ჩვენ არასაფეხბურთო ქვეყანა ვართ! - შესარჩევი ციკლის შეჯამება

AutoSharing Option
ესეც ასე: საქართველოს ნაკრებმა თავის ისტორიაში მეათე შესარჩევი ეტაპი დაასრულა!

საბოლოო შედეგი ყველასათვის ცნობილია: ხუთგუნდიან ჯგუფში ბოლოსწინა ადგილი და ვფიქრობთ, წინსვლაზე არავინ უნდა ილაპარაკოს;

უფრო ზუსტად, ბოლო შესარჩევ ციკლში ჩვენი ნაკრების შეფასებას ვერავის დავუშლით, თუმცა, ისიც ძალიან გვაინტერესებს, ამ "წინსვლას" როგორ დაასაბუთებენ...

ნუ გვაბოლებთ: სად არის წინსვლა?!
...ახლახან დასრულებული შესარჩევი ციკლი ქართული მედიისათვის კიდევ დიდხანს იქნება განსჯის საგანი; თუმცა, მართლაც ძნელი სათქმელია, თუ რა უნდა იყოს განსასჯელი თუ განსახილველი: რვა თამაშში ერთადერთი გამარჯვება, სამი გატანილი გოლი და ხუთი ქულა, რაღა
თქმა უნდა, წარუმატებლობად უნდა შეფასდეს.

გასაგებია, რომ ჩვენი ჯგუფის ოთხი მეტოქიდან ორი ისეთი იყო (ესპანეთი, საფრანგეთი), რომ იმათთან პაექრობებში სასწაულს არც არავინ ითხოვდა, მაგრამ დანარჩენი ორი გუნდი (ფინეთი, ბელორუსი) ხომ დაახლოებით საქართველოს ნაკრების "კატეგორიას" მიეკუთვნება და ფინეთისა და ბელორუსის ნაკრებებთან ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში მოპოვებული 4 ქულა რა შედეგიც არის, ვფიქრობთ, ყველასათვის ნათელია.

ისე, ნურც იმას დავივიწყებთ, თუ რა შედეგებს მიაღწიეს ახლახან გასრულებულ შესარჩევ ციკლში ჩვენი "კატეგორიის" ნაკრებებმა (აღარაფერს ვამბობთ "კარის მეზობლებზე" - სომხეთსა და აზერბაიჯანზე); თუმცა, ამაზე ოდნავ ქვემოთ. მანამდე კი, ვინც ჩვენი ნაკრების "წინსვლასა" თუ "პროგრესზე" ლაპარაკს აპირებს, აი, იმათ ვურჩევთ, რომ ამ საგაზეთო სტატიაში მოყვანილ ათივე ცხრილს კარგად გადახედონ!

კი ბატონო, "წინსვლა" თუ "პროგრესი" ერთ შესარჩევ ციკლთან შედარებით მართლაც გვაქვს: 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი საქართველოს ნაკრებმა სულაც მოუგებლად დაამთავრა, მაგრამ დანარჩენი რვა შესარჩევი ციკლი დავივიწყოთ? თანაც, მოდი, გავანებოთ თავი ექვსგუნდიან ჯგუფებს, სადაც, რაღა თქმა უნდა, დღევანდელთან შედარებით, უკეთესი შედეგის ჩვენების ალბათობა უფრო მეტია და მხოლოდ ხუთგუნდიანი ჯგუფები გავიხსენოთ.

აი, თუნდაც, 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფი, სადაც ორი გამოკვეთილი ფავორიტისა (ინგლისი, იტალია) და არცთუ სუსტი პოლონეთის ნაკრების "გარემოცვაში" საქართველოს ნაკრებმა 10 ქულა დააგროვა და პოლონეთთან საშინაო შეხვედრაში (3:0) ერთადერთი გოლი დააკლდა მესამე ადგილის დასაკავებლად!

დაახლოებით ანალოგიური სიტუაცია იყო 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დროსაც: კვლავაც 3 მოგება, კვლავაც 10 ქულა და, რაც მთავარია, მესამე ადგილი!

აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ სადებიუტო, 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მერე პირველად მოხდა, როცა შესარჩევი ეტაპი ბურთების უარყოფითი სხვაობით არ დაგვიმთავრებია.

თუმცა, ეს კიდევ არაფერი: მომდევნო, 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ბოლო ადგილზე კი დაამთავრა, მაგრამ ახლანდელთან შედარებით, უფრო მეტი მოგებაც ჰქონდა და რვა თამაშში მეტოქის კარში 8 გოლიც გაიტანა! არადა, შეგახსენებთ, რომ სწორედ მაშინ მოხდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი ფაქტი, როცა ერთი შესარჩევი ციკლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სამი სხვადასხვა მწვრთნელი ხელმძღვანელობდა: ალექსანდრე ჩივაძე, ივო შუშაკი და მერაბ ჟორდანია...

ყოჩაღ, მეზობლებო!
ზედიზედ მეორე შესარჩევი ციკლია, სომხეთის ნაკრები... ბოლო ტურამდე ინარჩუნებს პლეი-ოფში მოხვედრის შანსს!

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი სპეციალისტის, ვარდან მინასიანის დამოძღვრილმა გუნდმა ეს შესარჩევი ციკლი 4 გამარჯვებით დაამთავრა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სტუმრად ჩატარებულ ხუთ თამაშში 10 ქულა მოაგროვა!

კარგი, მალტასთან საგარეო გამარჯვება, ვთქვათ და "დაგეგმილი" იყო, მაგრამ დანიასთან (4:0) და ჩეხეთთან (2:1) სტუმრად მოგებები და იტალიასთან "საგარეო" ფრე (2:2), ვფიქრობთ, ჩინებული შედეგია.

აქვე, ერთი შედარებაც გვინდა მოვიყვანოთ: უკვე სამი (!) შესარჩევი ციკლია, საქართველოს ნაკრები ვერ ახერხებს სტუმრად ოფიციალური მატჩის მოგებას!

ჰო, ეს უსიამოვნო სერია უკვე შვიდი წელიწადია გრძელდება: 2006 წლის 16 აგვისტოს, კლაუს ტოპმიოლერის ხელმძღვანელობით მოასპარეზე საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ფარერებს 6:0 (გოლები: შოთა არველაძე - 3, დავით მუჯირი, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი) რომ მოუგო, აი, იმის მერე ველოდებით "საგარეო" მოგებას.

თუმცა, მთელი უბედურება ის არის, რომ ვერც საშინაო ოფიციალურ მატჩებში "დავფრინავთ": ფარერებთან დიდი ანგარიშით გამარჯვებიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოს ნაკრებმა თბილისში 20 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 5 მოიგო...

ისევ ჩვენს მეზობლებს დავუბრუნდეთ და გვინდა შეგახსენოთ, რომ წინა შესარჩევი ციკლი სომხეთის ნაკრებმა 17 ქულით დაამთავრა, ჩვენზე მეტი მოგება (3) ჰქონდათ ბელორუსს, ლატვიასა და მოლდოვას, ესტონეთის ნაკრებმა კი სულაც პლეი ოფში იასპარეზა!

"საბედნიეროდ", ახლა მაინც შეგვიძლია "თავი დავიმშვიდოთ" იმით, რომ უკრაინის გარდა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ვერც ერთი ქვეყნის ნაკრები ვერ მოხვდა პლეი ოფში; თუმცა, აბა, შედეგებს გადავხედოთ: ლიტვამ 12 ქულა მოაგროვა, მოლდოვამ - 11, აზერბაიჯანმა - 9, ლატვიამ - 8, ესტონეთმა - 7.

ანუ ერთადერთი, მხოლოდ ბელორუსს ვაჯობეთ (ყაზახეთმაც ჩვენსავით 5 ქულა მოაგროვა) და ამ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, ის ფაქტორიც გასათვალისწინებელია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო და ბელორუსი იყვნენ ხუთგუნდიან ჯგუფში და შესაბამისად, ქულაც და გოლებიც ნაკლები ექნებოდათ, ვიდრე - ექვსგუნდიანში მყოფებს.

თუმცა, მაინც ცუდად ხვდება ყურს უეფას ოფიციალური მონაცემები: 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ევროპიდან 53 ნაკრები მონაწილეობდა და გატანილი გოლებით მხოლოდ ანდორას და სან-მარინოს ვუსწრებთ!

აქვე კიდევ ერთი პარალელიც: ახლანდელისგან განსხვავებით, წინა შესარჩევ ციკლში ხომ ექვსგუნდიან ჯგუფში ვიყავით და შედეგიანობით ვერც მაშინ გამოვირჩეოდით: ყოველ შემთხვევაში, ჩვენზე მეტი გოლი აზერბაიჯანმაც (10) გაიტანა, ბელორუსმაც (8), მოლდოვამაც (12) და ესტონეთმაც (15).

აღარაფერს ვამბობთ სომხებზე, ის შესარჩევი ციკლი მართლაც შთამბეჭდავი ციფრებით რომ დაამთავრეს: 5 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება, ბურთების სხვაობა - 22:10! საერთოდ კი, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სომხებზე მეტი გოლი მხოლოდ გერმანიამ, ჰოლანდიამ, შვედეთმა და ესპანეთმა გაიტანეს...

ჩვენ... არასაფეხბურთო ქვეყანა ვართ!
ზემოთაც აღვნიშნეთ და კვლავაც გავიმეორებთ, რომ ახლახან დასრულებულ შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების ასპარეზობა კვლავაც დიდხანს იქნება განსჯის საგანი. როგორც შეამჩნევდით, დღეს, უმეტესწილად, სტატისტიკურ მონაცემებსა თუ სხვა ნაკრებებთან შედარებებზე გავაკეთეთ აქცენტი; ანუ წმინდა საფეხბურთო ასპექტები სამომავლოდ შემოვინახეთ - აი, მაგალითად, რატომ არის, რომ საქართველოს ნაკრები ნებისმიერი მეტოქისათვის უადვილესად "გასაშიფრი" გუნდია?

ანდა, რატომ ხდება, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელებს უკვე მესამე წელიწადია (!) ოფიციალურ მატჩებში გოლი არ გაუტანიათ?

რატომ იღებენ ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები ტრავმებს საკუთარ კლუბებში მაინცდამაინც... სანაკრებო მატჩების წინ და მერე ისე სწრაფად მომჯობინდებიან ხოლმე, კლუბში, პირველსავე ტურში ძირითადში რომ ვხედავთ ხოლმე?

რატომ ექმნებათ მაინცდამაინც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს სავიზო პრობლემები სწორედაც რომ სანაკრებო მატჩების წინ?

რატომ გრძელდება უკვე დიდი ხნის განმავლობაში ნაკრების მთავარ მწვრთნელსა და ნაკრების ძალიან ბევრ ფეხბურთელს შორის არსებული არცთუ სასურველი ურთიერთობა?

საერთოდაც: რატომ არის იმავე მთავარ მწვრთნელზე ამდენი განაწყენებული ფეხბურთელი?

აღარაფერს ვამბობთ უკვე წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ტენდენციაზე: სად დაიკარგა თუ ჩაიკარგა ქართული ფეხბურთის "სავიზიტო ბარათად" მიჩნეული იმპროვიზაცია და ინდივიდუალიზმი?

გასაგებია, რომ თანამედროვე ფეხბურთში გუნდური თამაშის გარეშე ღირებულს ვერაფერს მიაღწევ, მაგრამ რითაც ჩვენ "გვცნობდნენ" თუ გვაღიარებდნენ, რითაც ქართველ ფეხბურთელებს უცხოეთის სტადიონებზე ტაშს უკრავდნენ, აი, ამასთან მიმსგავსებულ-მიახლოებულსაც კი ვეღარ ვხედავთ!

არადა, ადრე ქართველ ფეხბურთელებს რა ეპითეტებით აღარ ამკობდნენ: "ფეხბურთის ვირტუოზებიო", "კავკასიელი ურუგვაელებიო", "ბურთის ჯადოქრებიო", "ფინტების მეფეო" და ასე შემდეგ. ახლა კი რა ხდება?

რა ხდება და, ნებისმიერი გრანდი-მეტოქის მწვრთნელ-ფეხბურთელები საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ, ფაქტობრივად, ერთნაირად აწუწუნდებიან ხოლმე - საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში მუდამ არაკომფორტულია: მეტოქე ხომ ლამის თავიდანვე "ყრუ დაცვაში ჩაჯდება" და 11-ივე ფეხბურთელიც საკუთარი კარის სიახლოვეს ეყოლება განლაგებულიო...

ჰოდა, ასეთ გამონათქვამებს უკვე წლებია ვისმენთ და, აქედან გამომდინარე, არც უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ საქართველო საფეხბურთო ქვეყნად მოვიხსენიოთ. არადა, არცთუ შორეულ წარსულში მართლაც ასე იყო!..

საქართველო ყველა შესარჩევში
ევრო 1996
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 10 8 1 1 27-10 25
2. ბულგარეთი 10 7 1 2 24-10 22
3. საქართველო 10 5 0 5 14-13 15
4. მოლდოვა 10 3 0 7 11-27 9
5. უელსი 10 2 2 6 9-19 8
6. ალბანეთი 10 2 2 6 10-16 8
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

მუნდიალი 1998
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 8 6 1 1 15-2 19
2. იტალია 8 5 3 0 11-1 18
3. პოლონეთი 8 3 1 4 10-12 10
4. საქართველო 8 3 1 4 7-9 10
5. მოლდოვა 8 0 0 8 2-21 0
მწვრთნელები: ალექსანდრე ჩივაძე (2 მატჩი), დავით ყიფიანი (6 მატჩი)

ევრო 2000
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ნორვეგია 10 8 1 1 21-9 25
2. სლოვენია 10 5 2 3 12-14 17
3. საბერძნეთი 10 4 3 3 13-8 15
4. ლატვია 10 3 4 3 13-12 13
5. ალბანეთი 10 1 4 5 8-14 7
6. საქართველო 10 1 2 7 8-18 5
მწვრთნელები: ვლადიმერ გუცაევი (5 მატჩი), იოჰან ბოსკამპი (5 მატჩი)

მუნდიალი 2002
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 8 6 2 0 16-3 20
2. რუმინეთი 8 5 1 2 10-7 16
3. საქართველო 8 3 1 4 12-12 10
4. უნგრეთი 8 2 2 4 14-13 8
5. ლიტვა 8 0 2 6 3-20 2
მწვრთნელები: დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი (5 მატჩი), ალექსანდრე ჩივაძე (3 მატჩი)

ევრო 2004
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. შვეიცარია 8 4 3 1 15-11 15
2. რუსეთი 8 4 2 2 19-12 14
3. ირლანდია 8 3 2 3 10-11 11
4. ალბანეთი 8 2 2 4 11-15 8
5. საქართველო 8 2 1 5 8-14 7
მწვრთნელები: ალექსანდრე ჩივაძე (3 მატჩი), ივო შუშაკი (2 მატჩი), მერაბ ჟორდანია (3 მატჩი)

მუნდიალი 2006
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. უკრაინა 12 7 4 1 18-7 25
2. თურქეთი 12 6 5 1 23-9 23
3. დანია 12 6 4 2 24-12 22
4. საბერძნეთი 12 6 3 3 15-9 21
5. ალბანეთი 12 4 1 7 11-20 13
6. საქართველო 12 2 4 6 14-25 10
7. ყაზახეთი 12 0 1 11 6-29 1
მწვრთნელები: ალენ ჟირესი (7 მატჩი), გაიოზ დარსაძე (5 მატჩი)

ევრო 2008
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 12 9 2 1 22-9 29
2. საფრანგეთი 12 8 2 2 25-5 26
3. შოტლანდია 12 8 0 4 21-12 24
4. უკრაინა 12 5 2 5 18-16 17
5. ლიტვა 12 5 1 6 11-13 16
6. საქართველო 12 3 1 8 16-19 10
7. ფარერები 12 0 0 12 4-43 0
მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი

მუნდიალი 2010
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 10 7 3 0 18-7 24
2. ირლანდია 10 4 6 0 12-8 18
3. ბულგარეთი 10 3 5 2 17-13 14
4. კვიპროსი 10 2 3 5 14-16 9
5. ჩერნოგორია 10 1 6 3 9-14 9
6. საქართველო 10 0 3 7 7-19 3
მწვრთნელი: ექტორ კუპერი

ევრო 2012
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საბერძნეთი 10 7 3 0 14-5 24
2. ხორვატია 10 7 1 2 18-7 22
3. ისრაელი 10 5 1 4 13-11 16
4. ლატვია 10 3 2 5 9-12 11
5. საქართველო 10 2 4 4 7-9 10
6. მალტა 10 0 1 9 3-21 1
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

მუნდიალი 2014
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 8 6 2 0 14-3 20
2. საფრანგეთი 8 5 2 1 15-6 17
3. ფინეთი 8 2 3 3 5-9 9
4. საქართველო 8 1 2 5 3-10 5
5. ბელორუსი 8 1 1 6 7-16 4
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლაბირინთი: გაუძლებს არიადნას ძაფი მესამე ციკლსაც?
მკითხველის კომენტარები / 33 /
zviadi! მაშინ მერაბ ჟორდანია იყო ფედერაციის პრეზიდენტი. ჩემს მეგობარს დაავალეს ბაზისთვის ტერიტორიის შერჩევა და სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტება. ჩემი შედეგები როდესაც ნახა მთხოვა ფიზმომზადების მწვრთნელად წავყოლოდი. აღმოჩნდა, რომ "ჩელსის" ხელმძღვანელობას ჩაუტარებია კვლევა, რომელი ერი არის გენეტიკურად ყველაზე მეტად მიდრეკილი თანამედროვე ფეხბურთის მიმართ. ამიერკავკასია ყველა დანარჩენზე წინ აღმოჩნდა. ქართველები კი ამათგან ბევრად წინ. ოფიციალურ სტრუქტურებთან ურთიერთობა არ სურდათ. ამიტომაც მაშინ ვერ მოხერხდა პროექტის განხორციელება. არ გაგიკვირდეთ თუ მალე სომხები და აზერბაიჯანელები ფეხბურთში მოულოდნელ ნახტომს გააკეთებენ. საწყენია, რომ საქართველოში ამის სურვილი მხოლოდ გულშემატკივრებს აქვთ.
guja_kakhadze
20:45 23-10-2013
0
ბატონო გუჯა, თქვენგან მაქვს გაგებული "ჩელსის" გამოკვლევაზე! კარგი იქნება უფრო მეტს თუ გვეტყვით მაგის შესახებ და უფრო ხშირად თუ გაიმეორებთ ხოლმე ამ შეღონებული ხალხის გასაგონად!
zviadi
21:51 22-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული