კვირას ნიცაში ჩატარებული ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის შედეგები კიდევ დიდხანს იქნება განსჯის საგანი, მაგრამ ფაქტი სახეზეა - წილისყრა მორჩა და ისღა დაგვრჩენია, ქრონიკულად იმედიანი მოლოდინით შევხვდეთ წლევანდელ შემოდგომას, როცა საქართველოს ნაკრები ახალ შესარჩევ ციკლში ჩაებმება...
წნეხი და თითქმის რეკორდი
...მანამდე კი დიდი მნიშვნელობა ექნება ამხანაგურ მატჩებს. თითქმის წელიწადნახევარია (2012 წლის 14 ნოემბრის მერე, როცა ეგვიპტესთან 0:0 ვითამაშეთ), საქართველოს ნაკრებს თბილისში ამ ტიპის თამაში არ ჩაუტარებია. ჰოდა, საამისოდ, ლიხტენშტაინზე უკეთეს ვარიანტს ვერც ვინატრებდით. და საერთოდაც - თუ წელიწადს გამარჯვებით დაიწყებ, ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს როგორც ნაკრების ფეხბურთელებისათვის, ასევე თემურ ქეცბაიასთვის, რომელსაც ლიხტენშტაინის მერე კიდევ ორი მატჩი სჭირდება, ნაკრების თავკაცის რანგში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით ქვეყნის აბსოლუტური რეკორდსმენი რომ გახდეს.
საქართველო-ლიხტენშტაინის ამხანაგურ მატჩამდე თითქმის ერთი კვირაა დარჩენილი და რადგან ამ თამაშით იწყება მზადება შესარჩევი ციკლისთვის, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი შემადგენლობას და ცალკეული რგოლების შეფასებასთან ერთად, ცვლილებებზეც ვისაუბროთ.
მეკარეები
საბედნიეროდ, ამ რგოლში სანერვიულო არაფერი გვაქვს და ასე გრძელდება ბოლო რამდენიმე წელიწადი; თანაც, ნაკრებში მოღვაწეობის 4 წლის განმავლობაში, ალბათ, არც ყოფილა შემთხვევა, როცა თემურ ქეცბაია ამა თუ იმ მატჩის წინ ძირითადი მეკარის შერჩევაში შემცდარიყოს! ანუ გიორგი ლორიასაც და ნუკრი რევიშვილსაც საკუთარი ოსტატობის დამტკიცების შანსი თითქმის ყოველთვის სამართლიანად ეძლეოდათ. ამათ გარდა, როინ კვასხვაძეც უნდა ვახსენოთ, ჩვენი აზრით, ასევე უპრობლემოდ რომ შეუძლია ზემოთ ხსენებული ორივე მეკარის სრულფასოვნად ჩანაცვლება.
მართალია, ამ მატჩისათვის არ არის გამოძახებული, მაგრამ, ალბათ, კვლავაც ნაკრების კანდიდატად მოიაზრება ომარ მიგინეიშვილი. მუდმივი სათამაშო დრო თუ ექნება თავის გუნდში, ამ მეკარის სანაკრებო პერსპექტივები უტოპიურად სულაც არ მოჩანს.
დაცვა
საქართველოს ნაკრებმა უკანასკნელი მატჩი შარშან, 15 ოქტომბერს ალბასეტეში ჩაატარა ესპანეთის ნაკრებთან; იმ შეხვედრისათვისაც 23 ფეხბურთელი იყო გამოძახებული, ოღონდ მეკარეთა სამეული თუ არ შეცვლილა, გარკვეული სიახლეებია დაცვის ხაზში. ასე მაგალითად, იმ მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად გამოძახებულთა შორის ვერ ვხედავთ გიორგი ფოფხაძეს ("იაგელონია", პოლონეთი), მათე ღვინიანიძეს ("სევასტოპოლი", უკრაინა), გულვერდ თომაშვილსა და ალექსანდრე კვახაძეს (ორივე - "დილა").
რაც შეეხებათ დანარჩენებს, გურამ კაშიას, უჩა ლობჟანიძის, დავით კვირკველიას, აკაკი ხუბუტიას, გია გრიგალავასა და გიორგი ხიდეშელის სანაკრებო პოზიციები კვლავაც მყარია და ამ მცველებს, დიდი ალბათობით, ქეცბაია ახალ შესარჩევ ციკლშიც დაეყრდნობა.
ახლა კი სიახლეებზე: ქეცბაიამ გარკვეული პაუზის მერე გამოიძახა ყაზანის "რუბინისა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ტანმაღალი ცენტრალური მცველი საბა კვირკველია. თუმცა, მთავარი სიახლე, რაღა თქმა უნდა, ნაკრებში ლაშა სალუქვაძის დაბრუნებაა.
32 წლის ცენტრალური მცველი ჩინებულად ასპარეზობს თავის ახალ გუნდში (ბაქოს "ინტერი") და ნაკრებში მისი მიწვევაც სრულიად ლოგიკურად მიგვაჩნია.
სხვათა შორის, ქეცბაია რომ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ბევრი ისეთი ფეხბურთელი დააბრუნა, მისი წინამორბედი ექტორ კუპერი რომ არ სწყალობდა და მათ შორის სალუქვაძეც გახლდათ. ეს უკანასკნელი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებში მუდამ ძირითადში იყო, თუმცა 2011 წლის 3 ივნისს, ხორვატიასთან სტუმრად წაგებული (1:2) მატჩის შემდეგ სალუქვაძე ნაკრებში აღარ გამოჩენილა.
ისე, არ არის ცუდი პრეცედენტი, როცა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელის ასაკს კი არა, მის სათამაშო კონდიციებს რომ "აკვირდება"; აქვე, ბარემ, ისიც ვისურვოთ, რომ რაც შეიძლება მალე გამონახონ ერთმანეთში კომპრომისი თემურ ქეცბაიამ და ბოლო წლების ჩვენი ნაკრების ერთ-ერთმა საუკეთესო და მართლაც შეუცვლელმა ფეხბურთელმა ალექსანდრე ამისულაშვილმა...
ნახევარდაცვა
...ესპანელებთან მატჩი დისკვალიფიკაციის გამო ჯაბა კანკავამ და დავით თარგამაძემ გამოტოვეს, სხვადასხვა მიზეზით ალბასეტეში არც თორნიკე ოქრიაშვილი და ჯანო ანანიძე ყოფილან, - როგორი საქმეა, ნაკრების ოთხი წამყვანი შუახაზელის არყოფნა? ამ ოთხეულიდან სამი გამოძახებულია; აი, დავით თარგამაძე კი ამჯერად ნაკრებს მიღმა დარჩა; თუმცა, იმედი დავიტოვოთ, რომ ეს ახალგაზრდა და კრეატიული გარემარბი თავის ახალ გუნდში (რუსეთის "ურალში") ადგილსაც მალე დაიმკვიდრებს და საქართველოს ნაკრებში დაბრუნებაზეც გაუჩნდება პრეტენზია.
როგორც მოსალოდნელი იყო, ქეცბაიას სიაში ვხედავთ ბოლო წლების ერთ-ერთ შეუცვლელ ფეხბურთელს სანდრო კობახიძეს (სამწუხაროა, რომ ამ ბიჭს კლუბში სათამაშო პრაქტიკა აკლია), ისე, როგორც ირაკლი ძარიას ("დინამო") და ესპანეთთან სადებიუტო მატჩის ჩამტარებელ ავთანდილ ებრალიძეს ("ჟილ ვისენტე", პორტუგალია).
აი, სამ შუახაზელზე კი ქეცბაიამ ამ ჯერზე უარი თქვა: თბილისის "დინამოდან" "ჩიხურაში" გადასულ ლევან ხმალაძესა და ელგუჯა გრიგალაშვილზე, ასევე, კვიპროსულ "ანორთოსისში" მოასპარეზე შოთა გრიგალაშვილზე. არადა, შეგახსენებთ, რომ შარშან, ალბასეტეში დიდი ხნის პაუზის მერე ჩვენი ნაკრების ძირითადში ძმები (გრიგალაშვილები) გამოჩნდნენ...
...ბუბა დაუშვილს საქართველოს ნაკრებში დებიუტი 19 წლის ასაკში, ექტორ კუპერის დროს ჰქონდა; თუმცა ჩვენი უპირველესი გუნდის საკვანძო და ძირითად ფეხბურთელად ქეცბაიას ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა. ეგ კი არა, ნაკრების შეუცვლელ საყრდენს კლუბ(ებ)ში სერიოზული პრობლემები რომ ჰქონდა, ქეცბაიას მაინც ყოველთვის თვალთახედვის არეში ჰყავდა და ფსიქოლოგიურად თუ მორალურად უდიდეს მხარდაჭერას უცხადებდა.
რა თქმა უნდა, მისასალმებელია, დაუშვილი თავისი კლუბის ("კარპატი") ძირითად შემადგენლობას რომ დაუბრუნდა, - ამის "გამოძახილი" საქართველოს ნაკრებში თითქმის ერთწლიანი პაუზის მერე გამოჩენაა!
არ დავმალავთ და ქართველ ქომაგთა მსგავსად, ჩვენც დიდი ინტერესით ველოდებით ვაკო ყაზაიშვილის სანაკრებო დებიუტს! ფაქტია, რომ ეს ბიჭი უკვე "გასცდა" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების დონეს და ამ ყველაფერს ჰოლანდიურ "ვიტესში" ჩინებული თამაშითაც ამტკიცებს!
აქვე, კიდევ ერთ აუცილებელ კომპრომისზეც: თემურ ქეცბაიასა და ლევან ყენიას შორის არსებულ ასევე არცთუ სასურველ ურთიერთობას ვგულისხმობთ...
თავდასხმა
ესპანეთთან მატჩის მსგავსად, თემურ ქეცბაიამ კვლავ გამოიძახა ნიკოლოზ გელაშვილი - აზერბაიჯანული "ყარაბაღის" ფორვარდი ჩვენი ნაკრების ბოლო ოფიციალურ მატჩებს მუდამ ძირითადში იწყებდა. ასევე გამოძახებულია აზერბაიჯანის ჩემპიონატში მოასპარეზე კიდევ ერთი თავდამსხმელი, ბაჩანა ცხადაძე, თუმცა ბაქოს "ინტერის" ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირს საქართველოს ნაკრებში ჯერ არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია, ისე, როგორც პირველად გამოძახებულ გიორგი ჭანტურიას - აწ უკვე რუმინული "კლუჟის" შემტევის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოჩენა, უდავოდ, ერთ-ერთი მთავარი სიახლეა.
...ჩვენი ნაკრების ბოლო მატჩში ლადო დვალიშვილი და ირაკლი მოდებაძე იყვნენ გამოძახებულნი, თუმცა მათ ნაცვლად თემურ ქეცბაიამ ამჯერად იტალიური "ემპოლის" შემტევს, ლევან მჭედლიძეს უხმო - ტრავმებისგან დატანჯული ეს ფორვარდი ნაკრების ბოლო ოთხ ოფიციალურ მატჩში არ გამოჩენილა.
სამწუხაროდ, არანაკლები დრო გაუცდა კიდევ ერთ შემტევს, რომლის შესაძლებლობებიც ნაკრებს უსათუოდ გამოადგებოდა - დანიური "ორჰუსის" ფორვარდ მათე ვაწაძეს, რომელიც ამჯერად ნაკრებში გამოძახებულთა შორის არ გახლავთ...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"