ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩვენი ნაკრები ოქტომბერში წლის ბოლო მატჩებს გამართავს. შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს მალტას ვუმასპინძლებთ, 12-ში კი ლატვიას სტუმრად ვეთამაშებით. ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ამ მატჩებისთვის ნაკრებში 24 ფეხბურთელი გამოიძახა. ქეცბაიას სია ასეთია:
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (ანჟი, რუსეთი), გიორგი ლორია (დინამო), გრიგოლ ბედიაშვილი (ოლიმპი).
მცველები: კახა კალაძე (გენოა, იტალია), ალექსანდრე ამისულაშვილი (ქაისერისფორი, თურქეთი), ზურაბ ხიზანიშვილი (რედინგი, ინგლისი), ლაშა სალუქვაძე, დავით კვირკველია (ორივე რუბინი, რუსეთი), მალხაზ ასათიანი (ლოკომოტივი, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე (დნიპრო, უკრაინა), მათე ღვინიანიძე
ნახევარმცველები: ლევან კობიაშვილი (ჰერტა, გერმანია), გოგიტა გოგუა (სპარტაკი ნ. რუსეთი), გიორგი მერებაშვილი (ვოივოდინა, სერბეთი), დავით დევდარიანი (ორჰუსი, დანია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი მ. რუსეთი), ალექსანდრე კოშკაძე (დინამო), მურთაზ დაუშვილი (ზესტაფონი), ნიკა კვეკვესკირი (ბაია).
თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი (კარლსრუე, გერმანია), ლადო დვალიშვილი (მაქაბი ჰ. ისრაელი), დავით სირაძე (სპარტაკი ნ. რუსეთი), მათე ვაწაძე (დინამო), ნიკოლოზ გელაშვილი (ზესტაფონი),
სანაკრებო შემადგენლობაში დიდი ცვლილებები არ იყო მოსალოდნელი და ასეც არის. თუმცა სიაში შედარებით ახალი სახეებიც არის და ერთი დებიუტანტიც. ჯერ დებიუტანტზე ვთქვათ. ქეცბაიამ ეროვნულში ზუგდიდის "ბაიას" ნახევარმცველ ნიკა კვეკვესკირს უხმო. ცნობისათვის კვეკვესკირი ფლანგის ნახევარმცველია და ახალგაზრდულ ნაკრებში არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული. ჩვენმა ახალგაზრდულმა სექტემბერში სომხეთის 21-წლამდელები 3:2 რომ დაამარცხა ერთი გოლი სწორედ კვეკვესკირმა გაიტანა.
როგორც ვივარაუდეთ მეკარეთა ტრიო არ შეცვლილა. "დნიპროს" მცველი უჩა ლობჟანიძე გაფრთხილებების სიმრავლის გამო მალტასთან მატჩს გამოტოვებს, მაგრამ ლატვიაში თამაშის უფლება აქვს და სანაკრებო სიაში კვლოავ არის. ნაკრების თავკაცმა მეორედ უხმო გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე მცველ მათე ღვინიანიძეს. ის სექტემბრის მატჩების დროსაც იყო ეროვნულში, მაგრამ მაშინ თამაშმა არ მოუწია. სანაკრებო სიაში ასევე ახალი სახეა დანიური "ორჰუსის" შემტევი ნახევარმცველი დავით დევდარიანი, რომელმაც ბოლო ხანს კლუბში კარგ თამაშს გოლებიც დაამატა. დევდარიანისთვის ეროვნული გუნდი უცხო არ არის, პირველად 2008 წელს გამოიძახეს. ის ექტორ კუპერის ფორმაციის გუნდშიც იყო. დღემდე დავით დევდარიანს მთავარ ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული.
როგორც ორი დღის წინ ვწერდით, ქეცბაიამ სანაკრებო შემადგენლობას "ზესტაფონის" საყრდენი ნახევარმცველი მურთაზ დაუშვილი და "დინამოს" თავდამსხმელი მათე ვაწაძე მიამატა.
2 და 3 ოქტომბერს ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელებს თავიანთ კლუბებში თამაშები აქვთ. თემურ ქეცბაია ეროვნულს 4 ოქტომბერს შეკრებს. კუნძულელებთან მატჩისთვის ნაკრები თბილისში მოემზადება. საქართველოსა და მალტის ეროვნული ნაკრებების მატჩი 8 ოქტომბერს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 21 საათზე დაიწყება.