კაპიტანი: არჩევანი მე

AutoSharing Option
ფეხბურთის წესებში ასე წერია: გუნდის კაპიტანს განსაკუთრებული უფლებები არ გააჩნია.

ფეხბურთი კი მხოლოდ დაწერილი წესები არ არის და გუნდის კაპიტანიც მნიშვნელოვანი კაცია. ასეთი გამოთქმაც კი არის: ნამდვილი კაპიტანი.

კაპიტნად არჩევის სხვადასხვა ფორმა არსებობს. ზოგჯერ მწვრთნელი ირჩევს გუნდის კაპიტანს, ზოგჯერ მწვრთნელი ამას გუნდის წამყვან ფეხბურთელებთან გასაუბრების შემდეგ აკეთებს. ზოგ გუნდში კაპიტნის არჩევნებს ატარებენ, ზოგან ნაკრების კაპიტნად იმას ნიშნავენ, ვისაც ყველაზე მეტი კეპი აქვს დაგროვებული.

და რის მიხედვით არჩევს მწვრთნელი კაპიტანს? არ არის აუცილებელი, რომ კაპიტანი ყველაზე დიდი ვარსკვლავი იყოს გუნდში, მაგრამ
კაპიტანი სამაგალითო უნდა იყოს მოედანზე და ვინძლო მოედნის მიღმაც - სამაგალითო საქმისადმი მიდგომითა და ქცევით.

კაპიტანი გამოცდილი კაცი უნდა იყოს.

ფეხბურთის ფედერაციის სასტარტო გვერდზე საქართველო-ბელორუსის და საქართველო-ესპანეთის აფიშა დადეს. ჩვენებურთაგან მასზე ჯაბა კანკავას ფოტოა.

Sportall.Ge

ეს ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, სანამ თემურ ქეცბაია ამასწინდელ პრესკონფერენციაზე იტყოდა, ახალი ციკლი სიახლით გვინდა დავიწყოთ, გუნდს ამიერიდან კანკავა უკაპიტნებსო (იხილეთ ვრცლად).

ახალ ციკლს ახალი კაპიტანი - ეს რაღაც ახალია ფეხბურთში. ამ ლოგიკით დანიშნული კაპიტანი სხვა რომელია, მე არ ვიცი, თორემ შესაძლოა, სხვა მწვრთნელიც ასე ნიშნავდეს გუნდის კაპიტანს.

კანკავამდე გუნდის კაპიტანი ზურაბ ხიზანიშვილი გახლდათ. ეროვნულ ნაკრებს 15 აგვისტოს ლუქსემბურგთან ჰქონდა ამხანაგური მატჩი (იხილეთ ვრცლად), ხიზანიშვილმა, ტრავმა მაქვს და ვერ ჩამოვალო... ქეცბაიას პოზიცია კი ასეთი იყო - ჩამოვიდეს და ნაკრებშიც გვაჩვენოს, რა ტრავმა აქვსო.

ხიზანიშვილი არ ჩამოვიდა. უთანხმოების დასასრული: ხიზანიშვილი კაპიტანი აღარ არის.

თუ ქეცბაია მიიჩნევს, რომ ხიზანიშვილი არაპროფესიონალურად მოიქცა, კვლავ რაღაზე გამოიძახა ნაკრებში? კაპიტნობის ჩამორთმევა სხვა შემთხვევაში საჯარიმო სანქციაა და სხვა არაფერი.

ისე, ჯარიმის დარტყმასაც ოსტატობა სჭირდება, რაც ქეცბაიას მოქმედებაში ვერ დავინახეთ. რაც მან გააკეთა, ეს ძალიან ხისტი საჯარიმო იყო - არ ჩამოხვედი ლუქსემბურგთან, ჰოდა კაპიტნის სამკლავურსაც დაემშვიდობეო.

საქართველოს ნაკრები არც ხიზანიშვილით დაწყებულა და არც ქეცბაიათი დამთავრდება. სხვა საქმეა, რამდენად სამართლიანად ჩამოერთვა ხიზანიშვილს კაპიტნობა.

წინა სეზონი რომ დასრულდა და ლეგიონერებმა სამშობლოში ჩამოსასვლელად მოიცალეს, ხიზანიშვილს მაშინ შევხვდი ინტერვიუსთვის და ზურამ ნაკრებში პრემიების თემაზეც ისაუბრა (იხილეთ ვრცლად).

მისი აზრით, საქართველოს ნაკრებში უნდა იყოს პრემიების სისტემა. ძალიან ბევრს ეს განცხადება გულზე მოხვდა, ინტერნეტსივრცეში გაჩნდა ანონიმური, სალანძღავი წერილების ნიაღვარი.

მოგვიანებით "ლელოში" ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ლევან კობიაშვილმა. მისი აზრით, ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში პრემიების დაწესება უადგილოა, რადგან გუნდს ჯერ არანაირი წარმატებისთვის არ მიუღწევია (იხილეთ ვრცლად).

ვფიქრობ, ძალიან კარგია, როც ნაკრების ყოფილი და მოქმედი, ავტორიტეტული ფეხბურთელები თავიანთ პოზიციას ღიად, გულახდილად აფიქსირებენ. რა თქმა უნდა, ერთს მეორეზე უფრო მყარი არგუმენტები ექნება; კამათის დროს ფრე თითქმის არ არსებობს. ხიზანიშვილის ნათქვამიც უფრო ახლოს მიმაჩნია რეალობასთან.

საქართველოს ნაკრების ხელმოცარულ მთავარ მწვრთნელებს ბოლო წლებში მილიონობით ლარი უნდა ჰქონდეთ ჯამაგირი, ფეხბურთელმა კი უფულოდ უნდა ირბინოს; თუ თამაში მოიგო, პრემიაც არ უნდა ჰქონდეს. მწვრთნელის საქმე საქმეა, ფეხბურთელმა კი მხოლოდ პატრიოტობის გამო უნდა მოიდინოს ოფლი მოედანზე - სად არის აქ ლოგიკა და სიმართლე?

ხიზანიშვილს ჩემი დაცვა არ სჭირდება, მაგრამ რაც ამას წინათ მოხდა, უნდა გითხრათ: სიმსივნით დაავადებულ ქართველ ბავშვს თურქეთის ძვირიან კლინიკაში მკურნალობა დასჭირდა და ხიზანიშვილმა მისთვის სრულიად უცნობ ოჯახს რამდენიმე ათასი ევრო გადაურიცხა (იხილეთ ვრცლად).

ხიზანიშვილი ნაკრების ფეხბურთელთაგან ერთადერთი არ არის, უანგაროდ რომ დახმარებია გაჭირვებაში ჩავარდნილ ქართველებს. ისიც ვიცი, რომ მსგავს რაღაცაზე არც ქეცბაიას დაუხევია უკან. ამიტომაც პატრიოტიზმის თემა ნაკრებში აქტუალურად არ მიმაჩნია, კაპიტნობაცა და პრემიებიც პროფესიული ამბავია.

ორი დღეც და საქართველოს ნაკრები ბელორუსს ეთამაშება. მხარდაჭერა ნაკრების ახალ კაპიტანსაც სჭირდება და, რა თქმა უნდა, ქეცბაიასაც, რომლისთვისაც ეს თამაში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა - წინა ჩაფლავებული ციკლის შემდეგ ყოველი მატჩი მისთვის ფინალივითაა. ნაკრების მწვრთნელი ქეცბაიას რეპუტაციას ექსპლუატაციის ვადა უკვე გაუვიდა - ან იქით, ან აქეთ, დაახლოებით ასე დააყენეს საკითხი უკან მოტოვებულმა ამბებმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
შესაძლოა ქეცბაიას ბევრი საქციელი იყო ემოციური და სპონტანური, მაგრამ კაპიტანთან მიღებული გადაწყვეტილებაში საკამათოს ვერაფერს ვხედავ. მწვრთნელს სხვა შემოსავალი არ აქვს და ხელფასი იასნია უნდა მიიღოს, ფეხბურთელი რომელიც კლუბში მაღალ ხელფასს იღებს, მსგავს განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს. მითუმეტეს ნაკრებში კარგი თამაშიც შემდეგ შესაძლოა მისმა ფასმა რეალურად აიწიოს ბაზარზე. ბოლოსდაბოლოს შენი ქვეყნის ღირსებას, იცავ და არა დამპალი საბჭოთა კავშირისას; კანკავა არ არის კლასით ნაკლები ფეხბურთელი არანაიარად და მაგარი ჯიგრიანი ფეხბურთელია (სუპერი არცერთი არ არის); ეს ბოღმა სტატია თამაშის წინ მაგარი არასწორი ქმედებაა
forca juve
19:37 07-09-2012
0
ძაან არაობიქტური სტატიაა, ხიზანიშვილი თავისი განცხადების შემდეგ და საქციელის შემდეგ საერთოდ არ არის გამოსაძახებელი ნაკრებში, ქეცბა ამ საკითხს სწორად უდგება, ვისაც ნაკლები მოტივაცია აქვს ნაკრებში თამაშის ეგეთს არ იძახებს, ჩემი აზრით ეგრეც უნდა იყოს, კაპიტანს კიდევ მწვრთნელები ირჩევენ სხვამ ვინ უნდა აირჩიოს? კაპელო იმიტომ წავიდა ინგლისის ნაკრებიდან რომ მაგას არ კითხეს კაპიტნის დანიშვნა, ეგ მართალია არზიანის გამოძახებას რა აზირ ქონდა მაგას ვერ ვხვდები ვერც მე )
dato
13:05 06-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული