საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შესარჩევი ციკლის წლევანდელი საოქტომბრო მატჩების (8-ში მალტასთან თბილისში, 12-ში ლატვიასთან სტუმრად) გარდა, სხვა თამაში დაგეგმილი არ აქვს. თუმცა შესაძლოა, თემურ ქეცბაიას გუნდმა ნოემბერში კიდევ ერთი მატჩი გამართოს. საამისოდ, ფიფას მიერ დათქმული თარიღი 17 ნოემბერია. როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშე ლაშა დვალიშვილმა გვამცნო, ამ დღეს ჩვენს ნაკრებთან პაექრობის სურვილი ჩინეთის ეროვნულ გუნდს ჰქონია. ჩინელებს სურთ, რომ საკუთარ მოედანზე ითამაშონ.
ჩვენებს კი ერთი ვარიანტიც აქვთ - ბელარუსი. ამ შემთხვევაში, მასპინძლის ვინაობაც გასარკვევია. როგორც დვალიშვილმა გვითხრა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჩინელებისა და
ბელარუსებისთვის პასუხი ჯერ არ უთქვამს. ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიასთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებენ.
ცნობისთვის, ფიფას ბოლო რეიტინგში ჩინეთისა და ბელარუსის ნაკრებები ჩვენზე წინ არიან - აზიელები 7 საფეხურით გვისწრებენ, პოსტსაბჭოელები კი მთელი 34-ით.