საქართველო-ლუქსემბურგი 3:1 - როგორ უნდა მოვუგოთ ამ თამაშით შოტლანდიას? [VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
ჩვენმა 17-წლამდელებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ლუქსემბურგელი თანატოლები დაამარცხეს.

მეტოქე ჩვენზე სუსტი იყო, თუმცა უბრძოლველად როდი დაუტოვებია მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.

Sportall.Geუკრაინასთან წაგების შემდეგ ქართველმა თინეიჯერებმა გუნება-განწყობილება გამოიკეთეს, რაც უმნიშვნელო ფაქტორი ვერ იქნება შოტლანდიასთან მატჩისთვის.

ლუქსემბურგი ფეხბურთში აუტსაიდერია, მაგრამ ნურც ის დაგვავიწყდება, რომ რამდენიმე წლის წინ ლუქსემბურგის "ეტცელას" თბილისის "ლოკომოტივი" გამოუგდია ევროტურნირებიდან.

ლუქსემბურგს პირველი გოლი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ყველაზე თვალისმომჭრელმა ფეხბურთელმა, ლუკა ზარანდიამ გაუტანა, ორი მეტოქე ჩამოიცილა და უნაკლოდაც დაარტყა.

Sportall.Geმოწინააღმდეგე მეტწილად შორეული დარტყმებით ცდილობდა ხიფათის შექმნას. ერთ-ერთი ასეთი მცდელობისას ოთარ
გოშაძეს
ბურთის კუთხურზე გადაგდება მოუწია.

ანგარიშის გაზრდა შეეძლო ჯემალ ტაბიძეს, რომელმაც ნაკუთხურალ ბურთს აკრობატულ ნახტომში უთავაზა - ლამაზად დარტყმულს სიზუსტე დააკლდა.

ჩვენი გუნდის თამაში უხარვეზო არ იყო, შეტევის ორგანიზება და განვითარება მარტივ ამოცანას არ წარმოადგენდა. ისევ ინდივიდუალური ოსტატობით თუ მოვუძებნიდით ღრიჭოებს ლუქსემბურგის დაცვას.

Sportall.Geილია კერძევაძე მეტოქის კარისკენ ზურგით იდგა, მიიღო ბურთი, კარგად შემოტრიალდა და ოციოდე მეტრიდან ეფექტური გოლიც გაიტანა - ბურთი "ცხრიანში" აღმოჩნდა.

შესვენების შემდეგ ჩვენი ნაკრებისგან უფრო მეტს ველოდით, თუმცა მეორე ტაიმის მოგება ვერ მოვახერხეთ.

შესაძლოა ქართველებმა ძალა დაზოგეს შოტლანდიასთან მატჩისთვის, ეს ხომ ერთობ კომპაქტური ტურნირია. პირველი მატჩი 30 ოქტომბერს იყო, მეორე კი 1 ნოემბერს, ორი დღის შემდეგ.

ლუქსემბურგელთა დამრიგებელმა მარკ ბაუმმა მოედანზე ახმახი თავდამსხმელი პიტ შუზი შეუშვა, ვისაც თავბურთელობის გარდა, სხვა ბევრიც არაფერი ევალებოდა.

Sportall.Geცვლილება მოახდინა გიორგი დევდარიანმაც - ნიკა ლაშხიას ნაცვლად ცოტნე მესხი გაამწესა პლეიმეიკერად.

შუზი პირველად 55-ე წუთზე დაემუქრა ქართველებს - თავური ოდნავ არაზუსტი გამოუვიდა.

ჩვენებმაც შეუტიეს სახიფათოდ, აკაკი შულაია მარცხნიდან შეიჭრა ლუქსემბურგის საჯარიმოში, მცველთან ბრძოლაში მოახერხა დარტყმა, ბურთის თავზე გადავლება მოუნდომა მეკარეს, თუმცა სიზუსტემ უმტყუნა.

ჩვენი გუნდის თამაშის გამწვავება ისევ ზარანდიამ მოახერხა რამდენჯერმე. მარჯვენა ფლანგზე დაასხა რეტი მოწინააღმდეგეს, მესხს დაუგორა ბურთი, რომელმაც ფინტით კი გააბითურა ერთი მცველი, მაგრამ ბურთი მეკარეს ვერ ააცილა და ოდენ კუთხურს გამორჩა.

Sportall.Geზარანდიამ კერძევაძეს დაუგდო ბურთი კარგად, რომელსაც შეეძლო, რომ პენალტი გამოეტყუა მსაჯისთვის, მაგრამ ასე არ მოიქცა, ორთაბრძოლის შემდეგ არ წაიქცა და ჭვინტი დაჰკრა ბურთს - ლუქსემბურგი მეკარემ იხსნა.

ქართველებმა მაინც მოახერხეს გოლის გატანა მეორე ტაიმშიც - მესხი გავიდა მეკარესთან პირისპირ და ოსტატურად გადაუგდო ბურთი თავზე.

ანგარიშის შენარჩუნება კი ვეღარ მოხერხდა, ტანმაღალმა შუზმა მეორე ცდაზე უზადოდ შეასრულა თავური და - 3:1.

მატჩის შემდეგ
Sportall.Geგიორგი დევდარიანი (საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

"წინა მატჩთან შედარებით ცვლილებები მოვახდინეთ. მესხის ნაცვლად სასტარტოში ლაშხია გავამწესეთ.

მესხი არ არის ოპტიმალურ ფიზიკურ ფორმაში და თავისი პოტენციალის ბოლომდე გამოყენებას ამიტომ ვერ ახერხებს. ის მაშინ შევუშვით მოედანზე, როცა მეტოქე შედარებით უკვე დაღლილი იყო.

ეს ის თამაში არ იყო, რომლითაც შოტლანდიას მოვუგებთ, თუმცა იმედია, რომ თამაშს გავაუმჯობესებთ.

ამ გუნდს საერთაშორისო მატჩების სათანადო გამოცდილება ჯერ არ აქვს. ამ ასაკში საერთაშორისო ტურნირებს დიდი მნიშვნელობა აქვს, გუნდი თამაშიდან თამაშამდე უმატებს. ეს მოგება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ფეხბურთელები უფრო თავდაჯერებულები იქნებიან შოტლანდიასთან მატჩისთვის.

პრობლემა გვაქვს დაცვის ცენტრში და ამის რამდენიმე დღეში აღმოფხვრა შეუძლებელი იქნება. ამიტომაც განსაკუთრებულად ყურადღებით უნდა ვითამაშოთ ფლანგებზე, რომ ბრიტანელებს ჩაწოდებების საშუალება არ მივცეთ".


U17. ევროპის ჩემპიონატი. შესარჩევი ტურნირი
01.11.2012. მიხეილ მესხი. 1500 მაყურებელი
საქართველო-ლუქსემბურგი 3:1 (იხილეთ ვიდეო)
1:0 ზარანდია (15), 2:0 კერძევაძე (35), 3:0 მესხი (78), 3:1 შუზი (80+2)

საქართველო ლუქსემბურგი
4-4-2 4-5-1
გოშაძე რულეზი
გელაშვილი ვიეგა
მარგველაშვილი პერეირა
ტაბიძე ბორხესი
შულაია ფლიესი
მალანია ალვერდი
თევზაძე საკრასი
ხარაიშვილი მერკში
ლაშხია რიკარდო
ზარანდია შვიტცი
კერძევაძე ტილი

მწვრთნელები:
გ. დევდარიანი - მ. ბაუმი

საქართველო
50. ლაშხია - მესხი
65. ხარაიშვილი - გოროზია
77. შულაია - პატარკაციშვილი
სათადარიგოები: ველიაშვილი, ქურდაძე, ჩაბრაძე

ლუქსემბურგი
47. მერკში - შუზი
53. რიკარდო - მანგენი
80. ალვერდი - ბონერტი
სათადარიგოები: ამოდიო, კოლკესი, ფელენი, ჰაკიმი

გაფრთხილება: შულაია (12), მერკში (29), მალანია (65), ფლიესი (73)

მსაჯი: ჯ. კაზანოვა (სან მარინო)

შოტლანდია - უკრაინა 0:0

გუნდი
1 შოტლანდია 2 1 1 0 5-2 4
2 უკრაინა 2 1 1 0 3-1 4
3 საქართველო 2 1 0 1 4-4 3
4 ლუქსემბურგი 2 0 0 2 3-8 0

4 ნოემბერი
საქართველო-შოტლანდია
უკრაინა-ლუქსემბურგი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო-უკრაინა 1:3 - მარცხი, რომელსაც ვერ გავექცეოდით [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული