საქართველოს ნაკრები ფინეთთან მატჩისთვის უდანაკარგოდ ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ფინეთთან მოახლოებული დაპირისპირებისთვის მზადებას განაგრძობს.

შეგახსენებთ, თემურ ქეცბაიას გუნდმა შეკრება პირდაპირ ჰელსინკიში დაიწყო და ყოველდღიურ რეჟიმში, ერთჯერადად ვარჯიშობს.

ჯერ კიდევ ნაკრების შეკრებამდე მომხდარ იძულებით ცვლილებებს თუ არ გავითვალისწინებთ, სამწვრთნელო შტაბს სანაკრებო სიაში კორექტივების შეტანა აღარ მოუწია. ქეცბაიას განკარგულებაში მყოფი 24-ივე ფეხბურთელი სრულ მზადყოფნაშია და ჰიკ-ის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ვარჯიშობს.

10 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებმა სრული დატვირთვით ივარჯიშა. ინდივიდუალურად მხოლოდ ირაკლი სირბილაძემ ივარჯიშა, თუმცა საგანგაშო არაფერია, ფინური "ინტერის" თავდამსხმელი მატჩს სრულ მზადყოფნაში შეხვდება.

Sportall.Ge11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები მატჩის გამართვის
ადგილზე, ჰელსინკის ოლიმპიურ სტადიონზე ივარჯიშებს და ქეცბაიას პრესკონფერენციაც იქვე გაიმართება.

საქართველოს ნაკრები ამ შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი), ომარ მიგინეიშვილი (ტორპედო, ქუთაისი);

მცველები: უჩა ლობჟანიძე (კრივბასი, უკრაინა), აკაკი ხუბუტია (გაზ მეთანი, რუმინეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ზურაბ ხიზანიშვილი (ქაისერისფორი, თურქეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), გიორგი ფოფხაძე (ბაკი, აზერბაიჯანი), გია გრიგალავა (ვოლგა, რუსეთი), გულვერდ თომაშვილი (დილა, გორი);

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა), ირაკლი მაისურაძე (მეტალურგი, რუსთავი), თორნიკე ოქრიაშვილი (ილიჩევეცი, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე (არსენალი კიევი, უკრაინა), დავით თარგამაძე (ილიჩევეცი, უკრაინა), ჯაბა კანკავა (დნიპრო, უკრაინა), ლევან ყენია (კარპატი, უკრაინა), ნიკა ძალამიძე (იაგელონია, პოლონეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი მ. რუსეთი), ალექსანდრე გურული (დილა, გორი), დავით დევდარიანი (ორჰუსი, დანია);

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ირაკლი სირბილაძე (ინტერ ტურკუ, ფინეთი).

* * *
რაც შეეხება მეტოქეს, ფინეთის ნაკრები 12 ოქტომბერს დანიშნულ შეხვედრას დანაკლისის გარეშე ვერ ხვდება. მიქსუ პაატელაინენის გუნდს ჯერ თავდამსხმელი რიკუ რისკი, შემდეგ კი ნიას კუკი და მიკა ვაირინენი გამოაკლდნენ.

ფინურ პრესაში მათი ნაკრების თავდამსხმელის, რონი პოროკარას ინტერვიუს გადავაწყდით. იგი საქართველოს ეროვნულ გუნდზე ასეთი აზრისაა:

"საქართველოს ნაკრების რამდენიმე მატჩის ჩანაწერი ვნახეთ და დავრწმუნდით, რომ საქმე კარგად ორგანიზებულ და ბრძოლისუნარიან მეტოქესთან გვაქვს.

ამ გუნდს კარგად გამოსდის დაცვაში თამაში, რისი წყალობითაც ესპანეთთან ფრემდე სულ მცირედი დააკლდა.

დაძაბული ბრძოლის მოლოდინში ვარ და იმედი მაქვს, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. ასევე ვიმედოვნებ, რომ მწვრთნელი მოედანზე გასვლის საშუალებას მომცემს".


პოროკარას თქმით, ფინეთის ნაკრების ამოცანა 2014 წლის მუნდიალის შესარჩევ ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებაა.

* * *
ბოლოს ორიოდე სიტყვით 16 ოქტომბერს გასამართი არანაკლებ მნიშვნელოვანი შეხვედრაც ვახსენოთ, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელორუსი იქნება. გეორგი კონდრატიევის გუნდი მანამდე ესპანეთს მასპინძლობს.

ბელორუსთა თავკაცმა თავის პრესკონფერენციაზე, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონებთან დაპირისპირების გარდა, ფინეთ-საქართველოც ახსენა და თქვა, რომ საქართველოს ნაკრებს ჰელსინკიში წარმატების მიღწევა გაუჭირდება.

ესპანელებთან ბრძოლის წინ კი კონდრატიევს კარგად შეუსწავლია საქართველო-ესპანეთის ვიდეოჩანაწერი და დაასკვნა, რომ წარმატების ერთადერთი გზა მეტოქისთვის ბურთის კონტროლში ხელის შეშლაა.

სათქმელად ადვილია, შესრულებაზე კი რა მოგახსენოთ...

ოქტომბრის მატჩები ბევრ შეკითხვას გასცემს პასუხს და შესაძლოა, ჩვენი ჯგუფის ერთ-ორ ბინადარს საბოლოოდ ჩააქნევინოს ხელი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშზე.

დიდი იმედი გვაქვს, ხელმოცარულთა შორის საქართველოს ნაკრები არ იქნება და ორ გასვლით მატჩში ჩვენი ეროვნული გუნდი ქულათა საკმაო რაოდენობას მოუყრის თავს.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი

ჯგუფი I
გუნდი
1 საფრანგეთი 2 2 0 0 4-1 6
2 ესპანეთი 1 1 0 0 1-0 3
3 საქართველო 2 1 0 1 1-1 3
4 ფინეთი 1 0 0 1 0-1 0
5 ბელორუსი 2 0 0 2 1-4 0

12 ოქტომბერი
ფინეთი-საქართველო
ბელორუსი-ესპანეთი

16 ოქტომბერი
ბელორუსი-საქართველო
ესპანეთი-საფრანგეთი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაიას ექსკლუზივი - დაცვა, დაცვა და ისევ დაცვა!
ალეკო ამისულაშვილი: "ზენიტთან" ტრავმა კი მივიღე, მაგრამ ნაკრებში მაინც ვითამაშებ
გულვერდ თომაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეროვნულ გუნდს წარმატებაში დავეხმარო
ირაკლი სირბილაძე: არ მოტყუვდეთ, ფინეთის ნაკრებთან მძიმე თამაში გველის!
მკითხველის კომენტარები / 1 /
ახალგაზრდულიდან რო წაეყვანა თავდამსხმელი, ისიც გამოცდილებას მიიღებდა და იქნება გამოდგომოდა რამეში ამასაც. რაში ჭირდება ამდენი მცველი და ნახევარმცველი. ნუ გეშინია თემურ! მშიშარა ვერასდროს გაიმარჯვებს!
აბხაზი
11:12 11-10-2012
0

სიახლეები პოპულარული