ევრო 2012. ვაი, რა დავკარგეთ...

AutoSharing Option
სანტუში ისევ ქართველებთან ფრეს მისტირის

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სექტემბრის მატჩები მიილია. გუშინწინ, 7 სექტემბერს, საქართველო-ისრაელის მატჩის პარალელურად, ჩვენს ჯგუფში კიდევ ორი შეხვედრა ჩატარდა და უპრიანი იქნება ამ ორ თამაშზე უფრო მეტი გაცნობოთ, რამეთუ ამ გუნდებთან კიდევ გველის მატჩები. ჩვენს ჯგუფში ჩატარებული ორ-ორი მატჩიდან ქულათა მაქსიმუმის მოპოვება ვერცერთმა გუნდმა შეძლო...

საქართველოს ნაკრებთან საშინაო ფრის შემდეგ, საბერძნეთის ნაკრებმა გულშემატკივრის თვალში რეაბილიტაცია ხორვატებთან გასვლით თამაშში დაგეგმა. მართალია, ელადელებმა ზაგრებში ვერ მოიგეს, მაგრამ შინ ქულა ჩამოიტანეს. ბერძნებმა ხორვატიაში ბევრად უკეთ ითამაშეს,
ვიდრე 3 სექტემბერს ჩვენი ნაკრების წინააღმდეგ. ხორვატები სწრაფი გოლით შეეცადნენ დაწინაურებას, მაგრამ ბერძნებმა თამაშის ტემპის დაგდებით დააცხრეს ხორვატები, შესვენების შემდეგ ბურთის კონტროლიც შეძლეს და გოლის გატანაც შეეძლოთ. საერთო ჯამში, საგოლე მომენტები ორივე კართან არაერთი იყო, თუმცა მეტოქეები უგოლოდ გაიყარნენ და ქულებიც გაიყვეს.

"თამაში ჩინებულად დავიწყეთ და სტარტზევე გოლი რომ გაგვეტანა, ალბათ მოვიგებდით კიდეც. ბურთის გასატანად კიდევ არაერთი მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ შევძელით და ფრეს დავჯერდით. შედეგით უკმაყოფილო ვარ. სექტემბრის ორ მატჩში 6 ქულის აღება გვინდოდა, მაგრამ იმით შეგვიძლია დავიმშვიდოთ თავი, რომ 4 ქულითა და ბურთების უკეთესი ბალანსით მაინც ცხრილის სათავეში ვართ. ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლაში საბერძნეთი ჩვენი მთავარი მეტოქეა და ახლა სტუმრად უნდა ვცადოთ ამ გუნდის დამარცხება", - მატჩის შემდეგ აღნიშნა ხორვატიის ნაკრების თავკაცმა სლავენ ბილიჩმა, რომელიც ვიზავს თავადვე ეახლა, გამოსამშვიდობებლად ხელი რომ ჩამორეთმია.

ხორვატული ვებგვერდები დანანებით აღნიშნავენ, რომ მატჩის შემდეგ, ბერძნების გასახდელთან სიხარული სუფევდა. ფრითა და მოპოვებული ქულით კმაყოფილი ჩანდა ბერძნების პორტუგალიელი მწვრთნელი ფერნანდო სანტუში, რომელსაც საქართველოს ნაკრებთან დაკარგული ქულები აქამდე ვერ დაუვიწყებია და კიდევ ერთხელ გვახსენა:

" როგორც ხორვატიასთან წარმოვჩნდით, ქართველების წინააღმდეგაც ასე კარგად რომ გვეთამაშა, იმ მატჩს მოვიგებდით. გამოჩნდა, რომ ჩვენმა ტაქტიკამ (4-2-3-1) გაამართლა და გუნდს აშკარად ეტყობა პროგრესი. ხორვატიაში მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ ეს ფრეც დიდ იმედს მაძლევს. მჯერა, ქულათა მარაგს ოქტომბერში მნიშვნელოვნად გავზრდით".

* * *
გუშინწინ ერთმანეთს ჩვენი საოქტომბრო მეტოქეები დაუპირისპირდნენ - მალტა კვლავ უქულოდ და ცხრილის ფსკერზე დარჩა, ლატვიამ კი პირველი გამარჯვება იზეიმა და ერთი ქულით გაგვისწრო. ისრაელში წაგების შემდეგ, მალტელებმა სასტარტო შემადგენლობაში 2 ცვლილება განახორციელეს. აღსანიშნავია ისიც, რომ კუნულელებმა ლატვიასთან 5 მცველით დაიწყეს თამაში. მეორე ნახევარში ერთი მცველით, ნახევარდაცვა გააძლიერეს და წონასწორობის აღდგენასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ... ლატვიამ, რომლის სასტარტოში მხოლოდ ერთი ცვლილება იყო, კლასიკური 4-4-2 სქემით ითამაშა და კუნძულიდან 3 ქულა მაინც წამოიღო. ლატვიური ვებგვერდების მასალებიდანაც ჩანს, რომ ლატვიელებს ვალეტაში თამაში გაუჭირდათ. სწორედ ამას აღნიშნავს ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრს სტარკოვსი.

"ხორვატიასთან შინ წაგების შემდეგ გუნდმა რეაბილიტაცია შეძლო და ეს დიდად მახარებს. ყველა მოთამაშის მადლობელი ვარ, განსაკუთრებით კი გოლის ავტორებს გორკსსა და ვერპაკოვსკისს გამოვყოფდი. 2:0 მოვიგეთ და შესაძლოა, ერთი შეხედვით, ვინმეს მოეჩვენოს, რომ ეს იოლი გამარჯვება იყო, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. შედეგით კმაყოფილი ვარ, თუმცა ამ მატჩმაც გვიჩვენა, რომ სუსტი მეტოქე ნამდვილად არ გვყოლია.

მალტელები ფრესთან ახლოს იყვნენ, მაგრამ ვერ გაიტანეს და დაისაჯნენ".
ლატვიელთა თავკაცს ჯგუფის ფავორიტებზეც ჰკითხეს: "ფავორიტის როლის მორგების სურვილი ყველას აქვს, მაგრამ ორი ტურის შედეგების მიხედვით, ამ როლში ჯერჯერობით, სამი გუნდია - ხორვატია, საბერძნეთი და ისრაელი. ვნახოთ რას გვიჩვენებს ოქტომბრის მატჩები. ჩვენ ყველა თამაშში მოგებისთვის ვიბრძოლებთ", - განაცხადა სტარკოვსმა და ამით ქართველებსაც დაგვემუქრა, რადგან ლატვია ჩვენს ნაკრებს სწორედ ოქტომბერში უმასპინძლებს.

ხორვატია-საბერძნეთი 0:0
ხორვატია (4-4-2):
რუნიე - სრნა, ჩორლუკა, შიმუნიჩი, სტრინიჩი - პრანიჩი, მოდრიჩი, ვუკოევიჩი (57. რაკიტიჩი), კრანჩარი - პეტრიჩი (46. ელავიჩი), ოლიჩი (73. და სილვა).
საბერძნეთი (4-2-3-1): სიფაკისი - ვინტრა, პაპადოპულოსი, პაპასტატოპულოსი, ცაველასი - ციოლისი, კარაგუნისი (70. ნინისი) - ტოროსიდისი (90. სეიტარიდისი), სამარასი, კაცურანისი - სალპინგიდისი (59. გეკასი).

მალტა-ლატვია 0:2
მალტა (5-4-1): ჰოგი - კარუანა, მუსკატი (59. ბოგდანოვიჩი), აგიუსი, ბრიფა, მამო (77. ფაილა) - შიბერასი (77. ფენეკი), ბაიადა, კოჰენი, პეისი - მიფსუდი.
ლატვია (4-4-2): ვანინსი - კლავა, ივანოვსი, გორკშსი, მიხაიდიუკსი - ლაიზანსი, ცაუნა, რუბინსი, რაფალსკისი (82. ასტაფიევსი) - ვერპაკოვსკისი (90. პერეპლეტკინი), რუდნევსი (70. კარლსონსი).
გოლები: 0:1 გორკშსი (43), 0:2 ვერპაკოვსკისი (85)

     	                თ	მ	ფ	წ	ბ	ქ 
1. ხორვატია         2	1	1	0	3-0	4
2. ისრაელი	        2	1	1	0	3-1	4
3. ლატვია	        2	1	0	1	2-3	3
4. საქართველო	2	0	2	0	1-1	2
5. საბერძნეთი	2	0	2	0	1-1	2
6. მალტა	        2	0	0	2	1-5	0

მომდევნო მატჩები

8 ოქტომბერი
საქართველო-მალტა
საბერძნეთი-ლატვია

9 ოქტომბერი
ისრაელი-ხორვატია

12 ოქტომბერი
ლატვია-საქართველო
საბერძნეთი-ისრაელი

17 ნოემბერი
ხორვატია-მალტა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული