ანანიძე გამოიძახეს, გოგუა კარგადაა, ყენიას დაურეკავენ

AutoSharing Option
ათიოდე დღეში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საოქტომბრო შესარჩევი მატჩებისთვის დაიწყებს მზადებას. შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს მალტას ვმასპინძლობთ, 12-ში კი ლატვიას ვსტუმრობთ. ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ნაკრებში გამოძახებულთა შემადგენლობას მომდევნო კვირაში დაასახელებს. მანამდე კი სანაკრებო ამბებს გაეცანით.

დანაკლისით დავიწყოთ. მალტასთან მატჩში ნაკრებს დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" მარჯვენა მცველი უჩა ლობჟანიძე ვერ დაეხმარება. ზედმეტი ყვითელი ბარათის გამო ლობჟანიძე დისკვალიფიცირებულია, თუმცა ლატვიაში თამაში შეეძლება. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ნაკრების თავკაცმა მალტასთან დაცვის მარჯვენა ფლანგზე ლაშა სალუქვაძე ათამაშოს. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ქეცბაია კვლავ გამოიძახებს გურამ
კაშიას, რომელსაც ჰოლანდიურ "ვიტესში" მშვენიერი დებიუტი ჰქონდა.

ეროვნულ გუნდში კვლავ ვიხილავთ ჯანო ანანიძეს, რომლის ნაკრებში გამოძახების თაობაზე გუშინ რუსულმა წყაროებმა გაავრცელეს ინფორმაცია...

რუსულ პრემიერლიგაში, ეგრეთ წოდებულ სპარტაკულ დერბიში (რომელიც მოსკოველებმა 2:0 მოიგეს), გოგიტა გოგუა ნალჩიკელთა სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, ის მხოლოდ 75-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. ძირითად შემადგენლობაში გოგუას არყოფნა გაგვიკვირდა და მიზეზით დავინტერესდით. როგორც გავარკვიეთ, გოგიტა მუხლის ტკივილმა შეაწუხა და 5 დღის განმავლობაში არ უვარჯიშია. მოსკოველებთან მატჩისთვის ის სრულად გამოჯანმრთელებული არ იყო. შესაბამისად, ნალჩიკის "სპარტაკის" თავკაცმა იური კრასნოჟანმა არ გარისკა და გოგუა ოდენ ბოლო 15 წუთით ათამაშა. ის ახლა კარგად არის და სანაკრებო მატჩებისთვის წესით პრობლემა არ უნდა ჰქონდეს...

გუშინ გაცნობეთ, რომ ლევან ყენია უკვე მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ქეცბაია "შალკეს" შემტევ ნახევარმცველს საოქტომბრო მატჩებისთვის აუცილებლად გამოიძახებს. მართალია, ლევანს ტკივილი აღარ აწხებს, მაგრამ ჯერჯერობით შესაფერისი კონდიციებისთვის არ მიუღწევია. ამიტომ, მოცდაა საჭირო. რამდენიმე დღის შემდეგ ლევან ყენიას სანაკრებო შტაბიდან დაუკავშირდებიან და მისი საკითხიც ამის შემდეგ გადაწყდება.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული