ფრანგული მედიის გამოხმაურება: საქართველოსთან ძალიან გაგვიჭირდა!

AutoSharing Option
"ბენზემა, თავდასხმის თავსატეხი და გასაღები", - ასე დაასათაურა პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემა "ფიგარომ" საქართველო-საფრანგეთის მატჩისადმი მიძღვნილი წერილი.

"საქართველოსთან მატჩში შეცვლილი ქარიმ ბენზემა, შესაძლოა, დიდიე დეშამმა ბელორუსში არ ათამაშოს. ხუთი თამაშია (ანუ 479 წუთი), რაც "რეალის"თავდამსხმელს გოლი ვერ გააქვს. ამის გამო დიდიე დეშამმა საქართველოსთან მატჩის მეორე ტაიმში ბენზემა შეცვალა კიდეც.

"რეალის"თავდამსხმელის დეგრადაცია აშკარაა და ამის ფონზე გასაკვირია, მწვრთნელი მხარდაჭერას რომ უცხადებს. საფრანგეთმა წლეულს ჩატარებული შვიდი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოიგო. ამიტომ არსებობს საფრთხე, რომ გუნდი ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგად ვერ იასპარეზებს.

საფრანგეთის
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოელ ლე გრე ამბობს:

"ბენზემა ძალიან მომწონს, მაგრამ პრობლემა სახეზეა. მან ყველას დაგვწყვიტა გული, რადგან მისგან გაცილებით მეტს ველოდით. აშკარაა, რომ ქარიმს რთული პერიოდი დაუდგა".

აღსანიშნავია, რომ 1964 წლის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებმა ყველაზე დაბალი შედეგიანობა სწორედ დეშამის ხელმძღვანელობის დროს აჩვენა - საშუალოდ 0,84 გოლი მატჩში", - წერს "ფიგარო"და ვარაუდობს, რომ საქართველოსთან წარუმატებელი მატჩის შემდეგ, შესაძლოა, საფრანგეთმა სათამაშო ტაქტიკა (4-4-2) შეცვალოს და ბელორუსთან 4-2-3-1-ზე გადაეწყოს, ხოლო თავდამსხმელთა სეკვესტრი ბენზემას ხარჯზე მოხდება.

"ფიგარომ" თბილისური მატჩის შეფასება ქარიმ ბენზემასაც სთხოვა:

"შედეგით იმედგაცრუებული ვარ. ესპანეთს რომ დავწეოდით, სამი ქულა გვჭირდებოდა, მაგრამ ვერ გავიმარჯვეთ. მძიმე პერიოდი დაგვიდგა. ყველა შეხვედრას ვერ მოიგებ, მაგრამ მეტი მოგვეთხოვება...

პირველ ადგილზე გასვლა არარეალურია. მეეჭვება, ესპანეთმა დარჩენილ ორ საშინაო შეხვედრაში (საქართველოსა და ბელორუსთან - რედ) საჩუქარი გაგვიკეთოს", - ამბობს ბენზემა.

კითხვაზე, თუ რაზე ილაპარაკა მატჩის შემდეგ დიდიე დეშამთან, "რეალის" თავდამსხმელმა ასე უპასუხა:

"ის იმედგაცრუებული იყო, როგორც თითოეული ჩვენგანი. მაგრამ რა უნდა ეთქვა? ჩვენ სამი ქულა გვჭირდებოდა, რომელიც ვერ მოვიპოვეთ.

რაც შეეხება შეცვლას, ამაზე ლაპარაკი არ მსურს. თავადაც ვიცი, კარგად როდის ვთამაშობდი და რომ ახლა საუკეთესო ფორმაში არ ვარ. საქართველოსთან კი ძალიან რთული თამაში გვქონდა. ამის მიუხედავად, ვერ ვიტყვი, რომ საშინლად ვითამაშე.

მომდევნო თამაშისთვის მეტი კონცენტრირება მჭირდება. თბილისში ჩემი და ჟირუს წყვილი ეფექტური იმიტომ არ იყო, რომ ძალიან ახლო-ახლოს ვთამაშობდით. ჩვენმა თავდასხმამ მხოლოდ მატჩის ბოლოს დაიწყო ფლანგებისკენ მოძრაობა და მომენტებიც შევქმენით. ბელორუსთან სწორედ ასე უნდა ვითამაშოთ", - ასე ჰგონია "რეალის" ფორვარდს.

"სპორტ24" კი დეშამს გადადგომისკენ მოუწოდებს:

"როგორ ხდება, რომ რიბერი "ბაიერნში" ჩინებულია, ევრა - "მანჩესტერის" ერთ-ერთი ბურჯია, ნაკრებში კი უფერულად გამოიყურებიან? ან რატომ ვერ ახერხებს ნაკრებში კონცენტრირებას ბაკარი სანია, რომელიც "არსენალში" ღირსეულად გამოიყურება? ხომ არ არის ეს დეშამის ბრალი? ან რატომ არ გახედა შეცვლილ ბენზემას მაშინ, როცა ის სათადარიგოთა სკამზე ჯდებოდა და რატომ არაფერი უთხრა?

მთავარი კითხვა კი უცვლელია: რატომ ვერ შთაბერა დეშამმა გუნდს სული?

"მე არ მსურს, ჩავიძირო" - განაცხადა დეშამმა, რაც გასაგებია, მაგრამ შესაძლოა, ის თბილისში ფსკერს მიუახლოვდა", - მიაჩნია "სპორტ24"-ს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით
დიდიე დეშამი: საქართველომ ღირსეულად ითამაშა
საქართველო-საფრანგეთი 0:0 - ფრე, რომელიც ისტორიას დარჩება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
სწრაფი გოლი უნდა გაეტანა ტავიდან დაბალ ტემპში დაიწყეს თამაში
sa
10 სექტემბერი 2013 00:49
0
ფრანგები ასე აფასებენ მოვლენებს: საქართველომ კი არ ითამაშა კარგად, არამედ ფრანგებმა ვითამაშეთ ცუდად.
ramo
09 სექტემბერი 2013 12:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული