"თემურ ქეცბაია საბერძნეთთან მატჩის შემდეგ უნდა გადამდგარიყო!"

AutoSharing Option
რედაქციაში ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგის პრეზიდენტი ზურაბ პეტრიაშვილი დაგვიკავშირდა და ეროვნული ნაკრების მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას შესახებ მოსაზრება დააფიქსირა:

- დიდხანს ვიკავებდი თავს, ვფიქრობდი, თემურ ქეცბაიას ვინმე მაინც ეტყოდა, საზოგადოებაში ასე არ იქცევიანო.

მაგრამ საფრანგეთთან თამაშის შემდეგ პრესკონფერენციაზე მომხდარმა დამარწმუნა, რომ ის ჩვეულ სტილში აგრძელებს ყველას დაცინვა-დამცირებას.

VideoSportall.Ge
თემურ ქეცბაიას კამათი ქართველ ჟურნალისტთან


ასეთი იყო მისი გამოსვლები "ქორთიარდში", როდესაც ვეტერანებს "გაუსწორდა"; ჟურნალისტებთან წინა შესარჩევი ციკლის შემაჯამებელ ტელეპრესკონფერენციაზე; გადაცემა "105 წუთში", სადაც "ქომაგთა ლიგას" "გადაგვიარა".

სავარაუდოდ, დამქირავებელთან საუბრის გარდა, მისი სტილი ყვირილია.
გვიყვიროდა ვეტერანებს, სად იყავით, როცა სტადიონები იკარგებოდა და ქართულ ფეხბურთს ანგრევდნენო. საზოგადოებამ კი იცის, სადაც ვიყავით "ქომაგთა ლიგა", სპორტული ჟურნალისტები, აქტიური ვეტერანები.

თავად სად იყო და ხმას რატომ არ იმაღლებდა? ეს იმ დროს, როდესაც უცხოეთში მოღვაწე ქართველის ნათქვამი უფრო წონიანია, ვიდრე შინ მოღვაწისა.

ინებეთ ფაქტი: ის ეროვნულის მწვრთნელია, ჩივაძე კი - მხოლოდ ახალგაზრდულის.

- ჩივაძეს საქართველოში დაფასება არ აკლია...
- აქ სხვა რამეზეა ლაპარაკი. ეტყობა, ნაკრებში დასაქმებამდე ქეცბაიამ არ იცოდა, საქართველოში რა ხდებოდა. საყვედურობდა, სტადიონები დაიკარგა, უამრავი ფული დაიხარჯა და ქართული ფეხბურთის ხარჯზე ბევრმა მოითბო ხელიო, მაგრამ ამ ყველაფრის წინააღმდეგ ჩვენ არ ვიბრძოდით?

"ქომაგთა ლიგამ" ყველაფერი გააკეთა, რათა კლაუს ტოპმიოლერსა და მის გუნდს მილიონიანი კონტრაქტები არ გაგრძელებოდათ;

სფფ-სთან გამართულ მასშტაბურ მიტინგზე გავაპროტესტეთ სტადიონების გასხვისება, ტრადიციული ქალაქების უფეხბურთოდ დატოვება და ა.შ.

ორგანიზაციებმა "ჩვენი ფეხბურთი", "გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს", "ქომაგთა ლიგამ", ვეტერან ფეხბურთელთა კავშირმა, რამდენიმე სპორტულ ჟურნალისტთან ერთად, 2008 წლის აპრილში თბილისის ჭადრაკის სასახლეში, დიდ საფეხბურთო ყრილობაზე, მოვითხოვეთ ჩვენი ფეხბურთის ნგრევის დასრულება, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები და არალეგიტიმური, "ნაცმოძრაობის" მიერ ძალადობრივი გზით დანიშნული ნოდარ ახალკაცი-უმცროსის გადადგომა.

ამ ბრძოლას სასურველი შედეგი იმიტომ არ მოჰყვა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თავისას ძალადობით აკანონებდა.

ასე ვიბრძოდით ქეცბაიას მიერ სხვადასხვა დროს გალანძღული ხალხი, თავად კი იმ პერიოდში კარიერით იყო დაინტერესებული და სამშობლოსაკენ მხოლოდ მაშინ გამოიხედა, როდესაც "ნაციონალების" მორიგმა ფავორიტმა ზვიად სიჭინავამ საქართველოს ნაკრებში ძვირად ღირებული კონტრაქტი შესთავაზა.

Sportall.Ge- ქეცბაიას ჩამოყვანა მაშინ გულშემატკივრებსაც სურდათ და ეს მცირე სახსრებით ვერ მოხერხდებოდა. კონკრეტულად რას ედავებით?
- საზოგადოებაში ნაკრების მწვრთნელს სხვაგვარი მოქცევა ევალება. ჩათვალა, რომ არავინ არაფერი იცოდა და შეეძლო, ყველასათვის პატარა ბავშვებივით ეყვირა და ჭკუა ესწავლებინა.

მისმა ქედმაღლობამ გილბერტ კიტ ჩესტერტონის სიტყვები გამახსენა - "ადამიანი იერარქიაში რაც უფრო მაღლა ადის, მით უფრო პატარავდებიან ქვემოთ მყოფნი, ჭიანჭველებს ემსგავსებიან და მათი გასრესვაც ჭიანჭველასავით შეიძლება".

ასე ზემოდან გვიყურებს ჩვენ, ვინც ავტობუსით დავდივართ. ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად.

დაუკვირდით მის ძველბიჭურ ლექსიკას, ან ეს "ტო"-ს ხმარება რა უბედურებაა. ქართულ ფეხბურთში ყველა უვიცი და უსაქმური ყოფილა და თურმე, ქართული ფეხბურთისთვის სანთელივით მხოლოდ ის და ბატონი სიჭინავა იწვიან.

ამპარტავნობა და ქედმაღლობა ვახსენე. "ოლიმპიაკოსიდან" ორიოდე თვეში ამიტომ წამოვიდა და ამის გამო აქვს ნაკრების ფეხბურთელებთან დაძაბული ურთიერთობა.

საქართველოში თუ არაფერი ვიცით, უცხოელებისგან მაინც ისწავლოს. არგენტინის მწვრთნელობისას მარადონა ფეხბურთელებს ეფერებოდა. მასკერანოს მასზე ნაკლებ ტექნიკას კი არ საყვედურობდა, აქებდა და მაქსიმალური შედეგისათვის განაწყობდა.

ქეცბაიამ კი წინა შესარჩევ ციკლში არაერთი გადამწყვეტი გოლის გამტანი თავდამსხმელი სირაძე სათადარიგო სკამზე დასვა და ქილიკობდა, რა ბედი აქვს, სულ იტანსო. მას, კახი კალაძესა და ლევან კობიაშვილს როგორ მოექცა, როდესაც მისგან და ფეხბურთის ფედერაციისაგან პატივით გაცილებას იმსახურებდნენ.

- ქეცბაიამ გამოაცხადა, რომ კობიაშვილის გაცილების მატჩს ნოემბერში გეგმავდა...
- მერე, ეს კობიაშვილმა არ იცოდა?! ვეტერან ფეხბურთელებს და მათ ამაგს ჩემი წარდგენა არ სჭირდებათ. სერიოზული პასუხის ღირსადაც არ მიიჩნევს სპორტულ ჟურნალისტებს, რომლებიც ეროვნული ჩემპიონატის სახეს უნარჩუნებენ - ამ ტურნირის არსებობას ხალხი სწორედ მედიის წყალობით იგებს. ესეც არაფერი ყოფილა.

ახლა "ქომაგთა ლიგაზეც" ვიტყვი, რომლის წარმომადგენლებიც "ნაფტალინიდან ამოღებულებად" მოგვნათლა. ორგანიზაცია სფფ-ის დამოუკიდებლობის ინიციატორებმა დავაფუძნეთ და მასში ბევრი ცნობილი პიროვნება გაერთიანდა, მათ შორის, "გურიისა" და "დინამოს" ვეტერანები.

ყველაფერი გავაკეთეთ, საქართველო მსოფლიოს პოლიტიკურ და საფეხბურთო რუკაზე რომ გაჩენილიყო, ეროვნული ნაკრები გვყოლოდა, საკუთარი ჩემპიონატი ჩაგვეტარებინა, იგივე ქეცბაიას "ნიუკასლში" რომ ეთამაშა...

ახლა ვიბრძვით, ჩვენი ფეხბურთი სწორად რომ განვითარდეს, სახსრები გონივრულად დაიხარჯოს, ნიჭიერი ბავშვები სწორ გზას დავაყენოთ და დიდ წარმატებას მივაღწიოთ.

- ქეცბაიას ემოციურობა ზოგჯერ მართლაც გამაღიზიანებელია, მაგრამ მის დამსახურებას და სანაკრებო წარსულს ხაზს ნუ გადაუსვამთ...
- როგორ გეკადრებათ! ქეცბაია ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფეხბურთელია და მისი გულიანი თამაში ყოველთვის მახარებდა, მაგრამ ახლა მის მწვრთნელობასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტილზე ვლაპარაკობ, რომელსაც შედეგით აფასებენ.

წინა ციკლში ერთ-ერთ ყველაზე სუსტ ჯგუფში საქართველომ ბოლოსწინა ადგილი დაიკავა. გაგვასწრეს ბერძნებმა, ხორვატებმა და ებრაელებმა და ლატვიელებმაც კი, ხოლო ბოლო ადგილზე გასულმა მალტამ ერთადერთი ქულა ჩვენთან მოიპოვა.

შესარჩევი ტურნირის ბოლო შეხვედრა თბილისში საბერძნეთთან განსაკუთრებული მსჯელობის საგანი უნდა გამხდარიყო.

გამარჯვებით საბერძნეთი პირველ ადგილზე გადიოდა, ჩვენ კი ლატვიას გავასწრებდით და რეიტინგს გავიუმჯობესებდით. ბერძნებს მეტი მოტივაცია ჰქონდათ. არ ვუსმენ, რას ამბობდნენ ამ მატჩზე ბოროტი ენები; მხოლოდ ის ვიცი, მეორე ტაიმში, ბერძნები რომ დაწინაურდნენ, ქეცბაიას სამივე ცვლილება გამოყენებული ჰქონდა, ტრავმირებული თარგამაძე ვეღარ შეცვალა, შეხვედრა 10 კაცით დავასრულეთ და ანგარიშის გათანაბრების შანსიც წაგვერთვა.

მართალია, საფრანგეთთან წაგების გამო არ უნდა გადადგეს, მაგრამ ეს საბერძნეთთან დაშვებული შეცდომების გამო უნდა გაეკეთებინა. საჩოთირო მაინც არის, ორი შესარჩევი ციკლი ნაკრებს შედეგის გარეშე ხელმძღვანელობდე და მილიონებს იღებდე ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ღარიბია.

ნაკრების ქართველ მწვრთნელებს ხომ ორი ათას ლარზე მეტი ხელფასი არ ჰქონიათ. მათ შორის - ალექსანდრე ჩივაძეს, რომლის დროსაც შესარჩევ ჯგუფში საუკეთესო შედეგს, მესამე ადგილს მივაღწიეთ.

- კარგი კონტრაქტი შესთავაზეს და უარს ხომ არ იტყოდა? მეორეც არის - სულ მეშინია, ასეთი სიტყვების შემდეგ ქეცბაიამ ფეხი არ დაჰკრას და არ დავკარგოთ...
- ეს არავის გვსურს! მაგრამ მის ადგილზე ზომიერ ხელფასს დავჯერდებოდი, დაზოგილი ფულით კი ბავშვთა ფეხბურთის პრობლემების ნაწილობრივ მოგვარება და ნიჭიერი ბავშვებისათვის "ინტერნატის" ტიპის საფეხბურთო ცენტრების აშენებაა შესაძლებელი.

თემური 1968 წელს დაიბადა, როდესაც 18 წლის ბიჭი საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების წევრი ვიყავი. უფროსი ძმასავით ვურჩევ: კვიპროსის ფეხბურთს იქაურები მიხედავენ, მან კი საფეხბურთო სკოლა საქართველოში გახსნას და ჩვენი ფეხბურთის წარმატებაში შეიტანოს წვლილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზურაბ პეტრიაშვილი: საუკეთესო პრეზიდენტი, ალბათ, მერაბ ჟორდანია იყო...
ზურაბ პეტრიაშვილი: ასეთი გადასახადებით ბავშვებს ვერ გავზრდით
მკითხველის კომენტარები / 26 /
როგორც დაუსვა კითხვა ისე მიიღო პასუხი. სწორადაც მოიქცა.
giorgi
13:24 05-04-2013
0
ქეცბაია კარგი მწვრტნელია და სასურველია რომ კიდევ დიდხანს იყოს ეროვნული ნაკრების მწვრტნელად.სედეგებს კი მერე ვნახავტ,ბევრი რამეა დასალაგებელი და იმედი მაქვს რომ მალე დალაგდება რომ სედეგი მივიგოტ
giorgi
07:46 31-12-2013
0

სიახლეები პოპულარული