ვინ გვიშველის? ქართული მედია ნაკრების მწვრთნელს ირჩევს

AutoSharing Option
ქართული სპორტული მედია თითქმის ერთსულოვანია - საქართველოს ნაკრები ქართველმა უნდა გაწვრთნას!

სანამ ქვეყნის მთავარ გუნდს არ ჰყავს ახალი მთავარი მწვრთნელი, ჩვენი უპირველესი საფიქრალიც ესაა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახლა კანდიდატურებს განიხილავს და ვინძლო, ამ განხილვისას ქართული სპორტული მედიის აზრიც გაითვალისწინოს.

რა თქმა უნდა, ვერ მოვახერხეთ ყველა სპორტული ჟურნალისტის გამოკითხვა, თუმცა ბევრი ჩვენი კოლეგის აზრი შევიტყვეთ. სპორტულმა ჟურნალისტებმა ასეთ კითხვას უპასუხეს: ვის მოიაზრებთ საქართველოს ნაკრების მომავალ მწვრთნელად?

ელენე ბილიხოძე ("საქართველოს რადიო"):
"ჩემი აზრით, უკეთესი იქნება, თუ არჩევანი შეჩერდება ქართველ სპეციალისტზე. მიმაჩნია, რომ
საუკეთესო კანდიდატი გია ცეცაძე იქნება".

გიორგი ვაშაკიძე
("ჩვენი თამაში"):
"არჩევანი ქართველ სპეციალისტზე უნდა შეჩერდეს. ასეთია ჩემი აზრი. კანდიდატურებზე კი არ დავკონკრეტდები".

კობა ინასარიძე ("ჩვენი თამაში"):
"იუპ ჰაინკესი მგონია იდეალური კანდიდატი. ეს იმ შემთხვევაში, თუ პენსიიდან აქტიურ სამწვრთნელო მოღვაწეობას დაუბრუნდება".

გია პლატონიშვილი ("საქართველოს რესპუბლიკა"):
"ჩემი აზრით, არჩევანი კახა ცხადაძეზე უნდა შეჩერდეს. კახას სამწვრთნელო კარიერა წარმატებულია. მას აქვს სამწვრთნელო ერუდიცია, შეუძლია გუნდის აწყობა და არის დისციპლინის მოყვარული. ის ამ შანსს იმსახურებს.

ლაშა თაბაგარი ("მსოფლიო სპორტი"):
"შოთა არველაძე ამ ეტაპზე საუკეთესო კანდიდატურაა, მაგრამ მან თავად იუარა ეროვნულ გუნდში მოსვლა. მაშინ უპრიანია, დაინიშნოს საქართველოში დასაქმებული ყველაზე წარმატებული მწვრთნელი. ასეთად მე გია გეგუჩაძე მიმაჩნია. კარგ უცხოელს კი, ცხადია, დიდი თანხა დასჭირდება.

ლევან სალუქვაძე ("სილქ TV"):
"კახა ცხადაძე ან შოთა არველაძე. როგორც ვიცით, შოთამ თქვა, რომ ამ ეტაპზე არ აპირებს საქართველოს ნაკრებში მოსვლას.

ყველაზე რეალური და სასურველი კანდიდატურა ცხადაძე მგონია. მას ფეხბურთელობის დროსაც ჰქონდა და მწვრთნელობის პერიოდშიც არ აკლია მიღწევები. მისასალმებელი იყო მისი ბოლო განცხადება იმის თაობაზე, რომ მზად არის, ორ მატჩში უფასოდ უხელმძღვანელოს ეროვნულ გუნდს.

დავით მინაშვილი ("I არხი"):
"კონკრეტული გვარის დასახელება მიჭირს. ერთი კი შემიძლია ვთქვა: საქართველოს ნაკრები პროფესიონალმა ქართველმა მწვრთნელმა უნდა ჩაიბაროს.

დავით ერაძე ("რუსთავი 2"):
"ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელობაზე თანხმობის თქმა მგლის ხახაში თავის შეყოფას ჰგავს. ისეთი ადამიანი უნდა დაინიშნოს მწვრთნელად, ვინც ცივი გონებით განსჯის ყველაფერს და ისე დათანხმდება ამ შეთავაზებას.

ახალ მწვრთნელს სრული კარტ-ბლანში უნდა ჰქონდეს. მე ქართველისკენ ვიხრები, რადგან ამ ეტაპზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას კვალიფიციური უცხოელის ჩამოსაყვანად სახსრები არ ეყოფა. ძალიან მომწონს გიორგი დევდარიანის, კახა ცხადაძისა და გია გეგუჩაძის კანდიდატურები.

ვახტანგ გაფრინდაშვილი ("მაესტრო"):
"დღევანდელ ვითარებაში უცხოელი არ გვჭირდება. უნდა იყოს ქართველი, რომელიც ბოლომდე აითვისებს ეროვნულ ჩემპიონატში არსებულ რესურსს და თანაც, გათვლას გააკეთებს პერსპექტივაზე.

ჩვენი ლეგიონერები ძირითადად სკამზე სხედან და არ თამაშობენ. ამიტომ, უმჯობესია, ძირითადი აქცენტი ადგილობრივ კადრებზე გაკეთდეს.

მიხეილ აბაიშვილი (სპორტული ჟურნალისტი):
"ნაკრები აუცილებლად ქართველმა უნდა გაწვრთნას. ამ კუთხით არის არჩევანის საშუალება.

მაგდა კლდიაშვილი ("პრაიმ ტაიმი"):
"გია გეგუჩაძე! მან ყველგან მიაღწია წარმატებას. ფეხბურთელებს სიამოვნებთ მასთან მუშაობა. უპირატესობას ანიჭებს სანახაობრივ, შემტევ ფეხბურთს და იცის ჟურნალისტებთან ურთიერთობა.

პაატა ძნელაძე (სპორტული ჟურნალისტი):
"შექმნილ სიტუაციაში საუკეთესო კანდიდატად კახა ცხადაძეს დავასახელებდი. მის მიერ მოგებული ტიტულები ბევრ რამეზე მეტყველებს.

დავით თავართქილაძე ("ჩვენი თამაში"):
"თუ ნაკრების მწვრთნელი ქართველი იქნება, შოთა არველაძესა და გია გეგუჩაძეს დავასახელებდი. შოთა შესანიშნავად იცნობს თანამედროვე საფეხბურთო ტენდენციებს და ასეთივე ადამიანია. რაც შეეხება გეგუჩაძეს, მან ყველა ქართულ კლუბში დაამტკიცა, რა შეუძლია. მან იცის გუნდის აწყობა და მისთვის სწორი მიმართულების მიცემა.

რაც შეეხება უცხოელი სპეციალისტის იდეას, მე იურგენ კლოპი მომწონს, თუმცა, ცხადია, ამ ეტაპზე ეს არარეალურია.

ნიკოლოზ ნეფარიძე ("ლელო"):
"ქართველი მწვრთნელებიდან ვერავის ვხედავ ისეთს, ვისი დანიშვნაც უპრიანი იქნება. ერთი აუცილებლად უნდა ვთქვა: ორი თამაშით ან ციკლის ბოლომდე მწვრთნელის დანიშვნა საქმეს არ არგებს. ამ ციკლის დარჩენილი თამაშები მომავალი შესარჩევისთვის უკეთ მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ.

ქართველებიდან უპირატესობას ვასილ მაისურაძეს მივანიჭებდი, თუმცა ამ ეტაპზე მას შედარებით აკლია გამოცდილება. ჩემი აზრით, წელიწადში ნახევარ მილიონ ევროდ შეიძლება ისეთი უცხოელი მწვრთნელის მოძიება, რომელიც ჩვენს ნაკრებს გამოადგება".

დიმიტრი ობოლაძე ("რუსთავი 2"):
"ამ ციკლში რა მიზანი უნდა დავუსახოთ ახალ მწვრთნელს? სამომავლო პერსპექტივაზე გათვლით კი უმჯობესი იქნება, საქართველოს ნაკრები ახალგაზრდა ქართველ სპეციალისტს ჩავაბაროთ".

ლაშა დვალიშვილი (სპორტული ჟურნალისტი):
"ყველაზე ოპტიმალური შოთა არველაძისა და კახა ცხადაძის კანდიდატურები მგონია. ამ ეტაპზე უცხოელი სპეციალისტის ჩამოყვანა საქართველოს ნაკრებში წამგებიანი იქნება. ჯერ ერთი, მაღალი დონის უცხოელს დიდი თანხა სჭირდება და მეორეც - უნდა გავითვალისწინოთ, რა სიტუაციაა თავად საქართველოს ნაკრებში".

გია ტუხაშვილი ("ლელო"):
"დავასახელებდი კახა ცხადაძის კანდიდატურას. 10 წელია, ცხადაძეს უწყვეტი სამწვრთნელო პრაქტიკა აქვს. ის მეექვსე სეზონია, საქმიანობს აზერბაიჯანში და წინა ხუთ სეზონში შედეგი ჰქონდა. საქართველოში მოღვაწეობის დროს კახამ ჩემპიონი გახადა თბილისის "დინამო" და არსებობის ისტორიაში პირველად მოაპოვებინა ოქროს მედლები ბოლნისის "სიონს".

ცხადაძის პლუსი ისაა, რომ ის განსაკუთრებით ენდობა ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ბაქოს "ინტერში" მუშაობის დროს ხშირად ცვლის ტაქტიკურ სქემებს.

ჩემი აზრით, ამ ეტაპზე უცხოელი სპეციალისტის ჩამოყვანა არ არის გამართლებული. ახალ მწვრთნელთან უნდა გაფორმდეს, სულ მცირე, 3-წლიანი კონტრაქტი. მომავალ შესარჩევ ციკლში კი მიზანი იმის მიხედვით უნდა დავსახოთ, როგორ შესარჩევ ჯგუფშიც მოვხვდებით. დარწმუნებული ვარ, ცხადაძე ნაკრებში მხოლოდ ღირსეულ ფეხბურთელებს გამოიძახებს და არ იქნება არანაირი პიროვნული მომენტები.

ასევე, არ მიენიჭება მნიშვნელობა კლუბების დასახელებას. მთავარია, ფეხბურთელი სტაბილურად თამაშობდეს. ეს უმჯობესია, ვიდრე სახელიან კლუბში იჯდეს სკამზე".

ლევან ჯანეზაშვილი ("ჩვენი თამაში"):
"ან გია გეგუჩაძე, ანდაც ახალგაზრდა, არცთუ მაღალანაზღაურებადი უცხოელი მწვრთნელი. სასურველია, აღმოსავლეთ ევროპიდან იყოს. ისეთი მწვრთნელია საჭირო, წარმატებები რომ სწყურია".

მერაბ მამულაშვილი ("ლელო"):
"მთავარია, საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელისგან რას ვითხოვთ. ჩვენი ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლასა და ზღაპრულ შედეგებს არავინ ელის. მან გუნდი უნდა ჩამოაყალიბოს და სახე შესძინოს.

ჩემი აზრით, ნაკრების მომავალი მწვრთნელი ქართველი უნდა იყოს. უცხოელებიდან აქ მეორეხარისხოვანი მწვრთნელი თუ ჩამოვა. სანამ ის ვითარებაში გაერკვევა, დრო, შესარჩევი ეტაპი და დიდი ფული წყალში გადაიყრება. ქართველები კი მილიონებს არ ითხოვენ, აქაური რესურსისა და მენტალიტეტის ცოდნის ხარჯზე კი უცხოელზე არანაკლებ იმუშავებენ.

სხვათა შორის, სანამ შანსს მისცემდნენ, ანდრო ჟორდანიასა და ნოდარ ახალკაცსაც არ ჰქონიათ დიდი სახელები. მე კი მგონია, რომ გია გეგუჩაძე, ვასილ მაისურაძე, შოთა არველაძე, კახა ცხადაძე, გია ცეცაძე და გიორგი დევდარიანი ნიჭიერი სპეციალისტები არიან. შესაძლოა, მათ შორის მომავალი ჟორდანია ან ახალკაციც იმალება. მთავარია, ვინ უფრო რისკიანია და ვის უფრო სჯერა ჩვენი ფეხბურთის - არჩევანის გაკეთებისას, ცოდნასთან ერთად, ეს უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიმაჩნია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 26 /
გია გეგუჩაძე ბოლო პერიოდში ცოტა აიჭრა. არა მგონია ის შოთის ან კახა ცხადაძის დონის იყოს. ისე რა ეროვნებაა ეს კაცი? გარეგნობით არანაირად არ გავს ქართველს. ჰა ეს ხომ არ არის ტო?
saqo
10:32 03-12-2014
0
სიაა რა შუაშია. აბა ამ სიიდან ვინ იყო საუკეთესო ფეხბუთელად მიჩნელი (ტურის, თვის, ჩემპიონატის, ევროპის, მსოფლიოს და ა.შ) სად, რამდენჯერ:

ყიფიანი
ჩივაძე
შენგელია
გუცაევი
დარასელია
ხინჩაგაშვილი
კოსტავა

და აღარაფერს ვამბობთ დანარჩენებზე.ამ ხალხს მაშინდელი კი არა, ევროპის ახლანდელი ბობოლებიც ინატრებდნენ.

ვინც არ გითქვამთ იმათ რა სტატისტიკა აქვთ.

ასეა შედარება საჭირო. თორემ ისე ყველას რაც ესიზმრება ის ელანდება.
ამერიკელი
05:50 03-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული