათხო საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. უახლოეს ორ მატჩში ნათხოს გერმანული "ნიურნბერგის" შუახაზელი ალმოგ კოჰენი შეცვლის.

სხვათა შორის, კოჰენიც დაშავებული იყო, მაგრამ ახლა ბევრად უკეთ არის და ბოლო ინფორმაციით სექტემბრის მატჩებში თამაში შეეძლება. თელ ავივის "ჰაპოელის" თავდამსხმელი ბენ საარიც გამოჯანმრთელდა და ისიც შეძლებს თამაშს. ისევე როგორც ბელგიური "გენკის" ფორვარდი ელიანივ ბარდა.

ფერნანდესმა ახალგაზრდულ ნაკრებს იერუსალიმის "ბეითარის" მეკარე არიელ ჰარუში კი დაუთმო, მაგრამ 21-წლამდელთა ნაკრების თავკაც ავი ლუზონს, კოჰენისა და საარიზე უარი უთხრა.
დაბოლოს, ისრაელის ნაკრები საქართველომდე 2 სექტემბერს მალტას რამათ განში ეთამაშება. ლუის ფერნანდესის გუნდი თბილისში კი 5 სექტემბერს, მოსადის (სახელმწიფო უშიშროების სამსახური) თანხლებით გვეწვევა.

ხორვატია

ხორვატიის ნაკრები შესარჩევ ციკლს 3 სექტემბერს რიგაში, ლატვიასთან გასვლითი მატჩით დაიწყებს. 7 სექტემბერს კი ხორვატები საბერძნეთს ზაგრებში უმასპინძლებენ. ამ ორი თამაშისთვის, ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა გუნდში 23 ფეხბურთელი გამოიძახა. ბილიჩის რჩეულთა სია ასეთია:

მეკარეები - ვედრან რუნიე (ლანსი, საფრანგეთი), დანიელ სუბაშიჩი (ჰაიდუკი), სტიპე პლეტიკოშა (სპარტაკი, მ. რუსეთი);
მცველები - ვედრან ჩორლუკა (ტოტენჰემი, ინგლისი), იოსიპ შიმუნიჩი (ჰოფენჰაიმი, გერმანია), გორდონ შილდენფელდი (შტურმი, ავსტრია), ივან სტრინიჩი, იურიცა ბულიატი (ორივე ჰაიდუკი);

ნახევარმცველები
- დარიო სრნა (შახტარი, უკრაინა), მლადენ ბარტულოვიჩი (არსენალი, კ. უკრაინა), ოგნიენ ვუკოიევიჩი (დინამო კ. უკრაინა), ტომისლავ დუიმოვიჩი (დინამო მ. რუსეთი), ნიკოლა პოკრივაჩი (ზალცბურგი, ავსტრია), ივან რაკიტიჩი (შალკე, გერმანია), დანიელ პრანიჩი (ბაიერნი, გერმანია), დრაგო გაბრიჩი (ტრაბზონსფორი, თურქეთი), ლუკა მოდრიჩი, ნიკო კრანჩარი (ორივე ტოტენჰემი, ინგლისი);

თავდამსხმელები -
ივიცა ოლიჩი (ბაიერნი, გერმანია), ედუარდო (შახტარი, უკრაინა), მლადენ პეტრიჩი (ჰამბურგი, გერმანია), ნიკიცა იელავიჩი (რაინჯერსი, შოტლანდია), მარიო მანჩუკიჩი (ვოლფსბურგი, გერმანია);
როგორც ირკვევა ხორვატების თავკაცი სლავენ ბილიჩიც არ არის მშვიდად. ლუკა მოდრიჩი კი არის ნაკრების შემადგენლობაში, მაგრამ ლატვიელებისა და ბერძნების წინააღმდეგ მისი თამაში, ჯერაც კითხვის ნიშნის ქვეშ არის. პრესასთან საუბარში ბილიჩმა აღნიშნა, რომ მოდრიჩსა და მის ექიმს ტელეფონით ესაუბრა და მათ დაამშვიდეს, უახლოესი მატჩებისთვის ლუკა მწყობრში იქნებაო და ხორვატების მწვრთნელსაც ეს აიმედებს.

ბილიჩს მეტოქეებზეც ჰკითხეს: "ლატვიის ნაკრები გრანდებს არ მიეკუთვნება. თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლატვიის ნაკრებმა ერთხელ უკვე იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე და ამჯერადაც ჯგუფიდან გასვლისთვის იბრძოლებს. მართალია, ლატვიელებს დღეს სხვა გუნდი ჰყავთ. ამ ნაკრებს ესტონეთსა და ბელარუსს შორის დავაყენებდი. ლატვიელებს მაღალი დონის ფეხბურთელებიც ჰყავთ და ნებისმიერ გუნდს შეუძლიათ პრობლემა შეუქმნან... რაც შეეხება საბერძნეთს, ჯგუფში პირველი ადგილისთვის ბრძოლაში, ეს გუნდი ჩვენი მთავარი კონკურენტია. ან ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს და ბევრად უკეთ თამაშობს, ვიდრე ოტო რეჰაგელის მწვრთნელობისას.

11 აგვისტოს ჩატარებული სერბეთ-საბერძნეთის ამხანაგური მატჩის ჩანაწერი ვნახე და შემიძლია გითხრათ, რომ ბერძნებს ახლა უფრო ძლიერი გუნდი ჰყავთ. ასე რომ, სოლიდურ ნაკრებთან მოგვიწევს დაპირისპირება. მიუხედავად ამისა, ამ ორ უახლოს მატჩში მაქსიმუმისთვის, 6 ქულისთვის ვიბრძოლებთ და ეს უნდა შევძლოთ", - აღნიშნა სლავენ ბილიჩმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული