საქართველოს ნაკრების მატჩის ჩვენეული და სპეციალისტების შეფასება გასაგებია, მაგრამ, არანაკლებ საინტერესოა სხვების თვალით დანახული ჩვენი ეროვნული. მით უმეტეს, თუ იმ "სხვისთვის" კარგად ნაცნობი მეტოქე ვართ. ვნახოთ, რას წერენ ლატვიელი მიმომხილველები საქართველოსთან სამშაბათის მატჩის შემდეგ...
ლატვიური ვებგვერდების გადათვალიერებისას ერთი რამ აშკარად თვალში საცემია. ბალტიისპირელების უმრავლესობა გახარებულია ქართველებთან მიღწეული ფრით. ორი წლის წინ, თბილისში ალექსანდრს სტარკოვსის გუნდთან 1:3 რომ წავაგეთ, იმდროინდელი განწყობა გავიხსენოთ ჩვენი ქომაგების - ეს რა უბედურებაა, ლატვიასთან შინ უკვე ორი ბურთით ვაგებთ... მაშინ ეს ტენდენცია იყო გამეფებული.
"12 ოქტომბრის მატჩში აშკარა იყო, რომ საქართველოს ნაკრები უკვე სხვა გუნდია. დიახ, ეს არ იყო ის გუნდი, რომელიც სტარკოვსის ასისტენტმა ვლადიმირ სერბინმა თბილისში მალტასთან მატჩში ნახა. თემურ ქეცბაიამ (რომელიც ქართველთა ყველაზე ძლიერი თაობის ნაკრებში ერთ-ერთი ლიდერი იყო) ჩვენი ნაცნობი მეტოქე თვალსა და ხელშუა შეცვალა. სათამაშო დისციპლინა, მატჩის ბოლომდე ბრძოლა, მეტი ორგანიზებულობა... ეს ის ფაქტორებია, რომლითაც საქართველოს ნაკრები იმ გუნდისგან განსხვავდებოდა, რომელსაც ორი წლის წინ თბილისური მატჩის საწყის 30 წუთში 3 "მშრალი" გოლით ვუგებდით და მხოლოდ მატჩის მიწურულს გაგვიტანა კალაძემ პრესტიჟის გოლი" - წერს სპორტაცენტრს.ცომ.
საიტი ზინას.ნრა.ლვ-ს აზრი კი ასეთია: "ვერპაკოვსკისი რომ გვყოლოდა, ქართველებს კიდევ ერთხელ მოვუგებდით. მეტოქეს ისეთი დანაკლისი არ ჰქონდა, როგორც - ჩვენ. თუმცა ვერპაკოვსიკის გარეშეც კარგად გაუმკლავდა სტარკოვსის გუნდი მაღალი კლასის ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებულ მეტოქეს - კალაძე, კობიაშვილი, იაშვილი, ასათიანი, სალუქვაძე... მათ გარდა, მეტოქეს ანანიძეც ჰყავდა, რომელიც მცირე ასაკის მიუხედავად, საკვანძო ფიგურად წარმოჩნდა. როგორც ჩანს, 18 წლის ანანიძე დაიღალა და მოედნიდან მისი გაყვანით ჩვენს ნაკრებს მეტი შანსი მიეცა, უფრო მწვავედ შეეტია, რამაც ცაუნიას გოლიც მოგვიტანა. ასე გადავარჩინეთ ქულა...
რიგაში დვალიშვილის თამაშსაც ელოდნენ, მაგრამ ქეცბაიას გუნდმა ლადოს გარეშეც კარგად ითამაშა. ქართველებს ლატვიაში ნათამაშები კიდევ ერთი ფეხბურთელი ჰყავთ - მენთეშაშვილი, რომელიც რიგის მატჩის განაცხადში არ იყო".
"სტარკოვსის ფლანგის მოთამაშეებმა - ჟიგაევსმა და ცაუნიამ მნიშვნელოვანწილად განაპირობეს ქართველებთან ქულის გადარჩენა. სამშაბათის მატჩში უქულოდ რომ დავრჩენილიყავით, ჯგუფიდან გასვლის შანსი დასამარდებოდა. ჟიგაევსი და ცაუნია პერიოდულად ფლანგებს უცვლიდნენ ერთმანეთს. ეს ალბათ გამოცდილი კალაძის ფაქტორითაც იყო განპირობებული, რომელიც დაცვის გარდა შეტევაშიც ხშირად მონაწილეობდა. მეტოქეს სხვა კოზირებიც ჰქონდა - დიდი სამუშაო გასწიეს კობიაშვილმა, იაშვილმა და ჭაბუკმა ანანიძემ. ამჯერად, ჩვენთვის კარგად ნაცნობი მეტოქე საქართველოს ნაკრები მშვიდად, დამაჯერებლად, ორგანიზებულად და უფრო მწვავედ თამაშობდა, ვიდრე წინა მატჩებში. თუმცა სტუმრებს მაინც გაუჭირდათ გოლის გატანა", - უნიტყ.ლვ-სა და დიენა.ლვ-ს შეფასებები. ბოლოს კი ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ალექსანდრს სტარკოვსის კომენტარიც:
"ვფიქრობ, რომ თანაბარი თამაში იყო, ორმხრივი შანსებით და შედეგიც ლოგიკურია, მაგრამ, ორივე გუნდს მოგება უნდოდა და ეს შედეგი არცერთ გვაწყობდა. თუმცა ფრე წაგებას ნამდვილად სჯობს... ამაზე მე და ქეცბაიამ უკვე ვისაუბრეთ... არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვაგებდით, ბოლო წუთებზე გადავარჩინეთ ქულა და ეს მატჩი ჩვენთვის მაინც ჯილდოა მოთმინებისთვისა და ნაკრებში ჩატარებული სამუშაოსთვის. ჩვენ ახალ გუნდს ვაშენებთ და სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს. მაღალი კლასის ფეხბურთელების წინააღმდეგ მოგვიწია თამაშმა, ასეთები კი საქართველოში ყოველთვის იყვნენ... მათთვის ადრე მოგვიგია, მაგრამ დღევანდელი გუნდი სხვა იყო. ქართველებს ამჟამად ახალგაზრდა, თუმცა მაღალი დონის მწვრთნელი ჰყავთ, რომლის ხელწერა გუნდს უკვე ეტყობა - სათამაშო დისციპლინა, მეტი ორგანიზაცია, მწვავე შეტევები და სათანადო ტაქტიკა. ამჯერად საქართველო "კერკეტი კაკალი აღმოჩნდა".