თვითრწმენა და პასუხისმგებლობა - არ გვყავს "დასაკარგი" ფეხბურთელები

AutoSharing Option
ვერაფერს ვიტყვით, მართლაც მოვლენებით "დახუნძლული" გამოდგა ქართული ფეხბურთისათვის გაზაფხულის დასაწყისი!

ჰო, მართლაც ასეა: ეროვნული ჩემპიონატი დამაინტრიგებელი და არაპროგნოზირებადი გახდა (ოღონდ დონის ამაღლებაზე არავინ ილაპარაკოს!), საქართველოს თასის საპასუხო მეოთხედფინალური შეხვედრებიდან ორი მატჩი გამორჩეულად საინტერესო იყო და ნახევარფინალებიც არანაკლებ ინტრიგას გვპირდება, ორ დღეში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი ელოდება და ასე შემდეგ...

თუმცა მთავარი მოვლენა, რაღა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში კახა ცხადაძის პირველი პრესკონფერენცია იყო, სადაც ჩვენი უპირველესი გუნდის თავკაცმა ქართულ მედიასთან ცივილური ურთიერთობის სურვილი (გნებავთ -
მზაობა) გამოთქვა და "მინიშნებით" იმაზეც ისაუბრა, რომ საქართველოს ნაკრები, წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად სულ "სხვა" ფეხბურთს ითამაშებს!

რა თქმა უნდა, იყო ლაპარაკი საკუთარ პასუხისმგებლობაზეც, ფეხბურთელთა მოტივაციაზეც და კიდევ ბევრ ნიუანსზეც; მაგრამ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში მყოფი ჟურნალისტებიც და ქართველი გულშემატკივრებიც, უმნიშვნელოვანეს მომენტად, ალბათ, მაინც "იმედის დაბრუნებას" მიიჩნევდნენ!

რა დასამალია და, ჩვენი ნაკრების ფეხბურთელთა თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას, სამწუხაროდ, "წაგებულის მენტალიტეტი" ჩამოუყალიბდა და იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ბევრ ქართველ ფეხბურთელს საკუთარ კლუბშიც არა აქვს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა, სწორედაც მისწრებაა თვითრწმენის ამაღლებაზე აქცენტის გაკეთება!

მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე ფეხბურთი, ცოტა არ იყოს, "მეცნიერებას" ემსგავსება: მხოლოდ ფიზიკური თუ ტაქტიკური მომზადება წარმატების მისაღწევად საკმარისი არ არის და დღესდღეობით ფეხბურთელთა ფსიქოლოგიური (გნებავთ - მენტალური) მზადყოფნა მეტად და მეტად აქტუალური და, რაც მთავარია, ერთობ მნიშვნელოვანი საკითხია.

სწორედ ამ თემაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა თავკაცმა და პირველივე პრესკონფერენციაზე ხაზგასმით მიგვანიშნა ყველას: ნაკრების შედეგზე პასუხისმგებელი მე ვარო!..

აუცილებელი განმარტება, ანუ ოცდასამის მოლოდინი...
საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა თავკაცმა კახა ცხადაძემ, დაპირებისამებრ, 9 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ოფი, საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი (ტოსნო, რუსეთი), ომარ მიგინეიშვილი (დილა), რევაზ თევდორაძე (სამტრედია);
მცველები: უჩა ლობჟანიძე (ომონია, კვიპროსი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), საბა კვირკველია (რუბინი, რუსეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე (ორივე - ინტერი, აზერბაიჯანი), გიორგი ფოფხაძე (იაგელონია, პოლონეთი), ლაშა დვალი (ქასიმფაშა, თურქეთი), გიორგი ნავალოვსკი (ტოსნო, რუსეთი), ზურაბ ხიზანიშვილი (სამტრედია), ლაშა თოთაძე (დინამო, თბ);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (დნიპრო, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), სანდრო კობახიძე (ვოლინი, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი, ბელგია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ბუბა დაუშვილი (კარპატი, უკრაინა), ნიკა ძალამიძე (იაგელონია, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ოფი, საბერძნეთი), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), კახა მახარაძე (ფახთაქორი, უზბეკეთი);
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), მათე ვაწაძე (ორჰუსი, დანია), ოთარ მარცვალაძე (ტოსნო, რუსეთი), ბაჩანა ცხადაძე (ინტერი, აზერბაიჯანი), გიორგი ჭანტურია (კლუჟი, რუმინეთი).

რა თქმა უნდა, ნამდვილად იყო იმის მოლოდინი, რომ ამ გაფართოებულ შემადგენლობაში რამდენიმე სიახლე იქნებოდა და ასეც მოხდა: ზოგი ახალწვეულია, ზოგს გარკვეული პაუზის მერე გაუჩნდა ნაკრების მაისურის ჩაცმის შანსი.

თუმცა, იმ პრესკონფერენციაზეც და მერეც, სპორტულ თოქ-შოუ "არენაში" სტუმრობისასაც, კახა ცხადაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ გაფართოებულ შემადგენლობაში ცვლილებები კიდევ იქნებოდა.

ამის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, რომ დილით დასახელებულ 29-კაციან სიას საღამოთი კიდევ ორი ფეხბურთელი (ლევან კაკუბავა, ნიკა საბანაძე) მიემატა, - ორივე მათგანი ნაკრების ახალმა თავკაცმა "ტორპედო"-"სამტრედიის" სათასო მატჩში იხილა და კანდიდატთა სიაც გაიზარდა.

იმავე "არენაში" სტუმრობისას კახა ცხადაძემ ისიც აღნიშნა, რომ გაფართოებულ შემადგენლობას აუცილებლად დაემატებოდა ამპლუით მარჯვენა მცველი-ფეხბურთელი; ანუ დღესდღეობით ამ გაფართოებულ შემადგენლობაში 31 მოთამაშეა და კიდევ ერთს (მარჯვენა მცველს) "ველოდებით", თუმცა, არა მხოლოდ ერთს: ვიდრე საქართველოს ნაკრების შეკრება დაიწყება, ეროვნულ ჩემპიონატში 3 ტური უნდა ჩატარდეს, ევროპაში მოასპარეზე ქართველ ლეგიონერებსაც ამ დრომდე ორი-სამი მატჩის ჩატარება უწევთ და ნუ გამოვრიცხავთ მოვლენების ისეთ განვითარებასაც, რომ ამ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობას კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დაემატოს.

ამას გარდა, ნურც არასასიამოვნო ფაქტორებს გამოვრიცხავთ: რამდენჯერ მომხდარა, როცა ნაკრების ოფიციალური მატჩების წინ (თანაც, არა მხოლოდ - საქართველოში) ამა თუ იმ ფეხბურთელს საკუთარ კლუბში ტრავმა მიუღია და ამის გამოც შეკრებაზე ვეღარ ჩამოსულა.

იმედი დავიტოვოთ, რომ არც ამჯერად და არც მერე, ქართველი ფეხბურთელები სრულიად ჯანმრთელნი და ყველანაირად (ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც) მომზადებულნი ჩამოვლენ საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზე. ხოლო რაც შეეხება გაფართოებულ შემადგენლობას, კიდევ ვიმეორებთ, აქ ყოფნა იმის გარანტიას ნამდვილად არ იძლევა, რომ ესა თუ ის ფეხბურთელი აუცილებლად მოხვდება მალტასა და გერმანიასთან მატჩებისათვის 23-კაციან განაცხადში.

ეს სია, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, ანდა შემცირდეს. ასე რომ, სტიმული (თანაც, საკმარისზე მეტი) იმ ფეხბურთელებსაც უნდა ჰქონდეთ, დღესდღეობით ამ გაფართოებულ შემადგენლობაში რომ არ არიან - როგორც საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშეებს, ასევე - უცხოეთში მოასპარეზე ლეგიონერებსაც...

ისინი ნაკრებში ბრუნდებიან
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში ბევრი ისეთი ფეხბურთელია, ჩვენს უპირველეს გუნდს გარკვეული პაუზის მერე რომ უბრუნდება.

რა თქმა უნდა, ამ სიაში ყოფნა იმის გარანტი არ არის, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელები აუცილებლად მოხვდებიან 23-კაციან განაცხადში, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ "დასაკარგი" ფეხბურთელები (მით უფრო, ისეთი კატეგორიის, საკუთარ გუნდებში სათამაშო პრაქტიკის პრობლემა რომ არ გააჩნიათ) ნამდვილად არა გვყავს.

ჰოდა, მივყვეთ ამპლუების მიხედვით...

...რუსული "ტოსნოს" 28 წლის მეკარე ნუკრი რევიშვილმა საქართველოს ნაკრებში ბოლოს 2013 წლის 10 სექტემბერს იასპარეზა; ბევრს ემახსოვრება თბილისში იმ დღეს ჩატარებული მატჩი ფინეთის ნაკრებთან, სტუმრებმა რომან ერიომენკოს პენალტით რომ მოიგეს და საქართველოს ნაკრებში თუ ვინმე იმსახურებდა შექებას, სწორედაც რომ რევიშვილი გახლდათ...

რევიშვილმა მაღალი კლასი საკლუბო დონეზე მერეც არაერთხელ დაამტკიცა, აი, რევაზ თევდორაძე კი ამჟამად მართლაც ჩინებულ სეზონს ატარებს: 27 წლის მეკარემ პირველი წრე "ზუგდიდშიც" მაღალ დონეზე ჩაატარა და ახლა უკვე "სამტრედიაშიც" ასევე აგრძელებს. აღსანიშნავია, რომ რევაზ თევდორაძეს აქამდე ერთადერთხელ აქვს ნათამაშები საქართველოს ეროვნულ ნაკრებში: 2006 წლის 27 თებერვალს, კლაუს ტოპმიოლერის სადებიუტო მატჩი რომ შედგა მოლდოვის ახალგაზრდულ ნაკრებთან.

დაცვის ხაზშიც გარკვეული სიახლეებია და ეს, უპირველეს ყოვლისა, გაფართოებულ შემადგენლობაში გამოცდილი ფეხბურთელების გამოჩენაა; ბაქოს "ინტერის" ცენტრალური მცველები, 33 წლის ლაშა სალუქვაძე და 32 წლის ალექსანდრე ამისულაშვილი წლების განმავლობაში ჩვენი ნაკრებისათვის შეუცვლელი ფეხბურთელები იყვნენ.

თუმცა, მერე და მერე, სხვადასხვა მიზეზის გამო სიტუაცია შეიცვალა, მაგრამ ახლა ეს ორი მართლაც გამორჩეული უკანახაზელი კვლავაც ნაკრებშია: სალუქვაძე თითქმის ერთწლიანი პაუზის მერე, ამისულაშვილს კი, ნუკრი რევიშვილის მსგავსად, ჩვენს უმთავრეს გუნდში 2013 წლის შემოდგომაზე ფინეთთან ჩატარებული მატჩის შემდეგ აღარ უთამაშია...

ასევე ორწლიანი პაუზის მერეა ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი, 33 წლის ზურაბ ხიზანიშვილი.

უფრო ხანგრძლივი გამოდგა გიორგი ნავალოვსკის პაუზაც: ამ რეაქტიულ მარცხენა მცველს საქართველოს ნაკრებში მხოლოდ 2 მატჩი აქვს ჩატარებული და ორივე 2008 წლის მაისის ბოლოს ამხანაგურ შეხვედრებში (ესტონეთთან და პორტუგალიასთან). შეგახსენებთ, რომ 28 წლის ნავალოვსკი ამჟამად საკმაოდ წარმატებით ასპარეზობს რუსულ "ტოსნოში".

...არ დავმალავთ და ძალიან დიდი ხანი ველოდით საქართველოს ნაკრებში კახა მახარაძის დაბრუნებასაც; 27 წლის მახარაძე უკვე ხუთი წელია უზბეკეთში წარმატებულად ასპარეზობს და იქაური გრანდის, "ფახთაქორის" ლიდერი და კაპიტანიც გახლავთ! მახარაძეს საქართველოს ნაკრებში ასევე 2 მატჩი აქვს ჩატარებული - 2006 წლის დასაწყისში კლაუს ტოპმიოლერმა 18 წლის მახარაძე ჯერ მოლდოვის ახალგაზრდულ ნაკრებთან დააყენა ძირითადში, მერე კი მალტის ნაკრების წინააღმდეგ შეცვლაზე შემოიყვანა.

დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან ბევრ ქართველ გულშემატკივარს გაუხარდებოდა ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში 24 წლის ლევან ყენიას გამოჩენა და ჩვენც იმედი დავიტოვოთ, რომ ეს ნიჭიერი ფეხბურთელი ორწელიწადნახევრიანი პაუზის მერე კვლავაც დიდ სამსახურს გაუწევს საქართველოს ნაკრებს.

გაფართოებულ შემადგენლობაშია კიდევ ერთი ინდივიდუალისტი, 28 წლის გიორგი მერებაშვილი, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 4 წელიწადია არ უთამაშია! თითქმის ერთწლიანი პაუზის მერე კვლავაც ნაკრებში არიან გამოძახებულნი ფორვარდები - 30 წლის ოთარ მარცვალაძე ("ტოსნო", რუსეთი) და 27 წლის ბაჩანა ცხადაძე ("ინტერი", აზერბაიჯანი).

აი, ტრავმებისგან გაწამებულმა მართლაც გამორჩეულმა თავდამსხმელმა, 26 წლის მათე ვაწაძემ კი ბოლოს სანაკრებო მატჩი ორი წლის წინათ, სტუმრად, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა.

დაბოლოს, სამ ფეხბურთელზეც, რომლებთაც საქართველოს ნაკრებში ჯერ არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებიათ: 19 წლის ლაშა დვალსა და 26 წლის ლაშა თოთაძეს ერთნაირი წარმატებით შეუძლიათ ცენტრალური მცველისა თუ მარცხენა მცველის პოზიციაზე ასპარეზობა.

23 წლის ნიჭიერ ფორვარდ ნიკა საბანაძეს კი ქუთაისის "ტორპედოში" დაბრუნება აშკარად მოუხდა და საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვედრაც დაიმსახურა.

თუმცა, დღესდღეობით ძალიან ძნელი სათქმელია, თუ რომელი ფეხბურთელები მოხვდებიან იმ 23-კაციან განაცხადში, 25 და 29 მარტს ჯერ მალტასთან, მერე კი გერმანიასთან რომ უნდა ითამაშონ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
ოხროხინეს - შენ არ ხარ გენერალი.

გენერალი და საკუთარ ერზე მასხარაობა არ ვიცი მე, ბრძოლა თუ არ გინდა რისი გენერალი ხარ.
გერმანია პირველმა შენ ახსენე და კარგად გახსოვდეს რაც მოისმინე, ქართველი გმირების დავიწყება არ შეიძლება და ვინც ეცდება დაგვავიწყოს - ის არის მტერი სხვა არავინ.

სხვა დანარჩენი შენთვის შეინახე, აქ მაგაზე ლაპარაკის ადგილი არაა. ქართველებს "სხვა არაფერი რომ არ შეგვეძლოს" დიდგორს სხვა მოიგებდა.

აქ თვითრწმენაზეა ლაპარაკი და შენ მაგის წინააღმდეგ გამოდიხარ, ეგ წადი და გერმანელებს წაუკითხე იმათ უფრო წაადგებათ.

რიგითი ქართველი.
რიგითი ქართველი
23:37 12-03-2015
0
მოღალატეზე უარესია ის ვინც საკუთარი ერის გამარჯვების რწმენას ებრძვის.

ის არის აგენტი - ყველაზე მომგებიანი მოღალატე მტრის სამსახურში. აქ ნებსით თუ უნებლიედ არ არსებობს.

უნდა გავიღვიძოთ ქართველებმა - მოღალატეებისგან უნდა გავწმინდოთ ერი.

რიგითი ქართველი.
რიგითი ქართველი
20:21 12-03-2015
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული