კვირკველია ყოველთვის აღნიშნავდა, რომ კარიერის აწყობას სოსო ფილიასა და გივი ნოდიას უმადლოდა. პირველმა დიდი ფეხბურთისკენ გაუხსნა გზა, მეორემ კი ივო შუშაკთან რეკომენდაცია გაუწია და ფოთის "კოლხეთის" მცველი თბილისის "დინამოში" გადაიყვანა.
იმ დროს "დინამოს" ძირითადში მოხვედრა ძნელი იყო. მის პოზიციაზე არჩილ სახვაძე მყარად იდგა, ნაკრების კანდიდატი იყო და კვირკველიას იმის წარმოდგენაც უჭირდა, რომ შემადგენლობაში დააყენებდნენ.
"პირველ ექვს მატჩში
მეორე შეხვედრის მერე სიმბოლურში მოვხვდი, მესამეც კარგად ჩავატარე, თამაში წამივიდა და ალექსანდრე ჩივაძემ ნაკრებში რუსეთთან ჩაშლილი მატჩის წინ მიმიწვია.
ჩემპიონატში ხუთი თამაში ჩავატარე და ერთიც არ ჩამიგდია. ნაკრებშიც ყველაფერი კარგად ამეწყო. ვარჯიშებზე მოვწონდი, მაგრამ ისეთი ფეხბურთელები იყვნენ, ძირითადში მოხვედრა ძალიან რთული იყო.
მერე ირლანდიასთან სახლში 1:2 წავაგეთ და შვეიცარიას სამ დღეში ვხვდებოდით. ბატონმა საშამ ოთახში შემიყვანა და მითხრა, რაც იქნება, ეს ჩემი საქმეა, შენ შენი ფეხბურთი ითამაშეო", - ამბობს კვირკველია.
გამოცდილ მოთამაშეს რუსეთთან 2003 წლის 30 აპრილის შეხვედრა განსაკუთრებით კარგად ახსენდება:
"შვეიცარიის მერე იყო რუსეთთან გადმოტანილი შეხვედრა და ამ ორმა მატჩმა ჩემი კარიერა შეცვალა. უცნაურია, სადებიუტო შეხვედრამდე უფრო ნაკლები ვინერვიულე, ვიდრე რუსებთან.
ამ მატჩამდე ისეთი აჟიოტაჟი ატყდა, აუცილებლად უნდა მოგვეგო. თუმცა, მოედანზე ყველაფერი ისე წარიმართა, გასახდელში გულდაწყვეტილიც კი შევედი, გაცილებით დიდი ანგარიშით რატომ არ მოვუგეთ-მეთქი. ისეთი ბედნიერი ვიყავი, კიდევ ორ ტაიმს ვითამაშებდი".
დავით კვირკველიას, კახი კალაძის, გოგიტა გოგუას, ოთარ ხიზანეიშვილის, გიორგი ქინქლაძის მაგალითებზე ვიტყვით: თითოეული მათგანი ბავშვობაში დაიწუნეს.
კვირკველია მშობლიური ქალაქის, ლანჩხუთის "გურიაში" არ აიყვანეს, მაგრამ ნიჭიერი მოთამაშეების აღმოჩენით ცნობილმა სოსო ფილიამ ფოთის "კოლხეთში" მიიწვია.
ახლა ყველაფრის გახსენება არც სურს:
"წყენას გულში არ ვიდებ, მაგრამ იმედგაცრუება რომ გამოვცადე, უფრო მონდომებით ვვარჯიშობდი. მსურდა ყველასათვის დამემტკიცებინა, რომ თამაში შემეძლო. გვერდითაც ისეთი ადამიანები უნდა გყავდეს, ვინც დაგინახავს, გენდობა და დაგეხმარება.
მადლობა ღმერთს, სოსო ფილია, გია ტყებუჩავა, გივი ნოდია, ივო შუშაკი და ალექსანდრე ჩივაძე ასეთები აღმოჩნდნენ და დიდ გზაზე დამაყენეს".
კვირკველიას 50-ე სანაკრებო მატჩზეც ველაპარაკეთ:
"ეროვნულ გუნდში 50-ე თამაშის ჩატარება საპატიოც არის და სასიამოვნოც. კარგია, ეგვიპტესთან რომ არ წავაგეთ, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, მოგვეგო და ხალხი გაგვეხარებინა.
აქვე ერთსაც ვიტყვი: მესმის, გულშემატკივარი სულ მოგებას ითხოვს, თუმცა რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ - ესპანეთისა და საფრანგეთის ჯგუფიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა ძალიან ძნელია.
და მაინც, მგონია, რომ ნაკრებში მცირე, მაგრამ პროგრესი იგრძნობა. ხომ არ დაგავიწყდათ, ორი წლის წინანდელი ციკლი მოუგებლად რომ დავასრულეთ?
ახლა მესამე ადგილზე ვიმყოფებით და მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტებს კონკურენციას ვერ ვუწევთ, ნაკრები ადრინდელივით უთავმოყვარეოდ არ აგებს.
ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს და ამ ბავშვებს გაზრდა, გამოცდილების მიღება სჭირდებათ. ქეცბაიამ უკვე ბევრი ფეხბურთელი გასინჯა და გაძლიერების გზებს ეძებს.
მაგრამ პირადად მე ეჭვი არ მეპარება, რომ პერსპექტიული ბიჭები გვყავს და მათ მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ. მთავარია, კლუბებში დამკვიდრდნენ და სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველო-ეგვიპტე 0:0 - ნამდვილი ფეხბურთის შიმშილი
თემურ ქეცბაია: საინტერესო თამაში გამოვიდა, თქვენ უსახურში რას გულისხმობთ?..