საქართველო VS თურქეთი. სასარგებლო სპარინგი

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის ფინიშზე განვითარებულმა მოვლენებმა, ლამის არის, ყველაფერი გადაწონოს. არადა, დროის მოკლე პერიოდში არაერთი მართლაც საინტერესო მატჩი გველოდება.

26 მაისს საქართველოს თასის ფინალია, 25 მაისს ჩვენი 19-წლამდელები ელიტრაუნდის პირველ შეხვედრას ჩაატარებენ ბოსნია-ჰერცოგოვინელ თანატოლებთან, 24-ში კი საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიაში თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

რა თქმა უნდა, როცა ამხანაგური მატჩია, შედეგს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს; მით უფრო, როცა საერთაშორისო სანაკრებო მატჩები მაისის ბოლოსა თუ ივნისის დასაწყისში ტარდება - ანუ ხანგრძლივი და მომქანცველი საკლუბო სეზონის დასრულების მერე.

ჰო, არახალი ამბავია, რომ ამ
პერიოდისათვის ჩასატარებელ მატჩებზე ფეხბურთელები, ცოტა არ იყოს, უხალისოდაც ცხადდებიან სანაკრებო შეკრებაზე. თანაც, ამ შემთხვევაში საერთაშორისო მასშტაბებზე ვსაუბრობთ და არა მხოლოდ ქართველებზე.

ისე, საკლუბო სეზონის დასრულების მერე ჩატარებულ ამხანაგურ (გნებავთ - ოფიციალურ) მატჩებში საქმე საამაყოდ ნამდვილად არ გვაქვს და ჩვენი ნაკრების ისტორიაში ყველაზე მტკივნეული წაგებებიც სწორედ ამ პერიოდში მომხდარა. თუმცა, არც ის უნდა უარვყოთ, თუ რამდენად სასარგებლოა ჩვენთვის თურქეთის ნაკრების დონის გუნდებთან სპარინგ-მატჩების ჩატარება.

თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ნაკრებში ერთობ მტკივნეული, თაობათა ცვლის პროცესია დაწყებული და ჩვენი უპირველესი გუნდის თავკაცს, თემურ ქეცბაიას ძირითადი ბირთვის ჩამოსაყალიბებლად სერიოზული საფიქრალიც ექნება.

ამიტომაც არის სასარგებლო მსგავსი ამხანაგური მატჩები და ის ერთკვირიანი შეკრებაც, ჩვენი ნაკრები ავსტრიაში რომ ატარებს.

ამას გარდა, ვისურვოთ, რომ კვლავაც გაგრძელებულიყოს ის აშკარად "საჩვენო" სტატისტიკაც: თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 5 ამხანაგური მატჩი მოიგო, 2 ფრედ დაამთავრა და მხოლოდ ერთი წააგო (პოლონეთთან).

საერთოდაც, ქეცბაიას იმითაც შეუძლია იამაყოს, რომ ბევრი მისი წინამორბედისგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრები დადებითი ბალანსით აგრძელებს ასპარეზობას: 7 მოგება 6 ფრე, 5 წაგება.

ჩვენი მეტოქე
...ნური შაჰინი, არდა თურანი, ემრე ბელოზოღლუ, პამიტ ალტინტოპი, მეჰმეტ ტოპალი, რუშთუ რეკბერი - აი, ასეთი საერთაშორისო დონის ფეხბურთელების წინააღმდეგ მოუწევთ საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს ასპარეზობა.

საერთოდაც, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან თურქულ ფეხბურთში აღმავლობის ხანა დაიწყო და არც ის დაგვავიწყდეს, რომ ამ საქმეში ჩვენს თანამემამულეებსაც წვლილი მიუძღვით. ყოველ შემთხვევაში, 1993-95 წლებში თურქეთის ჩემპიონატის გამორჩეულ ფეხბურთელებად შოთა და არჩილ არველაძეები რომ მიიჩნეოდნენ, ამას ვერავინ უარყოფს!

...თურქეთის ნაკრები დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპზე გასვლას. ნავსი 1996 წელს გატყდა. ამას 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა მოჰყვა. 2002 წელს კი შენულ გიუნეშის დამოძღვრილმა თურქეთის ნაკრებმა კორეა-იაპონიის სტადიონებზე ჩატარებულ მუნდიალზე მესამე ადგილი დაიკავა!

მომდევნო წარმატება კი ექვსი წლის შემდეგ მოვიდა: ამჯერადაც ბევრისთვის მოულოდნელად, ფათიხ ტერიმის ხელმძღვანელობით მოასპარეზე თურქეთის ნაკრებმა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალამდე გააღწია!

თუმცა ამის შემდეგ გარკვეული ჩავარდნის პერიოდიც დადგა: 2010 წლის მუნდიალმა თურქების გარეშე ჩაიარა; ხოლო მომდევნო ციკლში ვერც გუუს ჰიდინკის მოწვევამ უშველა: ჰოლანდიელი სპეციალისტის დამოძღვრილმა თურქეთის ნაკრებმა პლე ოფში ვერაფერი გააწყო ხორვატიის ნაკრებთან (0:3, 0:0).

ჰიდინკის შემდეგ თურქული ფეხბურთის ხელმძღვანელებმა ეროვნული ნაკრების გაძღოლა ადგილობრივ სპეციალისტს, 49 წლის აბდულა ავჩის მიანდეს: ეს უკანასკნელი ბოლო დროს წარმატებით მუშაობდა პროვინციულ "ბუიუქშეჰირში", მანამდე კი თურქეთის 17-წლამდელებს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა.

ავჩის დებიუტი 2012 წლის 29 თებერვალს შედგა, როცა ექსპერიმენტული შემადგენლობით მოასპარეზე თურქეთის ნაკრები ბურსაში სლოვაკებთან დამარცხდა (1:2). 24 მაისს კი აბდულა ავჩი მეორედ დამოძღვრავს თურქეთის ნაკრებს და ნეიტრალურ მოედანზე საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველო-თურქეთი (ურთიერთშეხვედრები)
ამხანაგური მატჩი
21. 08. 2002. ტრაბზონი. "ავნი აკერი". 30 000 მაყურებელი
თურქეთი-საქართველო 3:0
1:0 არიფი (9), 2:0 ჯიჰანი (51), 3:0 ნიჰათი (71).
თურქეთი: ომერი (46. ზაფერი, 81. მეთინი), უმით დავალა (62. ფათიჰი), ბიულენტ ქორქმაზი (46. ჯიხანი), ალფაი (74. უმით ოზატი), პაქან უნსალი, თუგაი (74. ტაიფური), ოკანი, ემრე (46. ნიჰათი), ბაშთურქი (62. ჰასან შაში), სერჰათი, არიფი.
საქართველო: ლომაია - საჯაია (73. შეყილაძე), ნემსაძე (71. დიდავა), შაშიაშვილი, კობიაშვილი - ცქიტიშვილი (46. ბურდული), ქინქლაძე (46. მ. ჯიქია), ჯამარაული, გახოკიძე (46. კალაძე) - დემეტრაძე (80. ამისულაშვილი), შ. არველაძე.
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
კაპიტანი: გიორგი ნემსაძე
არბიტრი: ნ. აგულაკისი (საბერძნეთი)

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
04. 09. 2004. ტრაბზონი. "ავნი აკერი". 30 000 მაყურებელი
თურქეთი-საქართველო 1:1
1:0 ფათიხ თეკე (49), 1:1 ასათიანი (85)
თურქეთი: რუშთუ, უმით ოზატი, სერქანი, დენიზი, იბრაჰიმ ტორომანი, ოკან ბურუქი, ემრე, ჰასან შაში, თუნჩაი სანლი (72. კარადენიზი), ფათიხ თეკე (72. ჰუსეინი), ჰაქან შუქური (79. ნიჰათი)
საქართველო: დევაძე - მჟავანაძე, ხიზანიშვილი (90. გ. კვარაცხელია), ხიზანეიშვილი, კალაძე - ცქიტიშვილი, რეხვიაშვილი (80. ასათიანი), ჯამარაული, კვირკველია - დემეტრაძე (75. ჯაკობია), შ. არველაძე
მთავარი მწვრთნელი: ალენ ჟირესი
კაპიტანი: კახა კალაძე
გაფრთხილება: ჰაქან შუქური, ჰასან შაში, ნიჰათი, ოკანი; კვარაცხელია, კალაძე, ხიზანიშვილი, ჯაკობია
გაძევება: ჰასან შაში
არბიტრი: ლ. მედინა კანტალეხო (ესპანეთი)

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
30. 03. 2005. "ლოკომოტივი". 20 000 მაყურებელი
საქართველო-თურქეთი 2:5
0:1 თოლგა (12), 1:1 ამისულაშვილი (13), 1:2, 1:3 ფათიჰ თეკე (19, 36), 2:3 იაშვილი (40), 2:4 კორაი (73), 2:5 თუნჩაი სანლი (90).
საქართველო: დევაძე (21. ლომაია) - მჟავანაძე, ხიზანეიშვილი (19. სალუქვაძე), ამისულაშვილი, კალაძე - ცქიტიშვილი (70. ბურდული), ასათიანი, გოგუა, კობიაშვილი - იაშვილი, აშვეთია
მთავარი მწვრთნელი: ალენ ჟირესი
კაპიტანი: კახა კალაძე
თურქეთი: რუშთუ, თოლგა, უმით ოზატი, კორაი, იბრაჰიმ ტორიმანი, ჰამიტ ალტინტოპი, ნეჯათი (46. თუნჩაი სანლი), ბაშთურქი (46. ჰუსეინი), ემრე, ფათიჰ თეკე (89. ჰალილ ალტინტოპი), კარადენიზი.
გაფრთხილება: ამისულაშვილი, იაშვილი; თოლგა, ფათიჰ თეკე, კორაი, თუნჩაი სანლი
გაძევება: გოგუა
არბიტრი: ტ. ჰაუგე (ნორვეგია)

ამხანაგური მატჩი
07. 02. 2007. თბილისი. ეროვნული. 50 000 მაყურებელი
საქართველო-თურქეთი 1:0
1:0 სირაძე (76)
საქართველო: რევიშვილი (46. ლომაია) - შაშიაშვილი, ხიზანიშვილი, სალუქვაძე, ელიავა - ცქიტიშვილი, მენთეშაშვილი - ბურდული (82. აშვეთია), სირაძე (77. დ. მუჯირი), კვირკველია (66. გოგუა) - დემეტრაძე (87. ბენაშვილი)
მთავარი მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი
კაპიტანი: ზურაბ ხიზანიშვილი
თურქეთი: ვოლქანი, სერვეთი, აიდინი, საბრი (62. თოფუზი), იბრაჰიმ ტორომანი, აურელიო, ჰამით ალტინტოპი, არდა (62. მეთინი), თუგაი (79. გიოკჰანი), თუნჩაი სანლი (46. კარადენიზი), ჰალილ იალტინტოპი (46. ფათიხ თეკე)
გაფრთხილება: მენთეშაშვილი, ცქიტიშვილი, ლომაია; ჰალილ იალტინტოპი, თუგაი, საბრი, სერვეთი, მეთინი

სასარგებლო სპარინგი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

თემურ ქეცბაია: "მოიგებს ის, ვინც უფრო მოტივირებული იქნება…"
საქართველოს ნაკრების ბოლო ვარჯიში თურქეთთან მატჩის წინ
თურქეთი ახალი გუნდის შენებას საქართველოსთან თამაშით იწყებს
ლევან ყენიას სანახავად ავსტრიაში რომის "ლაციოს" სკაუტები ჩადიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული