ჯერჯერობით, ჯგუფს ხორვატები ლიდერობენ, მაგრამ დღეს საღამოს შესაძლოა F ჯგუფის თამადად სხვა გუნდი ანაც ორი თანალიდერი ვიხილოთ. თუმცა ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ და რიგაში მოვიგოთ. ლატვიაში მოგების, საქართველო ერთპიროვნული თუ არა თანალიდერი
ფერნანდო თუ ფერნანდესი?
ბერძნული გამოცემების მტკიცებით ფერნანდო სანტუშის გუნდი გალიდერების ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს, ლუის ფერნანდესის მომზადებულ ისრაელს შინ დაამარცხებს და ცხრილს სათავეში მოექცევა. როგორც ჩანს, ელადელ მიმომხილველებს ლატვიაში ჩვენი ნაკრების მოგება ვერ წარმოუდგენიათ. თორემ, თუ დღეს ქართველ ქომაგთან ერთად ბერძენმაც გაიხარა, მაშინ ეს ორი გუნდი ხორვატიას მესამეზე დააქვეითებს და 17 ნოემბრამდე ცხრილში ერთად მოექცევიან სათავეში.
თუ ვინ იზეიმებს პირეოსში ფერნანდო (სანტუში) თუ (ლუის) ფერნანდესი. ეს ამაღამ გამოჩნდება. მანამდე კი მოწინააღმდეგეთა ბანაკებს გადავხედოთ. როგორც ირკვევა მეტოქეები ამ მატჩს არც თუ მცირედი დანაკლისით ხვდებიან. საგულისხმოა ისიც, რომ ორივე ამ გუნდს უცხოელი თავკაცი ჰყავს. ბერძნებს პორტუგალიელი წვრთნის, ისრაელიანებს კი ფრანგი.
ისრაელთან მატჩში ბერძნებს ლატვიელებთან მატჩში ორი წამყვანი ფიგურა არ ეყოლებათ. ტრავმირებული ალექსანდროს ციოლისი და დისკვალიფიცირებული ვასილის ტოროსიდისი. ცნობისათვის, ეს ის ტოროსიდისია, რომლის ერთადერთი გოლის წყალობით გასულ პარასკევს ელადელებმა შინ ლატვია დაამარცხეს. სანტუში მათ აეკ-ის გარემარბ გრიგორის მაკოსითა და "პანიონიოსის" მარჯვენა მცველ იანის მანიატისით შეცვლის.
"ოქტომბერში მეორე მატჩსაც შინ ვითამაშებთ და ჩვენი გულშემატკივარი მორიგი 3 ქულით უნდა გავახაროთ. ისრაელი ლატვიაზე უკეთესი გუნდია, მაგრამ ჩვენ ამ მეტოქის დამარცხებაც შეგვიძლია. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ თამაშის მოგებით უკვე ლიდერები ვიქნებით და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ", - აღნიშნა ბერძენთა თავკაცმა ფერნანდო სანტუშმა.
ისრაელს ელადელებთან მატჩშიც არ ეყოლებათ გუნდის ლიდერი, "ჩელსის" ნახევარმცველი იოსი ბენაიუნი. ტრავმირებული კაპიტნის არყოფნაში სამკლავური ეროვნული გუნდის მეკარე დუდუ ავატიმ მოირგო და საბერძნეთში გასამართ მატჩს გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს.
"ხორვატიასთან წავაგეთ, მაგრამ მარცხს არ ვიმსახურებდით. გატანილი გოლის გარდა, კიდევ სამი რეალური საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. საბერძნეთში გადამწყვეტი მატჩი გვაქვს. ამ თამაშის მოგებით ჯგუფიდან გასვლის შანსს მნიშვნელოვნად გავზრდით. თუ წავაგებთ ეს შანსი გვარიანად შემცირდება, შესაძლოა დასამარდეს კიდეც".
დღევანდელი მატჩების წინ, ჩვენს ჯგუფში სატურნირო მდგომარეობა ასეთია:
თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 3 2 1 0 5-1 7
2. საქართველო 3 1 2 0 2-1 5
3. საბერძნეთი 3 1 2 0 2-1 5
4. ისრაელი 3 1 1 1 4-3 4
5. ლატვია 3 1 0 2 2-4 3
6. მალტა 3 0 0 3 1-6 0
დავით ცაბაძე