სამწუხაროდ, რაც დრო გადის, ეს მართლაც აუხდენელი ოცნება უტოპიად რჩება და იმის მოლოდინშიღა ვართ, ესა თუ ის შესარჩევი ეტაპი ერთი "ხმაურიანი" გამარჯვებით დავამთავროთ.
არადა, ჯერ ვერც ერთხელ შევძელით ევროპის ყველაზე ტიტულიან ნაკრებთა ტოპ-ხუთეულის დამარცხება: იტალიასთან, გერმანიასთან, ესპანეთთან, საფრანგეთთან და ინგლისთან პაექრობების წინ კვლავაც პირველი მოგების მოლოდინში ვართ.
ამ "დიდი ხუთეულის" ერთ-ერთ წარმომადგენელს
რისი იმედი უნდა გვქონდეს? რისი და, ამ წყვილში აშკარაზე-აშკარა ფავორიტად შერაცხილმა საფრანგეთის ნაკრებმა იქნებ სათანადოდ არ შეგვაფასოს და მოედანზე ზედმეტად თავდაჯერებული გამოვიდეს; არც ის დაგვავიწყდეს, რომ ჩვენებთან დაპირისპირების მერე ოთხ დღეში ფრანგებს ამ შესარჩევი ციკლის უმთავრესი მატჩი ელოდებათ მსოფლიოში უძლიერეს და... უძლეველ ესპანეთის ნაკრებთან.
მართალია, ფრანგების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი მუდამ იმას გაიძახის, რომ ესპანეთამდე ჯერ საქართველოსთან მატჩია და მთელი კონცენტრაცია ამ უახლოესი შეხვედრისაკენ გვაქვს მომართულიო, მაგრამ "რიბერი და კომპანია" 22 და 26 მარტის შეხვედრებს აშკარად სხვაგვარი მოტივაციით რომ ელოდებიან, ამას, ალბათ, ბევრი მტკიცება არ სჭირდება...
...მსოფლიოს ჩემპიონი (1998), ვერცხლისა (2006) და ბრინჯაოს ორგზის (1958, 1986) პრიზიორი, ევროპის ორგზის ჩემპიონი (1984, 2000) და ბრინჯაოსპრიზიორი (1996), კონფედერაციის თასის ორგზის გამარჯვებული (2001, 2003), ოლიმპიური ჩემპიონი (1984) - აი, ასეთი ტიტულებით ამაყობენ ფრანგები და სრულიად ბუნებრივია, როცა ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წინ ფავორიტთა შორის საფრანგეთის ნაკრებს მუდმივად მოიხსენიებენ ხოლმე.
...რაიმონ კოპა და ჟიუსტ ფონტენი, მიშელ პლატინი და მარიუს ტრეზორი, ჟან ტიგანა და ალენ ჟირესი, ერიკ კანტონა და ჟან-პიერ პაპენი, დავიდ ჟინოლა და იური ჯორკაეფი, ზინედინ ზიდანი და ლილიან ტურამი, ბიქსენტ ლიზარაზიუ და ემანუელ პეტი, ფაბიენ ბარტეზი და ლორან ბლანი, დიდიე დეშამი და კლოდ მაკელელე, პატრიკ ვიეირა და ტიერი ანრი, მარსელ დესაი და რობერ პირესი, დავით ტრეზეგე და ნიკოლა ანელკა, ფრანკ რიბერი და ქარიმ ბენზემა, - აი, არასრული ჩამონათვალი იმ ფრანგი ფეხბურთელებისა, საერთაშორისო დონის ვარსკვლავებად რომ უნდა მივიჩნიოთ.
თუმცა, ამ ისედაც შთამბეჭდავ სიაში ორი ფეხბურთელი მაინც ცალკე აღნიშვნის ღირსია: მიშელ პლატინიმ და ზინედინ ზიდანმა ხომ მთელი ეპოქა შექმნეს არა მხოლოდ ფრანგული, არამედ საერთოდ, თანამედროვე ფეხბურთში!
პირველი წარმატება და ხანგრძლივი კრიზისი
საფრანგეთის ნაკრების "ოქროს ხანა" XX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისს უნდა მივაკუთვნოთ; თუმცა ამ ქვეყნის ნაკრების პირველი საერთაშორისო აღიარება 1958 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს უკავშირდება: ფრანგებმა პირველად შეძლეს ნახევარფინალში გასვლა და საბოლოო შედეგიც (III ადგილი) უდიდეს წარმატებად შეფასდა.
საფრანგეთის ნაკრების იმდროინდელ შემადგენლობაში ორი ვარსკვლავი ბრწყინავდა: რაიმონ კოპა და ჟიუსტ ფონტენი; თანაც ამ უკანასკნელმა მართლაც უნიკალური შედეგი უჩვენა - 6 მატჩში 13 გოლი გაიტანა! მსგავსი შედეგი კი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში არც მანამდე, არც მერე აღარავის ჰქონია...
...ამის შემდეგ ფრანგულ ფეხბურთში გარკვეული კრიზისი დაიწყო: ამ ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ ხუთჯერ ვერ გადალახა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი; ასევე სრული ფიასკო ელოდა 1962, 1970 და 1974 წლების მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპებზე.
არადა, საქმეს არც ნაკრების მწვრთნელთა ცვლა შველოდა. გარკვეული პერიოდი ცნობილი რუმინელი სპეციალისტი შტეფან კოვაჩიც მოღვაწეობდა, თუმცა საკლუბო დონეზე წარმატებულმა ამ მწვრთნელმაც ვერ შეძლო კონკრეტული მიზნის მიღწევა (1976 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება).
სხვათა შორის, ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში შტეფან კოვაჩი ერთადერთი უცხოელი სპეციალისტია, ვისაც ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრები გაუწვრთნია. ისე, ფრანგები გერმანელების მსგავს პრინციპებსაც იცავდნენ: უმეტეს შემთხვევაში, ნაკრების მთავარ მწვრთნელად იმას ნიშნავდნენ, ვინც წინამორბედთან თანაშემწედ მუშაობდა. ასე იყო, მაგალითად, ანრი მიშელის, ჟერარ ულიეს, ემე ჟაკესა და როჟე ლემერის შემთხვევებში, თუმცა ხანდახან სხვა კრიტერიუმებითაც ხელმძღვანელობდნენ და საბოლოო შედეგიც ასევე სხვადასხვა იყო.
პლატინა... ოქროზე ძვირფასია!
შტეფან კოვაჩის ნაცვლად, 1976 წელს საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მიშელ იდალგო დაინიშნა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა 13-წლიანი პაუზის მერე შეძლო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება.
იდალგომ გუნდში რამდენიმე ახალგაზრდა დააწინაურა, მათ შორის, "ნანსის" 21 წლის გამთამაშებელი მიშელ პლატინი.
მიშელ პლატინი
უეფას დღევანდელი პრეზიდენტისათვის 1978 წლის მუნდიალი პირველი დიდი საერთაშორისო ასპარეზი იყო. აი, ოთხი წლის შემდეგ კი უკვე ჩამოყალიბებულ ვარსკვლავად იქცა. 1982 წელს საფრანგეთის ნაკრები მუნდიალის მთავარ ფავორიტად არ მოიაზრებოდა, თუმცა იმავე პლატინის ფაქტორის გათვალისწინებით, ამ გუნდის ნახევარფინალში გასვლა არავის გაჰკვირვებია.
ნახევარფინალური მატჩი კი (საფრანგეთი-გერმანია) მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ პაექრობად არის მიჩნეული. დრამატიზმით აღსავსე შეხვედრა გამოდგა: თუნდაც იმ ფაქტის გახსენება რად ღირს, როცა გერმანელთა მეკარემ ჰარალდ შუმახერმა უმძიმესი ტრავმა მიაყენა ფრანგების მცველ პატრიკ ბატისტონს; შეგახსენებთ, რომ ბატისტონი მოედნიდან უგონო მდგომარეობაში, საკაცით გაიყვანეს, თუმცა შუმახერს წითელი კი არა, ყვითელი ბარათიც არ უჩვენეს!
მაგრამ ეს არასასიამოვნო ინციდენტიც დაიჩრდილა მოედანზე განვითარებული მოვლენებით: დამატებით დროში ფრანგებმა ერთიმეორეზე ეფექტური გოლები გაიტანეს (მარიუს ტრეზორი, ალენ ჟირესი) და მეორე დამატებით ტაიმს ბევრიც არაფერი უკლდა, 3:1-ს რომ იგებდნენ.
თუმცა გერმანელებმა მართლაც შეუძლებელი შეძლეს და კარლ-ჰაინც რუმენიგემ ორ მეურვესთან ორთაბრძოლისას მაინც შეძლო ურთულესი მდგომარეობიდან ერთი ბურთის გაქვითვა, შემდეგ კი კლაუს ფიშერმა ეფექტური "მაკრატელათი", გოლით ეს საოცარი შეხვედრა პენალტების სერიაში გადაიყვანა.
იქ კი შუმახერმა თავისი დანაშაული "გამოისყიდა": მაქსიმ ბოსისა და დიდიე სიქსის პენალტები მოიგერია და გერმანია ფინალში გავიდა, საფრანგეთი კი ისე იყო დემორალიზებული ამ მარცხით, მესამე ადგილისათვის, ფაქტობრივად, არ უბრძოლია.
...ამასობაში ევროპაში მიშელ პლატინის ზეობის პერიოდი იდგა: ეს მართლაც გენიალური ფეხბურთელი ზედიზედ სამჯერ გახდა სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი (ტურინის "იუვენტუსის" შემადგენლობაში). ამას გარდა, ზედიზედ სამჯერ დასახელდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად (სხვათა შორის, ეს მიღწევა მხოლოდ ახლახან გააუმჯობესა ლეო მესიმ)!
პლატინის მართლაც შთამბეჭდავი თამაშის წყალობით საფრანგეთის ნაკრები 1984 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ 1986 წლის მუნდიალზე ფრანგები ერთ-ერთი უპირველესი ფავორიტის სტატუსით უნდა გამგზავრებულიყვნენ. სტატუსი კი შეინარჩუნეს, მაგრამ ამჯერად უკვე ანრი მიშელის (ნაკრების ყოფილი კაპიტნის) ხელმძღვანელობით მოასპარეზე საფრანგეთის ნაკრებს ხელი ისევ ნახევარფინალში და ისევ... გერმანელებთან მატჩში მოეცარა!
არადა, მეოთხედფინალში ფრანგებმა ტურნირის ერთ-ერთი კი არა, ალბათ, ნომერ პირველი ფავორიტი ბრაზილია დაამარცხეს... პენალტების სერიაში. ესეც ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი იყო მუნდიალების ისტორიაში: ძირითად დროში ზიკომ გააცუდა თერთმეტმეტრიანი, პენალტების სერიაში კი ბრაზილიელთა მეორე ლიდერმა - სოკრატესმა...
იმ მუნდიალზე ფრანგები მესამე ადგილს დასჯერდნენ, მიშელ პლატინიმაც თავისი ბრწყინვალე საფეხბურთო კარიერა დაასრულა და 1988 წლის შემოდგომაზე კვლავაც დაბრუნდა საფრანგეთის ნაკრებში, ოღონდ ამჯერად უკვე მთავარი მწვრთნელის რანგში!..
ბოლო წამების დრამა
პლატინის ხელმძღვანელობით, საფრანგეთის ნაკრებმა ბრწყინვალე შედეგი აჩვენა: 1992 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გუნდმა ყველა, 8 მატჩი მოიგო! პლატინის გუნდში რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი (ერიკ კანტონა, მანუელ ამორო, ლუის ფერნანდესი, ჟან-პიერ პაპენი) თამაშობდა, ხოლო დიდიე დეშამსა და ლორან ბლანს სწორედ მაშინ ჰქონდათ დებიუტი ეროვნულ ნაკრებში.
შვედეთში ჩატარებულ ევრო-1992-ზე საფრანგეთი ერთ-ერთი ფავორიტის რანგში ჩავიდა, მაგრამ ჯგუფური ეტაპიც ვერ დაძლია: შვედებთან და ინგლისელებთან ფრეს დანიასთან მარცხი "მოაყოლეს" და პლატინიც სამწვრთნელო საქმიანობას სამუდამოდ დაემშვიდობა. მისი ადგილი კი გამოცდილმა სპეციალისტმა ჟერარ ულიემ დაიკავა, ვინც მანამდე პლატინის ასისტენტი გახლდათ.
ულიეს წინაშე, ერთი შეხედვით, მარტივი ამოცანა იდგა: არცთუ ძლიერი ქვეჯგუფიდან 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა.
ყველაფერი აქეთკენაც მიდიოდა: შესარჩევი ციკლის დასრულებამდე 2 ტური რჩებოდა და ფრანგებს 1 ქულაღა სჭირდებოდათ აშშ-ის მუნდიალის საგზურის მოსაპოვებლად. თანაც, ორივე მატჩის ჩატარება შინ უწევდათ და ამ დროს მართლაც სასწაული მოხდა: ფრანგებმა ჯერ უმოტივაციო ისრაელთან წააგეს (2:3), შემდეგ კი ემილ კოსტადინოვისაგან ბოლო წამზე გაუშვეს ბურთი (1:2) და საგზურიც იღბლიან ბულგარელებს დარჩათ...
"უცნაური" ჟაკე და ზინედინ-დიდი!
ულიე თავისმა თანაშემწემ, ემე ჟაკემ ჩაანაცვლა და მაშინ, 1993 წლის მიწურულს, ვერავინ იფიქრებდა, რომ თურმე სწორედ ეს სპეციალისტი მოუტანდა საფრანგეთს ყველაზე დიდ წარმატებას.
ჰო, რაც ვერ შეძლეს კოპას, პლატინის, ტიგანას, ჟირესის, კანტონას, პაპენისა და ჟინოლას თაობებმა, ემე ჟაკეს დამოძღვრილმა ნაკრებმა მოახერხა!
არადა, ამ სპეციალისტს თავიდანვე ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა: იმის მიუხედავად, რომ ჟაკეს ხელმძღვანელობით საფრანგეთის ნაკრებმა 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალამდე მიაღწია, მის სამწვრთნელო შესაძლებლობებს მაინც სკეპტიკურად აფასებდნენ.
თუმცა ჟაკე ყურს არავის უგდებდა და ნაკრებში ახალ-ახალ ფეხბურთელებს აწინაურებდა: იური ჯორკაეფს, კრისტიან კარამბეს, ლილიან ტიურამს. რაც მთავარია, ნაკრების თამაში ზინედინ ზიდანზე "ააწყო", რომელიც ჯორკაეფთან ერთად ფორვარდების უკან იყო გამწესებული. ამ ორ შემტევ ნახევარმცველს კი ზურგს ერთდროულად სამი საყრდენი (კარამბე, პეტი, დეშამი) უმაგრებდა და ამიტომაც უწუნებდნენ ჟაკეს ზედმეტად თავდაცვით ტაქტიკას.
ემე ჟაკე
თუმცა, მთავარი წინ იყო: 1998 წლის მუნდიალი საფრანგეთში უნდა ჩატარებულიყო და გულშემატკივართა თუ ჟურნალისტთა არნახული თხოვნა-მოთხოვნის მიუხედავად, ჟაკემ მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წაიყვანა ერიკ კანტონა, დავიდ ჟინოლა, ჟან-პიერ პაპენი და პატრის ლოკო. არადა, ფრანგებს თავდასხმაში სერიოზული პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ ზემოთ ნახსენები ვარსკვლავების ნაცვლად ჟაკემ არჩევანი კრისტოფ დიუგარიზე, სტეფან გივარშზე, ბერნარდ დიომედსა და იმ დროისათვის ახალგაზრდა ტიერი ანრიზე გააკეთა.
ეს ყველაფერი რისკზე მეტი იყო, მაგრამ საბოლოოდ რა და როგორ მოხდა, ყველას კარგად მოეხსენება: ზინედინ ზიდანის, ლილიან ტიურამის, ფაბიან ბარტეზის, ემანუელ პეტის, ლორან ბლანის, ბიქსენტ ლიზარაზიუსა და მათი თანაგუნდელების შთამბეჭდავი თამაშის წყალობით, საფრანგეთის ნაკრები თავის ისტორიაში პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი!
მართლაც ძლიერი გუნდი იყო, თუმცა ზინედინ ზიდანი მაინც გამორჩეული გახლდათ: ფინალში სულაც "დუბლი" შეასრულა და მუნდიალის ნომერ პირველ ფავორიტ ბრაზილიელებს, საერთოდ, შანსი არ დაუტოვა!
ზინედინ ზიდანი
...ზიდანმა მერეც გაიბრწყინა. შემდეგ ტიერი ანრის, დევიდ ტრეზეგეს, პატრიკ ვიეირასა და კლოდ მაკელელეს თაობა წამოვიდა; საფრანგეთის ნაკრებს 1998 წლის მუნდიალის მოგების მერე აღმასვლაც ჰქონდა და დაღმასვლაც, ტიტულიც მოუგია (ევრო-2000) და სირცხვილიც უჭამია (2002 და 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე), ნაკრების სათავეში ოდიოზური მწვრთნელიც (რაიმონ დომენეკი) ჰყოლიათ და ასე შემდეგ; თუმცა ყველაფერს ერთ საგაზეთო პუბლიკაციაში ნამდვილად ვერ ჩავტევთ და XXI საუკუნის საფრანგეთის ნაკრებზე მაშინ ვისაუბროთ, როცა ამა წლის შემოდგომაზე თბილისში გვესტუმრებიან.
დღეს კი, მოდი, წინა საუკუნის საფრანგეთის ნაკრების წარმატებების "შეხსენებით" შემოვიფარგლოთ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"