რა იმედებით ვხვდებით სანაკრებო სეზონს? ყოველი ახალი შესარჩევის წინ თითქოს თავისით მოდის ხოლმე ოპტიმიზმი, მაგრამ ამჯერად ამის რა საფუძველი არსებობს?
საქართველოს ნაკრები ამოუწურავი თემაც არის და ამოწურულიც. გუნდს შედეგი არ აქვს, მაგრამ გუნდში და მის ირგვლივ სულ რაღაც ხდება - ასე გრძელდება უკვე რამდენიმე წელიწადი.
საქმე წინ ვერ მიდიოდა და შეიცვლება რამე?
ნაკრებზე სასაუბროდ გამოცდილი სპეციალისტი შევარჩიეთ - კობა ჟორჟიკაშვილი ახლა რუსთავის "მეტალურგის" მთავარი მწვრთნელია. მანამდე
მაშ ასე, სპეციალისტის შეხედულება საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე:
- როგორ შეაფასებდით ნაკრებში მიმდინარე პროცესებს მას შემდეგ, რაც გუნდი თემურ ქეცბაიამ ჩაიბარა?
- მწვრთნელის და მთლიანად გუნდის საქმიანობა საბოლოო შედეგით ფასდება. გარდა ამისა, შედეგად უნდა ჩაითვალოს გუნდში ახალი ფეხბურთელების დაწინაურება.
გამოჩნდეს ფეხბურთელი, გაიელვოს და მერე დაიკარგოს - ასე არ უნდა ხდებოდეს. არსენ ვენგერს მოგებული აქვს ტიტულები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად იმას მიიჩნევს, რომ ჟორჟ ვეას იმხელა წინსვლა ჰქონდა, ოქროს ბურთიც კი მოინაგრა.
ჩვენც ამ კრიტერიუმებით უნდა მივუდგეთ გაწეული სამუშაოს შეფასებას. ფაქტია, რომ შედეგი არ არის დამაკმაყოფილებელი არც ქეცბაიასთვის, არც ნაკრების ფეხბურთელებისთვის და არც მთლიანად საქართველოსთვის.
- ქეცბაიამ უარი თქვა ლევან კობიაშვილის და ალექსანდრე იაშვილის გამოძახებაზე. გაახალგაზრდავების პროცესი ეროვნულ ნაკრებში - როგორ მიგაჩნიათ, ბუნებაში ასეთი რამე არსებობს?
- მე ახლა კლუბში ვმუშაობ და ჩემი ამოცანაა, რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავო ჩემპიონატში. მაქვს უფლება, ხან ფრე ვითამაშო და ხან წავაგო. ნაკრებში კი ასე არ არის, ნაკრების მწვრთნელობა უფრო რთული იმით არის, რომ წაგების უფლება, ფაქტობრივად, არ გაქვს.
7 სექტემბერს ვეთამაშებით ბელორუსს და ვინც ამ კონკრეტული თარიღისთვის არის ყველაზე უკეთ მზად, იმან უნდა ითამაშოს, რომ გამარჯვებას მივაღწიოთ.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს. შესაძლოა, ნაკრების მწვრთნელმა გამოიძახოს ფეხბურთელი ერთი თამაშისთვის და მომდევნო მატჩისთვის ის აღარ დასჭირდეს - ნაკრების სპეციფიკა ამასაც ითვალისწინებს.
ყოველივე აქედან გამომდინარე, არ მესმის, თუ რას ნიშნავს გაახალგაზრდავების პროცესი ეროვნულ ნაკრებში. კლუბში კი ბატონო, ასეთი რამ სავსებით ნორმალურია.
- ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებს უკვე აქვს საკუთარი სახე? ალბათ, ესეც ერთ-ერთი შედეგია გუნდისთვის...
- მეც მინდა, რომ ჩემს გაწვრთნილ გუნდს საკუთარი, მკაფიოდ ჩამოყალიბებული სახე ჰქონდეს, მაგრამ ეს საკმაოდ რთული გასაკეთებელია.
ბავშვთა ფეხბურთში განვითარების, სწავლის პროცესი - ქართულ ფეხბურთს აქ განსაკუთრებულად უჭირს. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოდიან ფეხბურთელები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ განვითარების ევროპულ სტანდარტებს. ასეთ დროს ძალიან ძნელია, რომ გუნდმა სახე მიიღოს.
- რუსეთი, ან იქიდან ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნებული ფეხბურთელები - საქართველოს ნაკრებში ასეთები საკმაოდ არიან და როგორ ფიქრობთ, რუსული პრემიერლიგა ასე ძალიან ჩამორჩება საერთო ევროპულ დონეს?
- საქართველოს ნაკრების ამ ფეხბურთელთა უმრავლესობა რუსეთში წამყვან პოზიციებზე არ ყოფილა თავის კლუბში.
- კითხვა, რომელიც არაერთი რესპონდენტისთვის დაგვისვამს - ლატვიამ ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, ესტონეთმა შესარჩევის პლეი ოფამდე მიაღწია, საქართველო ჯგუფში ან ბოლო ადგილზე გადის, ან ბოლოსწინაზე - ნუთუ ბალტიისპირელებიც ასე მნიშვნელოვნად არიან ჩვენზე წინ?
- დაცვით ფეხბურთს რომ ირჩევს, ეს არის ნგრევა. შენება კი შემტევი ფეხბურთია და ფაქტია, რომ საქართველოს ამ ნაკრებს შემტევი ფეხბურთის თამაში უჭირს.
ჩვენ ახლა უფრო თავდაცვა, მეტოქისთვის სივრცის შეზღუდვა გამოგვდის კარგად და მერე კონტრშეტევა, მაგრამ ეს ისეთი გზაა, რომელიც ყოველთვის ვერ მოგვიტანს შედეგს. საბოლოოდ რა გამოდის: არ არის შედეგი და არ არის სანახაობრივი თამაში. ამით კი კმაყოფილი ვერავინ დარჩება.
- ცოტა არ იყოს, ერთობ პესიმისტური სურათი დაგვიხატეთ - პერსპექტივას რაში ხედავთ?
- კარდინალურად უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება ფეხბურთის მიმართ. არ არის სისტემა, ის კონვეირი, რითაც ინდივიდები უნდა გამოვზარდოთ.
- ინდივიდების გამოზრდა ბოლო პერიოდში იტალიასა და გერმანიასაც კი უჭირთ...
- პრობლემები შესაძლოა ყველგან იყოს, მაგრამ ბუნდესლიგის არცთუ მოწინავე გუნდის ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელი განათლებითა და ფიზმომზადებით ჩვენსაზე ბევრად წინ რომ არის, ამას, მგონი, მტკიცება არ სჭირდება.
საქართველოს ნაკრებს კი ერთ პოზიციაზე არ ჰყავს რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი, ევროპულ სტრანდარტებს რომ აკმაყოფილებდეს.
რაც შეეხება პესიმიზმს, მთლად ასეც არ არის საქმე, საქართველოში მწვრთნელთა განათლების სისტემის ამუშავებას ნელ-ნელა მოაქვს შედეგი.
ფაქტია, რომ ვასილ მაისურაძის გაწვრთნილ 17-წლამდელთა ნაკრებში საკმაოდ კარგად განვითარებულმა ახალგაზრდებმა ითამაშეს.
კვალიფიციური მწვრთნელები და კლუბების აკადემიებში სწორი მუშაობა - ქართული ფეხბურთის წინსვლა ასე უნდა მოხდეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: ჯერ ბელორუსთან თამაშზე ვიფიქროთ და მერე ესპანეთზე