ითამაშებს თუ არა იაშვილი?

AutoSharing Option
ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ მალტასა და ლატვიასთან საოქტომბრო მატჩებისთვის ალექსანდრე იაშვილიც რომ გამოიძახა, მკითხველმა უკვე იცის. გუშინ იაშვილის "კარლსრუემ", "ინგოლშტადტთან" მეორე ბუნდესლიგის მორიგ ტურში, ჩვენებურის გარეშე ითამაშა - ქართველი განაცხადშიც არ ყოფილა. ბუნებრივია, სიტუაციაში გარკვევა ვცადეთ. ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ დეპარტამენტში იაშვილისგან შეტყობინება არ მიუღიათ - ტრავმის ან სხვა მიზეზის შემთხვევაში ფეხბურთელი საქმის კურსში ჩააყენებდა ფედერაციას, რომ ჩამოსვლას ვერ ახერხებს. და რაკი ასეთი შეტყობინება არ მოსულა, უნდა ვივარაუდოთ, რომ იაშვილს საგანგაშო არაფერი სჭირს.

24 სექტემბერს, "ფრანკფურტთან" მატჩის (0:2, იაშვილმა
სრულად ითამაშა) შემდეგ ნაკრების ფორვარდი კუნთის ტკივილმა შეაწუხა და მას მერე გუნდთან ერთად აღარ უვარჯიშია. ფეხბურთელთან დაახლოებული წყაროს ცნობით, იაშვილს კუნთი ჰქონდა დაჭიმული. ჩვენებური ახლა უკეთაა, უბრალოდ, მწვრთნელმა იმიტომ არ ათამაშა, რომ ტრავმა არ გამიზეზებოდა.

კიდევ ერთი ამბავი ეროვნულ გუნდთან დაკავშირებით - ორშაბათს 11 საათზე თემურ ქეცბაია სასტუმრო "ბომონდ გარდენში" პრესკონფერენციას გამართავს. 4 ოქტომბერს კი ამავე სასტუმროში დაიწყება ეროვნული გუნდის მოსამზადებელი შეკრება. ნაკრები პირველ ვარჯიშს ორშაბათს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17 საათზე გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული