ეროვნული ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ ლატვიასთან მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ სლოვენიასთან 17 ნოემბრის გასვლით ამხანაგური მატჩს ახალი ფეხბურთელების გამოსაცდელად გამოიყენებდა. შესაბამისად, ბალკანეთზე ჩვენი ეროვნული გუნდი გადახალისებული შემადგენლობით გაემგზავრება. როგორც გავიგეთ, ხსენებული სპარინგისთვის ქეცბაია, სავარაუდოდ, 30 ფეხბურთელს გამოიძახებს, რომელთაგან სლოვენიაში 22-ს წაიყვანს. შეკრების დაწყება 11 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი. არადა, 13-14 ნოემბერს, წესით, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მორიგი ტურის მატჩები უნდა გაიმართოს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პროფლიგა ამ ტურის გადადებას 27 ოქტომბრისთვის (ამ დღეს საქართველოს სუპერთასი გათამაშდება) აპირებს, ყოველ შემთხვევაში, ასეთია ჩანაფიქრი.
სლოვენიასა და
საქართველოს ნაკრებთა ამხანაგური მატჩი არა დედაქალაქ ლუბლიანაში, არამედ ქვეყნის ჩემპიონ "კოპერის" მშობლიურ, ამავე სახელწოდების ქალაქში, "ბონიფიკაზე" გაიმართება. ეს სტადიონი მხოლოდ 4 ათასს იტევს. აქამდე, სლოვენიის ნაკრებმა "ბონიფიკაზე" მხოლოდ ერთხელ ითამაშა - 2001 წლის 28 თებერვალს ურუგვაის ამხანაგურად გაეჯიბრა და 0:2 დამარცხდა.
დაბოლოს, ვნახოთ, თუ რა დონის გუნდი გვეყოლება სპარინგპარტნიორად ნოემბრის ამხანაგურ შეხვედრაში. 2007 წლიდან მოყოლებული, სლოვენიის ნაკრებს 49 წლის ადგილობრივი სპეციალისტი მატიაჟ კეკი წვრთნის. მანამდე ის 6 წლის განმავლობაში ჯერ "მარიბორს", ხოლო შემდეგ 15 და 16-წლამდელთა ნაკრებებს თავკაცობდა.
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენიის შედეგებსაც გადავავლოთ თვალი. მათიას კეკის გუნდმა ფარერები (5:1) და ესტონეთი დაამარცხა (1:0), სერბეთთან სტუმრად ფრე (1:1) ითამაშა... მანამდე კი სასტარტო შეხვედრაში ჩრდილოეთ ირლანდიასთან შინ დამარცხდა (0:1). სლოვენიელებს იტალიის მსგავსად 7 ქულა აქვთ და ჯგუფში მეორე ადგილზე არიან. ფიფას რეიტინგში სლოვენიამ ბოლოს 4 საფეხურით წინ წაიწია და ამჟამად მე-15 ადგილზეა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"