ლევან კობიაშვილი საქართველოს ნაკრებზე: ეს ყველაფერი ბლეფია!

AutoSharing Option
ბერლინის "ჰერტას" შუახაზელი, 36 წლის ლევან კობიაშვილი ბოლო სეზონს ატარებს ბუნდესლიგაში - გაისად ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს...

კობიაშვილი რომ აღარ არის ნაკრების ფეხბურთელი და თუ რაოდენ ცუდი ფორმით ჩამოაშორეს ეროვნულ გუნდს, ეს ამბავი ალბათ ყველამ იცის, ვისაც ჩვენი ფეხბურთის ავან-ჩავანი აინტერესებს...

კობიაშვილი ყოველთვის გამორჩეული იყო თავმდაბლობითა და პირდაპირობით, მოედანზე თუ მის მიღმა ქცევით.

კობიაშვილთან ინტერვიუც ყოველთვის საინტერესოა ხოლმე, რადგან სიყალბე აქ გამორიცხულია...

კობიაშვილს დავურეკეთ გერმანიაში და მეტწილად ჩვენი ეროვნული ნაკრების პრობლემებზე ველაპარაკეთ. ვფიქრობ, მისი განცხადებები საკმაოდ საყურადღებოა...

- მიმდინარე ბუნდესლიგაში ჯერ
მხოლოდ ერთხელ ითამაშეთ. ლევან კობიაშვილის მოედანზე გასვლა ყველაზე უფრო რაზეა დამოკიდებული?

- ბოლო სეზონს ვატარებ და ცხადია, რომ ხშირად არ მომიწევს თამაში. მოედანზე მაშინ გავალ, როცა მწვრთნელი ჩათვლის საჭიროდ. წინა ტურში შესაძლებელი იყო, რომ მეთამაშა, თუმცა ასე არ მოხდა. "ჰერტას" მწვრთნელთან ხშირად მიწევს საუბარი ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე. ასე რომ, მასთან ურთიერთობის პრობლემა არ მაქვს.

- სეზონში დაახლოებით 30 მატჩის ჩასატარებლად ხართ მზად?
- ასაკში კი ვარ, მაგრამ როგორც "ჰერტას" ყველა ფეხბურთელი, მეც ყოველდღე ვვარჯიშობ იმავე დატვირთვით. არანაირი პრივილეგია არ მაქვს და ყოველი მატჩისთვის მზადყოფნაში ვარ.

- თუ გაქვთ უკვე გადაწყვეტილი, რა საქმეს მოჰკიდებთ ხელს ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ?
- ალბათ, ამ სეზონის ბოლოს მივიღებ გადაწყვეტილებას. "ჰერტასთან", როგორც ფეხბურთელს, ხელშეკრულება კი მიმთავრდება, მაგრამ კლუბთან კიდევ ერთი წელი მაქვს კონტრაქტი. თუ "ჰერტაში" დავრჩები, ჯერ არ ვიცი, რა ფუნქცია მექნება. მოკლედ, მიმდინარე სეზონის მეორე ეტაპისთვის გაირკვევა ყველაფერი.

- საქართველოში დაბრუნება და ქართულ ფეხბურთში საქმიანობა - კარიერის დასრულების შემდეგ მყის აქეთკენ რომ გადმოერთოთ, რამდენად შესაძლებელია?
- დიდი სურვილი მაქვს, საქართველოში დავბრუნდე და ქართულ ფეხბურთში ვიყო, მაგრამ ახლა დაზუსტებით რაიმეს თქმა გამიჭირდება.

- ალბათ, უყურეთ საქართველოს ნაკრების ბოლო ორ შეხვედრას საფრანგეთსა და ფინეთთან. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რაც ყველას - საფრანგეთთან ჩვენი ნაკრების თამაში ძალიან დადებითად უნდა შეფასდეს, ასეთ მოწინააღმდეგესთან ქულას რომ აიღებ, კარგი შედეგია. ჩვენი გუნდი თავს კარგად იცავდა და რამდენიმე რიგიანი კონტრშეტევაც გამოუვიდა.

რაც შეეხება ფინეთთან მატჩს, იმედგაცრუებული დავრჩი და ჩვენი ნაკრების თამაშს ძალიან უარყოფითად ვაფასებ.

- საქართველოს ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაია ამბობს, რომ ნაკრების ზოგ ფეხბურთელს კლუბში არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკა აქვს. არის კიდევ რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი, კლუბში ხშირად რომ არ თამაშობს და ქეცბაია მათ ნაკრებში აღარ იწვევს. როგორ ფიქრობთ, შეუძლებელია, რომ კლუბში არარეგულარულად მოთამაშე ფეხბურთელი ნაკრებში ნაყოფიერად ირჯებოდეს? რამდენიმე წლით უკან თუ დავბრუნდებით, საინტერესო მაგალითს აღმოვაჩენთ - დავორ შუკერი "რეალის" ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ჩნდებოდა, მაგრამ 1998 წლის მუნდიალზე ბომბარდირი გახდა...
- ასეთი დონის ფეხბურთელისთვის ეს ძნელი არ არის, თუმცა საქართველოს ნაკრებშიც არაერთხელ მომხდარა, რომ ფეხბურთელს კლუბში უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია, მაგრამ ნაკრებისთვის სარგებლობა მოუტანია. მთავარია მწვრთნელის ნდობა და სურვილი. ამა თუ იმ ფეხბურთელის ნაკრებში მხოლოდ ყოფნაც კი ხშირად ძალიან დადებითად მოქმედებს გუნდზე, ყველა ფეხბურთელზე და სწორედ ეს არის მთავარი.

- თემურ ქეცბაიამ რამდენიმე ფეხბურთელს "თავხედი ბავშვები" უწოდა. ალბათ, ყველასთვის საინტერესოა, რას ფიქრობს ლევან კობიაშვილი საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ასეთ რიტორიკაზე...
- ის, რაც ჩვენს ნაკრებში ბოლო პერიოდში ხდება, ძალიან არ მომწონს. ფეხბურთელი იქნება თუ მწვრთნელი, ხელს რომ იშვერენ სხვისი მიმართულებით, გაუმართლებლად მიმაჩნია. "ეს ჩემი ბრალი არ არის, ფეხბურთელები არ გვყავს"... ასე არ შეიძლება. ყველამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა, თვითკრიტიკულები უნდა იყვნენ.

- ფაქტია, ფეხბურთელების მწვავე განცხადებები მწვრთნელის მიმართ ცოტა არ ყოფილა...
- არავის დაცვას არ ვაპირებ, მაგრამ ასე ნამდვილად არ შეიძლება - ფეხბურთელიც და მწვრთნელიც საკუთარი თავისთვის კი არ არიან ეროვნულ ნაკრებში, არამედ ქვეყნისთვის, ქართული ფეხბურთისა და გულშემატკივრისთვის და ამ ყველაფერს პატივი უნდა სცენ. ფეხბურთელებს მეტი პატივისცემა მართებთ მწვრთნელის მიმართ. დაძაბული ურთიერთობა ცუდია და ამის მოწესრიგება გუნდის თავკაცს ევალება.

- ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ ლევან ყენია და ზურაბ ხიზანიშვილი საქართველოს ნაკრებში აღარ არიან...
- საქმე აქამდე არ უნდა მისულიყო, ყენიაც და ხიზანიშვილიც საქართველოს ნაკრებში უნდა თამაშობდნენ. როგორ გგონიათ, ხიზანიშვილმა რომ გადადგა ასეთი ნაბიჯი, ეს ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილება იყო? მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის მეტი კომუნიკაციაა საჭირო, პირველ რიგში კი, გულშემატკივარს უნდა ვცეთ პატივი.

- ცალკეული ფეხბურთელების კრიტიკის გარდა, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის კრიტიკასაც ვისმენთ...
- მწვრთნელი ეროვნულ ჩემპიონატს რომ აკრიტიკებს, განა ნაკრების მეკარეები სადმე სხვაგან თამაშობენ?! ეროვნული ჩემპიონატის ხარჯზე არ მოგვარდა მეკარეების პრობლემა საქართველოს ნაკრებში?

ფინეთთან ელგუჯა გრიგალაშვილი რომ შევიდა, კარისკენ იმდენჯერ დაარტყა, ამდენი დარტყმა მგონი მთელი შესარჩევი ციკლის განმავლობაში არ შეუსრულებია საქართველოს ნაკრების სხვა არც ერთ ფეხბურთელს. სად თამაშობს გრიგალაშვილი?..

რომ ამბობ, ფეხბურთელები არ გვყავსო, ეს არ ესმით ფეხბურთელებს, ამას გაზეთებში არ კითხულობენ? ამის მერე როგორ გინდა, რომ დაეყრდნო ამ ფეხბურთელებს? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ამ ყველაფრის მერე როგორ უნდა მივაღწიოთ წარმატებას?

- ქეცბაიას ხელში საქართველოს ნაკრები მეორე შესარჩევ ციკლს ასრულებს და მგონი, ზუსტად არავინ იცის, რა კონკრეტული მიზანი ჰქონდა და აქვს ჩვენს უპირველეს გუნდს...
- დავანებოთ თავი იმას, თუ რომელ ადგილზე გავა ჩვენი ნაკრები ჯგუფში. მესამე იქნება თუ მეოთხე, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მწვრთნელთან კონტრაქტი გრძელდება იმისთვის და ამ შესარჩევ ციკლს ვიყენებთ იმისთვის, რომ გუნდი გავაახალგაზრდავოთ და იყოს წინსვლა. სამწუხაროდ, ამას ვერ ვხედავ.

- ეროვნული ნაკრების გაახალგაზრდავება - ეს, ცოტა არ იყოს, უცნაურად ხომ არ გეჩვენებათ? ეროვნულ გუნდში ხომ საუკეთესოები უნდა თამაშობდნენ და არა ისინი, ვინც სხვაზე უმცროსია...
- გეთანხმებით, ნაკრები კლუბი არ არის, რომ გეზი ახალგაზრდებზე აიღო. არა აქვს მნიშვნელობა ასაკს - ვინც საუკეთესოა, იმან უნდა ითამაშოს. მაგალითად, ქუთაისის "ტორპედომ" აიღო გეზი ახალგაზრდებზე და კლუბში ეს შესაძლებელია, ნაკრები კი სულ სხვა თემაა.

თუ მაინცდამაინც გაახალგაზრდავება უნდათ ეროვნულ ნაკრებში, რატომ არ იწვევენ 19 და 21-წლამდელთა ნაკრების ნიჭიერ ფეხბურთელებს? ამ ციკლში ასეთი, თუ არ ვცდები, მხოლოდ თორნიკე ოქრიაშვილი იყო. ამხანაგურ მატჩებში მაინც რატომ არ ათამაშებენ ახალგაზრდებს?

მოკლედ, ეს ყველაფერი არის ბლეფი და ალიბი, რომ თავი იმართლონ. თავის მართლებით, ხელის სხვისკენ გაშვერითა და გადაბრალებებით კი უარესს აკეთებენ. განა, ელემენტარული არ არის ის, რომ საფრანგეთთან თამაშის მერე ფინეთთან რა საჭირო იყო ორი ჩამშლელი ნახევარმცველი მოედნის ცენტრში? ფინეთთან ხომ მოგებაზე უნდა გვეთამაშა?

ან მე არ მესმის ეს ყველაფერი, ან... მოკლედ, რისი დანახვაც მინდოდა საქართველოს ნაკრებში, ვერ დავინახე.

"მე რაღაც შემეშალა, მე რაღაც დავაკელი" - საქართველოს ნაკრებში ასეთი რამ არ იგრძნობა. მწვრთნელი ყენიაზე რომ იტყვის, როგორც ფეხბურთელი, არ მაკმაყოფილებსო, ეს უკვე გადამეტებულია. კონფლიქტი მოხდა მოედნის გარეთ და ყველამ ვიცით, რომ ეს არის იმის მიზეზი, რომ ყენია აღარ არის ნაკრებში.

პრობლემა როცა იქმნება, პირველ რიგში, მწვრთნელი უნდა შეეცადოს მის აღმოფხვრას, ის უნდა იყოს ამის ინიციატორი. ერთხელაც ვიტყვი - ყენია და ხიზანიშვილი უნდა თამაშობდნენ ნაკრებში, ისინი გუნდს სჭირდებიან.

- როგორ ფიქრობთ, ჩვენი საფეხბურთო სამყარო რამდენად კრიტიკულია იმ ნეგატივების მიმართ, რაც არის საქართველოს ნაკრებში?
- გულშემატკივრები კრიტიკას რომ გამოხატავენ, ეს სამართლიანობიდან გამომდინარეობს. ის ბიუჯეტი, რაც ნაკრების სამწვრთნელო შტაბს აქვს, ფეხბურთის ფედერაციიდან კი არა, ხალხის გადასახადებიდანაა. ამიტომაც უნდა იყოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გულშემატკივრების წინაშე.

მომდევნო შესარჩევი ძალიან მნიშვნელოვანია იმით, რომ ფინალურ ეტაპზე ბევრი გუნდი გადის და შანსიც იზრდება. ამის გამოყენება თუ გვინდა, ნაკრებში მეტი კომუნიკაცია უაღრესად აუცილებელია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პროფილი: ლევან კობიაშვილი - სტაბილურობის მაგალითი
ლევან კობიაშვილი: სანამ ფეხბურთიდან წავალ, მინდა, მისგან ყველაფერი მივიღო
სამაგალითო პროფესიონალი - რას წერენ გერმანიაში ლევან კობიაშვილზე
მივდივარ, მაგრამ დავბრუნდები - ლევან კობიაშვილის მიმართვა გულშემატკივარს
მკითხველის კომენტარები / 8 /
ამასაც ზედმეტი მოსდის რა, მოიესი იძახის მაღალი დონის ფეხბურთელები არ მყავსო და ქეცბაიამ რაღა თქვას
levani
15:40 03-10-2013
0
რა მოიესი?:) მოიესი ნაკრების მწვრთნელია? როცა უნდა გავა და იყიდის თუ არ ჰყავს. ნაკრების მწვრთნელი როგორ იყიდის? ქეცბაია არის სუფთა ლეღვი რომელიც გონზე არაა რას აკეთებს, ან მალე უნდა წავიდეს ან წიხლით უნდა დავაჩქაროთ ეგ საკითხი
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული