მალტასა და ლატვიასთან 8 და 12 ოქტომბრის მატჩების წინ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენცია გამართა. მასმედიასთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ჩვენც ასევე გთავაზობთ.
- ტრავმების გამო ნაკრებში გარკვეული ცვლილებები მოხდა. კიდევ ხომ არ იგეგმება კორექტივები?
- ამ შაბათ-კვირას ფეხბურთელებმა კლუბებში ითამაშეს და ამჟამინდელი ინფორმაციით, გამოძახებულ მოთამაშეებს ტრავმები არ აწუხებთ. იმედია, ყველა ჯანმრთელი ჩამოვა და დანაკლისი აღარ გაიზრდება.
- მალტა ის გუნდია, რომელმაც ექტორ კუპერის ფორმაციის ნაკრები დაამარცხა. რა იცით მეტოქეზე და მათი ბოლო მატჩების ვიდეოფირი თუ ნახეთ?
- ვის გამოარჩევდით მეტოქე გუნდიდან?
- მალტა გუნდურ ფეხბურთს თამაშობს და არა მგონია, გამოკვეთილი ლიდერი ჰყავდეს.
- ნაკრებში გამოძახებულთა შორის ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშეთა რაოდენობა იზრდება. ეს ტენდენცია გაგრძელდება?
- ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა. ვინც თავს გამოიჩენს, ლეგიონერი იქნება ის თუ ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშე, ნაკრებში მივიწვევთ და მერე ყველაფერი მასზე იქნება დამოკიდებული. გარჯა არავის დაეკარგება. ისიც ცხადია, რომ ნაკრების დონეზე მოსამზადებლად ფეხბურთელებს უცხოეთში უფრო მეტი საშუალება აქვთ. ამიტომ, რაც უფრო მეტი ფეხბურთელი იქნება კარგ უცხოურ კლუბში, ნაკრებისთვის უკეთესია.
- ნაკრებში დებიუტანტი გყავთ - "ბაიას" მცველი ნიკა კვეკვესკირი...
- კარგად წარმოჩნდა და გამოვიძახეთ... ვნახოთ, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. ჩვენ ყველას ვაკვირდებით და ვინც თავს გამოიჩენს, გამოვიძახებთ. მაგრამ ეს იქნება ამხანაგურ მატჩებში და არა - შესარჩევის თამაშებზე. ასობით ლეგიონერი გვყავს და ყველას ერთად ვერ ვათამაშებთ. ჩემი ჩანაფიქრი ასეთია - ნაკრებს 15-მდე ფეხბურთელისგან შემდგარი ბირთვი ეყოლება, რომელსაც ის მოთამაშეები დაემატებიან, რომლებიც თავს გამოიჩენენ. ისე არ იქნება, ყოველ შეკრებაზე 10-15 ახალი ფეხბურთელი მყავდეს.
- ალბათ, საქართველოს ნაკრები უფრო შემტევ ფეხბურთს ითამაშებს, მით უმეტეს, გულშემატკივარი შესარჩევ ციკლში პირველ მოგებას ელის... თან მალტა არ არის ისრაელისა და საბერძნეთის დონის...
- მალტამ შარშან 2:0 მოგვიგო, მას მერე წელიწადზე ცოტა მეტი გავიდა. და მერე რა, რომ მალტა არ არის ისრაელისა და საბერძნეთის დონის გუნდი?! თუ მეტოქე სათანადოდ არ დააფასე, დაისჯები. იმას ვერ შეგპირდებით, 5 ფორვარდით ვითამაშებთ-მეთქი. კარგად ვიცი ჩვენი გუნდის შესაძლებლობები, მალტას შინ ვეთამაშებით და რა თქმა უნდა, ვეცდებით, უფრო მეტად შევუტიოთ. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, როგორ თამაშს შემოგთავაზებს მეტოქე.
- ისრაელთან მატჩის შემდეგ მოედნის საფარის ცუდ მდგომარეობას გაუსვით ხაზი. ახლა რა მდგომარეობაშია ეროვნული სტადიონის გაზონი?
- ჩემი მოვალეობა ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებაა, მოედანიც ჩემი მოსავლელი ხომ არ არის?! იმედია, გაზონი ცოტა უკეთესი იქნება... ერთი რამ მინდა აღვნიშნო - ისე გამოვიდა, თითქოს ისრაელთან მატჩის მერე ვთქვი - მოედანი არ ვარგოდა და ამიტომ ვერ მოვიგეთ-მეთქი. მსგავსი არაფერი მითქვამს - შეიძლებოდა, კარგი საფარი ყოფილიყო, მაგრამ წაგვეგო კიდეც. ცუდი მოედანი იყო და კარგი თამაში არ გამოგვივიდა. აი, ეს ვთქვი ისრაელთან მატჩის შემდეგ და არ მესმის, რატომ დაამახინჯეს ჩემი ნათქვამი. ჩვენი თამაში რომ ვაჩვენოთ, კარგი გაზონი მინდა ისრაელთან, ლატვიასთან, მალტასთან... ასეთ გუნდებთან ჩვენს კოზირს, ტექნიკურ თამაშს გამოვიყენებთ. ცუდი მოედანი მინდა ხორვატიასთან, საბერძნეთთან... ამ მეტოქეებთან ცუდი გაზონი ჩვენთვის ხელის შემშლელი არ იქნება.
- ფეხბურთელობისას ამ მოედანზე არაერთხელ გითამაშიათ. მაშინ რა მდგომარეობაში იყო საფარი?
- ადრე ასე ცუდი არ ყოფილა, როგორც ისრაელთან მატჩისას იყო.
- ლატვიაში მოგებას შევძლებთ?
- ჯერ მალტასთან მატჩზე ვფიქრობთ. ჩვენ ყველა მატჩში მოსაგებად გავდივართ მოედანზე და ამისათვის ფეხბურთელები ბოლომდე იხარჯებიან. გადაჭრით ვერავინ იტყვის, რიგაში აუცილებლად მოვიგებო. თუნდაც მალტასთან მატჩი ავიღოთ - არასწორი იქნება, რომ ვთქვა - ასი პროცენტით მოვიგებთ-მეთქი.
- ისრაელთან მატჩის ბოლოს აშკარად გამოჩნდა რომ ჯანო ანანიძე დაიღალა. ბოლო ხანს მას კლუბშიც ნაკლებათ ათამაშებენ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ჯანოსთვის ეროვნულ გუნდში 90 წუთით თამაში ჯერ ნაადრევია?
- ჯანო 17 წლისაა და წინ დიდი მომავალი აქვს. ფაქტია, ამას უცხოეთშიც აღიარებენ. მჯერა, ჯანოც და სხვა ფეხბურთელებიც ეროვნულ გუნდში ყოველთვის მაქსიმუმს გაიღებენ წარმატებისთვის.
- წინა მატჩების შემდეგ თქვით, დაცვაში თამაში დალაგებულია, ახლა შეტევას უნდა მივხედოთო. ალბათ, სწორედ ამაზე ამუშავებთ გუნდს...
- ჩვენ კარგად ვიცით, რა შეგვიძლია, როგორ უნდა მივაღწიოთ შედეგს. მეც მინდა, ჩვენმა ნაკრებმა ისეთი ფეხბურთი აჩვენოს, როგორსაც "ბარსელონა" თამაშობს. 5-მატჩიანი წაუგებელი სერია შემთხვევით არ მოსულა. ეს შრომის ნაყოფია. თუმცა მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და უკეთესი შედეგები გვექნება. ხანდახან ისეთი კომენტარები მესმის, გული მტკივა. თითქოსდა, არ ფასდება ჩვენი გარჯა. ჩვენს ნაკრებში ისეთი ფეხბურთელები არიან, რომლებიც 15-20 წელია მაღალ დონეზე თამაშობენ. შესაძლოა, მათ აღარც კი სჭირდებათ ნაკრებში თამაში, მაგრამ ერთ დაძახებაზე ჩამოდიან და ბოლომდე იხარჯებიან. ასეთებს დაფასება სჭირდებათ. ის კი არ უნდა ვთქვათ - აღარ გამოვიძახოთ ნაკრებში ესა და ეს ფეხბურთელი, რადგან კლუბში კარგად არისო მოწყობილიო, პირიქით, ასეთ მოთამაშეებს უნდა გავუფრთხილდეთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
გამოტანა