ნაკრებში ცვლილებაა: ბედიაშვილის ნაცვლად კვასხვაძე

AutoSharing Option
დღეს 11 საათზე ეროვნული ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაია სასტუმრო "ბომონდ გარდენში" პრესკონფერენციას გამართავს. 12 საათზე ნაკრები ამავე სასტუმროში შეიკრიბება და მალტასა და ლატვიასთან მატჩებისთვის მოემზადება.

სანაკრებო შემადგენლობაში კიდევ ერთი ცვლილება მოხდა - "ვიტ ჯორჯიას" მეკარე გრიგოლ ბედიაშვილის ნაცვლად ქეცბაიამ ახალგაზრდული ნაკრების გოლკიპერ როინ კვასხვაძეს უხმო. სხვათა შორის, კვასხვაძე ადრეც იყო გამოძახებული მთავარ ნაკრებში. ასაკის გამო მას 21-წლამდელებში გაისად თამაში აღარ უწევს. იმასაც შეგახსენებთ, რომ ბედიაშვილამდე ეროვნულ გუნდს ტრავმების გამო თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი მათე ვაწაძე და დანიური "ორჰუსის" შემტევი ნახევარმცველი დავით
დევდარიანი გამოაკლდნენ. მათ ნაცვლად მწვრთნელმა ნაკრებს "ვიტ ჯორჯიას" ნახევარმცველი ირაკლი კლიმიაშვილი დაამატა.

ამ ცვლილებების შედეგად ნაკრებში გამოძახებული 24 ფეხბურთელის ნაცვლად 23 მოთამაშე დარჩა. ბევრი დააფიქრა პარასკევს მეორე ბუნდესლიგაში ჩატარებულ შეხვედრაში "კარლსრუეს" კაპიტან ალექსანდრე იაშვილის უთამაშებლობამ. იაშვილს მსუბუქი ტრავმა ჰქონდა. როგორც გავიგეთ, იაშვილი უკეთაა და ითამაშებს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ტრავმა მიიღო "მიუნხენი 1860-ის" მცველმა მათე ღვინიანიძემაც. მას საზარდული აწუხებს. შეცვლის თუ არა ქეცბაია ღვინიანიძეს, მალე გამოჩნდება.

ჩვენი ნაკრები დღეს პირველ ვარჯიშს ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე გამართავს. საქართველოსა და მალტის ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩი 8 ოქტომბერს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 21 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასები 3, 5, 10 და 15 ლარი იქნება. მათი გაყიდვა ეროვნული სტადიონის სალაროებში დღეიდან დაიწყება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული