საფრანგეთი VS საქართველო - იქნებ სათანადოდ არ შეგვაფასონ!

AutoSharing Option
წინასგან განსხვავებით, ამ შესარჩევ ციკლში წილისყრამ აშკარად გაგვწირა: მსოფლიოში მართლაც უძლეველ ესპანელებთან ერთად ჩვენს ჯგუფში თანამედროვე ფეხბურთის კიდევ ერთი გრანდი, საფრანგეთის ნაკრები მოხვდა.

რა თქმა უნდა, დღესდღეობით ფრანგებს აღარა ჰყავთ მიშელ პლატინის, ზინედინ ზიდანისა თუ ტიერი ანრის დონის ვარსკვლავები, მაგრამ საფრანგეთის ნაკრები მუდამ მოიაზრება ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალური ეტაპების ერთ-ერთ ფავორიტად.

...ფრანკ რიბერი, ქარიმ ბენზემა, პატრის ევრა, უგო ლორისი, - ფრანგები არც ახლა განიცდიან მაღალი კლასის შემსრულებლების ნაკლებობას; ეგ კი არა, სამირ ნასრის დონის ფეხბურთელს რომ არ იხმობენ ეროვნულ
ნაკრებში, ამაზე არც ღელავენ - საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ახლო წარსულში ამავე გუნდისა თუ "მარსელის", "ვალენსიას", "იუვენტუსისა" და "ჩელსის" შემადგენლობაში არაერთი ტიტულის მომხვეჭ დიდიე დეშამს მოთამაშეთა მართლაც სოლიდური არჩევანი აქვს.

აღარაფერს ვამბობთ იმ "გამართულ კონვეიერზეც", წლების განმავლობაში რომ არის დანერგილი ფრანგულ ფეხბურთში: წელიწადი არ გავა, ამ ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებიდან ერთი-ორი გამორჩეული ახალგაზრდა ეროვნულ ნაკრებში რომ არ დაწინაურდეს.

საერთოდაც, საფრანგეთში ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება იყო და იმის დიდი შანსიც არის, რომ ამ ქვეყნის უპირველესი გუნდის მაისურა პირველად სწორედ საქართველოს ნაკრებთან მატჩში მოირგოს ორმა მართლაც უნიჭიერესმა მოთამაშემ: 19 წლის ცენტრალურმა მცველმა რაფაელ ვარანმა (მადრიდის "რეალი") და 20 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ (ტურინის "იუვენტუსი").

ოთხ დღეში ფრანგებს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელოდებათ ამ ჯგუფის უგამოკვეთილეს ფავორიტ ესპანელებთან; ანუ არ არის გამორიცხული, რომ დიდიე დეშამმა 22 მარტს გასამართ მატჩში თავისი გუნდის რამდენიმე ლიდერი დაასვენოს კიდეც.

ჰოდა, მეტოქისადმი (ანუ საქართველოს ნაკრებისადმი) არასათანადო შეუფასებლობამ ხომ შეიძლება ჩვენდა სასიკეთოდ იმოქმედოს?

თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ ისევე, როგორც შარშან შემოდგომაზე, ესპანელებთან საშინაო მატჩში, საქართველოს ნაკრები 22 მარტის შეხვედრაშიც ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხისგან თავისუფალი უნდა იყოს: საფრანგეთთან დამარცხების გამო ხომ არავინ დაძრახავს ჩვენს ფეხბურთელებს.

მოკლედ, იმის სურვილი გვაქვს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სტადიონზე (პარიზის "სტად დე ფრანსი" ნამდვილად განეკუთვნება ასეთ კატეგორიას) საქართველოს ნაკრებმა ღირსეულად ითამაშოს და ჩვენთვის სასურველ შედეგსაც თუ მივაღწიეთ, ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს.

არადა, ამის მიღწევა მართლაც ძალიან ძნელი იქნება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ისედაც არსებული ადამიანური რესურსის დეფიციტის პირობებში, ჩვენი ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაია ფრანგებთან მატჩში რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს მოისაკლისებს.

სტატისტიკა იმათ მხარესაა...
დღევანდელი მეტოქეები სანაკრებო დონეზე აქამდე ერთმანეთს ორჯერ შეხვედრიან და, რა გასაკვირია, რომ ორივეჯერ გამარჯვება ფრანგებს დარჩათ.

პირველი მატჩი 7 წლის წინათ ჩატარდა: შეგახსენებთ, რომ 2006 წლის დასაწყისში საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად კლაუს ტოპმიოლერი დაინიშნა და გერმანელი სპეციალისტი იმასაც "შეგვპირდა", რომ 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურისათვის ვიბრძოლებდით.

დასაწყისი მართლაც ჩინებული იყო: შესარჩევი ციკლის სადებიუტო შეხვედრაში ჩვენმა ნაკრებმა სტუმრად 6:0 გაანადგურა ფარერების ნაკრები. აი, ამის მერე კი საშინაო მატჩი გველოდა ფრანგებთან, რომელიც განახლებულ "დინამოს" სტადიონზე უნდა ჩატარებულიყო.

თითქმის ერთწლიანი პაუზის მერე გახსნილი და გაკოხტავებული ეროვნული სტადიონი ბოლომდე რომ გაივსებოდა, ისედაც ცხადი იყო; სავსე ტრიბუნები კარგია, მაგრამ მატჩის საბოლოო შედეგს, მოგეხსენებათ, მწვრთნელის მიერ სწორად შერჩეული ტაქტიკა და ფეხბურთელების საშემსრულებლო ოსტატობა განაპირობებს (აღარაფერს ვამბობთ მეტოქის ფაქტორზე).

სამწუხაროდ, ფრანგებთან მატჩის ბედი საწყის 20 წუთში გადაწყდა: მეტოქემ ჩვენი მარჯვენა ფლანგი მართლაც რომ წალეკა (ფლორიან მალუდა და ტიერი ანრი, რასაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ) და ორბურთიანი უპირატესობაც მოიპოვა.

სხვათა შორის, ამ მატჩის შემდეგ ბევრმა გააკრიტიკა ტოპმიოლერის არჩეული ტაქტიკა: ფრანგების წინააღმდეგ, ფაქტობრივად, სამი ფორვარდით (შოთა არველაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე) და პლუს შეტევაზე ორიენტირებული შუახაზელით (დავით მუჯირი) ასპარეზობა გაუმართლებელ რისკად (გნებავთ, ავანტიურად) შეფასდა.

სამაგიეროდ, ერთი წლის მერე, როცა ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ გვქონდა, ტოპმიოლერმა საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში, ფაქტობრივად, შვიდი ნომინალური მცველი გამოიყვანა!

Sportall.Ge
2007 წლის 6 ივნისი. საფრანგეთი-საქართველო 1:0
ისე, მართლაც უცნაური მატჩი გამოდგა - ფრანგებს უდიდესი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ ერთადერთ გოლს (სამირ ნასრი) დასჯერდნენ...

საკლუბო დონეზე ფრანგებს უფრო მეტჯერ შევხვედრივართ, მაგრამ კატასტროფული შედეგი გვაქვს: 8 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ ვითამაშეთ ფრედ და დანარჩენი 7 შეხვედრა წავაგეთ (ბურთების სხვაობა: 4-24)! არადა, ევროტურნირებზე რომ გვითამაშია ფრანგულ კლუბებთან ("გენგამი", "ტრუა", "სოშო", "ლანსი", "რენი"), ამათგან არც ერთი არ მიეკუთვნება ამ ქვეყნის საზომითაც გრანდთა კატეგორიას...

როცა საქართველოს ნაკრებისა და ქართული კლუბების მეტოქეებთან ურთიერთდაპირისპირებებს ვიხსენებთ, მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ჩატარებულ შეხვედრებზე ვსაუბრობთ. არადა, მანამდე ჩატარებული საერთაშორისო მატჩებიც არ უნდა დაგვავიწყდეს, მით უფრო, რომ ფრანგები ერთხელ მაინც დაგვიმარცხებია!

ლაპარაკია თასების მფლობელთა თასის 1981-82 წლების სეზონზე, როცა ამ ტურნირის მერვედფინალში თბილისის "დინამომ" ფრანგულ "ბასტიას" აჯობა; კუნძულ კორსიკაზე ჩატარებული მატჩი ფრედ (1:1) დამთავრდა, საპასუხო შეხვედრაში კი წყვილის აშკარა ფავორიტად შერაცხილმა "დინამომ" (რა დრო იყო?!) მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და რამაზ შენგელიას (დუბლი) და თენგიზ სულაქველიძის გოლებით "ბასტია" 3:1 დაამარცხა.

სხვათა შორის, "ბასტიას" შემადგენლობაში ასპარეზობდა შემდგომში ცნობილი კამერუნელი ფეხბურთელი როჟე მილა...

Sportall.Ge

Sportall.Ge

საფრანგეთისა და საქართველოს ნაკრებებისა და კლუბების ურთიერთშეხვედრათა ისტორია
სანაკრებო დონეზე
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
02.09.2006. თბილისი, "ეროვნული". 55 000 მაყურებელი
საქართველო-საფრანგეთი 0:3
0:1 მალუდა (7), 0:2 საა (16), 0:3 ასათიანი (47, საკუთარ კარში)
საქართველო: გრ. ჭანტურია - ალადაშვილი (39. კანდელაკი), ხიზანიშვილი, ასათიანი, გოგუა - კობიაშვილი, კანკავა - დემეტრაძე, დ. მუჯირი (82. მენთეშაშვილი), იაშვილი (96. კვირკველია) - შ. არველაძე
მთავარი მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი
კაპიტანი: ლევან კობიაშვილი
საფრანგეთი: კუპე - სანიოლი, ტურამი, გალასი, აბიდალი - ვიეირა, მაკელელე (58. მავუბა) - რიბერი (69. გოვუ), ანრი, მალუდა - საა (86. ვილტორი)
გაფრთხილება: კობიაშვილი, კანკავა, გოგუა, დემეტრაძე
არბიტრი: ი. ვეგერეფი (ჰოლანდია)

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
06.06.2007. ოსერი, "აბე დეშამი". 23 000 მაყურებელი
საფრანგეთი-საქართველო 1:0
1:0 ნასრი (33)
საფრანგეთი: ლანდრო - კლერკი, ტურამი, გალასი, აბიდალი - მაკელელე, ტულალანი - რიბერი (90. გოვუ), ნასრი, მალუდა (65. სისე) - ანელკა (90. ბენზემა)
საქართველო: ლომაია - სალუქვაძე (12. დ. მუჯირი), ხიზანიშვილი, ხიზანეიშვილი, კალაძე - ბურდული, ღვინიანიძე, კანკავა (89. შაშიაშვილი), კვირკველია, ელიავა (62. მარცვალაძე) - იაშვილი
მთავარი მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი
კაპიტანი: კახა კალაძე
გაფრთხილება: ხიზანიშვილი, კანკავა
არბიტრი: ლ. ბატიშტა (პორტუგალია)

ევროპის საკლუბო ტურნირები
ინტერტოტოს თასი
13.07.1996. ფოთი, "ფაზისი".
კოლხეთი 1913-გენგამი 1:3
0:1 კარნო (23), 0:2 ორლავილი (61), 0:3 ორლავილი (65) 1:3 ამბიძე (74).
კოლხეთი: გოგუა, ქუნთელია (75. ღაღანიძე), შ. ხუჯაძე, ქობულაძე, თიბილაშვილი, ნ. მიქაბერიძე (46. ბულუხია), სოლოღაშვილი, ტორჩინავა (69. ინიაშვილი), გახოკიძე, ბ. ამბიძე, გაბისონია
არბიტრი: ვ. ბუტენკო (რუსეთი)

ინტერტოტოს თასი, II ეტაპი
01.07.2001
ტრუა-ვიტ ჯორჯია 6:0
1:0 მენირი (16), 2:0, 3:0 ბუტალი (29, 38), 4:0 გუზი (48), 5:0 ჯუკიჩი (60), 6:0 ბუტალი (68)
ვიტ ჯორჯია: მერლანი, საჯაია (73. ბეროშვილი), ინწკირველი, ჭანკოტაძე, არეშიძე (46. ფეიქრიშვილი), ლ. ნოზაძე, დიღმელაშვილი, თ. დოლიძე (46. სულთანიშვილი), ყიფიანი, ადამია, ლ. მელქაძე
არბიტრი: მ. იფელი (ისრაელი)

08.07.2001. თბილისი, "ეროვნული". 3000 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია-ტრუა 1:1
0:1 გუსე (81), 1:1 მელქაძე (89)
ვიტ ჯორჯია: მერლანი, თ. დოლიძე (56. საჯაია), ინწკირველი, ჭანკოტაძე, არეშიძე, ლ. ნოზაძე (67. ფეიქრიშვილი), დიღმელაშვილი, გოგობერიშვილი, ყიფიანი, ადამია (58. მეტრეველი), ლ. მელქაძე
არბიტრი: დ. დიმიტროვი (ბულგარეთი)

უეფას თასი. I საკვალიფ. ეტაპი
14.08.2003. ლანსი, "ჟან-ფელიქს ბოლერი". 26 000 მაყურებელი
ლანსი-ტორპედო 3:0
1:0, 2:0 უტაკა (70, 83), 3:0 დიოპი (85)
ტორპედო: სტურუა, ლ. ჭელიძე, ხვადაგიანი, მახვილაძე, ს. თოდუა, ახალკაცი, ბაბუნაშვილი, გამეზარდაშვილი, ყიფიანი, პოროშინი (41. ნერგაძე), მუშკუდიანი
არბიტრი: დ. დრაბეკი

28.08.2003. ქუთაისი, "ტორპედო". 8000 მაყურებელი
ტორპედო-ლანსი 0:2
0:1, 0:2 ბაქარი (35, 41)
ტორპედო: სტურუა, ლ. ჭელიძე, ხვადაგიანი, მახვილაძე, ს. თოდუა, ახალკაცი (86. ნერგაძე), კვეტენაძე (65. კვერნაძე), გამეზარდაშვილი, ბაბუნაშვილი, ყიფიანი, ქუთათელაძე (65. ლაღაძე)
არბიტრი: ფ. ბედე (უნგრეთი)

უეფას თასი. ჯგუფური ეტაპი
21.10.2004. თბილისი, "ლოკომოტივი". 22 000 მაყურებელი
დინამო (თბ)-სოშო 0:2
0:1 ილანი (18), 0:2 პაისლი (38)
დინამო: მამალაძე, შაშიაშვილი, სალუქვაძე, ჭიჭვეიშვილი, რომერო (83. დვალი), შ. კაშია (73. ალადაშვილი), კანდელაკი, ნემსაძე, ახალაია, კაკალაძე, ლ. მელქაძე
არბიტრი: შ. მესნესი (ავსტრია)

ევროპალიგა. III საკვალ. ეტაპი
28.07.2011. თბილისი, "ეროვნული". 10 000 მაყურებელი
მეტალურგი-რენი 2:5
0:1, 0:2 ბუკარი (17, 31), 1:2 ჯაფარიძე (41), 1:3 პიტროიპა (42), 1:4 ფერე (49), 2:4 რაზმაძე (56, პენალტით), 2:5 პიტროიპა (79)
მეტალურგი: ბედიაშვილი (46. ბათიაშვილი), მურველაშვილი, კვახაძე, ორბელაძე, ჯაფარიძე, რაზმაძე, ი. მაისურაძე, გ. მიქაბერიძე (32. მახვილაძე), გეწაძე (67. ტყემალაძე), მოდებაძე, ქობალია
გაძევება: მურველაშვილი
არბიტრი: მ. პანაი (კვიპროსი)

04.08.2011. რენი, "სტად დე ლარუ". 14 000 მაყურებელი
რენი-მეტალურგი 2:0
1:0 მონტანიო (75), 2:0 ფერე (85)
მეტალურგი: ბათიაშვილი, ორბელაძე, ლომაია, მახვილაძე, ჯაფარიძე, გ. მიქაბერიძე (56. დობროვოლსკი), ი. მაისურაძე, ქავთარაძე (77. აბურჯანია), გეწაძე, ტატანაშვილი (61. ქობალია), მოდებაძე
არბიტრი: ა. მუნუკა (ფინეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალური შედეგისთვის იბრძოლებს
დიდიე დეშამი: საქართველოს დამარცხება სერიოზული განაცხადია საფრანგეთისთვის
ლადო დვალიშვილი: გრანდების რიდი დიდი ხანია, დავძლიეთ
ირაკლი ძარია: ყველაფერს ვიზამთ, რომ საფრანგეთში საქართველო არ შევარცხვინოთ
მათე ვაწაძე: საფრანგეთთან მატჩს ბევრი ფეხბურთელი განსაკუთრებულად ელოდება
მკითხველის კომენტარები / 1 /
დღეს 2013 წლის 22 მარტია; საქართველოს ნაკრები ხვდება საფრანგეთის ნაკრებს საფრანგეთში; წარმატებებს ჩვენს ნაკრებს და საქართველოს; გგულშემატკივრობთ მთელი სულით და გულით;
mara
15:47 22-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული