რევაზ ძოძუაშვილი: თემურ ქეცბაია ამ წრეს სასწრაფოდ უნდა ჩამოშორდეს

AutoSharing Option
ბოლო დროს ძველებურად აქტიური აღარ არის; დროს, ძირითადად, თავისივე სახელობის საფეხბურთო აკადემიას უთმობს და ახალგაზრდა მოთამაშეებს პროფესიული ფეხბურთისკენ უკვალავს გზას.

დარწმუნებულია, რომ ქართული ფეხბურთი გაცილებით მეტს იმსახურებს და მისი შეფასებებიც ისეთივე კრიტიკულია, როგორიც უწინ.

"კვირის პალიტრის" სტუმარი ცნობილი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი გახლავთ.

- მიუხედავად იმისა, რომ აღარ აქტიურობთ, ქართული ფეხბურთის დღევანდელ მდგომარეობას კარგად იცნობთ...
- რა თქმა უნდა, კარგად ვიცნობ... ერთადერთი, რამაც შეიძლება მეტ-ნაკლებად იმედიანად განგვაწყოს, ბავშვთა ფეხბურთია. აი, რაც შეეხება ეროვნული პირველობისა და ნაკრების სიძლიერეს, ამ მხრივ ძალიან ჩამორჩენილები
ვართ და მსოფლიო ფეხბურთის ბოლო ვაგონებით ვმგზავრობთ.

ჩვენი ფეხბურთის დიდი პოტენციალის მიუხედავად, დღეს სანაკრებო დონეზე ფაქტობრივად, არაფერს წარმოვადგენთ.

რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატს, კარგად ვნახეთ, რომ სატურნირო ცხრილის ზედა ადგილების ბედი ფედერაციაში წყდებოდა. ნახეთ, როგორ თამაშობენ ყოფილი საბჭოეთის ქვეყნების კლუბები ჩემპიონთა ლიგაზე, რომელსაც ვერც ერთი ქართული კლუბი ვერ მიეკარა.

ამიტომაც, თავს ნუ მოვიტყუებთ და თქვენი გაზეთის მეშვეობით მაინც ვთქვათ სიმართლე: ქართული ფეხბურთი ძალიან ცუდ დღეშია!

- რა არის ამის მიზეზი?
- პირველ რიგში, ქართული ფეხბურთის სათავეში მყოფი ხალხი. არაპროფესიონალებს ჩააბარეს ფეხბურთი! მათ მეტის გაკეთება არ შეუძლიათ, ამიტომ ვერც მოსთხოვთ, შედეგს კი ყველანი ვხედავთ.

გადახედეთ, ვინ ხელმძღვანელობს ევროპის, ან თუნდაც ყოფილი საბჭოეთის წარმატებულ კლუბებს - პროფესიონალები, ვისაც თავის დროზე დიდი ფეხბურთი უთამაშია, ვისაც ზურგს უდიდესი გამოცდილება და ავტორიტეტი უმაგრებს. და ჩვენთან? ერთი კლუბი მაინც დამისახელეთ, სადაც ისეთი ვეტერანი მუშაობს, ვისაც მსოფლიო დონის ფეხბურთი უთამაშია. ასეთი პროფესიონალები საერთოდ გარიყული იყვნენ ქართული ფეხბურთიდან და უმეტესობა დღემდე ასეა!

სულ გვიჩიჩინებდნენ - არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც დიდი ფეხბურთელი იყო, მაღალი დონის მწვრთნელი რომ დადგეო; ამის გამო უნდოდათ დიდი ფეხბურთელების "ჩარეცხვა".

ფეხბურთის ფედერაციის ბოლო ორი პრეზიდენტი ხომ ცალკე საუბრის თემაა: ისეთი საქმე ანდეს, ეს იგივეა, საოპერაციო მაგიდასთან მიგვეყვანა და ოპერაციის გაკეთება მიგვენდო მათთვის.

სფფ-ის მოქმედი თავკაცი საცირკო დასის ხელმძღვანელის პოსტიდან მოხვდა ახლანდელ თანამდებობაზე, უმცროსი ნოდარ ახალკაცი კი...

დიახ, მამამისმა ქართული ფეხბურთისთვის ბევრი გააკეთა, მაგრამ მამის დამსახურების გამო ამხელა პასუხისმგებლობა უნდა ავკიდოთ შვილს, რომელსაც ბურთისთვის ფეხი ერთხელაც არ დაურტყამს?!

- ნაკრებზე რას იტყვით, რა შეიძლება ქეცბაიამ დღევანდელი კონტინგენტით გააკეთოს?
- რა უნდა გააკეთოს და, უნდა ჩამოშორდეს იმ წრეს, რასაც სიჭინავას წრე, ფეხბურთის ფედერაციის წრე ჰქვია!

- როგორ უნდა ჩამოშორდეს, გადადგეს?
- კი არ უნდა გადადგეს, მათ გვერდით არ უნდა იყოს! თვითონ სიჭინავა უნდა გადადგეს, ქეცბაია კი საფეხბურთო საზოგადოების გვერდით დარჩეს!

- კითხვას გავიმეორებ: იმ ფეხბურთელებით, ვინც დღეს გვყავს, მეტის გაკეთება შეიძლება?
- კი, მაგრამ ვინ ირჩევს ამ ფეხბურთელებს? მუდმივი მუშაობა და სწორი სელექციაა საჭირო. თანაც, ფეხბურთელების ასე ხშირად შეცვლა როგორ შეიძლება? ნაკრების ბირთვი 14-15 მოთამაშისგან ყალიბდება. დანარჩენი შვიდიდან კი, შეიძლება, წელიწადში მაქსიმუმ 2-3 კაცი შეიცვალოს.

ჩვენთან? ყოველ ორ თამაშში ახალი დაცვა, ნახევარდაცვა, შეტევა გვყავს, დღეს ერთი თამაშობს, ხვალ - მეორე და ა.შ. ფეხბურთელმა კი არ უნდა გამოიყენოს ნაკრები უკეთეს გუნდში გადასასვლელად, ნაკრებმა უნდა გამოიყენოს ფეხბურთელები!

და თუ ვინმე ერევა მის საქმეში, ქეცბაიამ ხმამაღლა უნდა თქვას, რომ გარეშე სამყარო მის საქმიანობაში ერევა!

- თქვენ რომ იყოთ ნაკრების მწვრთნელი, ამ კონტინგენტით უკეთეს შედეგს მიაღწევდით?
- ფეხბურთელები კი არა, სისტემა, საქმისადმი მიდგომაა შესაცვლელი. ყველა უნდა იყოს ჩართული მზადებაში, თამაშების გარჩევაში. სამთვიან შვებულებას რომ მოიწყობენ და ნაკრები მატჩამდე ერთი თვით ადრე გაახსენდებათ, ეს არის საქმე?!

იცის ვინმემ, რა სტრატეგია და ტაქტიკა აქვს ნაკრებს? მხოლოდ დაცვაში "ჩაჯდომისა" და კონტრშეტევების იმედად ვინღა თამაშობს, რომელი საუკუნეა? დაცვა მნიშვნელოვანია, მაგრამ შეიძლება, ყველა მეტოქესთან ერთნაირად ითამაშო?

როგორ შეიძლება, ვზეიმობდეთ, როცა ესპანელებს მთელი თამაშის განმავლობაში ბურთი ვერ წავართვით და ბურთის ფლობის მაჩვენებლით ახალი რეკორდი (80%-20%) დავამყარებინეთ?!

გვაქვს პოტენციალი და ვალდებული ვართ, ქართული ფეხბურთი დღესვე გავიყვანოთ ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, იმიტომ, რომ ჩვენნაირმა ქვეყნებმა ეს უკვე მოახერხეს!

მაგრამ რა სტიმული უნდა ჰქონდეს ახალგაზრდა ფეხბურთელს, როცა ხედავს, რომ მისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი ხელისუფლებას სამაგალითოდ ჰყავს დასჯილი? გიორგი დემეტრაძე ხომ ტყუილუბრალოდ იხდის სასჯელს იმის გამო, რომ თურმე "ძველ ბიჭებთან" ძმაკაცობდა...

იბეჭდება მცირე ცვლილებით (იხილეთ სრულად)

რატი შელეგია

გაზეთი "კვირის პალიტრა"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს რო ვინმეს გააკრიტიკებს,შეეკითხეთ ყველა ფეხბურთელს ვინც სკონტოში თამაშობდა ხელფასის წილში უჯდა ყველას!!!აგრეთვე ტორპედოში რომ მოყავდა თავისი ხალხი ყველას ხელფასის წილში ეჯდა!
festina
12:03 29-10-2012
0
მჰ! დააადუმეთ ეს კაცი!
სასკია
12:19 29-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული