რაზე ესაუბრა ჟორდანია გოგუას...

AutoSharing Option
ჯერ არაფერია დაკარგული, ბრძოლა გრძელდება

საქართველოს ნაკრებისა და ნალჩიკის "სპარტაკის" შემტევმა ნახევარმცველმა გოგიტა გოგუამ ეროვნულში გუნდში კვლავაც ჩვეული თავდადებით ითამაშა. მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ მონდომებული იყო ჩვენი ნაკრების უკლებლივ ყველა ფეხბურთელი. ეგ არის ოღონდ, რომ მარტო მონდომება გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის. ესე იგი, თემურ ქეცბაიას გუნდს რაღაც დააკლდა გამარჯვებისთვის...
მაინც რა? ამის გაგება გოგიტა გოგუასგან ვცადეთ. ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით მოედნის უხარისხობასაც. თუმცა მიზეზები უფრო ღრმადაა საძებნელი, ეს კი მთავარი მწვრთნელის საქმეა და თემურ ქეცბაიას ალბათ გარკვეული დასკვნებიც ექნება გაკეთებული...
ჩვენ კი დავუბრუნდეთ გოგუას. მიმდინარე რუსული სეზონის ბოლოს გოგუას ნალჩიკელებთან კონტრაქტი ეწურება. ის ხელშეკრულების გაგრძელებას არ ჩქარობს. საინტერესოა, რომელი იქნება გოგუას ახალი კლუბი (თუ "სპარტაკთან" კონტრაქტი არ გააგრძელა) - სხვა, უფრო ძლიერი რუსული გუნდი თუ გამართლდება ჩვენი ინფორმაცია გამართლდება და გოგუასაც მერაბ ჟორდანიასთან, არნემის "ვიტესში" ვიხილავთ. ახლა კი დროა, ინტერვიუზეც გადავიდეთ...

- მოდით, საუბარი ისრაელთან სამშაბათის მატჩით დავიწყოთ. დღეს როგორ აფასებთ ამ თამაშს?
- რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ საბერძნეთის ნაკრების შემდეგ ისრაელთან არანაკლებ დაძაბული მატჩი გვექნებოდა და ამისათვის სათანადოდაც ვემზადებოდით. კარგად გვესმოდა ისიც, რომ საბერძნეთთან სტუმრად მოპოვებული ქულის შემდეგ ისრაელთან თამაშზე გულშემატკივარი მრავლად მოვიდოდა. ქომაგობა არ გვაკლდა და გვინდოდა, მიმდინარე შესარჩევ ციკლში ქომაგი პირველი გამარჯვებით გაგვეხარებინა. მიმაჩნია, რომ ისრაელის ნაკრებს თამაშით ვაჯობეთ, არა ერთი საგოლე მომენტიც შევქმენით... მეც შემეძლო გატანა... მაგრამ ვერ მოვიგეთ... რა ვუყოთ, ასეც ხდება ხოლმე.

- როგორ ფიქრობთ, რა დააკლდა ჩვენს ნაკრებს მოსაგებად?
- ვფიქრობ, ყველაზე მეტად იღბალი დაგვაკლდა, თორემ როგორ ვერ მოვიგებდით?! თამაშის შინაარსიდან გამომდინარე, 3 ქულა გვეკუთვნოდა და რომ მოგვეგო, ეს აბსოლუტურად ლოგიკური იქნებოდა. ძალიან დაგვწდა გული...
- უმრავლესობამ ვერმოგება მოედნის საფარის მეტისმეტად ცუდი მდგომარეობით ახსნა. თქვენ რა აზრის ხართ ამაზე?
- ბალახი მართლაც ცუდ მდგომარეობაში იყო და ვეთანხმები იმ ხალხს, ვინც ასე ფიქრობს - დიახ, ცუდმა გაზონმაც შეგვიშალა ხელი. გულშემატკივარი ტრიბუნაზე ზის და ძნელია, აუხსნა მას, რომ თუ რაღაც ვერ გამოგდის, ეს მოედნის ბრალია... სხვა რა გითხრათ... ეს ბალახის საფარი კი არა, როგორც ჩვენმა მწვრთნელმა თქვა, მართლაც ყანა იყო. შეამჩნევდით, როგორი მტვერი იდგა მოედანზე... არადა, თანამედროვე ფეხბურთში ყველაფერს წამის მეასედები წყვეტს, საშინალი საფარი კი სერიოზულად გვაფერხებდა... სხვათა შორის, მეტოქესაც. საერთოდ, მიზეზებზე წუწუნი არ მიყვარს, მაგრამ... ფაქტია - ასეთი მოედანი იმ გუნდს დაეხმარა, რომელიც თამაშის აწყობაზე კი არა, ჩაშლაზე იყო ორიენტირებული.

- თუმცა ცუდმა გაზონმა მაინცდამაინც ვერ შეგიშალათ ხელი იმ ჯარიმის შესრულებაში, ხარიხას რომ მოხვდა. ეს რომ არა...
- დიახ, სამწუხაროდ, ბურთი ხარიხას მოხვდა... ჩემ გარდა, სხვებსაც ჰქონდათ საგოლე მომენტები. ვფიქრობ, ერთი ბურთი მაინც რომ შეგვეგდო, ეს თამაშის ხასიათს შეცვლიდა და მერე კიდევ მოგვეცემოდა გატანის შანსი.
- ისრაელთან მატჩში ჩვენი ნაკრების ფეხბურთელთა მეუღლეებმა ორგანიზებულად გიქომაგათ. ეს ნოვაცია ბევრმა დადებითად შეაფასა...
- რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის დამატებითი სტიმული იყო. როცა ტრიბუნიდან საყვარელი ადამიანი გიმზერს და გქომაგობს, შენც ორმაგად მონდომებული ხარ და გინდა, მოგებით გაახარო. კარგი იქნება, თუ ეს ტრადიცია დამკვიდრდება და მეუღლეები ყველა საშინაო მატჩზე გვიქომაგებენ.

- 2 მატჩი და 2 ქულა. ნაკრების სასექტემბრო მონაგარს როგორ შეაფასებდით?
- საბერძნეთში მოპოვებულმა ქულამ ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს ისრაელთან მოგების მოლოდინი გაგვიძლიერა, მონდომებაც არ დავაკელით, ეს მოლოდინი რეალობად გვექცია, მაგრამ... ახლა ორი მატჩის შემდეგ 2 ქულა გვაქვს და ვფიქრობ, ცუდი შედეგი მაინც არ არის. შინ ვერმოგება დასანანია, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს 2 ქულა ისრაელთან დავკარგეთ და არა... ვთქვათ, მალტასთან. ასე რომ, ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ, ჯერ არაფერია დაკარგული, ბრძოლა გრძელდება. ჯერ მალტას უნდა მოვუგოთ შინ, მერე კი არ მოვეშვათ და ლატვიაშიც წარმატებაზე ვიზრუნოთ. ფაქტია - ნაკრები პროგრესის გზით მიდის და ეს მომავალში უფრო ნათლად გამოჩნდება.

- ახლა საკლუბო თემაზე გადავიდეთ. მიმდინარე სეზონში ჩინებული სტარტი გქონდათ. ცხრილის სათავეშიც იყავით, ამჟამად კი მეოთხეზე ხართ. არადა, რუსეთში ნალჩიკის "სპარტაკზე" ფინანსურად ბევრად ძლიერი კლუბები უკან მოიტოვეთ. ეს რით ავხსნათ?
- ნებისმიერ ჩემპიონატში კლუბის ფინანსური სიძლიერე ბევრს წყვეტს და ამ მხრივ არც რუსეთია გამონაკლისი. სასურველია, ჩვენს გუნდში, სხვადასხვა პოზიციებზე, უფრო ძლიერი ფეხბურთელები თამაშობდნენ, მაგრამ როცა ფინანსური საშუალება არ არის, იძულებული ხარ იმით დაკმაყოფილდე, ვინც გყავს. უკეთესი ბიუჯეტი რომ გვქონდეს, ალბათ, ახლაც მოწინავე სამეულში ვიქნებოდით. მიუხედავად ამისა, რუსეთში დღესაც ბევრი აღნიშნავს ამას - მცირე ფინანსებით კარგი შედეგის მიღწევა რომ შეიძლება, ეს ნალჩიკის "სპარტაკმა" კიდევ ერთხელ დაამტკიცაო. ერთ მუშტად შეკრული გუნდი გვყავს, ყველა თამაშში მაქსიმალურად ვიხარჯებით და შედეგიც სახეზეა.

- ცხადია, წარმატებაში მწვრთნელის ფაქტორიც მნიშვნელოვანია. არადა, ცოტა ხნის წინ თქვენი გუნდის თავკაც იური კრასნოჟანს არავინ იცნობდა...
- იმიჯი შედეგით უნდა შექმნა და კრასნოჟანმა სწორედ ეს შეძლო. მას უკვე დიდი გამოცდილება აქვს და რუსულ ფეხბურთში ავტორიტეტითაც სარგებლობს. მაღალი დონის მწვრთნელი გვყავს, ქვედა ლიგებში ეძებს გამორჩეულ ფეხბურთელებს, მოჰყავს გუნდში და რუსული პრემიერლიგის დონის მოთამაშეებად ზრდის.
- ზაფხულის სატრანსფერო პერიოდისას გამოგაკლდათ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე ამისულაშვილი, რომელიც თურქულ "ქაისერისფორში" გადავიდა. კრასნოჟანს ის არ ეთმობოდა, მაგრამ ვერაფერს გახდა...
- ალეკო ჩვენი გუნდის ლიდერი იყო, დაცვის საიმედოობას განაპირობებდა და ამიტომც ვერ ელეოდა კრასნოჟანი... ახლა ალეკოს პოზიციაზე ვიქტორ ვასინი თამაშობს.

- ამ სეზონის ბოლოს თქვენც გიმთავრდებათ კონტრაქტი. ხელშეკრულების გახანგრძლ
ვებას არ აპირებთ...
- კონტრაქტის გაგრძელება შემომთავაზეს, მაგრამ არ ვჩქარობ. უკეთეს კლუბში მინდა თამაში, რამდენიმე ვარიანტზე არის კიდეც ლაპარაკი... მოკლედ, ვნახოთ...
- ამბობენ, ერთ-ერთ მოსკოვურ კლუბში გააგრძელებს კარიერასო...
- არ მინდა წინასწარ რამე ვთქვა. რუსულის გარდა, სხვა ვარიანტიც მაქვს. სეზონი დასრულდება და გამოჩნდება...

- ჩვენი ინფორმაციით, მერაბ ჟორდანია დაგიკავშირდათ და "ვიტესში" გადასვლა შემოგთავაზათ. ისიც თქვეს, კონტრაქტი ზამთრის პაუზისას გაფორმდებაო...

- არ ვიცი, ვნახოთ... რომ გითხრათ "ვიტესის" ვარიანტზე არაფერი მსმენია-მეთქი, არ ვიქნები მართალი. თუმცა ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით.
- რუსეთის ჩემპიონატში თამაშისას ორივე მაჯაზე გიკეთიათ სამკლავური, რომელზეც საქართველოს დროშაა გამოსახული. რუსეთში ამაზე რა რეაქცია აქვთ?
- ეს სამკლავურები ჩემთვის სტიმულია, ერთგვარი თილისმაა და წარმატებაშიც მეხმარება. უარყოფითი რეაქცია არ მოჰყოლია, ანდა რატომ უნდა მოჰყოლოდა? ქართველი ვარ და ქართული სიმბოლოთი ვთამაშობ.








მკითხველის კომენტარები / 5 /
მალტასტან მოგება და ამასე ფიკრია საჯირო დაგარგული ჯერ არაფერია ახლა დაიცკო ციკლი,
reso
19:12 11-09-2010
0
მოედნის საფარი მართლაც ცუდ მდგომარეობაში იყო. ისე მართალი ხარ გოგიტა იღბალი დაგვაკლდა შემდე თამაშზე უნდა მოვიგოთ სხვა გზა არაა :)
nika
11:21 11-09-2010
0

სიახლეები პოპულარული