საქართველო-ალბანეთი 2:1 - გამარჯვებული საქართველოა, გმირი კი არბიტრი [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
29.02. თბილისი. მ. მესხი. 20 000 მაყურებელი
საქართველო-ალბანეთი 2:1
0:1 კანი (3), 1:1 ა. კობახიძე (48. თარგამაძის პასით), 2:1 ამისულაშვილი (88)

საქართველო ალბანეთი
4-2-3-1 4-1-4-1
რევიშვილი უიკამი
კაშია ლილა
ხიზანიშვილი დალკუ
ამისულაშვილი ველიუ
გრიგალავა აგოლი
კანკავა ბულკუ
დაუშვილი როში
თარგამაძე ვილა
ანანიძე ჰიკა
ა. კობახიძე მუზაკა
დვალიშვილი როში

მწვრთნელი მწვრთნელი
თ. ქეცბაია ჯ. დე ბიაზი

საქართველო
46. გრიგალავა - კვირკველია
46. დაუშვილი - გელაშვილი
56. დვალიშვილი - მარცვალაძე
73. ანანიძე - ყენია
89. თარგამაძე - გრიგალაშვილი
90. კანკავა - ძარია
სათადარიგოები: ლორია, ლობჟანიძე, მ. კობახიძე, ხუბუტია, გორგიაშვილი

ალბანეთი
53. ჰიკა - ზექირი
74. მუზაკა - ბაქაი
79. კანი - სადიკუ
89. უიკამი - შეჰი
სათადარიგოები: ოსმანი, ჯანუზი, ლიკა

გაფრთხილება: ბულკუ (51), ლილა (68), ვილა (83), კანკავა (89)
გაძევება: ბულკუ (89)

არბიტრი: გ. სიდენკო (მოლდოვა)

ფეხბურთშიც და სპორტის ნებისმიერ სახეობაშიც მთავარი შედეგია და კარგია, რომ 29 თებერვალს საქართველოს ნაკრებმა წლის პირველი მატჩი გამარჯვებით დაასრულა.

თუმცა "მიხეილ მესხზე" შეკრებილ მრავალრიცხოვან გულშემატკივარს უკმარისობის განცდა მაინც დარჩა - მოლდოველი არბიტრის, გენადი სიდენკოს გადამეტებული სიმპათიები ბევრს არ ესიამოვნა და ქომაგთა და ჟურნალისტთა დიდმა ნაწილმა სტადიონი იმის შეგრძნებით დატოვა, რომ საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში ამ ადამიანმა თავისი არცთუ მოკრძალებული როლი ითამაშა.

ვიმეორებთ, რომ შედეგი მთავარია და ისტორიისა თუ ფიფას სანაკრებო რეიტინგისთვის მთავარი ტაბლოა, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ოფიციალურ მატჩებში ორი კი არა, ერთი პენალტიც სანატრელი გვექნება და ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ დიდი ალბათობით, შიგადაშიგ ალბანელთა ბედსაც გავიზიარებთ. ცალკე თემაა ის, რომ საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამე პენალტი გააცუდა, რაც, ცხადია, სულაც არ არის მაღალი კლასის ნიშანი.

საფეხბურთო ზეიმი კი, ავად თუ კარგად, მაინც შედგა, რაც, უპირველესად, ტრიბუნებზე ხალხის სიმრავლემ განაპირობა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივამ უდავოდ გაამართლა, ამინდიც კარგი იყო და უფასო სანახაობაზე გულშემატკივრები მრავლად მივიდნენ.

როგორც ჩვენთან ხდება ხოლმე, სტადიონზე ხალხის შესვლის პროცესი დაახლოებით პირველი ტაიმის შუაწელამდე გაგრძელდა და საბოლოო ჯამში, სტადიონის პირთამდე შევსებასაც ბევრი არაფერი დააკლდა.

საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში განსაკუთრებული სიურპრიზები არ ყოფილა. თემურ ქეცბაიამ მისთვის ტრადიციულ 4-2-3-1 სისტემას მიმართა, სადაც თითქმის ყველა ფეხბურთელი ჩვეულ პოზიციაზე გაამწესა. უნდა შევნიშნოთ, რომ გურამ კაშია მარჯვენა მცველი იყო, ზურაბ ხიზანიშვილი კი დაცვის ცენტრში იდგა.

ალბანელები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ - ზურაბ ხიზანიშვილის გადაცემა ედგარ კანიმ ჩაჭრა, დასარტყამ პოზიციაზე გავიდა და მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში უნაკლოდ დაარტყა.

პირველი ტაიმი ქართველებმა ძალიან უხარისხოდ ჩაატარეს - მაღალ ტემპში ვერ თამაშობდნენ, არ იყო მწვავე გადაცემები და რგოლებს შორის კავშირი ხშირად წყდებოდა. ყველაფრის მიუხედავად, ქეცბაიას ფეხბურთელებს მაინც შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება, რისი ყველაზე რეალური შანსიც 28-ე წუთზე მიეცათ.

ლადო დვალიშვილი ალბანელ მცველთან ორთაბრძოლაში დაეცა და ნაკრებში ხანგრძლივი უგოლო პაუზის შეწყვეტა სცადა, თუმცა მის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი სტუმართა მეკარე სამირ უიკამმა მოიგერია და დამატებაზე შესრულებულ არანაკლებ სახიფათო დარტყმასაც გაუმკლავდა.

როგორც ქეცბაიამ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თქვა, შესვენებაზე ფეხბურთელებს მკაცრად ესაუბრა, ამან კი შედეგი აშკარად გამოიღო. საყრდენი მურთაზ დაუშვილის ნაცვლად მოედანზე შესულმა ნიკა გელაშვილმა ჩვენი გუნდის შეტევა გამოაცოცხლა, უკეთ ათამაშდნენ შემტევი ნახევარმცველებიც. ალექსანდრე კობახიძემ შეტევის მარცხენა ფრთა გელაშვილს დაუთმო, თავად კი ცენტრში გადაინაცვლა, რამაც უდავოდ გაამართლა.

ჯანო ანანიძის ნიჭიერებაში ეჭვი არასდროს შეგვპარვია, მაგრამ ნაკლებად წარმოვიდგენდით, რომ კლუბში მცირე სათამაშო პრაქტიკის მქონე ნახევარმცველი ალბანეთთან ასე ნაყოფიერად იმუშავებდა და საქართველოს ნაკრების ნამდვილ ლიდერად წარმოაჩენდა თავს. ჯანოსა და სანდროზე არანაკლებ პროდუქტიული იყო დავით თარგამაძე და საქართველოს ნაკრების გადამწყვეტი უპირატესობა სწორედ ახალგაზრდა შემტევი შუახაზელების აქტიურობამ განაპირობა.

ალბანელებისა არ იყოს, ტაიმი ქართველებმაც სწრაფი გოლით დაიწყეს, რამაც გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა - 48-ე წუთზე თარგამაძემ კობახიძე მოძებნა, რომელმაც ბურთი სტუმართა კარში ერთი შეხებით გადაგზავნა - 1:1.

ამას ქართველთა მიერ ვერგამოყენებული რამდენიმე ნახევრადმომენტი მოჰყვა, რასაც ყრუ დაცვაში ჩამჯდარი და აშკარად ფრეზე ორიენტირებული ალბანელები იშვიათი კონკრშეტევებით პასუხობდნენ.

ნუკრი რევიშვილი უქმად სულაც არ ყოფილა - საქართველოს ნაკრების კარის დარაჯმა 76-ე წუთზე ჩვენი გუნდი ემილიან ვილას შორეული და საკმაოდ უხერხული დარტყმისგან იხსნა.

85-ე წუთზე კი არბიტრმა სტუმართა კარში პენალტი ალბანელ მცველთან ორთაბრძოლაში წაქცეული კობახიძის გამო დანიშნა. ამის შემდეგ მომხდარი ამბები კი, თავისუფლად შეგიძლიათ, საფეხბურთო კურიოზების კოლექციაში შეიტანოთ - თარგამაძეს ალბანელთა მეკარემ აჯობა, დამატებაზე ბურთი ხარიხას მოხვდა, ალბანელებმა ხიფათი ვერ განმუხტეს და შეტევაში ჩასულმა ალექსანდრე ამისულაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ნამატჩევს მსაჯთა ბრიგადასთან ალბანელთა რისხვისგან დასაზღვევად სამართალდამცავები მივიდნენ.

ალბანელები საქართველოდან კვლავ ხელცარიელები მიდიან, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, შეკითხვაზე - პროგრესირებს თუ არა საქართველოს ნაკრები, პასუხს შემდეგ მატჩამდე დაველოდოთ.

მატჩის შემდეგ
თემურ ქეცბაია: პენალტით ერთი გოლიც არ გაგვიტანია

ჯანი დე ბიაზი (ირონიით): მსაჯობა? კომენტარი ზედმეტია!

ალბანელთა კაპიტანი ერვინ ბულკუ: მსაჯი ქართველების მხარეს იყო!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 10 /
მაგას ვერავინ დამარწმუნებს,რომ ქეცბაიამ თამაში ჩააწყო და თანამდებობას ებღაუჭება. კარგით რა, ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს.
bondo
10:47 02-03-2012
0
ამ გუნდს ძაან ბევრი სამუშაოს ჩატარებას მოუწევს თუ საშუალო დონეზე თამაში უნდათ.კობიაშვილი ერთ-ერთ პენალტს ნაღდად გაიტანდა...ნერვები დამწყდა
rezo
20:46 29-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული