გმადლობთ, კაპიტანო! (თემის გაგრძელება)

AutoSharing Option
შემოთავაზებული კომენტარები ჩაწერილია 2006 წელს, ანუ მაშინ, როცა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულიან ფეხბურთელს კახა კალაძეს ჩემპიონთა ლიგა "მხოლოდ ერთხელ" ჰქონდა მოგებული.

ალექსანდრე ჩივაძე
(საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი 1993-1996 და 2001-03 წლებში)
როგორც არ უნდა განვითარდეს კახა კალაძის შემდგომი საფეხბურთო კარიერა, ის უკვე ისტორიაშია შესული! დიახ, კახა ხომ პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში გაიმარჯვა. აღარაფერს ვამბობ იმ ფაქტზე, რომ უკვე მერამდენე წელიწადია, რაც კახა კალაძე მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში, "მილანში" თამაშობს. ასეთ აღიარებას კი თანამედროვე ფეხბურთში ერთეულები აღწევენ
და მიხარია, რომ კახაც მათ შორის არის. არადა, შესაძლოა, ბევრმა არც იცის, თუ რამხელა შრომა სჭირდება ფეხბურთელს, ათი წელიწადი სტაბილურად და, რაც მთავარია, მაღალ დონეზე რომ იასპარეზოს.

კარგად მახსოვს მისი პირველი გამოჩენა თბილისის "დინამოში", როცა ყველასათვის უცხო ჭაბუკმა ფეხბურთელმა უპრობლემოდ დაიკავა ადგილი ძირითად შემადგენლობაში, თვალშისაცემი იყო მისი ჩინებული ფიზიკური მონაცემები და ნამდვილად არ გამკვირვებია, როცა ძალიან მალე საქართველოს ჭაბუკთა თუ ახალგაზრდული ნაკრებებშიც დამკვიდრდა.

იმ პერიოდში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვიყავი. ალბათ, ბევრი დამეთანხმება, რომ იმდროინდელი ჩვენი ნაკრები ნამდვილად არ განიცდიდა მაღალი კლასის შემსრულებლების ნაკლებობას. განსაკუთრებით კი დაცვის ხაზში, თუმცა კალაძის მზარდი ოსტატობა იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ 18 წლის ჭაბუკს თამამად ვენდე და ეროვნულ ნაკრებში გამოვიძახე. დიახ, ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ჩემი ხელმძღვანელობის დრო ჰქონდა კახას საქართველოს ნაკრებში დებიუტი, ისევე როგორც დღევანდელი ნაკრების სხვა ლიდერებს: ლევან კობიაშვილს, ლევან ცქიტიშვილსა და გიორგი დემეტრაძეს.

კახას, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა იმ ფაქტმაც, რომ იგი კარიერის გასაგრძელებლად კიევის "დინამოში" გადავიდა. უკრაინულ გრანდში ქართველი ფეხბურთელის შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოჩინდა: ჯერ ერთი, საკმაოდ ძლიერი პარტნიორების (შევჩენკო, რებროვი, შოვკოვსკი) გვერდით უწევდა თამაში; მეორე და მთავარი მიზეზი კი მწვრთნელის ფაქტორი იყო: ვალერი ლობანოვსკი სამართლიანად მიიჩნევა მსოფლიო ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთ უძლიერეს მწვრთნელად. ლობანოვსკიმ იცოდა, ვის და რატომ იწვევდა და იმიტომაც მიაღწია უდიდეს წარმატებებს როგორც კიევის "დინამოში", ისე საბჭოთა კავშირის ნაკრებში. ლობანოვსკის მეთვალყურეობით კახა კალაძის თამაში უფრო დაიხვეწა, უნივერსალური თვისებებიც გამოუმუშავდა და უკვე ის დროც მოვიდა, ქართველ ფეხბურთელს უფრო დიდი ასპარეზი რომ უნდა ჰქონოდა.

ასეც მოხდა და ალბათ, გეხსომებათ, თუ რა გუნდები ეცილებოდნენ ერთმანეთს კალაძის შესაძენად: მიუნხენის "ბაიერნი" და იტალიის "მილანი", მსოფლიო ფეხბურთის ორი გრანდი. რა თქმა უნდა, "ბაიერნი" დიდი კლუბია, მაგრამ "მილანი" მაინც სხვა დონეა; ისევე, როგორც იტალიის ჩემპიონატია ყველაზე პრესტიჟული - მსოფლიო ფეხბურთის რამდენი ვარსკვლავი თამაშობს იქ. სხვა დონეა და, ამასთან, სათამაშოდაც უფრო რთულია; ანუ, ფეხბურთელს თვითდამკვიდრებისა და თავის გამოჩენისათვის მარტო ფიზიკური მონაცემები ან ნიჭი არ ეყოფა. და აი, ყველაფერი ამის მიუხედავად კახამ სულ მოკლე დროში შეძლო ახალ გარემოსთან ადაპტირება და "მილანის" ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრი გახდა. და ასე გრძელდება მეშვიდე წელიწადია - "მილანში" იცვლებიან მწვრთნელები, ფეხბურთელები, კალაძეს კი კვლავაც ხელშეუხებლის სტატუსი აქვს. მაღალი პროფესიონალიზმისა და სტაბილური თამაშის გამოც იყო, ჩვენს თანამემამულეს უდიდესი პატივი რომ ხვდა წილად - "მილანის" ვიცე-კაპიტნობა! თანაც, არაიტალიელისათვის ასეთი რამ ერთობ იშვიათი შემთხვევაა.

ზემოთ უნივერსალიზმი ვახსენე; კახას მართლაც უდიდესი პლუსი აქვს, რამეთუ ერთნაირი წარმატებით შეუძლია ითამაშოს ერთდროულად რამდენიმე პოზიციაზე. თუმცა, ჩემი აზრით, მისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი დაცვის ცენტრშია. კახას ყველა ის თვისება აქვს, თანამედროვე ცენტრალურ მცველს რომ უნდა ახასიათებდეს: ათლეტურია, კარგად ირჩევს პოზიციას, თავით ჩინებულად თამაშობს, წარმატებით შეუძლია ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ პერსონალური მეურვეობა; მოკლედ, დაცვის ბურჯია. თუმცა, უფრო მეტიც შეუძლია და ჩემი დიდი სურვილია, რომ იერიშებშიც ხშირად ჩაერთოს ხოლმე.

კახა საქართველოს ნაკრების კაპიტანია და ამით ყველაფერი ნათქვამია. აქვე, კეთილი სურვილით ვურჩევ, რომ საქართველოს ნაკრებში ასპარეზობისას უფრო მომთხოვნი იყოს თანაგუნდელების მიმართ. ანუ, როგორც ლიდერს შეეფერება, მოედანზე მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციაც უნდა შეასრულოს - ხანდახან, ვიღაცას უნდა შეუძახოს, ვიღაცას - შეუფუცხუნოს. ისე კი, ვინც კახას იცნობს, დამეთანხმება, რომ ამხელა აღიარებისა და უამრავი ტიტულის მოპოვების მიუხედავად, იგი ისეთივე თავმდაბალ და მოკრძალებულ ადამიანად რჩება, როგორიც თავისი ჩინებული კარიერის დასაწყისში იყო...

ნოდარ ახალკაცი
(საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 2005-2009 წლებში)
...თუ არ ვცდები, 1993 წელი იყო, მისი სახელი და გვარი პირველად რომ გავიგე. ის დროა, პირველად რომ ჩამოყალიბდა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელი გაიოზ დარსაძე გახლდათ.

მამაჩემის, ნოდარ ახალკაცი-უფროსის მითითება იყო, რომ ნაკრებში რაც შეიძლება მეტი ჯანიანი და ტანმაღალი ჭაბუკი მოხვედრილიყო. დარსაძემ სასელექციოდ მუშაობა მთელი საქართველოს მასშტაბით გასწია და ასე აღმოაჩინა სამტრედიაში 15 წლის კახა კალაძე. სხვათა შორის, ნაკრების პირველივე შეკრებაზე გამოჩნდა, რომ ნიჭიერი თობა მოდიოდა (ალექსანდრე იაშვილი, მიშა ასათიანი და სხვები); კალაძეს ფიზიკური მონაცემებით მამაჩემი იმდენად მოიხიბლა, ნაკრების მწვრთნელებს დაავალა, სამტრედიელი ჭაბუკი ყოველდღიური მეთვალყურეობის ქვეშ რომ ყოფილიყო. რასაკვირველია, მამას თვალს არ გამოპარვია სრულიად ახალგაზრდა ფეხბურთელის უდიდესი პოტენციალი.

არადა, შესაძლოა, ბევრმა არც დაიჯეროს, მაგრამ ჭაბუკთა ნაკრების პირველივე შეკრების შემდეგ კალაძეს შინ, სამტრედიაში უნდოდა დაბრუნება - დიდი დატვირთვები იყო და ვერ გაუძლო. საბედნიეროდ, ასე არ მოხდა და დარსაძეც "ჯიუტად" ენდობოდა; კარგად მახსოვს, როგორ წნეხში მოექცა მაშინ გაიოზ დარსაძე: ზოგიერთ ქართველ სპეციალისტს ვერაფრით აეხსნა, თუ რა დამსახურებით იყო საქართველოს 16-წლამდე ნაკრებში კახა კალაძე;

ზოგი იმასაც ამბობდა, რომ სამტრედიელი ჭაბუკი ნაკრებში პროტექციით იყო მოხვედრილი - ალბათ, იმას გულისხმობდნენ, რომ კახას მამა, ბატონი კარლო და მამაჩემი დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ. და აი, როცა ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის თამაშები დაიწყო, ყველამ ნათლად დაინახა, რომ ჩვენს გუნდს ჭეშმარიტი ლიდერი ჰყავდა კახა კალაძის სახით!

კახა მალე თბილისის "დინამოს" სრულუფლებიანი წევრი გახდა, რასაც მოჰყვა ყველა ფეხბურთელის ოცნება - ეროვნულ ნაკრებში მიწვევა! მისი დებიუტი კარგად მახსოვს: სტუმრად, კვიპროსის ნაკრებთან შეხვედრაში შეცვლაზე შემოვიდა. იმ დროს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საერთაშორისო განყოფილებაში ვმუშაობდი და ჩვენს ნაკრებს თან ვახლდი. მატჩის მერე მამაჩემი ჩვენი ნაკრების გასახდელში შევიდა და კახა კალაძეს საჯაროდ მიულოცა ნაკრებში დებიუტი. ვინც მამას იცნობდა, დამეთანხმება, რომ მას არ უყვარდა ცალკეული ფეხბურთელების გამოყოფა, მით უფრო, დებიუტანტების

წინგადადგმულზე მეტი იყო ის ნაბიჯიც, კახა კიევის "დინამოში" რომ გადავიდა. საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ, აქ კარგი "მასალა" იყო, რომელსაც დახვეწა სჭირდებოდა. მამას და კიევის "დინამოს" მთავარ მწვრთნელს ვალერი ლობანოვსკის დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებდათ და როცა უკრაინული გუნდი კალაძის შეძენით დაინტერესდა, მამამ თავის უკრაინელ კოლეგას სასურველი რეკომენდაცია გაუწია. ლობანოვსკი რა დონის სპეციალისტი იყო, ვფიქრობ, ზედმეტია ამაზე საუბარი. ჰოდა, როცა ასეთი აღიარებული მწვრთნელი ამა თუ იმ ფეხბურთელის შეძენას მოითხოვდა, ესე იგი, მასში უდიდეს პოტენციალს ხედავდა.

ასე აღმოჩნდა კიევის "დინამოში" კახა კალაძე, სადაც ერთი-მეორეზე საუკეთესო სეზონები ჩაატარა. სწორედ იქ, კიევში ჩამოყალიბდა, როგორც უნივერსალი ფეხბურთელი - მისთვის სულ ერთი იყო, რა პოზიციას შეურჩევდა ლობანოვსკი. დიახ, კალაძე თამაშობდა დაცვის ორივე ფლანგზე, ცენტრშიც, საყრდენ ნახევარმცველადაც, ეს უნივერსალიზმი, კი, თანამედროვე ფეხბურთში დიდად ფასობს.

რამდენიმე წელია კახა მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში "მილანში" თამაშობს და ამ ხნის განმავლობაში ერთი უცნაურობა ვერაფრით ამიხსნია. რა ვიცი, ალბათ უცნაურობაზე მეტიც არის - ქართველი ფეხბურთელი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიან გუნდში გვყავს და აქ, ჩვენთან, ამას ისე ვუცქერით, ვითომც, ჩვეულებრივი მოვლენააო; თანაც, კალაძე "მილანში" კი არა "ირიცხება", ანუ ამ გუნდის რიგითი წევრი კი არ არის, პირიქით - იმის გარდა, რომ თავის უნივერსალური თვისებებით რამდენიმე პოზიციაზე წარმატებით თამაშობს, გუნდის ვიცე-კაპიტანიც არის! აღარაფერს ვამბობ იმ ტიტულებზე, კახა კალაძემ "მილანში" ასპარეზობისას რომ მოიპოვა; ბოლოსდაბოლოს, კახა ხომ ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგაში რომ გაიმარჯვა!?.

ფეხბურთში ზოგს მიაჩნია, რომ წარმატებული კარიერისათვის საჭიროა 90 პროცენტი ნიჭი და 10 პროცენტი შრომა. არადა, თანამედროვე ფეხბურთი ისე ვითარდება, რომ ზემოთხსენებული ვარაუდი მცდარზე მეტია. ისევ მამაჩემის სიტყვები მინდა გავიხსენო, როცა ამბობდა, რომ სერიოზული მიზნების მისაღწევად ნიჭის ხუთი პროცენტიც საკმარისი იქნებოდა, ოღონდ, დარჩენილი 95 პროცენტი შრომისმოყვარეობა (ანუ, ვარჯიში) უნდა ყოფილიყო. კახას 5 პროცენტს როგორ ვაკადრებ, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ მან რასაც მიაღწია, ეს იყო უდიდესი შრომის ფასად. დიახ, ვარჯიშის, შრომისა და ხასიათის სიმტკიცით მიაღწია იმას, რომ იწოდებოდეს დიდ ფეხბურთელად.

ალბათ, წლები გავა და, იქნებ, მერე მაინც დავფიქრდეთ ქართველები იმ ფაქტზე, რომ ჩვენი თანამემამულე "მილანში" თამაშობდა. არ ვიცი, სხვა როგორ შეაფასებს, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს მოვლენაა!

კახა ცხადაძე
(საქართველოს ნაკრების პირველი კაპიტანი)
დღესაც ბევრს მიაჩნია, რომ ჩვენს თაობას უფრო მეტისთვის უნდა მიეღწია. ჩემი აზრით, ერთადერთი, საერთაშორისო ასპარეზზე გამოცდილება გვაკლდა, თორემ ჩვენ ნაკრებში თითქმის ყველა პოზიციაზე ერთი-მეორეზე უკეთესი ფეხბურთელები თამაშობდნენ. კონკურენციაც სერიოზული იყო და აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული მონაცემების მქონე ახალბედა თუ შეძლებდა ნაკრებში მოხვედრას.

კახა კალაძეში კი, ეტყობა, ყველა ეს მონაცემები კარგად დაინახა ჩვენი ნაკრების მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ და ბევრისთვის უცნობ ჭაბუკ ფეხბურთელს თამამად ენდო. 1996 წლის 27 მარტს კვიპროსის ნაკრებს სტუმრად ვეთამაშებოდით და მეორე ტაიმში შეცვლაზე კახა კალაძე შემოვიდა. 18 წლის ბიჭისათვის ეს დებიუტი იყო და მინდა გითხრათ, რომ ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა. დაცვის ცენტრში ჩემი და მურთაზ შელიას გვერდით დაიკავა ადგილი და მოედანზე რა დროც დაჰყო, შეცდომა არ დაუშვია. აი, სწორედ მაშინ გავიცანი კახა და მაშინვე თვალში მომხვდა მისი ჩინებული ფიზიკური მონაცემები.

სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდი ნაკრებში აღარ იძახებდნენ; არადა მისი დიდი პოტენციალიდან გამომდინარე, უფრო მეტი და მეტი თამაშები უნდა მიეცათ; თანაც, ჩემს და შელიას გვერდით ასპარეზობისას უფრო მეტ გამოცდილებასაც შეიძენდა. კიდევ კარგი, რომ ამ ფაქტის გამო კახას თამაშს რეგრესი არ დასტყობია, პირიქით "დინამოში" უკვე ძირითად ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და წელიწადნახევრის შემდეგ ნაკრებში ისევ გამოიძახეს. თბილისში იტალიის ნაკრებთან მატჩი ხომ ახალგაზრდა მცველის ბენეფისად იქცა! მატჩის დასაწყისშივე სერიოზული ტრავმა მივიღე და შესაცვლელი გავხდი; ჩემს ნაცვლად კი კალაძე შემოვიდა და 19 წლის ბიჭმა მართლაც ზღაპრული მატჩი ჩაატარა.

ნამდვილად არ გამკვირვებია, იტალიასთან მატჩის შემდეგ კალაძის შეძენით კიევის "დინამო" რომ დაინტერესდა. ვის-ვის და ვალერი ლობანოვსკის ფეხბურთელის შერჩევა არ შეეშლებოდა. კიევის "დინამოში" ყოფნისას კახა თამაშიდან თამაშამდე უმატებდა და სულ მოკლე პერიოდში ამ უკრაინული გრანდის შეუცვლელ მოთამაშედაც იქცა. ლობანოვსკიმ ჩინებულად წარმოაჩინა ქართველი ფეხბურთელის უნივერსალიზმიც - ევროპაშიც ვერ დაიკვეხნის ბევრი, ერთდროული წარმატებით რომ თამაშობდეს ოთხ-ხუთ პოზიციაზე.

ისიც ფაქტია, რომ კიევის "დინამოში" თამაშისას კახას უფრო დიდი მომავალი ელოდა და ასეც მოხდა - იგი "მილანში" მიიწვიეს ("მილანის" დონის გუნდები შემთხვევით და ტყუილუბრალოდ არავის მიიწვევენ). ასე მოხდა კალაძის შემთხვევაშიც, რომელსაც იტალიელი სკაუტები ორი სეზონის განმავლობაში აკვირდებოდნენ. კალაძემ კი თავისი თამაშით დაამტკიცა, რომ ის ნამდვილად იმსახურებდა მსოფლიო დონის გუნდში ("მილანი" კი ნამდვილად გადის ასეთ რანგში) ასპარეზობას. თანაც, დღესდღეობით ყველაზე ძალიან სტაბილურობა ფასობს და კახაც უკვე მერამდენე წელიწადია, "მილანის" შეუცვლელი ფეხბურთელია. უფრო მეტიც, იგი ამ ვარსკვლავთკრებულის ერთ-ერთი ლიდერია და, ბოლოსდაბოლოს, ვიცე-კაპიტანიც არის!

ფეხბურთში ერთი ტერმინი არსებობს: მოთამაშემ "თავისი" გუნდი უნდა მონახოსო. მიმაჩნია, რომ "მილანი" კახას გუნდია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ, ალბათ, სხვაგან წასვლაზე არც უნდა იფიქროს. ჯერ ერთი, თითოეულ პარტნიორთან შეწყობილია და ყველას პლუს-მინუსი იცის; არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ მილანელი ქომაგები აფასებენ და პატივს სცემენ; მეორე მიზეზი კი, ცოტა არ იყოს, ბანალურია - იტალიაში, "მილანს" "ზემოთ" არის კიდევ უფრო ელიტური გუნდი?

ხშირად მომისმენია, კალაძე "მილანში" რომ ბრწყინავს, საქართველოს ნაკრებში უფრო შთამბეჭდავად რატომ არ გამოიყურებაო... შესაძლოა, ამ საკითხზე ჩემი მოსაზრება ბევრს არ მოეწონოს, ან, სულაც ეწყინოს, მაგრამ მაინც ვიტყვი: კალაძეს საქართველოს ნაკრებში, სულ ცოტა, ორი-სამი მაღალი კლასის პარტნიორი სჭირდება; მით უმეტეს, რომ საქართველოს ნაკრებში, უფრო ხშირად, ცენტრალურ მცველად უწევს თამაში და ამ პოზიციაზე აუცილებელია, რომ თავისივე დონის ფეხბურთელი ჰყავდეს.

გავიხსენოთ, "დინამოში" ალექსანდრე ჩივაძე და შოთა ხინჩაგაშვილი რა "დუეტს" ქმნიდა; თუგინდ მერე, საქართველოს ნაკრები რომ ჩამოყალიბდა - მე და შელია ერთად თუ არ ვთამაშობდით, დაცვის ცენტრში ყოველთვის პრობლემები იყო.

კალაძე-ფეხბურთელმა თავის კარიერაში ძალიან ბევრი ტიტული მოიგო, მაგრამ უფრო მეტი წინ ელოდება. ამის თქმის საბაბს კი მისი უდიდესი შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა მაძლევს. მოკლედ რომ ვთქვა, სერიოზული დონის ფეხბურთელია და სერიოზულ გუნდშიც თამაშობს. ძალიან მინდა, რომ იტალიის ჩემპიონატში სხვა ქართველმა ფეხბურთელმაც ითამაშოს, მაგრამ მეეჭვება, რომ უახლოეს მომავალში ეს ნატვრა ახდეს. არა უშავს, კახა კალაძე ხომ გვყავს "მილანში" და, ალბათ, მერე უფრო მივხვდებით, თუ რას ნიშნავდა ყოველივე ეს ქართული ფეხბურთისათვის.

მურთაზ შელია
(საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი 1991-1998 წლებში)
თავიდანვე ვიტყვი: - კახა კალაძე ევროპული დონის მოთამაშეა! კაცი რომ "მილანში" ითამაშებს, ამით ყველაფერია ნათქვამი და დიდი სურვილი მაქვს მისი ისედაც წარმატებული კარიერა კვლავაც გაგრძელდეს. არადა, ათი წლის წინ ვინმე იფიქრებდა, რომ ქართველი ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონი გახდებოდა ან ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვებდა? კახამ კი ეს ყველაფერი შესძლო და ალალია კიდეც.

"დინამოში" რომ მოიყვანეს, სრულიად ჭაბუკი იყო; მაშინვე ეტყობოდა, დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა - ჩინებული ფიზიკური მონაცემები ამის წინაპირობას იძლეოდა. სანაკრებო დებიუტიც კარგად მახსოვს - 18 წლისამ კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ რომ ითამაშა. თუმცა ქართველ ქომაგთა უმრავლესობამ კახა კალაძე მაშინ გაიცნო, როცა თბილისში იტალიის ნაკრებს ვეთამაშებოდით. ეს მატჩი, ალბათ, ბევრს ახსოვს - შეხვედრის დასაწყისშივე მძიმე ტრავმა მიიღო ჩვენი ნაკრების კაპიტანმა და დაცვის ცენტრში ჩემმა საუკეთესო პარტნიორმა კახა ცხადაძემ. და აი, მის ნაცვლად, ასეთ მრისხანე მეტოქესთან პაექრობაში მოედანზე კახა კალაძე გამოვიდა! გამოვიდა და მართლაც ზღაპრულად ითამაშა - იტალიის ნაკრებისა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელს კრისტიან ვიერის ფეხი არ გაანძრევინა!

კახას კარიერაში უმნიშვნელოვანისი როლი ითამაშა იმ ფაქტორმა, რომ მალე კიევის "დინამოში" გადავიდა. ამ გუნდში ქართველი ფეხბურთელის შესაძლებლობები ისეთ დონეზე წარმოჩინდა, რომ კალაძეს შეძენაში მსოფლიო გრანდები ("მილანი", "ბაიერნი") ეცილებოდნენ ერთმანეთს. რა თქმა უნდა, დიდი დამსახურება მიუძღვის კიევის "დინამოს" მაშინდელ მწვრთნელს ვალერი ლობანოვსკის, ვისი ხელმძღვანელობითაც კალაძის თამაში უფრო დაიხვეწა. სწორედ კიევში ჩამოყალიბდა კალაძე ჭეშმარიტ უნივერსალად - მისთვის ხომ სულ ერთი იყო, მწვრთნელი რომელ პოზიციას შეურჩევდა კონკრეტულ მატჩში.

კიდევ ერთი მომენტიც უნდა აღვნიშნო - კიევში კალაძეს ჩინებული მწვრთნელის გარდა, არანაკლებ ნიჭიერი პარტნიორებიც (შევჩენკო, რებროვი) დახვდნენ. ბევრს ეხსომება, ალბათ, რომ კიევის "დინამომ" ჩემპიონთა ლიგაში ნახევარფინალამდე გააღწია და დაძაბულ პაექრობაში სულ ცოტა დააკლდა, ფინალში რომ გასულიყო. და მაინც - ის დროც დადგა, როცა კალაძემ კიევში თავისი შესაძლებლობები ამოწურა. ზემოთაც ვახსენე, რომ ქართველი ფეხბურთელის შეძენით ევროპის ბევრი ტიტულიანი გუნდი იყო დაინტერესებული და კახაც საბოლოოდ "მილანში" აღმოჩნდა. ეს კი უფრო მაღალი და, როგორც იტყვიან, სხვა დონე იყო! ანუ, კალაძის შემთხვევა ტიპური მაგალითი იყო იმისა, თუ როგორი სწორი მიმართულება უნდა მიეცეს ფეხბურთელის ნიჭსა და შესაძლებლობებს.

ჰო, კინაღამ დამავიწყდა ერთი განსაკუთრებული ნიუანსიც - კახას უდიდესი შრომისმოყვარეობა! რაც არ უნდა ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, დაუზოგავი ვარჯიშისა და შრომის გარეშე ვერაფერს მიაღწევ. მითუმეტეს, თანამედროვე ფეხბურთში თითქმის ყველა ამბიციურ და სერიოზულ გუნდში არნახული კონკურენციაა. ამ მხრივ "მილანში" ხომ საერთოდ უნიკალური სიტუაციაა: ერთ კონკრეტულ პოზიციაზე სამი-ოთხი უმაღლესი კლასი ფეხბურთელი აცხადებს პრეტენზიას და ყველაფერი ამის მიუხედავად, კახამ უმოკლეს დროში შესძლო ამ საქვეყნოდ აღიარებულ გუნდში თავისი, კუთვნილი ადგილის დაკავება.

არადა, ქართველებს ხშირად ცუდი თვისება გვჭირს - ჩვენიანის შესაძლო წარმატებას სკეპტიკურად ვუყურებთ ხოლმე. კალაძის შემთხვევაშიც მესმოდა ზურგსუკან ქირქილი: კი, წავიდა "მილანში", მაგრამ სათადარიგოთა სკამზე მოუწევს ჯდომაო. საბედნიეროდ, ამ ოპონენტების ვარაუდი არ გამართლდა და თავის სადებიუტო სეზონშივე ყველას დაუმტკიცა, რომ "მილანში" "შემთხვევითი კაცი" არ იყო. თანაც, კიევში შეძენილი უნივერსალური თვისებები იტალიაში უფრო უკეთ წარმოაჩინა - "მილანშიც" ერთნაირი წარმატებით თამაშობდა სხვადასხვა პოზიციაზე.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ "მილანში" ყოფნის დროს ამ გუნდს მწვრთნელი რამდენჯერმე შეეცვალა, თუმცა ვინც არ უნდა მისულიყო, ქართველი ფეხბურთელის კვალიფიკაციას ეჭვქვეშ არავინ აყენებდა.

უნივერსალობა ვახსენეთ და ჩემი სუბიექტური აზრით, კახასთვის ყველაზე ოპტიმალური მაინც დაცვის ცენტრში თამაშია. ჯანიც აქვს, თამაშსაც "კარგად კითხულობს", პოზიციას ჩინებულად ირჩევს, საჰაერო ორთაბრძოლებშიც ძლიერია და ცენტრალურ მცველს მეტი რაღა მოეთხოვება?

ქართველი ქომაგი ძალიან მომთხოვნია. ვერც გაამტყუნებ - მოენატრა ხალხს დიდი გამარჯვებები. მოკლედ, საქართველოს ნაკრებზე ვსაუბრობ და არ მინდა ვინმეს ეწყინოს, მაგრამ რეალობას ვერსად გავექცევით - სამწუხაროდ, კახა კალაძეს გვერდით თავისივე დონის პარტნიოები არა ჰყავს. იქ, "მილანში" რამე რომც შეეშალოს, პარტნიორები დააზღვევენ; ანდა, პირიქით - მალდინი ან ნესტა რომ შეცდნენ, კალაძე დააზღვევს; საქართველოს ნაკრებში თამაშისას კი კახას შეცდომის უფლება არა აქვს. ანუ, რაც მის სხვა თანაგუნდელს ეპატიება, მას არ აპატიებს ქართველი ქომაგი.

მეშვიდე წელია, რაც საფეხბურთო კარიერა დავასრულე, მაგრამ კახასთან დღემდე ახლო მეგობრობა მაკავშირებს. არ დაგიმალავთ, ვამაყობ კიდეც ამით - კახა კალაძე ხომ ქართული ფეხბურთის სახეა. თანაც, ისიც მინდა ყველამ გაიგოს, რომ ასეთი პოპულარობის მიუხედავადა, კახა მეტისმეტად თავმდაბალი, უბრალო ადამიანია.

რამდენიმე ხნის წინ მილანში კახასთან სტუმრად ვიყავი. ასე რომ, საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, თუ როგორ უყვართ და აფასებენ კლუბშიც და ქალაქშიც; ამის მიზეზი კი ერთობ მარტივი ასახსნელია - კახა კალაძე "მილანის" რიგითი წევრი კი არა, ერთ-ერთი ვარსკვლავია!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ნიკა, თქვენ არამარტო ფეხბურთი არ გესმით, არამედ, ელემენტარული ცხოვრებისეულ საკითხებშიც ვერ ერკვევით, თუ გგონიათ, რომ კალაძის ამდენწლიანი წარმატებული სპორტული კარიერა ბერლუსკონისთან ვიღაცის მითიური გარიგების შედეგი ყოფილა. სანამ ჩივაძის დანამუსებას და კალაძის კრიტიკას დაიწყებთ, გირჩევთ, ორიოდე წიგნი მაინც წაგეკითხათ და ფეხბურთის რამდენიმე მატჩი გენახათ.
dudu
14:39 31-01-2012
0
ჩივაძეს არ ეკადრება ასეთი კომენტარი კალაძეზე, თვითონ კი ბატონო თამაშობდა დიდ ფეხბურთს, კალაძეზე რა მოგახსენოთ,ყველამ კარგად ვიცით როგორ ფეხბურთს თამაშობდა ის ბერლუსკონის და გარიგებებს უნდა უმადლოდეს იტალიაში საქართველოში კი ჩვენც ყველაფერს კარგად ვხედავდით და საერთოდ ბატონო საშა თუ მოიტანთ კალაძის თუნდაც ერთი ფეხბურთის მატჩის ვიდეო ჩანაწერს სადაც კახამ კარგად ითამაშა
nika
00:57 31-12-2011
0

სიახლეები პოპულარული