ალბანეთი-საქართველო 1:2 - ხასიათი ვნახეთ, გუნდი უკეთესი გვინდა [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ტირანაში დაძაბული ბრძოლა მოიგო, რითაც ფეხბურთელებმა შესარჩევი მატჩების წინ პოზიტიური განწყობა შეიქმნეს, ქართველ გულშემატკივრებს კი ნაკრებისადმი რწმენა ოდნავ მაინც გაუძლიერდათ.

თემურ ქეცბაიას გუნდს ნამდვილად არ უჩვენებია იმ ხარისხის ფეხბურთი, რომ ქებით ცაში ავიყვანოთ, უფრო პირიქით, კვლავ მრავლად იყო ხარვეზები და კონკრეტული ფეხბურთელები, რომლებიც სანაკრებო დონეს ვერ აკმაყოფილებენ.

სამაგიეროდ, საქართველოს ნაკრებმა გვიჩვენა ხასიათი - როცა გასვლით მატჩში, თუნდაც ამხანაგურში და თუნდაც ალბანეთთან, თამაში 0:1-დან 2:1-მდე მიგყავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ბრძოლა შეგიძლია და შესაძლოა, უფრო ძლიერ მეტოქესთანაც შეგიძლია გქონდეს
წარმატების იმედი.

მიმოხილვის დასაწყისში როინ კვასხვაძეს ვახსენებთ და აღვნიშნავთ, რომ მისი სახით ჩვენი ნაკრების კარში კიდევ ერთი საიმედო კიპერი ვნახეთ.

"ზესტაფონის” მეკარე ძირითად შემადგენლობაში გიორგი ლორიას შეუძლოდ ყოფნის გამო მოხვდა და ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა. მისმა რეაქციამ გოლისგან ორჯერ გვიხსნა - ერთხელ ზემოთ ნახსენებ ეპიზოდში და ერთხელად 79-ე წუთზე, როცა ანგარიში საყაიმო იყო - ალბანელთა მიერ შესრულებულ საჯარიმო დარტყმას მიმართულება ცოცხალმა კედელმა შეუცვალა, თუმცა კვასხვაძე ბურთს მაინც შესწვდა და საფრთხე ძელის დახმარებით გაანეიტრალა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების შემადგენლობასა და განლაგებას: შეხვედრა თადარიგში დაიწყეს გუნდის კაპიტანმა ჯაბა კანკავამ და ერთ-ერთმა წამყვანმა შუახაზელმა თორნიკე ოქრიაშვილმა, რაც სიურპრიზი არ ყოფილა - ორივე მათგანი საფრანგეთთან შესარჩევ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს და ქეცბაიამ მათი 11 კაცს მიღმა დატოვება ამიტომ გადაწყვიტა.

ნაკრებს პირველად უკაპიტნა გურამ კაშიამ, რომელიც პირველ ტაიმში საყრდენად მოგვევლინა, მეორეში კი ჩვეულ პოზიციაზე, დაცვის ცენტრში ითამაშა.

Sportall.Geმატჩის პირველ ნახევარში ცენტრალური მცველები ზურაბ ხიზანიშვილი და გია გრიგალავა იყვნენ, ხოლო ფლანგებზე უჩა ლობჟანიძე და ნაკრებში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებული ილია კანდელაკი მოქმედებდნენ; მოედნის ცენტრში კაშიას სანდრო კობახიძე შეუწყვილდა, მარჯვნიდან დავით თარგამაძე, ცენტრიდან ლევან ყენია, ხოლო მარცხნიდან ნიკა ძალამიძე უტევდა.

ერთადერთ ცენტრფორვარდად ქეცბაიამ ლევან მჭედლიძე გაამწესა, რომელიც პირველი ტაიმის შუაწელში შესაცვლელი შეიქნა და მისი ადგილი მათე ვაწაძემ დაიკავა.

თამაში დიდად სანახაობრივი არ ყოფილა, რაც მეტოქეთა არცთუ მაღალ კლასთან ერთად, მოედნის საფარის საშინელი მდგომარეობითაც უნდა იყოს გამოწვეული. უშინაარსო დებიუტის შემდეგ დაწინაურება მასპინძლებმა შეძლეს - ერიონ ბოგდანიმ გრიგალავას საჰაერო დუელი მოუგო და თავური დარტყმით ალბანელები წინ გაიყვანა.

თამაშის სურათი არ შეცვლილა, გუნდები ეპიზოდურად თუ ახერხებდნენ შინაარსიანი ფეხბურთის ჩვენებას. სამაგიეროდ, ეფექტური გამოდგა 41-ე წუთზე განხორციელებული კომბინაცია, რომელსაც ქართველთა გოლი მოჰყვა.

სწრაფი კონტრშეტევისას სამი ჩვენი შემტევი ორი ალბანელის წინააღმდეგ დარჩა და რიცხობრივი უმრავლესობა იდეალურად გამოვიყენეთ.

თარგამაძემ ბურთი ყენიას გაუჭრა, რომელმაც გამოზომილი გადაცემით ვაწაძე მოძებნა და ამ უკანასკნელმა ანგარიში თავური დარტყმით გაათანაბრა.

პირველი ტაიმის მიწურულს კვასხვაძემ აგოლის დარტყმა მოიგერია.

შესვენებაზე და მეორე ტაიმის მსვლელობისას ქეცბაიამ არაერთი ცვლილება განახორციელა, რასაც ჩვენი ნაკრების თამაშზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. პირიქითაც შეიძლება ითქვას - ოქრიაშვილმა გვიჩვენა, ვინ არის გუნდის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი.

Sportall.Geმეორე ტაიმის დასაწყისში ქართველებს დაწინაურება ორჯერ შეეძლოთ, მაგრამ ვაწაძესა და თარგამაძეს მიზნამდე მცირედი დააკლდათ.

გამარჯვების გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო - კვასხვაძის მიერ მოგერიებული რიკოშეტი უკვე ვახსენეთ.

გამარჯვების გოლი სტუმრებმა ოქრიაშვილის ფლანგური გარღვევის შემდეგ გაიტანეს. უჩა ლობჟანიძემ, რომელიც ცენტრფორვარდის პოზიციაზე აღმოჩნდა, ბურთს მიმართულება უცნაური, მაგრამ რაც მთავარია, შედეგიანი მოძრაობით შეუცვალა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა.

ლობჟანიძემ, ისევე, როგორც ვაწაძემ, ტირანაში პირველი სანაკრებო გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრებმა ტირანაში გამარჯვებით ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და როგორც უკვე ვთქვით, საკვალიფიკაციო მატჩის წინ დადებითი ფონი შექმნა.

გასვლითი გამარჯვებებით განებივრებულები არ ვართ და საღამო იმითაც არის კარგი, რომ ფიფას რეიტინგში წინ წაგვწევს, ხოლო იმის შეფასება, აქვს თუ არა პროგრესი ჩვენს ეროვნულ გუნდს, ოფიციალური შეხვედრებისთვის გადავდოთ.

ამხანაგური მატჩი
06.02. ტირანა. ქემალ სტაფა. 12 000 მაყურებელი
ალბანეთი-საქართველო 1:2
გოლები: 1:0 ბოგდანი (26), 1:1 ვაწაძე (41. ყენიას პასით), 1:2 ლობჟანიძე (83. ოქრიაშვილის პასით)

ალბანეთი: ბერიშა, ლილა, ოსმანი, კანა, კური, აგოლი, ბულკუ, ვილა, ბაქაი, როში, ბოგდანი
შეცვლაზე შევიდნენ: უიკანი, ტელუში, დუშკუ, ვუკაი, სადიკუ, არაპი, ჰისაი, ვაიუში, ლიკა, ბალაი, მუზაკა

საქართველო: კვასხვაძე - ლობჟანიძე, ხიზანიშვილი (78. თომაშვილი), გრიგალავა (46. კანკავა), კანდელაკი (46. კვირკველია) - კაშია, ს. კობახიძე (63. ძარია) - თარგამაძე, ყენია (61. გელაშვილი), ძალამიძე (46. ოქრიაშვილი) - მჭედლიძე (21. ვაწაძე)
სათადარიგოები: მაკარიძე, მ. კობახიძე

VideoSportall.Ge
ალბანეთი - საქართველო 1:2



ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს და ალბანეთის ნაკრებების ურთიერთდაპირისპირების ისტორია
მკითხველის კომენტარები / 11 /
ვაშაააააააააა!...ამას თუ ფეხბურთი ქვია...წადი რა ქეცბაია, თავი გაგვანებე...ღმერთი არა გწამს?
Jigaro
04:02 07-02-2013
0
ქეცბაია აკეთებს ყველაფერს არსებული მასალით რისი გაკეთაბაც შეიძლება. ნაკრების ბირთვის 70 80 პროცენტით უკვე შეიკვრა. სტაბილური ბირთვის შეკვრა ვერც ერთმა წინა მწვრთნელმა შეძლო. ასე რომ ქეცბას დამსახურება დიდია ნაკრების კეთების საქმეში. ქეცბას მიზანია მომდევნო შესარჩევში თავის გამოჩენა და იმედია ქვეჯგუფიც ზაან არ გვიმუხთლებს როგორც ახლა. წარმატებები, საქმე გონივრულად მიიწევს წინ.
gurami
12:34 07-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული