მალტასთან პარასკევის მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიამ გუნდი შაბათ-კვირას ავარჯიშა. შაბათის წვრთნაში მონაწილეობა არ მიუღიათ ჯანო ანანიძეს, გოგიტა გოგუას, კახა კალაძეს, ლევან კობიაშვილს, მალხაზ ასათიანს, ზურაბ ხიზანიშვილსა და ნიკა კვეკვესკირს. ამ ექვსეულს აღდგენითი პროცედურები ჩაუტარეს. როგორც იცით, ხიზანიშვილმა მალტასთან ამ ციკლში მეორე გაფრთხილება მიიღო და ლატვიაში 12 ოქტომბრის მატჩს გამოტოვებს. კვეკვესკირი კი, შეთანხმებისამებრ, 19-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდა. არის მატებაც - მარჯვენა მცველმა უჩა ლობჟანიძემ დისკვალიფიკაცია მოიხადა და ლატვიაში თამაშის უფლება აქვს.
ნაკრების გუშინდელი ვარჯიში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ქეცბაიას განკარგულებაში 21
ფეხბურთელი იყო: ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე, კახა კალაძე, მალხაზ ასათიანი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე, უჩა ლობჟანიძე, დავით კვირკველია, ლევან კაკუბავა, ლევან კობიაშვილი, გოგიტა გოგუა, ჯანო ანანიძე, გიორგი მერებაშვილი, ალექსანდრე კოშკაძე, ირაკლი კლიმიაშვილი, მურთაზ დაუშვილი, დავით სირაძე, ალექსანდრე იაშვილი, ლადო დვალიშვილი, ნიკოლოზ გელაშვილი.
გუშინდელმა წვრთნამ საათზე მეტხანს გასტანა. ვარჯიში ტაქტიკური ხასიათისა იყო, აქცენტები კეთდებოდა გამძლეობაზეც. დღეს კი, 11 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი ჩარტერული ავიარეისით თბილისიდან რიგაში გადაფრინდება. დღეს საღამოსვე საქართველოს ნაკრები "სკონტო სთედიუმზე" მატჩისწინა დასკვნით ვარჯიშს გამართავს. რაც შეეხება მატჩის ტელერეპორტაჟს, ესეც გარკვეულია - 12 ოქტომბერს რიგიდან თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია 21 საათზე დაიწყება.