საქართველოს ნაკრები შესარჩევი ციკლის წინ - მწარე რეალობა

AutoSharing Option
თავიდანვე ასე ვიყავით: ყოველი ახალი შესარჩევი ციკლის დაწყებას "ქრონიკული" ოპტიმიზმით ვხვდებოდით, თუმცა ჩვენი უპირველესი გუნდი ამა თუ იმ შესარჩევ ციკლში სამ-ოთხ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებდა და...

საქართველოს ნაკრებისთვის დარჩენილ შეხვედრებს მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური ხასიათიღა თუ ჰქონდა.

რა თქმა უნდა, ერთი-ორი სასიამოვნო გამონაკლისიც იყო ხოლმე: ბოლოს და ბოლოს, წინა შესარჩევი ციკლი გავიხსენოთ, როდესაც საქართველოს ნაკრების წარმატებული სტარტის მერე 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრაზე ავლაპარაკდით, მაგრამ ბოლო შეხვედრებში ასე კარგად "ნაცნობი" თუ "შეგუებული" იმედგაცრუება გველო
და...

...და აი, ახალი შესარჩევი ციკლი და კვლავაც ახალი იმედი.

თუმცა, მოდი, გულახდილად ვთქვათ: ასეთი მეტოქეების გარემოცვაში მყოფ საქართველოს ნაკრებს ჯგუფში პირველი ან მეორე ადგილის დაკავებას ვერავინ მოსთხოვს!

ჰო, კენჭისყრისას აშკარად არ გაგვიმართლა და პირველ-მეორე კალათიდან ესპანეთი და საფრანგეთი გვერგო; მაგრამ ნურავის ექნება იმის ილუზია, თითქოს ბელორუსს ან ფინეთს იოლად გავუმკლავდებით.

რა თქმა უნდა, ისეც არ გვინდა ვინმემ გაიგოს, თითქოსდა, ჯგუფის გამოკვეთილი აუტსაიდერობისათვის წინასწარ ვიყოთ განწირული, მაგრამ ნურც რეალობის შეგრძნებას დავკარგავთ!..

...1994 წლის 7 სექტემბრიდან (საქართველოს ნაკრებმა პირველი ოფიციალური მატჩი რომ ჩაატარა) დღემდე ჩვენს უპირველეს გუნდში არაერთ გამორჩეულ ფეხბურთელს უასპარეზია. სამწუხაროდ, ვერც პირველმა (და მართლაც გამორჩეულმა) თაობამ (ქინქლაძე, არველაძეები, ქეცბაია, ჯამარაული, ცხადაძე, შელია, ნემსაძე, გოგიჩაიშვილი) და ვერც მომდევნომ (კობიაშვილი, კალაძე, იაშვილი, დემეტრაძე, ცქიტიშვილი, ასათიანი) ვერ შეძლო ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე მოხვედრა.

თაობას თაობა ცვლიდა, ჩვენი ფეხბურთელების უმრავლესობა ევროპის ტოპ-ლიგებში (ინგლისი, იტალია, გერმანია) ბრწყინავდა, მაგრამ საქართველოს ნაკრები მაინც ვერ ახერხებდა მთავარი მიზნის მიღწევას.

ახლა კი რა ხდება: აღარც ტოპ-ლიგებში თამაშობენ ქართველები და საერთოდაც, უნდა ვაღიაროთ, რომ დღესდღეობით მწარე რეალობის წინაშე ვდგავართ: საქართველოს ნაკრებში კი არა, საერთოდ, ქართულ ფეხბურთში კვალიფიციური მოთამაშეების კატასტროფული დეფიციტია!

აღარაფერს ვამბობთ სამწვრთნელო ფაქტორზე: დღემდე საქართველოს ნაკრებმა 9 შესარჩევი ციკლი ჩაატარა და მხოლოდ ოთხმა სპეციალისტმა (ჩივაძე, ტოპმიოლერი, კუპერი, ქეცბაია) შეძლო შესარჩევი ეტაპის დაწყება-დამთავრება. ანუ საქმეს არც გაუთავებელი სამწვრთნელო გადაადგილებები შველოდა და არც უნიჭო პიარ-კამპანიები.

არადა, მართლაც პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: 90-იან წლებში ჩვენი ნაკრების მწვრთნელ-ფეხბურთელებს კრიტიკა არ აკლდათ იმის გამო, რომ გერმანიას, ინგლისსა თუ იტალიას, შინ და გარეთ რატომ ვერ ამარცხებთო...

ნამდვილად ასე იყო: ჩვენთვის სადებიუტო შესარჩევ ციკლში მესამე ადგილი რომ დავიკავეთ (ხუთი მოგება გვქონდა!), აი, მაშინ ვიფიქრეთ, აწი ჩვენი შემჩერებელი ვერავინ იქნებაო.

თუმცა, რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა: ერთი-ორი ციკლის გამოკლებით, საქართველოს ნაკრები შესარჩევ ციკლს ბოლო ან ბოლოსწინა ადგილზე ამთავრებდა; თანაც, ბოლოსწინაზე რომ გავდიოდით, უკან ყაზახეთს, ფარერებს, მალტასა და მოლდოვას თუ ჩამოვიტოვებდით ხოლმე.

2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ხომ საერთოდ, შავი ლაქაა ქართული ფეხბურთის ისტორიაში: საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ვერც ერთი მატჩი ვერ მოიგო!

აი, სწორედ ამის შემდეგ მიხვდნენ ქართული ფეხბურთის "მამები", რომ უცხოელი სპეციალისტის მოწვევა წარმატების გარანტი ვერ იქნებოდა და ეროვნული ნაკრები თემურ ქეცბაიას ჩააბარეს.

ქეცბაიაა დღესაც ნაკრების "მესაჭე" და მასზე უკეთ არავინ იცის, თუ რა კონტინგენტი ჰყავს და რეალურად, რისი მიღწევა შეიძლება დღევანდელი შემადგენლობით...

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპებზე:

1998
ა თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 8 6 1 1 15-2 19
2. იტალია 8 5 3 0 11-1 18
3. პოლონეთი 8 3 1 4 10-12 10
4. საქართველო 8 3 1 4 7-9 10
5. მოლდოვა 8 0 0 8 2-21 0

მწვრთნელები: ალექსანდრე ჩივაძე; დავით ყიფიანი

2002
ა თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 8 6 2 0 16-3 20
2. რუმინეთი 8 5 1 2 10-7 16
3. საქართველო 8 3 1 4 12-12 10
4. უნგრეთი 8 2 2 4 14-13 8
5. ლიტვა 8 0 2 6 3-20 2

მწვრთნელები: დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი; ალექსანდრე ჩივაძე

2006
ა თ მ ფ წ ბ ქ
1. უკრაინა 12 7 4 1 18-7 25
2. თურქეთი 12 6 5 1 23-9 23
3. დანია 12 6 4 2 24-12 22
4. საბერძნეთი 12 6 3 3 15-9 21
5. ალბანეთი 12 4 1 7 11-20 13
6. საქართველო 12 2 4 6 14-25 10
7. ყაზახეთი 12 0 1 11 6-29 1

მწვრთნელები: ალენ ჟირესი; გაიოზ დარსაძე

2010
ა თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 10 7 3 0 18-7 24
2. ირლანდია 10 4 6 0 12-8 18
3. ბულგარეთი 10 3 5 2 1&-13 14
4. კვიპროსი 10 2 3 5 14-16 9
5. ჩერნოგორია 10 1 6 3 9-14 9
6. საქართველო 10 0 3 7 7-19 3

მწვრთნელი: ექტორ კუპერი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გია, ძალიან კარგი სტატიაა, მაგრამ ძალზე უადგლო. შესარჩევი ციკლის დაწყების წინ, ასეთ პესიმისტური წერილი დაუწერა თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებზე, არ ვიცი რა დავარქვა ამას. ხომ შეგეძლო სხვა დრო შეგერჩია და ახლა უფრო იმაზე დაგეწერა, თუ როგორ ემზადებიან ქართველ გულშემატკივართა ნაწილი არა თავისი ქვეყნის ნაკრების საგულშემატკივროდ, არამე პირიქით, ესპანელებისა. ძალიან ბევრ ქართველს ნახავ სტადიონზე ესპანეთის დროშით სახეზე. აი ამაზე დაგეწერა მატჩის წინ, აჯობდა.
stajiani gulshematkivari
11:33 07-09-2012
0
შანსები არი სკი . ხა ხა ხა
პელე
11:19 07-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული