განხეთქილება ნაკრებში გრძელდება - ვინ არის თემურ ქეცბაიას მოკავშირე?

AutoSharing Option
რა ზნე სჭირს საქართველოს ნაკრებს? კითხვაზე პასუხი არსებობს, ოღონდაც ორი სიტყვით შეუძლებელია ამის სისრულეში მოყვანა.

როგორ უნდა გამოსწორდეს სიტუაცია? ამის რეცეპტიც არსებობს, მაგრამ ეს ხანგრძლივი და შრომატევადი საქმეა, რასაც თავი ჯერ ვერავინ მოაბა.

ამ ყველაფერს დაემატა კიდევ ერთი, საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემა - მწვრთნელის ურთიერთობა ფეხბურთელებთან. ამ ურთიერთობის უნარი მწვრთნელის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ატრიბუტია, ამის გარეშე არაფერი გამოვა. რაც უნდა შემოქმედებითი ნიჭი ჰქონდეს მწვრთნელს, თუ ფეხბურთელებთან ურთიერთობა ვერ დაალაგა, ნაჯაფარი წყალში გადაიყრება - ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ ბევრი ამაზე თვალს
ხუჭავს.

თემურ ქეცბაიას საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა საზოგადოების მოთხოვნა იყოო, ამას ხშირად გაიგებდით და მართლაც, ფამაგუსტას "ანართოსისში" მიღწეული შედეგებით ქეცბაია სამშობლოშიც პოპულარული მწვრთნელი შეიქნა.

მაგრამ არის კი პოპულარობა ის ერთადერთი კრიტერიუმი, ნაკრების მწვრთნელად დანიშვნა რომ განაპირობოს? პოპულარობის გარდა, არგუმენტი სხვაც იყო - ქეცბაია ქართველია, უცხოელზე უკეთ იცნობს ჩვენს მენტალიტეტს, ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო, ხალხს უყვარს, ნაკრებში ყოველთვის თავდადებით თამაშობდა და, ალბათ, საუკეთესოც იყო ეროვნულ გუნდში.

არავინ აქცევდა ყურადღებას იმას, თუ რატომ მოუწია ქეცბაიას წამოსვლა პირეოსის "ოლიმპიაკოსიდან", რა მოხდა ისეთი, რომ ქეცბაია იქ ვერ გაჩერდა და მალე დატოვა იქაურობა. ამ ამბავზე ბევრია მითქმა-მოთქმა. სიმართლე თვითმხილველმა უნდა თქვას, მაგრამ ეს ყველაფერი საბერძნეთში ხდებოდა და ყოფილი ოლიმპიაკოსელებიდან აქ ქეცბაიას გარდა არავინაა.

"ოლიმპიაკოსს", ფეხბურთელების გარდა, კლუბის ხელმძღვანელობა და გულშემატკივრებიც ჰყავს. მნიშვნელოვანია მასმედიის განწყობაც. როცა მწვრთნელს მოკავშირედ ერთი ფლანგი მაინც ჰყავს, მას ადვილად ვერ გაუშვებენ, ქეცბაიას კი მალევე მოუწია საბერძნეთთან განშორება.

ადამიანებთან ურთიერთობა არ არის ადვილი, თუ ამის ნიჭი არ გაქვს. გამოცდილებით, დიდი ნებისყოფითა და მოთმინებით ამ ურთიერთობის დახვეწა შეუძლებელი არ უნდა იყოს, ოღონდაც ამას, ალბათ, შინაგანი ინტელექტიც სჭირდება.

საქართველოს ნაკრებ,ი ზოგადად, რთული თემაა და ცხადია, ადამიანებთან ურთიერთობა თუ ზედმიწევნით კარგად არ შეუძლია მწვრთნელს, მას იქ დიდი დღე არ უწერია. მე თუ მკითხავთ, ვლადიმერ გუცაევი ქეცბაიაზე ბევრად უფრო დიპლომატია, მაგრამ ეროვნული ნაკრების მწვრთნელი რომ გახდა, გაუჭირდა ფეხბურთელებთან ურთიერთობა.

რა თქმა უნდა, ახლა საორგანიზაციო საკითხები საქართველოს ნაკრებში უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე წლების წინ, როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას არანაირი დოტაცია არ ჰქონდა სახელმწიფოსგან. მაშინ დაძაბულობა მეტი იყო ფედერაციის, მწვრთნელების და ფეხბურთელების ურთიერთობებში. ფული საქმეს აადვილებს, მათ შორის, ადამიანებთან ურთიერთობასაც კი, მაგრამ ფაქტია, ურთიერთობის საკითხი მარტივი არ გამოდგა...

კახა კალაძე ნაკრებიდან ისე წავიდა, რომ გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ არ უცნობებია ფეხბურთის ფედერაციისთვის. ეს თავისებური პროტესტი იყო. კალაძეს ქეცბაიაზე აუგი არ დასცდენია, მაგრამ კარგი ურთიერთობის დროს ეტიკეტი ყოველთვის დაცულია.

დავით მუჯირმა პრესაში კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა ქეცბაიაზე. როგორ გგონიათ, მანამდე ყველაფერი რიგზე იყო საქართველოს ნაკრებში? მანამდე არავის ჰქონდა განსხვავებული აზრი ამა თუ იმ საკითხზე? მანამდე არცერთ ფეხბურთელს არ უჩნდებოდა ნაკრების მწვრთნელის ღიად გაკრიტიკების სურვილი?

ნაკრებში აღარ იძახებენ ლევან კობიაშვილსა და ალექსანდრე იაშვილს. ნუთუ ეს ფეხბურთელები იმის ღირსნი არ იყვნენ, რომ ეს მათთვის პირდაპირ ეთქვა მწვრთნელს? კობიაშვილმა ეროვნულ ნაკრებში სულაც 100 მატჩი ითამაშა. ეს უკვე მნიშვნელოვანი დამსახურებაა ქვეყნის წინაშე და ვფიქრობ, მწვრთნელი ვალდებული იყო, დალაპარაკებოდა მას. ასეთი ხისტი ურთიერთობა კარგის მომტანი ვერ იქნება ვერცერთი მწვრთნელისთვის.

ახლა კიდევ ლევან ყენიას ამბავი. ქეცბაიამ აქაც ხისტი გზა აირჩია. მწვრთნელს ყოველთვის ეყოლება გუნდში განაწყენებული ფეხბურთელები, მაგრამ ყოველთვის ისე არ ხდება, რომ ფეხბურთელი ღიად, უკვე პრესის საშუალებითაც გამოხატავს გულისწყრომას. ყენიას განცხადებები კი გულისწყრომაზე მეტია, იმ ფონის გამოძახილს ჰგავს, რაც მანამდეც იყო ნაკრებში.

არის საქართველოს ნაკრებში ფეხბურთელთა ისეთი ჯგუფი, ქეცბაიას ძლიერ მოკავშირეს რომ წარმოადგენდეს? ასეთი ჯერ არ ჩანს, თუმცა ვინ იცის, იქნებ ქეცბაიამ მოახერხოს და ძლიერი დასაყრდენი შეიქმნას. ფედერაცია და სახელმწიფო - კი ბატონო, ასეთი ძლიერი ზურგი მწვრთნელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაფერს თავისი რესურსი აქვს. გუნდი და გულშემატკივარი თუ განზე გაექცევა მწვრთნელს, იმ ნდობასაც დაკარგავს, რაც ახლა აქვს.

ქეცბაიასთან ინტერვიუ გვსურდა, მაგრამ არ გამოვიდა. ეროვნული ნაკრების თავკაცი ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე გაკეთებული განცხადებით შემოიფარგლა.

ვფიქრობ, მედიასთან დიალოგი უკეთესი, უფრო ფლექსიბელური ვარიანტი იქნებოდა...

მწვრთნელს ქულები და ცხრილში დაკავებული ადგილი ეთვლება. სამწუხაროდ, ქეცბაია ამით ჯერ ვერ არის წარმატებული ნაკრებში. მომდევნო შესარჩევის ციკლის დაწყებამდე დიდი დრო აღარ დარჩა და ძალიან გვაინტერესებს, კონკრეტულად რა შედეგი უნდა მოვთხოვოთ ქეცბაიას?..

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: ნაკრებში იქნება ის, ვინც საქართველოს გამარჯვებაზე იფიქრებს!
ლევან ყენია: გულდაწყვეტილი ვარ, თემურ ქეცბაისგან ამას არ ველოდი
ლევან კობიაშვილი და საქართველოს ნაკრები: დაერეკათ და პირდაპირ ეთქვათ!
დავით მუჯირის ღია წერილი თემურ ქეცბაიას
დათო სირაძე: ეს ფეხებზე დაკიდებაა! თემურ ქეცბაიას გულისწყრომა რითი დავიმსახურე?
გოგიტა გოგუას სიმართლის დრო: ნაკრები საქართველოსია და არა - ქეცბაიასი!


ვინ არის ქეცბაიას მოკავშირე? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
არ მამწონს სტატიის ავტორის ააზროვნება რას ეძებს, რა უნდა, ასეთები უშლიან ხელს ფეხბურთის განვითარებას საქართველოში
შალვა
02:47 01-06-2012
0
ქეცბაიას მწვრთნელისათვის დამახასიათებელი არცერთი თვისება არა აქვს... არც ტაქტიკა სტრატეგია, არც თამაშის სტილი და არც ადამიანური ურთიერთობა ფეხბურთელებთან...ჩვენი ქვეშაფსია ვაიჟურნალისტები კი ვაზელინით იპოხავენ ზოგიერთ ადგილებს და წინასწარ ვარჯიშობენ როგორ წაიკუზონ რომ არ აწყენინონ კუროს!...სანამ გულიანი,ჯიგარი და თავდადებული ყოფილი ფეხბურთელი ქეცბაია არ აახვევს თავის კიპროსულ აკადემიაში მანამდე ოთხი წელი უნდა ვიწამოთ? ქეცბაია, ნამუსი იქონიე და .......!!!!!...სახელი მაინც დაგრჩება უგინებელი სანამ ყველა ერთად არ გაგინებს სტადიონსა თუ ქუჩაში...
tura
03:47 01-06-2012
0

სიახლეები პოპულარული