"ეს საკითხი ფეხბურთის ფედერაციის გადასაწყვეტია, - ამბობს გუცაევი, - არჩევანი დროულად უნდა გაკეთდეს.
მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მაღალანაზღაურებადი მწვრთნელის ჩამოყვანის ფუფუნება არ აქვს, რადგან ჩვენი ფეხბურთი მაღალ დონეზე არ არის და ეროვნული გუნდის ახალ დამრიგებელს ამბიციური გეგმები ვერ ექნება.
ამიტომ მწვრთნელი პერსპექტივის გათვლით უნდა დაინიშნოს, ისეთი, რომელსაც გამოცდილებაც აქვს და სხვებთან შედარებით, უკეთესი შედეგებისთვისაც მიუღწევია".
ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი
"არანაირად არ შეიძლება, რომ ნაკრების დამრიგებელს ხანგრძლივი ხელშეკრულება გაუფორმონ. ჩემი აზრით, მწვრთნელმა ერთი ციკლი უნდა იმუშაოს. ასე უფრო მობილიზებული იქნება და გამოავლენს, რისი უნარი აქვს.
თუ პირველ ციკლში ვერაფერს მიაღწია, დარწმუნებული ვარ, შემდგომშიც ვერაფერს გახდება და ასეთს გულშემატკივარიც ვერ ენდობა. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ხალხს მწვრთნელის და მისი გუნდის პერსპექტივის უნდა სჯეროდეს".
გუცაევის აზრით, ეროვნულ გუნდში გაუთავებელი ექსპერიმენტები უნდა დასრულდეს:
"წლები გადის და ჩვენი ეროვნული ნაკრები ღირებულს ვერაფერს აღწევს. გაუთავებლად ახალი გუნდის ჩამოყალიბებაზე ვლაპარაკობთ. ამის შედეგი არაერთხელ გამოჩნდა, მაგრამ ჭკუა ვერ ვისწავლეთ და კვლავ იმავეს ვაგრძელებთ.
ამიტომ ახალმა მწვრთნელმა ნაკრებში მუშაობა ახალი გუნდის ჩამოყალიბებით კი არ უნდა დაიწყოს, არამედ არსებული რესურსი უნდა გამოიყენოს.
სხვაგვარად, სულ იქნება ლაპარაკი, რომ ახალი გუნდი ყალიბდება, რომ მწვრთნელს შედეგი ჯერ არ უნდა მოვთხოვოთ, რომ უნდა ვაცალოთ და ასე შემდეგ.
მაგრამ ამასობაში, წლები გადის და ვერაფერს ვაღწევთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"