მათე ღვინიანიძეს შემცვლელი მოუძებნეს - ლევან კაკუბავა

AutoSharing Option
ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ მალტასთან მატჩისთვის მოსამზადებელი შეკრება დაიწყო. ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ მზადების პირველ დღეს ერთი ვარჯიში ჩაატარა. თუმცა ვარჯიშამდე, ნაშუადღევს გაირკვა, რომ ეროვნულს კიდევ ერთი ფეხბურთელი, "მიუნხენ 1860"-ის მცველი მათე ღვინიანიძე გამოაკლდა.

"სამწუხაროდ ნაკრებში თამაშს ვერ შევძლებ, რადგან მუცლის ძარღვი მაქვს გაგლეჯილი. გამოძახებული ვარ და ეროვნული გუნდის შეკრებაზე მაინც ჩამოვედი. ნაკრების ექიმ დიმიტრი ზაალიშვილს უკვე ვაჩვენე დაზიანება. გამსინჯა და დარწმუნდა, რომ თამაშს ვერ შევძლებ. ძალიან გული დამწყდა. იმედი მაქვს, ნაკრები ორივე თამაშს მოიგებს", - "ლელოსთან" საუბარში აღნიშნა ღვინიანიძემ.

მეტი
სიცხადისთვის კომენტარის დიმიტრი ზაალიშვილსაც ვთხოვეთ: " მათეს ნეკნთან მუცლის ირიბი კუნთის მიმაგრება აქვს გაგლეჯილი. სხვათა შორის, საკმაოდ ძლიერი ტრავმაა და მწვავე ტკივილიც ახასიათებს. როგორც მათემ მითხრა, ადრე ნაწილობრივი დაზიანება ჰქონდა, ახლა ეს კუნთი მთლიანად გაგლეჯილია. ტრავმა ორი დღის წინ მიიღო და მას სერიოზული მკურნალობა ესაჭიროება. ღვინიანიძის ტრავმის შესახებ ნაკრების მთავარ მწვრთნელი თემურ ქეცბაია საქმის კურსში ჩავაყენე".

...ქეცბაიამ კი ღვინიანიძე შეკრებიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად თბილისის "დინამოს" მცველ ლევან კაკუბავას უხმრო. ასე რომ ნაკრებში, კვლავაც 23 ფეხბურთელია. შემადგენლობა, რომელიც არაერთხელ შეიცვალა, ამჟამად ასე გამოიყურება:

რევიშვილი, ლორია, რ. კვასხვაძე, კალაძე, ხიზანიშვილი, ასათიანი, სალუქვაძე, ლობჟანიძე, ამისულაშვილი, კვირკველია, კაკუბავა, კობიაშვილი, მერებაშვილი, ანანიძე, სირაძე, გოგუა, კოშკაძე, გელაშვილი, დაუშვილი, კვეკვესკირი, კლიმიაშვილი, ა. იაშვილი, დვალიშვილი.

საღამოს ქეცბაიამ გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ავარჯიშა. წვრთნამ ერთ საათს გასტანა. ვარჯიშზე ჯერჯერობით 18 ფეხბურთელია. დარჩენილი ხუთეულიდან ნაწილი ნაკრებს წუხელ შეუერთდა, ნაწილიც შეკრებაზე დღეს გამოცხადდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული