გოჩა ტყებუჩავა: ფიზმომზადების გარდა, ფინელები ტაქტიკასა და ტექნიკაშიც წინ არიან

AutoSharing Option
12 ოქტომბერს ჩვენი ეროვნული ნაკრები მიმდინარე შესარჩევში ფინეთის ნაკრებს შეხვდება.

ფინურ ფეხბურთზე ბევრი არაფერი ვიცით. იქ თამაშობს ირაკლი სირბილაძე, ქვედა ლიგის გუნდებში კიდევ რამდენიმე ქართველი. მოკლედ, ფინეთში არაერთ ქართველს მოუკიდებია ფეხი.

პირველად ფინური ფანჯარა მაშინ გაიხსნა, როც 90-იან წლებში ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდი იყო. სწორედ მაშინ წავიდა ფინეთში სათამაშოდ გოჩა ტყებუჩავა.

ტყებუჩავა საბჭოთა პერიოდში თბილისის "დინამოს" და მოსკოვის "დინამოს" ფეხბურთელი იყო. რაც შეეხება მის სამწვრთნელო კარიერას, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გარდა, უმაღლესი ლიგის რამდენიმე გუნდში იყო მთავარი მწვრთნელი, ახლა კი
საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებს თავკაცობს.

ტყებუჩავას ფინურ პერიპეტიებზე, იქაურ ფეხბურთზე ვესაუბრეთ...

- როგორ აღმოჩნდით თბილისის "დინამოდან" ფინურ "ილვესში"? რითი მოგხიბლათ ფინეთში თამაშის პერსპექტივამ?
- მოთხოვნა ფინეთიდან იყო და მეც წავედი. მყისვე არ მითქვამს თანხმობა იქ თამაშზე. ჩემ გარდა, ფინეთში დათო ცომაია და კახა კაჭარავაც წამოვიდნენ, მათაც შეეძლოთ დარჩენა, მაგრამ სხვა გადაწყვეტილება მიიღეს. მე კი უკან დაბრუნებას ფინეთში დარჩენა ვამჯობინე.

მაშინ 1992 წელი იყო და საქართველოში თამაშს მშვიდ გარემოში ყოფნა ვამჯობინე.

- და როგორი გამოდგა ფინეთის ჩემპიონატი?
- რთული ჩემპიონატი იყო, ფიზმომზადებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, სირბილი, ტრენაჟორები... მოკლედ, დიდი დატვირთვები იყო.

ფინელები მაშინ ბრიტანულ სტილს ანიჭებდნენ უპირატესობას, თითქმის ყველა ფინური გუნდი ასე თამაშობდა. მწვრთნელიც შოტლანდიელი გვყავდა - იან გროფორდი.

პირველ სეზონში მე-6 ადგილზე გავედით, მომდევნოშიც ცხრილის შუაში ვიყავით. ურიგო გუნდი ნამდვილად არ გვყავდა.

- რა მიმართულება ჰქონდა არჩეული ფინურ ფეხბურთს, გარდა იმისა, რომ ფიზმომზადებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ?
- საფეხბურთო სკოლებშიც მომიწია რამდენიმე ვარჯიშის ჩატარება. ფეხბურთელისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო იქ. ფინელებს ისეთი ნიჭიერი ბავშვები არ ჰყავდათ, როგორც ქართველებს, მაგრამ სწორი მიმართულება ჰქონდათ არჩეული, ბურთის ფლობაზე, ტექნიკაზე მუშაობდნენ, ფიზიკური დატვირთვები კი ფეხბურთელებს 18-20 წლის ასაკიდან ეწყებოდათ.

ხანდახან ისეთი კროსები გვქონდა, რომ ქალაქიდან ქალაქში დავრბოდით. ეს ყველაფერი სასარგებლო იყო; ყოველ შემთხვევაში, მე მართლა გამომადგა.

- ახლანდელ ფინურ ფეხბურთზე რას გვეტყოდით?
- ორი წლის წინ ბელგიაში მომიწია ყოფნა და ბელგია-ფინეთის ამხანაგურ მატჩს დავესწარი. შეხვედრა 1:1 დასრულდა. საინტერესო, დაძაბული თამაში გამოვიდა, ფინელებმა ბელგიას ტოლი არაფერში დაუდეს, კარგად ითამაშეს. გამოჩნდა, რომ ფინელებს არცთუ ურიგო ტექნიკა ჰქონდათ.

ბელგიაში გავიგე, რომ ფინეთის ნაკრებში მოთამაშე ძმები ერიომენკოები ალექსეი ერიომენკოს შვილები არიან. მის წინააღმდეგ ფინეთშიც მითამაშია. სწორედ იმ პერიოდში მიიღო ფინეთის მოქალაქეობა, წარმოშობით კი როსტოველია.

- საქართველოს ნაკრებისგან რას ელით ფინეთთან შეხვედრაში?
- ადვილი თამაში ნამდვილად არ იქნება. ფიზმომზადების გარდა, ფინელები ტაქტიკაში და ტექნიკაშიც წინ არიან წასულები. კარგი იქნება, თუ ჩვენი ნაკრები ფინეთიდან ხელცარიელი არ წამოვა.

ფინეთში ქალაქიდან ქალაქში დავრბოდი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრები ფინეთთან მატჩისთვის უდანაკარგოდ ემზადება
ირაკლი სირბილაძე: არ მოტყუვდეთ, ფინეთის ნაკრებთან მძიმე თამაში გველის!
აკაკი ხუბუტია: ფინეთი საკმაოდ ძლიერი მეტოქეა, მაგრამ მოგება აუცილებელია
ალეკო ამისულაშვილი: "ზენიტთან" ტრავმა კი მივიღე, მაგრამ ნაკრებში მაინც ვითამაშებ
გულვერდ თომაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეროვნულ გუნდს წარმატებაში დავეხმარო
თემურ ქეცბაიას ექსკლუზივი - დაცვა, დაცვა და ისევ დაცვა!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული