ზურაბ ხიზანიშვილი: უფულოდ ირბინო და ოჯახი მშიერი გყავდეს, პატრიოტიზმია?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზურაბ ხიზანიშვილი შვებულებას თბილისში ატარებს და ინტერვიუსთვის მოვინახულეთ.

ლეგიონერებს მეტწილად ტელეფონით ვუკავშირდებით ხოლმე და ასეთ დროს რთულია რესპონდენტსა და კორესპონდენტს შორის ურთიერთობა. უშუალო შეხვედრის დროს კი საუბარი და შესაბამისად, ინტერვიუც უკეთესი გამოდის.

ეს ზოგადად, დანარჩენს კი კითხვა-პასუხში ამოიკითხავთ.

"ქაისერისფორი" და ეროვნული ნაკრები, ურთიერთობა მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის, რამდენიმე ეპიზოდი კარიერიდან - ხიზანიშვილი ამ თემებზე საუბრობს...

- ბრიტანეთში ათი წელი ითამაშე და შემდეგ თურქეთში გადახვედი. დამეთანხმები, კონტრასტი მნიშვნელოვნად დიდია - რამ განაპირობა ასეთი არჩევანი?
- ჯერ კიდევ
შარშანწინ შემოთავაზება მქონდა თურქული "გაზიანთეფსფორიდან", მაგრამ უარი ვთქვი. შარშან კონტრაქტი დამიმთავრდა "ბლექბერნთან" და ეს თავისთავად მიადვილებდა არჩევანს. მთავარი კი მაინც შოთა არველაძის ფაქტორი იყო და მეც ორწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი მის გაწვრთნილ გუნდთან.

- და როგორ შეეგუე თურქეთსა და იქაურ ჩემპიონატს?
- თურქეთის ჩემპიონატში უფრო შემტევ ფეხბურთს თამაშობენ, ვიდრე ინგლისში. თურქეთში უპირატესობას ანიჭებენ, ასე ვთქვათ, მაწაკ თავდამსხმელებს, სწრაფ და ტექნიკურ ფორვარდებს. "გალათასარაისა" და "ფენერბახჩეში" ისეთი კლასიანი ფეხბურთელები თამაშობენ, როგორებიც ევროპის ელიტურ ლიგებში.

ერთი სიტყვით, თურქეთის ჩემპიონატში თამაში ადვილი არ არის. თურქეთის ლიგა საკმაოდ შემოსავლიანია, დიდი ფული ტრიალებს, დიდი სერიოზულობით ეკიდებიან ფეხბურთს.

- ეს ყველაფერი გასაგებია, თუმცა ფაქტია, რომ ევროსარბიელზე თურქულ კლუბებს ძალიან უჭირთ ტოლ-სწორად თამაში მხოლოდ გრანდებთან კი არა, საშუალო დონის ევროპულ კლუბებთანაც კი - როგორ ფიქრობ, რა უნდა იყოს ამის მიზეზი?
- ჩემი აზრით, მთავარი განსხვავება ფიზიკურ მომზადებაშია, თორემ სათამაშო კლასში მნიშვნელოვანი სხვაობა არ უნდა იყოს. როცა თურქეთის ჩემპიონატს ინგლისს ვადარებ, "ფიზიკაში" განსხვავება მართლაც თვალში მხვდება.

- 2011/12 წლების სეზონი "ქაისერისფორისთვის" წარმატებული ვერ გამოდგა, რასაც თავისი მიზეზები ექნება...
- 2010/11 წლების სეზონი "ქაისერმა" ისე ჩაატარა, რომ მომდევნო წელს გუნდს არცთუ მოკრძალებული ამბიციები გაუჩნდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ "ქაისერისფორი" ბევრმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, მოვიდა რვა ახალი მოთამაშე, რომელთაგან ზოგმა ვერ გაამართლა. ამას დაემატა ტრავმები.

ყველაზე მთავარი პრობლემა გოლის შემგდები შემტევის პოზიცია გვქონდა. "ქაისერში" არ აღმოჩნდა თავდამსხმელი, ვისაც, ასე ვთქვათ, გუნდის ამოყვანა შეუძლია. 4-3-3 განლაგების დროსაც ასეთი თავდამსხმელის ყოლა ერთობ მნიშვნელოვანია, თუმცა საქმეს თავდამსხმელთა რაოდენობის გაზრდამაც ვერ უშველა. მინდორი სარკესავითაა. "ქაისერის" ზოგმა ფეხბურთელმა მართლაც ვერ ითამაშა სათანადო დონეზე.

- ინგლისში გატარებული ბოლო სეზონების დროს ზედმეტი წონის პრობლემა გაწუხებდა, თურქეთში გადასვლის შემდეგ ეს საკითხი მოაგვარე. განსაკუთრებული რაციონი გაქვს შერჩეული?
- არანაირ დიეტაზე არ გადავსულვარ, საქმე სულ სხვა რამეშია. ინგლისში ისეა ყველაფერი მოწყობილი, თუ სათამაშო პრაქტიკა არ გაქვს, მხოლოდ ვარჯიშებით თითქმის შეუძლებელია ოპტიმალური წონის შენარჩუნება. იქ ისეთი ვარჯიშებია, გვარიანად ვერც კი დაიღლები. რა თქმა უნდა, ბევრია დამოკიდებული ფეხბურთელის პროფესიონალიზმზეც.

"ბლექბერნში" სემ ელერდაისი რომ მოვიდა მწვრთნელად, სკამზე დამსვა. ამით ამოწურა ჩემთან ურთიერთობა...

თურქეთში რომ გადავედი, სხვანაირი სურათი დამხვდა. შოთა სულ მელაპარაკებოდა ამ თემაზე, მწვრთნელთან უწყვეტი კონსულტაციები მქონდა და ყველაფერმა ამან დადებითად იმოქმედა.

სიმაღლეში 186 სმ ვარ და ჩემი სათამაშო წონა 84-85 კილოგრამია - ამ დროისთვის ყველაფერი რიგზეა. ისე კი, ჭარბი წონისადმი მიდრეკილება მართლა მაქვს - როცა დავიბადე, 5 კგ და 600 გრამი ვყოფილვარ...

- თურქეთში ფეხბურთი განსაკუთრებულად უყვართ. გულშემატკივრობის დიდი და თავისებური ტრადიცია აქვთ ინგლისშიც. შენი დაკვირვებით, სად უფრო დიდია გულშემატკივრობის მუხტი?
- ფანატიზმი თურქეთში უფრო დიდია. ქაისერში კი მაინცდამაინც დიდად არ უყვართ ფეხბურთი. ძალიან კარგი სტადიონი გვაქვს, მაგრამ მხოლოდ მაშინ ივსება ბოლომდე, თუ "გალათასარაის" ან "ფენერბახჩეს" ვეთამაშებით. თურქეთში ყველაზე ვნებიანი ფანები "ფენერბახჩეს" ჰყავს. წელს ამ გუნდს რომ მოეგო ჩემპიონატი, ძალიან ცუდი ამბები ატყდებოდა - "ფენერს" ხომ ჩემპიონატის მიწურულს გაუჩნდა ამის შანსი. მანამდე თითქოს ყველა შეგუებული იყო "გალათასარაის" ჩემპიონობას.

- მსაჯობის თემა მწვავედ დგას თურქეთში. მაინც რა ხდება, რა განაპირობებს ამ პრობლემას?
- ამ მხრივ ვითარება მართლაც რთულია, ცალ ხელზე თუ ჩამოთვლი კარგ მსაჯებს. სიტუაცია კატასტროფულია. ყველა შეხებაზე გაფრთხილებას მაძლევდნენ. ინგლისში თუ შოტლანდიაში მსაჯი ჯერ სიტყვიერ გაფრთხილებას გაძლევდა, თუ ოდნავ უხეშად ეთამაშებოდი მეტოქეს, თურქეთში კი... სეზონში ათი ყვითელი ბარათი დამიგროვდა. ჩემს კარიერაში ამდენი გაფრთხილება არასდროს მიმიღია.

არც ვიცი, ზეწოლის ბრალია ეს ყველაფერი თუ არასათანადო კვალიფიკაციაა, მაგრამ ფაქტია, რომ მსაჯობა თურქეთში ძალიან ცუდია.

- რამდენიმე თვეში 31 წლის გახდები. როცა ფეხბურთელი ასეთ ასაკშია, უკვე ფიქრობს, თუ როდის დაასრულოს თამაში და რა გზა აირჩიოს...
- ფეხბურთელის კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ვფიქრობ, ჯანი კვლავაც მერჩის. მუხლმა არ შემაწუხოს და სხვა ტრავმა არ მივიღო და კიდევ რამდენიმე წელს ვითამაშებ.

28 წლის რომ გავხდი, მას მერე უკვე სულ სხვანაირად ვთამაშობ ფეხბურთს, სხვანაირად გავდივარ მოედანზე, სხვანაირად ვიღებ სიამოვნებას თამაშისგან - ბურთის ერთი კარგი ართმევა, ერთი კარგი ორთაბრძოლის მოგება, მოწინააღმდეგის ერთი სვლის კარგად წაკითხვა - უკვე ესეც საკმარისია, რომ თამაშით ვისიამოვნო.

სპორტსმენისთვის მთავარი მაინც ჯანმრთელობაა. "დანდიში" რომ ვთამაშობდი, "რეინჯერსთან" მატჩში ტორე-ანდრე ფლო უკნიდან დამეჯახა. ტრავმის შემდეგ მუხლზე 17-ჯერ გადამიღეს სურათი და სერიოზული ვერაფერი დაინახეს. შემდეგ "სელტიკთან" გვქონდა თამაში. ბურთის აუტზე მოგერიებას ვაპირებდი, როცა მუხლმა არ გამიშვა. ლარსონმა ამით ისარგებლა და გოლი გაგვიტანა. ამის მერე აღმოჩნდა, რომ მუხლის ორივე მენისკი დაზიანებული მქონდა, ჯვარედინა იოგები კი დაწყვეტილი.

ოპერაცია ბოლონიაში გავიკეთე. კლინიკიდან რომ გამომწერეს და სამედიცინო საბუთები გამომატანეს, ვიდეოც თან მოაყოლეს. თურმე, ოპერაციის ჩანაწერი იყო. დისკი რომ ჩავრთე, მალევე გამოვრთე, ამის ბოლომე ყურება ჩემთვის შეუძლებელი აღმოჩნდა.

- ნაკრების თემაზე გადავერთოთ. ბოლო დროს ჩვენი ეროვნული გუნდის ირგვლივ, ცოტა არ იყოს, დაძაბული ფონი შეიქმნა. უკვე ღიადაც მიდის იმაზე საუბარი, რომ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის დაძაბული ურთიერთობაა. გუნდის კაპიტანი ხარ და ალბათ, შენც გეთქმის ამ ყველაფერზე სიტყვა...
- არაერთ გუნდში მითამაშია და უნდა გითხრათ, რომ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის ყოველთვის ყოფილა პრობლემები.

ალექს მაკლიშმა ექვსი თვე არ მათამაშა, "ბლექბერნში" სემ ელერდაისი რომ დანიშნეს მწვრთნელად, პირდაპირ მითხრა, მაღალი, ზანგი მცველები მომწონსო.

სადაც უნდა ვყოფილიყავი, ყოველთვის ვაბალანსებდი საკუთარ თავს. ამა თუ იმ მწვრთნელს რაღაცაში არ ვეთანხმებოდი, მაგრამ თუ უთანხმოება დიდ პრობლემასა და ცემა-ტყეპაში გადაიზარდა, უკვე დიდი სისულელე გამოვა. ასეთ დროს დამნაშავე უკვე ორივე მხარეა.

მწვრთნელს 22 ფეხბურთელი უსმენს და ერთთან მაინც ექნება დაძაბული ურთიერთობა.

ჩვენს ნაკრებზე პრესაში რაც იწერება, საქმის კურსში ვარ. ვფიქრობ, საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი ფეხბურთელები - ამას იმაზე ვამბობ, რაც კობიაშვილსა და მწვრთნელს შორის მოხდა. მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის ურთიერთობაში მთავარი ის არის, რომ როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს უნდა შეეძლოს კომპრომისზე წასვლა.

გუნდის ინტერესებისთვის ის ჯობია, რომ ან ერთმა დათმოს, ან მეორემ. საქართველოს ნაკრებშიც ასე უნდა იყოს...

- როგორც ვიცი, ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებში საპრემიო სისტემა აღარ არსებობს. ფაქტია, გუნდს ცუდი შედეგები აქვს და შესაძლოა, ზოგს უადგილოდ მიაჩნია ამ საკითხის წამოწევა, თუმცა საინტერესო უნდა იყოს გუნდის კაპიტნის პოზიცია...
- 13 წელია, რაც ნაკრებში ვთამაშობ და როგორ გგონიათ, პრემია რამდენჯერ ავიღე? ასეთი სულ სამი იყო - როცა რუსეთს მოვუგეთ 1:0, ბადრი პატარკაციშვილმა გუნდზე 100 000 დოლარი პრემია გამოგვიყო. შემდეგ კლაუს ტოპმიოლერის მწვრთნელობისას ფარერებს 6:0 რომ მოვუგეთ, მაშინ მაძლევდნენ პრემიას, მაგრამ იმ შეხვედრაში არ მითამაშია და ჩემთვის გამოყოფილი ორი ათასი არ ავიღე. მესამედ მაშინ იყო, როცა ალენ ჟირესის მწვრთნელობისას თურქეთს სტუმრად ფრე ვეთამაშეთ და შინ ალბანეთს მოვუგეთ.

ფეხბურთის თამაში არის ჩვენი საქმე, ჩვენი პროფესია, ამით ვშოულობთ ფულს. რომ ამბობენ, ნაკრები სულ ბოლო ადგილზე გადის და რა აქვთ სალაპარაკოო, მოვიდნენ ფეხბურთელებთან, დაგველაპარაკონ, გაიგონ, რა ხდება, რა სიტუაციაა...

"ბლექბერნში" რომ ვიყავი და ორ სანაკრებო მატჩზე რომ მომივიდოდა მოწვევა, თანაგუნდელები მეუბნებოდნენ, როგორ გაგიმართლა, კარგად იხეირებო. მათ ეგონათ, რომ მხოლოდ ნაკრებში გამოძახებაზეც კი რაღაც თანხა იყო დაწესებული...

ვსვამ კითხვას, ვინმე იმუშავებს უფულოდ? პატრიოტიზმი ის არის, რომ უფულოდ ირბინო და ოჯახი მშიერი გყავდეს?..

მოედანი სარკესავითაა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 45 /
100 მატჩში უანგაროდ რომ ემსახურება ფეხბურთელი(კობიაშვილი) ნაკრებს და შემდეგ ისე უშვებ ნაკრებიდან,რომ არ კი უხსნი გაშვების მიზეზს ეს პატრიოტიზმია? მიდი მოთხოვე ეხლა იმ ფეხბურთელს გული არ გაგიტყდეს,იყავი პატრიოტიო! კალაძეს მადლობაც კი არ გადაუხადა ფედერაციამ გაწეული სამსახურისთვის და მოთხოვე კალაძეს გული არ გაიტეხო,იყავი პატრიოტიო! ჟორდანიას,ახალკაცს და ეხლა სიჭინავას რაც აქვთ ნაჭამი იმის 1% რო მივსცეთ ამ ბიჭებს არ არიან ღირსები?
0
შაჰაბასი რო მოვიდეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად არველაძე იმის მხარდამჭერიც იქნება! ადამიანი რომელიც ყველა პროპკას ერგება და ურცხვად აცხადებს ვპროგრესირეთო! ისადა უკაცრავად ნაკრებმა გასვლაზე ოფიციალური მატჩი როდის მოიგო გახსოვს,ბატონო რეზი? თუ დაფიქრდებით გახსენება გაგიჭირდებათ და თუ არქივში მოინახულებთ,აღმოჩნდება რომ ეს მოგება შორეულ 2007 ში დაფიქსირდა,უძლიერეს,დაუმარცხებელ,უფრო სწორად გაუმარჯვებელ ფარერების ნაკრებთან! ზუსტად გახსენება მიჭირს და თუ დამეხმარებით,დამავალებთ! ვითარდებით,ვითარდებით,უბრალოდ ამას მხოლოდ თქვენ ხედავთ! ჭამთ,ჭამთ რით ვერ გასძეხით? მიეცით ამ ბიჭებს იმის 1% რასაც თქვენ ჭამთ და ვერ სძღებით! ვისში უნდა ვეძებოთ პრობლემა? ფეხბურთელებში? თუ მართველ ორგანოში? ............
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული