რამდენს იღებს თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებში?

AutoSharing Option
როცა შედეგი არ არის, განსაკუთრებულად მაშინ ინტერესდებიან, რამდენი აქვს ხელფასი გუნდის მთავარ მწვრთნელს.

უხერხულია, კაცს ჰკითხო, ჯამაგირი რამდენი გაქვსო, მაგრამ როცა ფული სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მიდის, მგონი, ამის კითხვის უფლებაც ჩნდება. თანაც, საქმე ეროვნულ ნაკრებს ეხება.

ამ დღეებში ფორუმზე თუ სხვა სოციალურ ქსელებში დაიდო დოკუმენტი, რომელიც ადრეც იყო გამოქვეყნებული ერთ-ერთ მედიასაშუალებაში. ეს არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას წერილი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის სახელზე.

"საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით, ფეხბურთის სახელმწიფო პროგრამით გამოყოფილი ასიგნებებიდან გთხოვთ,
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ თეიმურაზ ქეცბაიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნოემბრის თვეში კუთვნილი თანხა 209 500 ლარი გადმოგვირიცხოთ",
- ნათქვამია წერილში, რომელიც 2012 წლის 12 ნოემბრით არის დათარიღებული.

Sportall.Ge

ფედერაციის პრესსამსახურმა ამ წერილის ავთენტურობა დაგვიდასტურა და ოფიციალური განცხადებაც გამოგვიგზავნა.

* * *
მედიაში კიდევ ერთხელ გაჟღერდა თემა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის - თემურ ქეცბაიას ანაზღაურების შესახებ. საზოგადოებისა და მედიის ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

ამ საკითხზე კომენტარი თავად თემურ ქეცბაიამ გააკეთა, რომელიც ნაკრებს მოახლოებული ორი საერთაშორისო ამხანაგური მატჩისთვის ამზადებს.

"საქართველოს ნაკრებს უახლოეს ორ კვირაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ორი ამხანაგური მატჩი აქვს ჩასატარებელი ირლანდიისა და დანიის ნაკრები გუნდების წინააღმდეგ. მოახლოებული მატჩების წინ კი მედიის ერთ-ერთ მთავარ აქტუალურ თემად სამწვრთნელი შტაბის დაფინანსების საკითხი იქცა.

სწორედ ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ, მედიასთან მოკლე კომენტარი გამეკეთებინა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელთა შტაბის წევრების ყოველთვიური ანაზღაურება ჯამში 100 ათასი ამერიკული დოლარის ეკვივალენტს ლარებში შეადგენს. ამ თანხაში სრულადაა გათვალისწინებული სამწვრთნელო შტაბის სრული შემადგენლობის სახელფასო ანაზღაურება. აგრეთვე - მათი მგზავრობის ხარჯები, რაშიც იგულისხმება ეროვნული ნაკრების წევრებისა და კანდიდატების საკლუბო მატჩების სანახავად ნაკრების მწვრთნელთა სასელექციო ვიზიტები სხვადასხვა ქვეყანაში. აგრეთვე, სასტუმროების ხარჯები.

ჩემი და ეროვნული ნაკრები გუნდის სამწვრთნელო შტაბის კონტრაქტი და მისი პირობები საჯაროა, რომლის გაცნობის მოთხოვნითაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის ოფიციალურად არც ერთ მედიასაშუალებას არ მიუმართავს. კონტრაქტის ძირითადი დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ 2010 წელს, როდესაც აღნიშნული ხელშეკრულება სახელმწიფოს, ფედერაციასა და მწვრთნელებს შორის გაფორმდა და რომელიც ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა".

სფფ-ის პრესსამსახური

* * *
კარგია, რომ ფედერაცია და ნაკრების მწვრთნელი საზოგადოებასთან ურთიერთობას არ გაურბიან, თუმცა, თუ ყურადღებით წაიკითხავთ სიჭინავას წერილსაც და ქეცბაიას განცხადებასაც, კითხვებიც გაგიჩნდებათ.

წერილში ქეცბაიას ხელფასზეა საუბარი, ქეცბაიას კომენტარში კი - ნაკრების სამწვრთნელო შტაბის ანაზღაურებაზე. ამ ლოგიკით, საქართველოს ნაკრების მწვრთნელებს თურმე კოლექტიური ხელფასი ჰქონიათ, რაც, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაურია.

საკითხავია ისიც, რა შუაშია ერთმანეთთან სამწვრთნელო შტაბის ანაზღაურება და სამივლინებო ხარჯები. ნუთუ ყოველთვე ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ერთნაირი მივლინება უწევს?

უხერხულობა რომ მოიხსნას, "ლელო" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას სთხოვს, ქეცბაიასთან კონტრაქტი საჯარო გახადოს.

ვფიქრობთ, ამ თხოვნის შესრულება ფედერაციისთვის პრობლემა არ იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაიამ ნაკრები "ბასაზე" ავარჯიშა
თემურ ქეცბაია: ნაკრებიდან მაშინვე წავალ, როცა შანსი გაქრება!
"თემურ ქეცბაია საბერძნეთთან მატჩის შემდეგ უნდა გადამდგარიყო!"
თემურ ქეცბაია: ჯანო ანანიძე სამი წლის წინანდელ დონეზე დარჩა
მარადიული კითხვა - შედეგი თუ სანახაობა?
ქეცბაიას კამათი ჟურნალისტთან - ბევრჯერ მოგვიგია საფრანგეთთან? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 24 /
როდემდე უნდა უყუროთ ამ კაცს. თავსაც გვამადლის, თურმე მადლობა გვაქვს მოსახდელი რომ ჩამოვიდა. ამ შეზღუდულს ვერაფერს გააგებინებ, არც შეგნება აქვს რომ დროზე წავიდეს თვითონ. ამიტომ სად არის ფეხბურთის ფედერაცია, კიდევ რამდენი წელი უნდა გავიდეს ტყუილში.
გია
17:05 19-11-2013
0
მაგის მიღწევების და სტრატეგია-ტაქტიკის მიხედვით თვეში 1500 ლარიც ბევრია. მისცენ ერთი გაზ-31 და ეყოფა.
.....
22:51 30-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული